"'ახალგაზრდები თითქოს ერთმანეთს თვითმკვლელობაში ეჯიბრებიან!" (თემის გაგრძელება)
26-10-2013
"'ახალგაზრდები თითქოს ერთმანეთს თვითმკვლელობაში ეჯიბრებიან!" (თემის გაგრძელება)
"ტელეჟურნალისტები ინტერვიუსთვის ჯაყოს და მიხეილ ჯავახიშვილს რომ შეხვდნენ, ჯაყოს ჰკითხავენ აზრს ცხოვრების საზრისის შესახებ"

ჯერჯერობით კვლავაც უცნობია 17 ოქტომბერს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ნინო გვასალიას ადგილსამყოფელი. 22 წლის გოგონამ მშობლებს დაუტოვა წერილი ავის მომასწავებელი შეტყობინებით: "...მშვიდობით, სასტიკო სამყაროვ!"

გაქცევის წინადღეს ნინოს ძმისთვის გაუმხელია, დამღალა ყველაფერმა, თავი უნდა მოვიკლა, მაგრამ ისე შორს წავალ, ვერავინ ვერ მიპოვოსო(!). გოგონას, რომელიც ერთ-ერთი იყო სამხატვრო აკადემიის 12 საუკეთესო სტუდენტს შორის, ჰქონდა შანსი, საკუთარი ცოდნისა და შრომის წყალობით
წარმატებისთვის მიეღწია, ერთი შეხედვით არ აქვს სამყაროდან გაქცევის მიზეზი, თუმცა, "ეს იყო ნინოს პროტესტი საზოგადოებაში არსებული მდგომარეობის, ყველაზე მნიშვნელოვანის - ადამიანის გაუფასურების გამო", - ამბობს დედა ლალი ცინცაძე.

სამწუხაროდ, ნინო პირველი არ არის და ალბათ, არც უკანასკნელი იქნება, ვინც სამყაროს პროტესტი გამოუცხადა. ამას მოწმობს მოქალაქეთა
კომენტარებიც "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე, სადაც დაკარგულისა და მისი ოჯახის მიმართ გამოხატული თანაგრძნობის მიღმა ათობით (ალბათ, ისინი ასობით, ათასობით არიან) ნინოს ტკივილი ჩანს. ხმას იმაღლებენ ისინი, ვისთვისაც სამყარო ტვირთად იქცა, ამბობენ, რომ გაუცხოებულ გარემოში მათი ადგილი არ არის. კომენტარებში რამდენიმე ადამიანი თითქოს ნატრობს კიდეც(?!), რომ ნინო არ დაბრუნდეს, მიუხედავად იმისა, რომ იზიარებენ დედის ტკივილს.


www.kvirispalitra.ge

*** "მე მგონია, რომ ეს გოგო მონასტერშია ან უბრალოდ, აღარ დაბრუნდება! ა ღ ა რ !!!!!" "საშინელებაა, რომ ნინოსი თითქმის ყველა მის თანატოლს გვესმის!!!! საშინელებაა!!!" "აღარ დაბრუნდება! ღმერთმა ქნას, რამე არ ჰქონდეს ჩადენილი, თუმცა მესმის მისი... მესმის, რა მდგომარეობაშიცაა!  ვუსურვებ, სისულელე არ ჩაიდინოს და აღარ დაბრუნდეს..."

*** "ტექნოლოგიურ მიღწევათა ეპოქაში, ტელევიზორის, კომპიუტერის, ინტერნეტის, სოციალური საიტების და ათასგვარი, ადამიანისგან გამოცარიელებული, უსულო საგნების სამყაროში ჩაკეტილებს ერთმანეთი - ადამიანები, ადამიანურობა გვენატრება, მაგრამ იმდენად ღირებულებებისგან დაცლილ სამყაროში ვიზრდებით და ვცხოვრობთ, რომ ვერ ვაცნობიერებთ, რა გვჭირდება. მხოლოდ სატკივარი გვაერთიანებს, აქ ყველა მხოლოდ მუქ ფერს ხატავს, ერთი მიმართულებით იხედება, მაგრამ არავინ იცის წამალი. ამ დროს არავის სცხელა ჩვენთვის ოჯახში, ქუჩაში, ქვეყანაში, მსოფლიოში... ყველა თავისთვის მიდის, მაგრამ ვგრძნობთ, რომ არც მათ იციან, სად მიდიან და რა სურთ, ისევე, როგორც ჩვენ ვერ ვხვდებით, როგორ გვჭირდება დამლაპარაკებელი, ცხოვრების სხვა მიმართულების მიმცემი. უბრალოდ, სხვები შეეგუვნენ გაურკვევლობას, ჩვენ კი ვერც შევეგუეთ და რადგან იმასაც ვერ მივმხვდარვართ, როგორ გადავარჩინოთ ერთმანეთი, გაქცევით ვშველით თავს. ზოგჯერ გაქცევა სიკვდილი გვგონია. მაინც, უარი თქვი სიკვდილზე, ნინო, და თუ არ დაბრუნდები, უბრალოდ, ისწავლე ცხოვრება, იქნებ ასე ბევრი გადაარჩინო".


ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა:
- ტექნოლოგიურ საზოგადოებას ახასიათებს ღირებულებების, მათ შორის,Y ყველაზე მნიშვნელოვანის - ადამიანის გაუფასურება.

პიროვნების ადგილს იკავებს ფული, ტექნოლოგია, რაც ყოველთვის, ყველა საზოგადოებაში იწვევს ნიჰილიზმს. ამ გაუფასურებას ყველაზე მძაფრად თინეიჯერულ, ეგოიდენტურობის ასაკში განიცდიან, როდესაც ახალგაზრდები თავის თავს ეძებენ. იდენტიფიკაციისთვის მათ სოციუმში უნდა დახვდეთ ისეთი ღირებულებები, რომელიც საკუთარ მნიშვნელობას აგრძნობინებს. ეს, შესაძლოა, იყოს სამყაროში მიმდინარე მოვლენები, მათ გვერდით მცხოვრები ადამიანები. ერთი სიტყვით, მათ სჭირდებათ გარემო, სადაც უმთავრესი იქნება ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში იწყება გულგატეხილობა და ამ ასაკისთვის დამახასიათებელი დიდი ენერგია გადადის აგრესიულობაში - ირგვლივ ყველაფერი უნდა განადგურდეს, თავიანთ თავს კი წარმოიდგენენ ამ განადგურების სუბიექტადაც და ობიექტადაც. ამიტომ ინტერნეტში ხშირად ნახავთ საიტებს, სადაც ახალგაზრდები აქვეყნებენ საშინელ ფოტოებს, მაგალითად, ვენებგადაჭრილთ სისხლი სდით, იქვე წარწერაა "სუიციდი", რაც ერთმანეთისადმი სოლიდარობას ნიშნავს.

ახალგაზრდებში ამ პრობლემების შემაკავებელ ფაქტორად, ძირითადად, ოჯახი მიიჩნევა, მაგრამ დღეს ოჯახებშიც უამრავი პრობლემაა. ბევრია არასრული ოჯახი, ან მამა და დედა ვერ აგვარებს შვილებთან ურთიერთობას, ან დედები სამუშაოდ არიან გადახვეწილი სადღაც. ბავშვები ძალიან განიცდიან დედის არყოფნას, არასრულფასოვნად გრძნობენ თავს, რადგან დედობრივ სითბოს ვერ ცვლის უცხოეთიდან გამოგზავნილი ფული. უდედობა დიდი ტკივილია. დატოვებული (არა - მიტოვებული) ბავშვების ნაწილი ხვდება ისეთ სოციალურ ქსელებსა და დაჯგუფებებში, სადაც ერთმანეთს უზიარებენ ტკივილს და ამავე დროს, თითქოს ეჯიბრებიან თვითმკვლელობაში. იცვამენ მაისურებს, რომელზეც ადამიანის ჩონჩხია დახატული, ან სისხლი იღვრება. გატაცებული არიან მძიმე როკით, რომლის უარყოფით ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე უამრავი კვლევაა ჩატარებული. ამ ყველაფერს ემატება ისტერიკული გარემო, რომელშიც წლების განმავლობაში ვცხოვრობთ... ბოლო წინასაარჩევნო კამპანია შედარებით მშვიდი იყო, ვიდრე წინა წლებში. თუმცა, ახლაც ჩამოიარეს მანქანებით, რუპორებით, მოწოდებებით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სწორედ ასე იქმნება ისტერიკული გარემო - მოწოდებებით, მუსიკით, გადაცემების ქუდებით... და ეს ყველაფერი ადამიანს გაქცევის სურვილს უჩენს.

სად არის გამოსავალი? ევროპაშიც და ამერიკაშიც სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები ეძებენ პასუხს. ეს პრობლემა კვლავ დგას იქაც კი, სადაც თითქოს ყველაფერს აკეთებენ ადამიანის გადასარჩენად, მაგრამ ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ადამიანი, როგორც განადგურებული ღირებულება, არის მსხვერპლი. ამის თავიდან არიდება მხოლოდ ოჯახს შეუძლია, რომელიც ქმნის საზოგადოებას, მაგრამ აქ იქმნება ჯადოსნური ჯაჭვი - როცა ოჯახს უჩნდება ფინანსური პრობლემა, პრობლემა უჩნდება მოზარდსაც. საქართველოში საზოგადოებას ფიტავს სატელევიზიო გადაცემებიც - იუმორისტული შოუები, რომელიც დასცინის ადამიანს, უმნიშვნელოვანეს საკაცობრიო ღირებულებებს...

ამ დროს ძალიან უჭირს თინეიჯერს, რომელიც ვერაფერ ღირებულს ვეღარ ხედავს ვერც შინ და ვერც გარეთ. დასავლეთში ამ ყველაფერს ებრძვიან მსჯელობით, აზრის გამოხატვით. ჩვენთან კი ტელევიზორს ჩართავ და რა ხდება? საღ აზრს ვერ გაიგონებ. ტელეჟურნალისტები ინტერვიუსთვის ჯაყოს და მიხეილ ჯავახიშვილს რომ შეხვდნენ, ჯაყოს ჰკითხავენ აზრს ცხოვრების საზრისის შესახებ.

იუმორისტულ გადაცემებში ხელფასს იმისთვის იღებენ, რომ დასცინონ იმ ღირებულებებს, რომელიც ადამიანის, პიროვნების ამ სამყაროში ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი უნდა იყოს. არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დიდი "წვლილი" მიუძღვით ამ ისტერიკული ფონის შექმნაში. ეს ადამიანები ისე არიან ჩართული ფულის, ხელფასის აღების მარათონში, რომ არც ფიქრობენ, რას სჩადიან, როგორ უნგრევენ ცხოვრებას ათასობით ადამიანს.

სამწუხაროდ, უხარისხო აგრესიულ ინფორმაციას უფრო იოლად იღებს მასა, რასაც განაპირობებს მისი ნევროტულობა.

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ნევროტულია. ვერ ვიტყვით, რომ ასეთია ადამიანის ბუნება. მას სულში აქვს ნეგატიურიც და პოზიტიურიც. რომელსაც გამოიხმობ, ის გამოდის წინა პლანზე. დღევანდელ სამყაროში, სამწუხაროდ, ყველაფერი ნეგატიური ბუნების გამოხმობას უწყობს ხელს, რაც უმძიმეს შედეგს - ახალგაზრდების თვითმკვლელობას იწვევს. 

www.kvirispalitra.ge

"ალისა: რომელი სამყარო არ მოგვწონს? რატომ გვინდა გაქცევა? იმას აღარ მოვყვები, რომ მილიონობით ადამიანი შიმშილით კვდება, არც იმის თქმაა საჭირო, რომ პოლიტიკაში გველები არიან და მათ გამო უამრავი ადამიანი კვდება ომებში, რომ ადამიანი დაახლოებით 70 წელი ცოცხლობს და ამ ხნის განმავლობაში იშვიათად თუ ფიქრობს სხვებზე. ისიც საკმარისია, რომ 100-დან 10 კაცი ზიზღით უყურებს ძირს დაგდებულ მათხოვარს, რომ ჩვენ გარშემო ვხედავთ გაბოროტებულ, ბოღმიან ადამიანებს, რომლებსაც გრძნობები აღარ აქვთ. აქ სიღარიბე არაფერ შუაშია, თითოეული ჩვენგანია დამნაშავე, რომ სამყარო დღითი დღე სასტიკი ხდება და სიყვარულის გარდა ყველაფერზე ვფიქრობთ. ბრბოდ არ უნდა ვიქცეთ. ჩვენ ადამიანები ვართ, ყველა განსხვავებული და ისე უნდა ვიცხოვროთ, არც სხვას მივაყენოთ ზიანი და არც საკუთარი ცხოვრება გავიმრუდოთ საზოგადოების აზრის შიშისა და ამპარტავნების გამო... უნდა ვისუნთქოთ თავისუფლად და ვეცადოთ, თუნდაც უცხო ადამიანში მხოლოდ კარგი დავინახოთ".

"თამუნა: ვკითხულობ კომენტარებს და გაოცებული ვარ... რომელ სამყაროზე საუბრობთ? ან სად ნახეთ უკეთესი სამყარო, იქ, სადაც გაქცევა გსურთ? როგორ უჭირს ახლა ნინოს დედას, მაშინ მიხვდებით, როცა მშობლები გახდებით, ჩემო საყვარლებო, ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო და პატარა მეგობრებო. ცხოვრება ბრძოლაა ევროპაშიც, ამერიკაშიც, აქაც და იქაც... მას ჩვენ ვქმნით და ჩვენებურ ელფერს ვძენთ ჩვენი ქმედებით. ახლა არ მითხრათ, რომ სამსახურს ეძებთ და ვერ პოულობთ, რომ არავის სჭირდებით ამ "საზიზღარ ქვეყანაში." ჩვენმა თაობამ გადაიტანა ომი, შიმშილი, ნავთქურების შუქზე, ავტომატის ტყვიის შიშით გატარებული წლები, სოიის ყავა, ნამცხვარი "სიგუა" და კიდევ ბევრი სხვა "სიკეთე"... წასასვლელი არსად გვქონდა, ტროლეიბუსის კიბეებზე ვეკიდეთ, ინსტიტუტიდან ერთად მოვდიოდით და ერთმანეთს ვაცილებდით... საბჭოთა ეპოქა, როდესაც იმასაც კი ვერ გავბედავდით, რამე გაგვეპროტესტებინა და გვეთქვა, რა გვაწუხებდა...

ახლა მასწავლებელი ვარ და მაოცებს თქვენი სისუსტე. მაშინ ჩვენ უნდა დაგვეკრიფა გულზე ხელები. ჩემს უსაყვარლეს ადამიანს არც მამა ჰყავს და არც დედა - იმ ბავშვმა რა უნდა ქნას?.. აღარ გააგრძელოს ცხოვრება? ნუ იქნებით ასეთი სასტიკები, ისწავლეთ იმით ტკბობა, რაც თქვენს ხელთაა, ნუ დაუწესებთ თავს უმაღლეს საზომებს... თავად შექმენით მწვერვალები, რომელთა დასაპყრობად ჟინით, ენერგიით და გამბედაობით წახვალთ წინ... ნინო უბედნიერესია, იმიტომ, რომ ამდენ ადამიანს გვაწუხებს მისი ბედი, დედა ელოდება სახლში, გამწარებული დედა... გამოჩნდი, ნინო, და გაახარე შენი დედიკო, შეიცოდე, მიუტევე და აპატიე მშობლებს, თუკი ფიქრობ, რომ რამე დაგიშავეს..."

თამუნა
30 ოქტომბერი 2013 11:58
თამუნა მასწავლებელო თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ერთმანეთს მივაცილებდით და ერთმანეთი გვყავდაო, სწორედ ერთმანეთი ყოლაა ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი, ეს ბავშვები არ გაურბიან ფიზიკურ ტკივილს, შიმშილს, გაჭირვებას, ესენი გაურბიან მარტოობას. ყველაფერს გადაიტანს ადამიანი თუ გვერდით ,,ადამიანი" ჰყავს, მაგრამ დღეს მომაკვდინებელი მარტოობაა ნინოსეული ,,სასტიკი სამყაროს" არსებობის საფუძველი, რისგან თავის დაღწევა ასე სასურველი გახდა დღეს სამწუხაროდ.
dato
29 ოქტომბერი 2013 15:06
ათეისტებიც რა ბლომად ყოფილან საქართველოში სექტანტებზე რომ არაფერი ვთქვათ თქვენ ხელში საქართველო კიდევ კარგად არის !!ხალხში სულიერებამ იკლო და ფსიქიურა პრობლემებმა იმატა!!! ეს იმის ბრალია რომ ჩვენს რელიგიას(სულიერებას) და ქართულ ტრადიციებს მინიმუმ ხელს არ უწყობენ და აქედან გამომდინარე ქართული საზოგადოება ემსგავსება დასავლურ ცივ უგრძნობ ზომბირებულ საზოგადოება!! არის ისეთი საკითხები რაშიც არ უნდა დავემსგავსოდ ამერიკას და ევროპას!! ტელევიზიებიც ხალხს აგიჟებენ და ტყუილში აგდებენ !! ამიტომ იმატა თვითმკველბებმა, ავარიებმა და კიდევ ათასმა უბედურებამ ყველაფრის საწყისი სულიერებაა!!ბებრები სადაც ბაირამობენ ახალგაზრდები იჩაგრებიან!!!! ბებრები ჯანმრთელობას უფრთხილდებიან და სიგარეტს არ ეწევიან რომ დიდხანს იცოცხლონ და ახალგაზრდები კიდევ თავს იკლავენ და ავარიაში იღუპებიან!!საკუთარი ანგელოზი უნდა გააძლიერო და საკუთარი ეშმაკი უნდა დათრგუნო შენი წმინდა ცხოვრებით!!
dato
29 ოქტომბერი 2013 14:59
ეს გოგო ტუ ცოცხალია. მასინ ერთი ეგოისტი გოგოა რომელსაც თავისი ტავი ადარდებს მხოლოდ. კარგად უნდა მიტყიპო რომ ასეტ დგეში არ ცააგდოს მეტჯერ მშობლები. ხალხს ამაზე მეტად უჭირს. ახალგაზრდებს სწავლის შესაძლებობაც კი არ აქვთ და დღე და ღამე მიწას ჩიჩქნიან რო თავი გაიტანონ. ამას კი სასტიკი სამყარო არ მოწონს და გაანადგურა ხალხი. თ ალებში როგორ უნდა ჩახედოს დედამის. უსინდისო გოგოა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ფსიქიკური პრობლემა არ აქ და ცოცხალია იმ სემთხვევაში

რედაქტორის რჩევით