დაკარგულმა ბიჭმა რაჭიდან დარეკა - კვირის პალიტრა

დაკარგულმა ბიჭმა რაჭიდან დარეკა

დედა: არ ვიცი როგორ მოხვდა სანდრო სოფელში

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანა შეძრა ერთმანეთის მიყოლებით სამი ახალგაზრდის დაკარგვამ. 17 ოქტომბერს თბილისელი, 22 წლის ნინო გვასალია, 18 ოქტომბერს სამტრედიის რაიონელი, სოფელ პირველი მაისის მკვიდრი 18 წლის სალომე დუნდუა, 21 ოქტომბერს კი გორელი, 15 წლის სანდრო მგალობლიშვილი სახლიდან გავიდნენ და გაუჩინარდნენ. ამ დროისთვის ნაპოვნია მხოლოდ ორი, სალომე და სანდრო. ოჯახების წევრების განმარტებით, ორივე მათგანი თვითონ გამოვიდა კონტაქტზე. სალომემ ქმრის ოჯახს სატელეფონო ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომ ოჯახში დაბრუნებას აღარ აპირებს და ბათუმში ბიოლოგიურ დედასთან იმყოფება. მას გვიან ასაკში შეუტყვია, რომ ნაშვილები იყო და ინტერნეტით შეძლო დედის პოვნა. რატომღაც სალომემ მშობელ დედასთან წასვლის შემდეგ უარი თქვა 2 წლის ვაჟზე, რომელიც ქმრის ოჯახში დატოვა. სატელეფონო შეტყობინების თანახმად, ბიჭუნა გასაზრდელად დედამთილს მიანდო. კიდევ ერთმა დაკარგულმა, სანდრო მგალობლიშვილმა დღენახევარიანი გაუჩინარების შემდეგ რაჭიდან დარეკა ოჯახში: სოფელში, ბებიასთან ვარო. სანდროს დედა ეკატერინე აფხაიძე გაოცებულია იმით, რომ სპორტდარბაზში წასულმა ბიჭი მოულოდნელად რაჭაში აღმოჩნდა. ”არ ვიცი რა მოხდა, როგორ აღმოჩნდა სანდრო ბებიასთან, რაჭაში. იქ სახლი გვაქვს და დავდივართ ხოლმე, მაგრამ ახლა სანდრომ მარტო წასვლა რატომ გადაწყვიტა, არ ვიცი. ველოდები. ბავშვის ჩამოსაყვანად უკვე წავიდნენ. ყველას დიდ მადლობა, ვინც ჩვენი ტკივილი მიიტანა გულთან, მადლობა ჟურნალისტებს, პოლიციას, ხალხს, რომელიც საკუთარივით ეძებდა  ჩემს შვილს.” - გვითხრა ცოტა ხნის წინ ეკატერინე აფხაიძემ. მანამდე კი სანადროს გაუჩინარების შესახებ გვიამბობდა.

- სანდროს ოჯახში არანაირი პრობლემა არ ჰქონია. სრულიად მშვიდი და ნორმალური ურთიერთობები გვქონდა. 21 ოქტომბერს სახლში მოვიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და წავიდა სავარჯიშოდ. თუმცა, მერე გაირკვა, რომ სპორტულ დარბაზში არც მისულა. პოლიცია ეძებს ყველგან, ყველა საშუალებით. გავხსენით მისი ფეისბუქის გვერდი, დაიკითხა მეგობრების წრე, თუ რამ ხელმოსაკიდი არსებობდა, ყველა მეთოდს იყენებენ, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ საგულისხმო ვერაფერი ვნახეთ.

- ზოგადად კონფლიქტური ბავშვი ხომ არ იყო, ან კონფლიქტურ თანატოლებთან ხომ არ ჰქონდა ურთიერთობა, შეიძლება ანგარიშსწორება გამოვრიცხოთ?

- ძალიან მეგობრული ბავშვია სანდრო, არავისთან არ აქვს კონფლიქტი. ამას ამბობენ მისი მეგობრებიც. ყოველშემთხვევაში მე ასე ვიცი და ამის იქით არ მგონია რამე ხდებოდეს ჩემთვის უცნობი. სანდრო ძალიან თბილი და გახსნილი ბავშვია.

- სოციალურ ქსელებზე ხომ არ იყო ძალიან მიკედლებული, იქნებ იქ ვინმე ისეთი გაიცნო, ვინც რაღაცით დააინტერესა და თქვენთვის გამხელა არ ისურვა?

- ნაკლებად აინტერსებდა სოციალური ქსელებიც. სპორტით იყო დაინტერესებული უფრო, ვიდრე ინტერნეტით.

- იქნებ შეყვარებული იყო?

- არა, ეს გამორიცხულია.

- იქნებ რელიგიური მოსაზრებით მონასტერში წასვლს ფიქრობდა?

- კი, ფიქრობდა, აპირებდა, მაგრამ დასამალი არაფერი ჰქონდა, ეს ყველამ ვიცოდით და ემზადებოდა ამისთვის, მოძღვართან შეთანხმებით აპირებდა წასვლას, მაგრამ არა საიდმულოდ. ასე მოულოდნელად, რომ გაუჩინარებულიყო, გამორიცხულია.

- წინა დღეებში დასთან ხომ არ გამოუხატავს რაიმეზე უკამყოფილება?

- არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ბოლოს, 21 ოქტომბერს, შუადღისას დედაჩემთან მივიდა სამსახურში. იქიდან სახლში დაბრუნებულმა გამოიცვალა ტანსაცმელი, სპორტულები ჩაიცვა, დამირეკა, დე, მალე მოხვალ? დე სავარჯიშოდ მივდივარო. ეს იყო დაახლოებით 4 საათზე. ამის მერე არაფერი ვიცით.

პ.ს. ერთ კვირაში სამი ადამიანის დაკარგვის გამო საზოგადოება შეშფოთდა. საბედნიეროდ ორი მათგანის გამოჩენით პანიკის საფრთხეც გაქრა. წინააღმდეგ შემთხვევაში იყო იმის ალბათობა, რომ შინ ვეღარ დაბრუნების შიშით ადამიანებს სახლიდან გამოსვლაზე შეეკავებინათ თავი. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ რამდენიმე თვის წინ ბათუმში, დღემდე იდუმალებით მოცული მიზეზების გამო მოკლეს არასრულწლოვანი მარიამ კოჩალაძე, მისი დაღუპვიდან მალევე კი გაუჩინარდა 17 წლის დარეჯან დიასამიძე, რომლის ასავალ – დასავალი, ისევე, როგორც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაკარგული ნინოს გვასალიასი, დღემდე უცნობია.