"ბავშვმაც იცის, რომ ბებია ტაქსაობს"
04-11-2013
"ბავშვმაც იცის, რომ ბებია ტაქსაობს"
ტკბილმა სიტყვამ თუ არ გაჭრა, მაშინ მხრებში ხელს ჩავავლებ და მიდის ორსართულიანი გინება. სხვა რა დამრჩენია?"

მარინა პაატოვა მიიჩნევს, რომ თუ საქართველოში ოდესმე ექსტრემალურ პროფესიებზე რამე დაიწერება, მის სახელს აუცილებლად ახსენებენ... პირველ პროფესიად ექთანობა აირჩია და სამხედრო სამედიცინო სამსახურის უფროსი სერჟანტიც გახდა, მაგრამ ახლა ლაგოდეხში ტაქსის მძღოლად მუშაობს. თავის დროზე პედიკიურსაც აკეთებდა და მასაჟისტიც იყო. მანქანის მართვა დამოუკიდებლად ისწავლა და დააზიანა კიდეც, თუმცა უკან არ დაუხევია - ოჯახს რჩენა უნდოდა.

- ვოლგოგრადში სამედიცინო სასწავლებელი წარმატებით დავამთავრე და კომკავშირული საგზურით ბამის ასაღებად წავედი. 18 წლის ნაწნავებიანი გოგო რიგითი მუშა ვიყავი, ჩექმა და ნიჩაბი იყო ჩემი სამუშაო ფორმა. მომავალი მეუღლეც იქ გავიცანი. ჯერ  დისკოთეკაზე დამპატიჟა, მერე - სადილზე. სუფრასთან განსაკუთრებულად გვემსახურებოდნენ. გამიკვირდა... მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი მოწონებული,
კანონიერი ქურდი, მეტსახელად "ბალაშა" ყოფილა. ბამზე დიდი ქორწილი გადაგვიხადეს. უკვე ფეხმძიმედ ვიყავი, სახლში რომ დავრეკე, გავთხოვდი-მეთქი. ჩელიაბინსკში მოსანახულებლად ჯერ მამა ჩამოვიდა, მერე - დედა... რვა თვის ფეხმძიმე ვიყავი, მოულოდნელად სახლში კარზე კაკუნის ხმა გავიგე, გავიხედე და მილიციელები შემრჩნენ ხელთ.
ქალიშვილი შეგვეძინა. ციხეში შევუთვალე, მიიღე გადაწყვეტილება - ან ოჯახი, ან შენი სამყარო-მეთქი, მაგრამ მეორე არჩია. წამოვედი, რადგან მე ოჯახი, სითბო და მეუღლეზე ზრუნვა მინდოდა და არა - ციხის კარზე სიარული.

- თქვენს საქართველოში დაბრუნებაზე არაფერი უთქვამს ან არ გეხმარებოდათ?

- ჩამოსული იყო, შერიგებას მთხოვდა, მაგრამ უარი ვუთხარი. მერე გავიგე, ქუჩაში მოუკლავთ... შვილის გაზრდაში დედა მეხმარებოდა, თან თონეში პურს აცხობდა, მე კი ვყიდდი.

- ოჯახმა თქვენს ტაქსის მძღოლობაზე რა თქვა?
- ჩემს ძმას ჯერ ხუმრობა ეგონა, მაგრამ მერე შეეგუა. ხან ვის ვეხვეწებოდი, მართვა ესწავლებინათ და ხან - ვის, მაგრამ უშედეგოდ. პირველი "ჟიგული" მყავდა. მანქანის მართვა ისე მინდოდა, მარტო მივუჯექი საჭეს და გვარიანადაც დავამტვრიე. დედამ საგარეო საქმეთა მინისტრი შემარქვა, რადგან ოჯახს ვამარაგებდი. დედა ცოცხალი აღარ არის, მე კი დილით შვილიშვილი ჯერ სკოლაში მიმყავს, მერე - მუსიკაზე, მერე, თუ კლიენტმა დამირეკა, ვემსახურები. ბავშვმაც იცის, რომ ბებია ტაქსის მძღოლია.
ერთხელ, ჩემი შვილიშვილი ცხრა თვის იყო, კლიენტმა დამირეკა. ბავშვის დამტოვებელი არავინ მყავდა და თან წავიყვანე. საფენებში გახვეული გვერდით სავარძელზე დავაწვინე. ნახევარი გზა გავიარეთ და მგზავრი მეკითხება, შვილო, ეს ბავშვი ვისიაო?

მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე, რა ვიცი, დეიდა, კლიენტმა დამიტოვა, მეც საფენები ვუყიდე და ასე დამყავს-მეთქი. ვაიმე, ვინ სასიკვდილემ გაიმეტა ასეო, უცებ მომაწყევლა. მერე ბავშვმა ტირილი რომ მორთო, შეწუხებულმა მითხრა, შვილო, დაკავებული ხარ, ტაქსაობ, ბავშვი ჩემთან დატოვე, მე გავზრდიო. ამ სიტყვების გაგონებაზე გამოვფხიზლდი, რას ბრძანებთ, ვიხუმრე, ბავშვი ჩემია, რა ვქნა, თუ არ ვიმუშავე, ვერ ვარჩენ-მეთქი. გამიღიმა,  ფული გადამიხადა და დამლოცა... ბევრს გადავუგდივარ - ფული არ გადაუხდია, უფრო - ახალგაზრდებს, თუმცა არც ხანში შესული მამაკაცები ჩამორჩებიან.

როგორია, მიგყავს ბეხრეწი კაცი და უცებ გეუბნება, ფული არა მაქვსო. ყოფილა შემთხვევა, უთხოვიათ, ახლა არა მაქვს, მადროვეო. ნასვამებიც წამიყვანია, უთქვამთ, ფულს ამოგიტანთო და სიტყვა შეუსრულებიათ. მოვალეებიც მყავს, ხელფასამდე დაცდას მთხოვენ, მერე მირეკავენ, მოდი, ანგარიში გავასწოროთო. ათი წელია, ამ საქმეს ვაკეთებ და ისე გავიწაფე, თუ "ბირჟაზე" არ ვდგავარ და მირეკავენ, ხმაზე ვცნობ, გადამხდელია თუ არა.

ყოფილა შემთხვევა, მგზავრი მთვრალია და წაყვანას მთხოვს, მე კი გული ცუდს მიგრძნობს... საწვავის არქონას ვიმიზეზებ და უარით ვისტუმრებ. თუ ამან არ გაჭრა, მანქანის კარს ვუღებ და გადასვლას ვთავაზობ. თუ არ გაჭრა, პოლიციით ვემუქრები. კონფლიქტი და უხეშობა არ მიყვარს, მაგრამ ტკბილმა სიტყვამ თუ არ გაჭრა, მაშინ მხრებში ხელს ჩავავლებ და მიდის ორსართულიანი გინება. სხვა რა დამრჩენია?

თავიდან დამცინოდნენ, მისტვენდნენ კიდეც. ახლა "მიმიღეს", მეტიც, "რკინის ლედი" შემარქვეს.
მანქანაში ვულგარულად არ მაცვია. ყოფილა შემთხვევა, კლიენტს ზედმეტი დაუტოვებია, ფინჯანი ყავა ან ჭიქა ღვინოც კი შემოუთავაზებიათ, მაგრამ ყოველთვის  უარს ვეუბნები.

- პატრულისთვის ფანდი გაგიკეთებიათ თუ კანონმორჩილი ხართ?
- ახლა ორი მანქანა მყავს, ერთი სატაქსაოდ, მეორე - სავაჭროდ. შაბათ-კვირას ამ მანქანით მიმაქვს მეორადი საქონელი გასაყიდად... ძალიან ფრთხილად დავდივარ, კანონსაც ყოველთვის ვემორჩილები.
ქალისთვის დედობა, შვილების გაზრდა და ოჯახური სითბოა ყველაზე სანუკვარი პროფესია, მაგრამ რა ვქნა, ცხოვრებამ მიბიძგა ამ პროფესიისკენ...

გურამ სოზაშვილი
ეკა
07 ნოემბერი 2013 12:17
ყოჩაღ დედაკაცოო!!! ამის შემდეგ კიდევ გაამართლებენ მეძავეებს .. უიი რა ქნას ოჯახი და შვილები ყავს გასაზრდელიოო((( გაქრნენ ერთ დღეს ყველა მოუსავლეთში.
nia
06 ნოემბერი 2013 01:10
რატომ გიკვირთ? ამერიკაში სულ ქალები არ ზიან კველგან ,სკოლის ავტობუსებზე უნდა ნახოთ იტკვიტ როგორ მარტავენ იმხელა ავტობუსს ან როგორ აბრუნებენ მაგრამ ქალი კოველტვის ფრტხილია.
dato
05 ნოემბერი 2013 19:50
ტქვენნაირმა ხალხმა და ქალბატონებმა მოიტანეს ქარტული გენი აქამდე,წარმატებებს გისურვებტ.

რედაქტორის რჩევით