"მკითხველთა კლუბი" - წიგნის სამყაროსთან მეგობრობა დაიწყო
28-10-2013
"მკითხველთა კლუბი" - წიგნის სამყაროსთან მეგობრობა დაიწყო
"მკითხველთა კლუბმა" შვილთან საერთო ენა მაპოვნინა"

"გახარებული ვარ, რომ ასეთ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. შეიძლება მოვილაპარაკოთ და ღონისძიებებიც დავგეგმოთ, ბავშვები უფრო მეტს წაიკითხავენ და განვითარდებიან, უფროსები სულელურ სერიალებზე უკეთეს გასართობს გამონახავენ..."


"მკითხველთა კლუბის" შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღო ჩვენმა მკითხველმა. ამ იდეამ ბევრ წიგნის მოყვარულს გაუღვიძა ცნობისწადილი. რედაქციაში და გამომცემლობა "პალიტრა L"-ში ზარი არ წყდება, რეკავენ ცხელ ხაზზე და "მკითხველთა კლუბში" დარეგისტრირებას ითხოვენ. უკვე დარეგისტრირდა ასეულობით ადამიანი, მათ შორის პირველი და,
ამდენად, კლუბის საპატიო წევრი გახლავთ სკოლის მოსწავლე მიხეილ მარსაგიშვილი.

დარეგისტრირებულთა დიდ ნაწილს "მკითხველთა კლუბის" იდეა საუკეთესოდ მიაჩნია. მათ არა მარტო წიგნების შეძენისას განსაკუთრებული ფასდაკლებებით სარგებლობა ხიბლავთ, არამედ კლუბის წევრებთან ურთიერთობა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობაც აინტერესებთ.

- რაც მეტად გვექნება ერთმანეთთან კონტაქტი, მით მეტს გავიგებთ წიგნის
სამყაროზე, გვეცოდინება, რა წავიკითხოთ, რა ვურჩიოთ შვილებს, მეგობრებს, ფასდაკლებებიც არაჩვეულებრივი მოტივაციაა ჩვენთვის, - გვითხრა ერთ-ერთმა წევრმა.

მაღაზია "ბიბლუსში" კი არაერთი ადამიანი შედის იმ კატალოგის სანახავად, რომელშიც ყოველთვიურად სპეციალური შემოთავაზებები გამოქვეყნდება.

- კატალოგს გადავხედე და მივხვდი, რომ "მკითხველთა კლუბში" გაერთიანებაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებ, - თქვა თბილისელმა პედაგოგმა მირიან დარჩიაშვილმა, - ძალიან მინდა ჩემი მოსწავლეების უმრავლესობა ამ კლუბის წევრი გახდეს. XII კლასელებისთვის ეს ინტერესის სფეროც იქნება, სტიმულიც, რომ ერთმანეთს წიგნებზე ესაუბრონ. გახარებული ვარ, რომ ასეთ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. შეიძლება მოვილაპარაკოთ და ღონისძიებებიც დავგეგმოთ, ბავშვები უფრო მეტს წაიკითხავენ და განვითარდებიან, უფროსები სულელურ სერიალებზე უკეთეს გასართობს გამონახავენ.

- "მკითხველთა კლუბმა" შვილთან საერთო ენა მაპოვნინა, - გაგვიღიმა იქვე მდგომმა ქალბატონმა ალექსანდრა თავართქილაძემ, - გარდატეხის ასაკში ჩემი ვაჟი ძალიან ჩაიკეტა, აღარაფერი ახარებდა. ამას წინათ "კვირის პალიტრასთან" ერთად კატალოგი აღმოვაჩინეთ. ვუთხარი, - გადახედე, რას გვთავაზობენ-მეთქი. გადახედა და იმ დღიდან მოყოლებული, არაერთხელ დამიჯდა სასაუბროდ. ნეტა მოგასმენინათ, როგორ მსჯელობს, - 45%-იანი ფასდაკლება წიგნზე "როგორ შევარჩიოთ ძაღლი", ნამდვილი საჩუქარია კაცისთვისო. ჩემი ქალიშვილი კი "უნივერსალური სამედიცინო ენციკლოპედიით" დაინტერესდა. მომავალში ექიმობა უნდა და აუცილებლად ვუყიდი. დედაჩემს კატალოგში სამზარეულოს წიგნები მოეწონა... ასე რომ, მთელი ოჯახი დავინტერესდით. მინდოდა გავწევრებულიყავი, მაგრამ ჩემმა ვაჟმა მთხოვა, წევრი მე გავხდებიო და ამ სიამოვნებას ვერ წავართმევ.
კატალოგით კიდევ ერთი ახალგაზრდა, ვარლამ სარიშვილი დაინტერესდა:

- იცი, რამ გამაკვირვა? ამდენი ხანია წიგნების მაღაზიებში დავდივარ და აქ ისეთი წიგნები ვიპოვე, რომლებიც აქამდე არ მომხვედრია თვალში. ახლა შანსი გაჩნდა, ჩემი ახალი "აღმოჩენები" ფასდაკლებითაც ვიყიდო. რატომაც არა?

ჩვენ ვესაუბრეთ პროექტის, "მკითხველთა კლუბი", მენეჯერს მაკა კევლიშვილს:

- "მკითხველთა კლუბი" ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. მკითხველის ამგვარ მოზღვავებას ვერ წარმოვიდგენდით. ყოველდღიურად უამრავ მსურველს ვაერთიანებთ კლუბში, მათთვის წიგნების შინ მიტანის სერვისი უფასოა. თბილისელებს ორ სამუშაო დღეში ვემსახურებით, რეგიონების მოსახლეობისთვის კი, შეძენილი წიგნები ოთხ სამუშაო დღეში მიგვაქვს. ხალხი მადლიერია და ჩვენც ეს გვახარებს...

მიუხედავად იმისა, რომ ვეცადეთ, მკითხველთა კლუბზე, მასში გაერთიანების წესებსა და წევრების პრივილეგიებზე ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, მაინც მუდმივად მოგვმართავენ კითხვებით. სწორედ ამიტომ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს გვინდა ვუპასუხოთ:

- როგორ გავწევრდე "მკითხველთა კლუბში", მხოლოდ დარეკვაა საჭირო, თუ ონლაინრეგისტრაციაც არის შესაძლებელი?
- უნდა შეიძინოთ "მკითხველთა კლუბის" კატალოგიდან ნებისმიერი ორი წიგნი, საჩუქრიანი წიგნებისა და სერიული გამოცემების გარდა. ამის შემდეგ ავტომატურად ხდებით კლუბის წევრი. პერიოდული კატალოგი გაზეთ "კვირის პალიტრას" ერთვის და მის საფასურში შედის. კლუბში გასაწევრებლად დარეკეთ "პალიტრა L"-ის ცხელ ხაზზე (2 19-60-13 ან 2 19-60-53). მომავალში "მკითხველთა კლუბის" საიტზე www.readersclub.ge ონლაინრეგისტრაციაც იქნება შესაძლებელი.

- სად შეიძლება კიდევ კატალოგის ნახვა?
- კატალოგის ნახვა შესაძლებელია როგორც "პალიტრა L"-ის ვებგვერდზე (www.palitral.ge), ასევე "მკითხველთა კლუბის" ვებგვერდზე (www.readersclub.ge).

- როგორ ავიღო "მკითხველთა კლუბის" ბარათი?
- კლუბში გაწევრებისას ჩვენი კურიერი შეძენილ წიგნებსა და ბარათს შინ უფასოდ მოგართმევთ.

- რა ღირს წიგნები?
- წიგნების ღირებულებას კატალოგში გაეცნობით. იქ წარმოდგენილია როგორც წიგნის საწყისი ფასი, ისე წევრებისთვის შეთავაზებული ფასდაკლება.

- აქციის ფარგლებში წიგნის შეძენისას დამერიცხება თუ არა ქულები "ბიბლუსის" დაგროვებით ბარათზე?
- იმ შემთხვევაში, თუ წიგნს კატალოგიდან შეიძენთ, ქულები "მკითხველთა კლუბის" დაგროვებით ბარათზე დაგერიცხებათ და არა - "ბიბლუსის" დაგროვებით ბარათზე. 10 ლარის ოდენობის შენაძენისას, დაგერიცხებათ 1 ქულა. ქულებით წიგნების შეძენა შესაძლებელია წელიწადში ერთხელ - წიგნის ფესტივალზე.

- მხოლოდ "მკითხველთა კლუბის" კატალოგის წიგნებით შეიძლება გაწევრება?

- გაწევრებისას წიგნები უნდა შეარჩიოთ მხოლოდ "მკითხველთა კლუბის" კატალოგიდან.

- გაწევრების დროს ორი წიგნის შეძენისას, საფასურს ფასდაკლებით ვიხდით თუ არა?

- გაწევრების პროცესში და შემდეგ, ნებისმიერ დროს წიგნის შეძენისას, სარგებლობთ ფასდაკლების აქციით.

ლეილა გაგუა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით