პატარები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე - აკრძალულ კარს მიღმა
პატარები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე - აკრძალულ კარს მიღმა
შესვლა აკრძალულია!

- ალბათ,  სხვადასხვა დაწესებულებაში არცთუ იშვიათად შეხვედრიხართ ასეთ აბრას. თუმცა, აკრძალული ხილის არ იყოს, ადამიანს ყველაზე მეტად სწორედ ის აინტერესებს, რაც დახურულ კარს მიღმა ხდება.  გადავწყვიტეთ, ახალი რუბრიკით - "შესვლა აკრძალულია!" - თქვენთვის დახურული დაწესებულებების კარი გავაღოთ და შეგახედოთ იქ, სადაც უცხო პირთა შესვლა კატეგორიულად იკრძალება.

ინტენსიური თერაპიის განყოფილება (ფართო საზოგადოებისთვის რეანიმაციის სახელით ცნობილი), ერთ-ერთია იმ დახურულ დაწესებულებათაგან, სადაც უცხო პირთა შესვლა კატეგორიულად იკრძალება. სწორედ აქ გადის სიკვდილ-სიცოცხლის
ზღვარი. ერთი-ორად მძიმეა ეს ყველაფერი, როცა ამ ზღვარზე გავლა ბავშვებს უწევთ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების კარი "კვირის პალიტრისთვის" გაიღო. სამედიცინო ხალათისა და ბახილების ჩაცმის შემდეგ შევდივართ იქ, სადაც დღედაღამ იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად! განყოფილებაში სხვადასხვა ასაკის თერთმეტი ბავშვი წევს. მხოლოდ მართვითი სუნთქვის აპარატის
პულსაციის ხმა ისმის. აქ ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ექიმების ყურადღება მონიტორისკენ არის მიმართული, სადაც პაცIიენტების გულისცემის სიხშირე და სისხლში ჟანგბადის მაჩვენებლები ჩანს. სწორედ ამ ძირითადი სასიცოცხლო პარამეტრებით განსაზღვრავენ პატარა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რადგან მათი უმეტესობა არაკონტაქტურია და გაუსაძლისი ტკივილების შემთხვევაშიც კი ტირილი არ შეუძლიათ. ისევე, როგორც ავადმყოფობის დიაგნოზი, მათი ისტორიებიც განსხვავებულია - ზოგი უბედური შემთხვევის მსხვერპლია, ზოგი - თანდაყოლილი ავადმყოფობის, ზოგიც - მშობლების უყურადღებობის.

ექიმი გია ბიბილაშვილი 8 თვის ბიჭუნას მაცნობს, რომელიც თბილისში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ჩამოიყვანეს. ექიმი ამბობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ბავშვები იაშვილის კლინიკაში არცთუ იშვიათად ჩამოჰყავთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ იქაურ კლინიკებში ან დიაგნოზის დასმას ვერ ახერხებენ, ან - სათანადო მკურნალობას. ეს ბიჭუნაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ჩამოიყვანეს. მხოლოდ აქ გაირკვა, რომ  ორივე ბრონქის თანდაყოლილი სტენოზი აქვს. პაციენტი ახლა უკვე საწოვარით იკვებება, მაგრამ  სრული გამოჯანმრთელებისთვის ქირურგიული ან ენდოსკოპიური ჩარევა სჭირდება, ასეთი ოპერაცია კი საქართველოში არ კეთდება.
კიდევ ერთი პატარა პაციენტი, რომლის გადარჩენითაც რეანიმაციული განყოფილების ექიმები ამაყობენ, ორი თვისაა და სამ კილოგრამზე ოდნავ მეტს იწონის. დაბადებისას ის უფრო მეტს - 3,600 კილოგრამს იწონიდა. როგორც გაირკვა, ბავშვს ჰქონდა პერმანენტული ღებინება, რის გამოც წონაში დაიკლო. თავიდან ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, მაგრამ ბავშვის მდგომარეობა რომ დამძიმდა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. ექიმები ამბობენ, რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რათა ბავშვს წონაში მატება დაეწყო და მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოეხსნათ, ახლა კი იმედი აქვთ, პატარას შინაც გაუშვებენ.

შედარებით მსუბუქი პაციენტების შემდეგ, უფრო მძიმე ავადმყოფებთან ვჩერდებით. ექიმი მიხსნის, რომ პატარა გოგონას ავადმყოფობის მიზეზი მჭადისა და ყველის ნამცეცებია, რომელიც მას ჭამის დროს გადასცდა. ბავშვი ქუთაისიდან თბილისში ჩამოიყვანეს, ამასობაში კი მისი მდგომარეობა დამძიმდა. ექიმი ამბობს, რომ ბრონქოსკოპიისთვის და უცხო სხეულის ამოსაღებად პაციენტი ბათუმიდან და ქუთაისიდან თბილისში არ უნდა გადმოჰყავდეთ, რადგან ტრანსპორტირებისას დაკარგული დრო ე.წ. "ოქროს ფანჯარაა", როცა პაციენტის გადარჩენაა შესაძლებელი, ამიტომ რეგიონებში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამედიცინო კადრების გადამზადება.

ამას რომ ვისმენ, ის ბოლოდროინდელი ტრაგიკული შემთხვევა მახსენდება, რომელიც წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში მოხდა. წლინახევრის ბავშვმა, სავარაუდოდ, ლურსმანი გადაყლაპა. საავადმყოფოში ექიმებმა მშობლებს განუცხადეს, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და შინ გაუშვეს, სახლში მიყვანის შემდეგ კი ბავშვი კვლავ ცუდად გახდა და საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

ექიმი ოთხი თვის ბიჭუნას საწოლთან  ჩერდება - მან საინტუბაციო მილიდან სითხე უნდა ამოტუმბოს. ექიმი მიხსნის, რომ ბავშვი დაბადებიდან თითქმის სულ კლინიკაშია, რადგან თავის ტვინის სისხლჩაქცევები და მძიმე ჰიპოქსია ჰქონდა, შემდეგ ამას სეფსისი დაერთო და თირკმლის უკმარისობა განუვითარდა.

მათ განყოფილებაში წლისა და ორი თვის გოგონა 7 თვეა წევს. ბავშვს ნერვკუნთოვანი დაავადება - სპინალური ამიოტროფია აქვს. დაავადება იწვევს პარეზს - თავდაპირველად ქვედა კიდურების, მერე კი ნელ-ნელა ორგანიზმის ზედა ნაწილში ინაცვლებს და როცა დიაფრაგმასა და სასუნთქ კუნთებს აღწევს, სუნთქვის უკმარისობა იწყება. მართვითი სუნთქვის აპარატის გარეშე ასეთი პაციენტი ვერ სუნთქავს. ექიმი ამბობს, რომ შესაძლოა, პაციენტმა ასეთ მდგომარეობაში თვეების განმავლობაში იცოცხლოს, მაგრამ დაავადება არ იკურნება. კიდევ ერთი პაციენტი სამი წლის გოგონაა. რვა თვის პატარა მშობლებმა აკვანში მწოლიარე მარტო დატოვეს და როცა დაბრუნდნენ, ბავშვი არტახებზე ჩამომხრჩვალი ნახეს. შედეგად ასფიქსია განვითარდა, ამან კი თავის ტვინის ძლიერი დაზიანება გამოიწვია. თურქეთშიც ჰყავდათ სამკურნალოდ, მაგრამ უშედეგოდ...

ამავე კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 42 პაციენტი ჰყავთ. მათგან უმეტესობა დღენაკლულია, ყველაზე მცირე წონის ახალშობილი ერთ კილოგრამს იწონის. განყოფილების ხელმძღვანელი ნინო სოლომონია იხსენებს, რომ 700-გრამიანი ახალშობილიც ჰყავდათ, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ნაადრევი მშობიარობა ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც ახალშობილები რეანიმაციულ განყოფილებაში ხვდებიან. ახალშობილთა ავადობის მიზეზი ბევრია - თანდაყოლილი ინფექციები, სუნთქვის უკმარისობა, სხვადასხვა სახის ანომალია - თუმცა ამის გამო მშობელი იშვიათად ამბობს უარს  ავადმყოფ შვილზე. პატარა თინაზე კი მშობლებმა იმიტომ თქვეს უარი, რომ მას ფიზიკური ნაკლი აქვს. დღეს მას მთელი განყოფილება ზრდის და ახალშობილთა განყოფილების შვილს ეძახიან.

სიუჟეტი იხილეთ www.palitratv.ge