...ელიან, ყიდულობენ, კითხულობენ - კვირის პალიტრა

...ელიან, ყიდულობენ, კითხულობენ

"სერია ისევ პოპულარობის ზენიტშია!"

"ბიბლუსში" სამუშაო დილა საკმაოდ ადრე იწყება და სულ რამდენიმე წუთში პირველი მომხმარებელიც შემოდის. ალბათ, ჩემსავით, სამსახურში მისვლამდე, ერთი საქმის გაკეთება მაინც უნდა მოასწროს - წიგნი იყიდოს... ან კალამი, ან რვეული დარჩა საყიდელი, - ვფიქრობ ჩემთვის, თორემ დილაუთენია წიგნებს ალბათ, იშვიათად ყიდულობენ. საგანგებოდ შევანელე ნაბიჯი და წიგნის თაროებთან დავყოვნდი:

- ჩეხოვის "ალუბლის ბაღი" გამოვიდა, არა? - იკითხა ქალბატონმა და ჩანთა გახსნა.

- დიახ, ამ კვირაში აქციის ფარგლებში იაფად შეიძენთ, - უღიმის კონსულტანტი.

- იცით, იაფად კი არა, ძვირადაც შევიძენდი. ჩეხოვი ის ავტორია, რომელსაც სულიერი სიმწიფე მოაქვს მკითხველისთვის, - ქალმა წიგნი აიღო და, როგორც ჩანს, ყდის დიზაინმა მოხიბლა, - ეს რა კარგად მოუფიქრებიათ: აყვავებული ალუბალი და ცარიელი მერხი... მხატვარი ვარ და ვიცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ვიზუალს. წიგნის ყდის დიზაინი განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის მნიშვნელოვანი - გემოვნებას ხომ ყველა ნიუანსი აყალიბებს...

- მართლაც რა კარგი წიგნი გამოსულა, - საუბარში ჩაერთო მაღაზიაში შემოსული ჭარმაგი მამაკაცი, - რა ხანია, ამ სერიას ვაგროვებ! ყველა წიგნი ერთმანეთზე უკეთესია. თან ორ-ორს ვყიდულობ, ჩემი ძმა ზესტაფონის მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს, რა დასამალია და, ხელმოკლეა... ხომ ვიცოდი, როგორ უნდოდა ამ წიგნების ყიდვა ბავშვებისთვის, მაგრამ ეძნელებოდა, ამიტომ მათთვისაც მე ვყიდულობ. ამას წინათ ძმისწული გამითხოვდა და მეხუმრა, შენი მოცემული მზითევი მიმაქვს ქმრის ოჯახშიო... რა მზითევი-მეთქი. "50 + ბიბლია + 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარო", - გამახსენა. ჩემმა ქალიშვილმა კი - მეც ეს მზითევი მომიმზადეო, შემიკვეთა... ოჯახისთვის კი ვყიდულობ, მაგრამ ჩემი ვაჟი წიგნის ჭიაა და თავისას არ დაუთმობს. ამიტომაც გადავწყვიტე, მთელი სერია ვიყიდო გოგონასთვისაც. მარტო ის რად ღირს, ბიბლიას რომ დავუტოვებ შვილებს...

დილაა, მაგრამ სალაროსთან უკვე რიგი დგას... კონსულტანტს, გულზე რომ "თამარი" ეწერა, ვკითხე, - სულ ასეთი ამბავია ამ წიგნებზე-მეთქი?

- გვიანობამდე რომ დარჩეთ, ნახავთ, რამდენი ადამიანი შემოდის, რამდენი ითხოვს ამ სერიის წიგნებს.

- ალბათ, უფრო ხშირად მშობლები ყიდულობენ შვილებისთვის...

- ძალიან ბევრი ახალგაზრდა მყიდველიც გვყავს. ბევრი სტუდენტია, ზოგიც სკოლის მოწაფე! აქვე ახლოს, ხუთშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, დედას ჩვილი ჰყავს და ყოველთვის ვერ ახერხებს მოსვლას, 6 წლის ბიჭს გზავნის ხოლმე. მოვა და საყვარლად გვეუბნება: - ყველას რომ სჭირდება წაკითხვა, იმისი ახალი წიგნი მინდაო.

ერთხელ კი აქ ისეთი კამათი ატყდა! ორი მკითხველი ათვალიერებდა ახალ წიგნებს და უცებ ერთმა თქვა, ამ სერიაში აუცილებლად უნდა იყოს ლაო ძიცო. მეორემ - მე სხვაგვარად ვფიქრობ, მთავარია, ყველა მნიშვნელოვანი მხატვრული ლიტერატურა შევიდესო. ისე გაცხარდნენ, ძლივს დავამშვიდეთ. აქვე შევავსებინეთ, რა უნდოდათ, რომ სერიაში შესულიყო, საიტის მისამართიც მივეცით, ინტერნეტითაც რომ მიეცათ ხმა და ღიმილით გავისტუმრეთ.

კარლო მაისურაძე თბილისში ორი დღის წინ ჩამოსულა: "ამ სერიის სამი წიგნი მაქვს გამოტოვებული და ახლა შესავსებად მოვედი... მეგობრები დამცინიან, ეს რომ დასრულდება, რა გეშველება, ალბათ, მაინც თვეში ორჯერ მიხვალ "ბიბლუსის" სალაროსთან, - შემდეგი ტომი მინდაო!"

გიორგი ონიანი: "დაიწყო თუ არა პროექტი, ჯერ არჩევის პროცესში ჩავერთე, მერე ერთგული მყიდველიც გავხდი. შინ თითქმის ყველა წიგნი გვქონდა, მაგრამ შევატყვე, ჩემი შვილები ახალგამოსულ წიგნებს უფრო ეტანებიან. ექსპერიმენტივით მოვაწყვე: დავდე მაგიდაზე "შაგრენის ტყავის" ძველი გამოცემა. არავის გადაუშლია. მერე ამ სერიის გამოცემული დავდე. იმ საღამოსვე იჩხუბეს, - არა, ჯერ მე ვკითხულობ, არა - მეო! მას მერე ყველა ახალ წიგნს ვყიდულობ და ძალიან კმაყოფილი ვარ: ყველა წაიკითხეს ჩემებმა. კიდევ ერთი კარგი საქმე გავაკეთე: ძველი გამოცემები შევკარი და მინდა ჩემი სოფლის ბიბლიოთეკას გადავცე საჩუქრად. ახლა გადაწყვეტილი მაქვს, პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი თაროებიც ვიყიდო. ჩემს ინტერიერსაც მოუხდება და ბავშვების ყურადღებას კიდევ უფრო მეტად მიიქცევს... როგორც მითხრეს, სულ მალე გამოჩნდება დაპირებული წიგნის თაროები მაღაზიაში".

სერია ისევ პოპულარობის ზენიტშია! საზოგადოება, რომელსაც წიგნი სჭირდება, აუცილებლად გადარჩება სულიერად. ფაქტია, რომ მკითხველი წიგნს დაუბრუნდა და ყოველ ახალ ტომს მოუთმენლად ელის.

"ეს დიდი მოლოდინი ჩემს ახალგაზრდობას მახსენებს, როცა წიგნის გამოსვლა მოვლენა იყო საზოგადოების ცხოვრებაში, ყველა ამაზე ლაპარაკობდა, ყველას ერთი სული ჰქონდა, შეეძინა წიგნი, რომ მერე მეგობრებთან ერთად ემსჯელა მასზე... სიმართლე გითხრათ, აღარ მეგონა, თუ წიგნით დაინტერესებას მოვესწრებოდი, მეგონა, ჩვენი ახალგაზრდები კომპიუტერმა შთანთქა... თურმე ვცდებოდი", - ეს გახლავთ ფრაგმენტი წერილისა, რომელსაც ავთანდილ გორდეზიანი აწერს ხელს...

ამ წიგნებს მართლაც ელიან, ყიდულობენ, კითხულობენ და ერთმანეთს გადასცემენ წასაკითხად!

ლეილა გაგუა