მთა თითქოს თავად ჩამოგვძახის: ქართველებო, SOS! - კვირის პალიტრა

მთა თითქოს თავად ჩამოგვძახის: ქართველებო, SOS!

"დუშეთის რაიონის 275 სოფლიდან 70-ში მხოლოდ წინაპრების საფლავებია შემორჩენილი"

"ვისთვის გვრჩება ეს უკაცრიელი სოფლები? თუ ასე გაგრძელდა, აუცილებლად გამოჩნდებიან ჩვენი მიწის დაპატრონების მსურველები..."

ეკონომიკის აკადემიის პროფესორი კობა არაბული იმ უმძიმეს მდგომარეობას აღწერს, რომელიც ახლახან, წინასაარჩევნოდ, რეგიონებისა და სოფლების შემოვლისას საგანგაშოდ მიიჩნია: "მთაში ცოცხლები აღარ სახლობენ, წინაპრების საფლავები ობლად გამოიყურება!"

- სამწუხაროდ, არ არსებობს დემოგრაფიული სურათის ამსახველი რუკა, რადგან დღემდე არ ვიცით, რამდენი საქართველოს მოქალაქეა მხოლოდ ქვეყანაში კი არა, მთელ დედამიწაზე. ერთია სტატისტიკური მონაცემები და მეორე -  მწარე რეალობა, რომელიც კატასტროფულ სურათს გვაჩვენებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მთიან რეგიონებში - ფშავ-ხევსურეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში... მოვიარე ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური, სადაც უმძიმესი ვითარება დამხვდა.

ონის რაიონის სკოლებში წელს მხოლოდ 40 ბავშვი მივიდა. ეს ხომ კატასტროფაა! ყაზბეგში ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთი მონაცემებია: მხოლოდ 26 ბავშვი ამთავრებს საშუალო სკოლებს, პირველ კლასში კი ორი ბავშვი მიდის. დუშეთის რაიონის 275 სოფლიდან 70-ში მხოლოდ წინაპრების საფლავებია შემორჩენილი. ხევსურეთის ერთ-ერთ ხეობაში, იქ, სადაც  თავის დროზე 6-7 სოფელი იყო, სამი კაციღა ცხოვრობს! ლამისაა, მთამ თვითონ ჩამოგვძახოს: "ქართველებო, სოს, ასე გაგრძელება არ შეიძლება!" ასეთივე სურათია თითქმის ყველა მთიან რეგიონში - სოფლებს რა ჩამოთვლის, ინფორმაციაც სრულყოფილი არ არის... მხოლოდ ცალკეულ რეგიონებზე შემიძლია საუბარი. რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს მოსახლეობის აღწერა, რომ ბოლოს და ბოლოს ქვეყნის ხელისუფლებამ გაიგოს, რამდენი ადამიანი დარჩა საქართველოში. მთა არის ბარის მასაზრდოებელი და როცა იქ ადამიანი აღარ არის, სხვა სიკეთეზე საუბარი შეუძლებელია, მით უფრო, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 40% მთაა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მთლიანი რაოდენობის 5%-მდე შემცირდა, ე.ი. სიკვდილიანობა შობადობას ჭარბობს და კატასტროფულ სურათს ვიღებთ.

- როდის დაიწყო ეს სავალალო პროცესი?

- 60-იანი წლებიდან, როდესაც მთიდან იძულებით გადმოასახლეს მოსახლეობა (ცნობილია, რომ ჯერ კიდევ სტალინმა გასცა ბრძანება ხევსურების ბარად ჩამოსახლების შესახებ. ისინი კახეთში, შირაქის ველზე უნდა დასახლებულიყვნენ. მიზეზად შრომის შემსუბუქება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება დაასახელეს. მოგვიანებით მოსახლეობის იძულებითი გადასახლება დაიწყო როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონებიდან). ამ პროცესის პროპაგანდა ფილმებითაც ხდებოდა. ასეთი იყო, მაგალითად, ფილმი "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან". ამის შემდეგ არაერთხელ განმეორდა ისეთი მიზანმიმართული პოლიტიკური პროცესი - გლეხს საქონლის ყოლის უფლება შეუზღუდეს, მას არ უნდა ჰქონოდა დაშვებულ ნორმაზე დიდი მიწის ნაკვეთი... ეს იყო ანტიეროვნული პოლიტიკა, რასაც მთის დაცლა მოჰყვა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ისტორიულად მთა იყო ქვეყნის მასულდგმულებელი, მტრის შემოსევისას კი - შემფარებელი და გადამრჩენი.

გასული საუკუნის 90-იან წლებში თითქოს ამ ყველაფრის გამოსწორება დაიწყო. მაშინ გაჩნდა სლოგანი: "მთას დაუბრუნდა მთიელი!" რომელიც პოპულარული კი იყო, მაგრამ მთას არავინ დაჰბრუნებია. ვისთვის გვრჩება ეს უკაცრიელი სოფლები? თუ ასე გაგრძელდა, აუცილებლად გამოჩნდებიან ჩვენი მიწის დაპატრონების მსურველები. მაგალითად, ლამის დაცარიელებული არხოტის ხეობა ქვეყნის ჩრდილოეთი კალთაა და ხომ უნდა დავფიქრდეთ, იქ ვინ შემოვა, მიტოვებულ სოფლებს ვინ დაეპატრონება?!

ისიც ხომ ვიცით, რომ "უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან..." მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ რუსეთთან საზღვარი, კაცმა არ იცის, სად გადის, რადგან ამ ორი ქვეყნის პარლამენტებს  ჯერჯერობით ერთმანეთის სახელმწიფო საზღვრები არ უცნიათ. აგერ, ლამის  თბილისში ჩამოვიდა რუსეთი - 40 კმ-ის მოშორებით დგას რუსი მესაზღვრე! რაჭაში 18 კმ-ით ქვემოთ ჩამოცოცდნენ, მერე ნელ-ნელა უკან დაიხიეს. ამ საზღვარს ხან გადასწევენ და ხანაც - გადმოსწევენ.

- როგორი სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს?

- დიდი გამომგონებლობა არ გვჭირდება, რადგან არაერთმა მთიანმა ქვეყანამ ბევრი წამალი გამოიგონა ამ ჭირის სამკურნალოდ. შეგვიძლია გავიზიაროთ ექვსი ევროპული ქვეყნის გამოცდილება, რომლებმაც ალპური კონვენცია შეიმუშავეს და თვითგადარჩენის პროგრამა შექმნეს. იყო მცდელობა, მსგავსი - კავკასიის გადარჩენის კონვენცია შემუშავებულიყო. პროცესში ჩართული იყო სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი... მერე ყველაფერი ჩაიშალა.

1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიოს სამიტი ჩატარდა, სადაც მიიღეს გაეროს დოკუმენტი, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო თავის მთასა და ბარზე, როგორ უნდა დაზოგოს ქვეყანამ საჭირო რესურსები და განავითაროს ეკონომიკა. ამის შემდეგ ყოველ წელიწადში ერთხელ მთელი მსოფლიო იკრიბება. ქვეყნის ხელისუფალნი ერთმანეთს ანგარიშს აბარებენ, თუ როგორ  უფრთხილდებიან დედამიწას და მის რესურსებს, ჩვენი ხმა კი იქ არავის გაუგია. ჩვენ არ შეგვიმუშავებია ქვეყნის განვითარების კონცეფცია, რამაც უნდა განსაზღვროს მნიშვნელოვანი რესურსების დაზოგვის პოლიტიკა. ასე მთაც გადარჩება და ბარიც...

გაგიმხელთ, რომ ამგვარ საკითხებზე მუშაობა სწორედ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ დავიწყეთ, შედეგებიც ძალიან მალე - ნოემბერ-დეკემბერში - გვეცოდინება.

ერთსაც გეტყვით: შვეიცარიელებმა  მსოფლიოს ყველა ქვეყანა ზონებად დაჰყვეს და საქართველო (50 სხვა ქვეყანასთან ერთად)  პირველი კატეგორიის მთიანი ქვეყნების ზონაში მოხვდა, რადგან საქართველოს თითქმის ნახევარი ტერიტორია მთიანია. თანაც, ჩვენთან მთა 1000 მეტრი სიმაღლის მაინც არის, მაშინ, როცა პოლონეთში  მთის სიმაღლე 600 მეტრია, ბევრ ევროპულ ქვეყანაში - 800 მ. ყველაფერი უნდა ვიღონოთ მთის გადასარჩენად, თორემ დავიღუპებით!..