მოსკოვური "თბილისობა" - კვირის პალიტრა

მოსკოვური "თბილისობა"

"რადგან გივი თარგამაძეს კონცერტის  ბილეთები არ მივეცი, ასე დამსაჯა"

გინესის წიგნში შესატანი ხინკალი მოსკოვში მოიხარშა

საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ზენიტშია. ახალმა პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალი სიტყვა უნდა თქვას. ამასობაში კი რუსეთში მცხოვრები ქართველობა ურთიერთობის დასათბობად ძალ-ღონეს არ იშურებს. ხან საქართველოს დღეები გამართეს მოსკოვში, ხანაც რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ამსახველი ფილმები გადაიღეს. ჩემი წერილის თემა "თბილისობა-2013" გახლავთ, რომელიც ახლახან მოსკოვში, პარკ "მუზეონში" გაიმართა.

მოსკოვისთვის უჩვეულოდ მზიანი დღეა. პარკში უამრავი ხალხია. რუსებს აშკარად უყვართ ქართული სამზარეულო. შესასვლელთან ქართული სიმღერა ისმის. პავილიონებში ქართული ნაწარმი იყიდება... დახლზე ქართულ ლიმონათს, "ნატახტარს" გადავაწყდი. რა ღირს-მეთქი და... 200 რუბლიო (დაახლოებით 10 ლარი). ყოჩაღ, ქართველებო!@ ქართული ღვინის ფასიც საარაკოა - 500 რუბლიდან (25 ლარიდან) ზევით.

აქციის ორგანიზატორები გარბი-გამორბიან, მეც გავეკიდე, ვიფიქრე, რამე არ გამომრჩეს-მეთქი და რას ვხედავ! დევის ქვაბში უზარმაზარი ხინკალი იხარშება. ეს რა ჯანდაბაა-მეთქი? გინესის წიგნში უნდა შევიტანოთ, როგორც ყველაზე დიდი ხინკალი მსოფლიოშიო... ხინკალი გამიგია 19-ნაოჭიანი, მაგრამ ტორტივით დაჭრილი და ჩამოტარებით?! თუმცა ვინ ჩივის - გინესის რეკორდებში შევდივართ, ვაშაა, ქართველებო!

მომშივდა. ერთ-ერთ პავილიონთან გავჩერდი, ხაჭაპური იყიდება, მაგრამ ფასმა მადა დამაკარგვინა - 300-500 რუბლი. საწნახელში ყურძენი იწურება, იქვე ფელამუშიც დუღს. ჩურჩხელას მაინც ვიყიდი-მეთქი, მაგრამ იმასაც ცეცხლის ფასი აქვს - 350 რუბლი!

სცენაზე ერთიმეორის მიყოლებით გამოდიან ქართველი მომღერლები თუ საზოგადო მოღვაწეები... კონცერტი სოსო პავლიაშვილმა დახურა. ბოლოს და ბოლოს, შეუცვლელი "გრუზინია" და თანაც მოსკოვში. დამშვიდობებისას აქციის ორგანიზატორმა თემურ სტურუამ გვახარა - მოსკოვის მერიამ "თბილისობა" დღესასწაულთა ნუსხაში ჩასვა და ყოველ წელს გაიმართებაო... აფერუმ, ქართველებო! სადღესასწაულო ნუსხაშიც შევედით. ასე თუ გავაგრძელებთ, "ევრაზიულ კავშირშიც" მალე შევცუნცულდებით...

მოკლედ, ასე გაბადრული ორგანიზატორებს მივადექი:

- რა დაგიჯდათ ღონისძიების ორგანიზება?

- 7.000.000 რუბლი.

- ჩურჩხელებს, ლიმონათებს, ხაჭაპურებს და სხვა ცეცხლის ფასად ყიდდით, მოგება რამდენი ნახეთ?

- რა მოგება?! ვინც ყიდდა, იმათ დარჩათ. ჩვენ ქართული პროდუქციის პოპულარიზება გვინდოდა. არადა, ზოგიერთი ბედოვლათი ქართველი მერიაშიც კი მივარდა, ღონისძიების დაბლოკვას ითხოვდნენ! იმის მაგივრად, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, ასეთ "საგმირო" საქმეებს ჩავდივართ.

დიალოგში თემურ სტურუაც ჩაგვერთო: - საქართველოს ხელისუფლებასაც გავუგზავნეთ მოსაწვევები. ჩირადაც არ ჩავუგდივართ. ეს ხომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, აქ ხომ ყველაზე დიდი დიასპორა გვყავს? დამისახელეთ ბოლო წლებში ისეთი ღონისძიება, სადაც ამდენი ქართველი და რუსი ერთად შეკრებილა. თანაც შესასვლელში არც ერთი პოლიციელი "მეტალოისკატელით" არ მდგარა? რა, ფიქრობთ, რომ ყველა იქ მომსვლელს საბუთები წესრიგში ექნებოდა?! პატივი გვცეს და არავინ დაუჭერიათ. ზოგმა ქართველმა მომღერალმა კი, რომელსაც კონცერტზე გამოსვლა ვთხოვეთ, გვითხრა, - რადგან ღონისძიებას მოსკოვის მერიის დახმარებით მართავთ, ფულიც ბევრი იქნებაო და ერთ სიმღერაში 3 000 ევრო მოითხოვა. შე დალოცვილო, შუაგულ მოსკოვში შანსი გეძლევა, შენი ქვეყნის კულტურა წარმოაჩინო, მხარს მერია გიჭერს, კაციშვილი უბატონოდ ხმას არ გცემს და ამხელა ფულს ითხოვ?! სირცხვილია! აჩი ფურცელაძემ უფულოდ წაიყვანა კონცერტი, პავლიაშვილს კითხვაც კი არ დაუსვამს და ვიღაც ვიგინდარა მევაჭრება?!

რაც ღვინოზე ემბარგო მოიხსნა, ხალხი აშენდა. კვირაში 300.000 ბოთლი ეყიდებათ. დიასპორის საკითხებში მინისტრის თანაშემწეს გია ფერაძეს სამჯერ ველაპარაკე, თავად მინისტრსაც მივწერე, მაგრამ... გაიძახიან, რას ჰქვია კრემლის წინ აქციას არ აწყობთო! აქაურ ქართველებს დევნილობა და თავისი ქვეყნის არასწორი პოლიტიკის გამო შარი ისედაც არ აკლიათ.

- ეს ღონისძიება საქართველოში მიმდინარე აქციის ფონზე - "არა ოკუპაციას" გაიმართა... თქვენი აზრით, რუსეთი არ არის ოკუპანტი?

- მაგაზე პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ. არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვცდილობ, ჩვენი კულტურის პოპულარიზებას. აქ მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა ქართული აღარ იციან, "თბილისობის" დღესასწაულმა მათში ქართული სულისკვეთება გააღვიძა.

დიალოგში ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ კვინიკაძე ერთვება: - ერთ ამბავს მოგიყვებით და დასკვნა თავად გააკეთეთ. 2009 წელს კიევში "ერისიონის" კონცერტი ჩავატარეთ, უამრავი ხალხი მოვიდა. მაშინ გია ქათამაძე იყო ელჩი და ვთხოვე, დარბაზი შეღავათიანად გვაქირავებინე, სანაცვლოდ კონცერტს უკრაინაში საქართველოს საელჩოს გახსნის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დავამთხვევ და სარეკლამო ბანერებზეც წავაწერ-მეთქი... მოვიდა კონცერტის დღეც. დარბაზის ხელმძღვანელობისთვის თანხის ნახევარი წინასწარ მაქვს გადახდილი.

ბოლო რეპეტიციაა და უცებ შუქი ჩაქრა. რა ხდება-მეთქი. ფული გაქვთ გადასახდელიო და ბუღალტერმა საბუთი სახეზე ამაფარა. დავურეკე ქათამაძეს, მაგრამ ვითომ არაფერი... ხელი დაიბანა... ჩემს ტელეფონზე გაისმა ზარი, გივი ვარ, თარგამაძე, 20 ბილეთი მჭირდებაო. ვუპასუხე - სალაროშია-მეთქი. დაწყებამდე წუთებია დარჩენილი და საელჩო მირეკავს - 2008 წლის ომის ფილმი უნდა გაუშვათო. გავცოფდი. რა ფილმი, რის ფილმი, "ერისიონის" კონცერტია, ფილმი სხვა დროს გაუშვით-მეთქი. მომიგზავნეს ჯგუფ-ჯგუფად შსს-ს თანამშრომლები - ბიჭო, არაფერი შეგეშალოს, თორემ გამოგამწყვდევთო... კონცერტზე ორ ეკრანზე გაუშვეს ფირი... ფილმი იწყება სისხლით, დახოცილებით... ხალხი იქ ბავშვებით იყო მოსული, სიამოვნების მიღებაში ჰქონდათ თანხა გადახდილი და ეს საშინელება გაუშვეს... ყველაზე გულის ამრევი ის იყო, თარგამაძისთვის ბილეთები რომ მიმეცა, აგვისტოს ომის დარდი აღარ ექნებოდა!.. რადგან არ მივეცი, მასში სამშობლოს სიყვარულმა გაიღვიძა და თავისი ჭკუით ასე დამსაჯა. არ შეიძლება ომით პოლიტიკური ვაჭრობა, როცა ხალხს მართლა სიმწარე აქვს ნანახი.

თეა ღვანია, მოსკოვი-თბილისი