"მეზიზღება ასეთი ახალი წელი, რომელიც დაქუცმაცებულ საქართველოში უნდა გამითენდეს!" - კვირის პალიტრა

"მეზიზღება ასეთი ახალი წელი, რომელიც დაქუცმაცებულ საქართველოში უნდა გამითენდეს!"

"გაჩუმებას არ ვაპირებ და ჩემს სათქმელს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი"

"გადით ღამის 2-3 საათზე ქუჩაში და ნახავთ, რა ხდება ნაგვის ბუნკერებთან"

სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმა ჯაიანი ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. ამიტომ, ახალი წლის ზარ-ზეიმით აღნიშვნა მკრეხელობადაც კი მიაჩნია. ბატონმა დიმამ დაუფარავად გაგვიმხილა თავისი გულისტკივილიც და ისიც, თუ რა განწყობით ხვდება დამდეგ შობა-ახალ წელს:

- საქართველოში ახლა გადამეტებული ტაშ-ფანდურის დრო არ არის. დაჩოქილი და დამარცხებული ქვეყანა ასე არ უნდა იქცეოდეს. ისეთ დღეში ვართ, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს ქართული მიწები არ დაგვიკარგავს და შვეიცარიაზე უკეთესი ქვეყანა ავაშენეთ! გადით ღამის 2-3 საათზე ქუჩაში და ნახავთ, რა ხდება ნაგვის ბუნკერებთან: ნამდვილი "ნადირობა" იწყება! დღისით რცხვენიათ და "საშოვარზე" ღამით გამოდიან. სანაგვე ყუთში იქექება ხალხი, რომელსაც ლუკმაპურის ფული არა აქვს და იცით, როგორი ხალხი? - საქართველოს სინდის-ნამუსს რომ ეძახიან! სიცოცხლე აღარ მინდოდა, ორი ისეთი ადამიანი დავინახე ამ მდგომარეობაში. ასეთ დროს გართობასა და დღესასწაულებში მილიონების ხარჯვა უზნეობაა და სხვა არაფერი! განათებული ქალაქი სხვაზე ნაკლებად არ მიხარია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მთლიანი და ბედნიერი იქნება. სიმართლე გითხრათ, მეზიზღება ასეთი ახალი წელი, რომელიც დაშლილ-დაქუცმაცებულ საქართველოში უნდა გამითენდეს! ალბათ ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა. უთქმელობა ნიშნავს გაჩუმებას, მე კი არ ვარ ის კაცი, რომელიც უსამართლობას გაუჩუმდება და კვერს დაუკრავს. მერე უკვირთ, რადიკალურად რატომ გამოდისო...

- ბატონო დიმა, თქვენ აფხაზეთიდან ხართ და განსაკუთრებით გტკივათ ეს ყველაფერი...

- აფხაზეთიდან რომ ვარ, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი დარდი და გულისტკივილი! ბატონმა ნოდარ მგალობლიშვილმა ამას წინათ მითხრა, - მიტინგებზე, რომლებიც თბილისის შუაგულში იმართებოდა, სულ რამდენიმე დევნილი დადიოდაო. ეს არის ჩვენი ტრაგედია! თუმცა ერთი მხრივ, ამას აქვს გამართლება - ხალხი იმედგაცრუებულია; მაგრამ არის მეორე მხარეც და ესეც უნდა ითქვას - კაპიკებზე არიან გაყიდული დევნილები, რომლებსაც პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული! ეს მაშინ, როცა ჩემს თეატრში არიან ისეთებიც, რომლებსაც არავითარი კომპენსაცია არ მიუღიათ მთავრობისაგან უკვე 17 წელია. ერთი თეთრი არა აქვთ აღებული იმ 27 ლარის გარდა, რომელიც დახმარების სახით ეძლევათ. ერთი მიბრძანდნენ მთავრობის წევრები და იცხოვრონ მათ სახლებში 27 ლარად... როგორ მოახერხებენ, იმასაც ვნახავთ. ამბობენ, ბაღაფშმა აფხაზეთში არჩევნები გააყალბაო. ის არჩევნები რომ არაკანონიერია, მაგათზე კარგად ვიცი, მაგრამ გაყალბებაზე ნუ ლაპარაკობენ მაინც! გაყალბებულ არჩევნებზე ლაპარაკის უფლება არა აქვს ქვეყანას, სადაც გაყალბების დიდოსტატები ცხოვრობენ!

ახალი სისხლის გადასხმა, ახალი ადამიანები არიან საჭირო, ვისაც ხელეწიფებათ აფხაზებთან საუბარი. მე მაინც მჯერა, რომ აფხაზები და ქართველები ამხელა ტრაგედიის მიუხედავად, შეძლებენ და ერთმანეთს დაელაპარაკებიან, მაგრამ ვინ არის ამის მტვირთველი? საპროგრამო სპექტაკლი დავდგით სოხუმის თეატრში - "ზღვა, რომელიც შორია". ამ სპექტაკლს შეეძლო პირველ ნაბიჯად ქცეულიყო შერიგების გზაზე, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია. სხვათა შორის, სპექტაკლის ნახვის შემდეგ ირაკლი ალასანიამ ბრწყინვალედ თქვა, - რაც წლების განმავლობაში პოლიტიკამ ვერ მოახერხა, ერთი საათის მანძილზე სოხუმის თეატრმა შეძლო თემურ ჩხეიძისა და გურამ ოდიშარიას დახმარებითო. სიმართლე თქვა! პრემიერის დროს გოგა ხაინდრავა იყო მინისტრი, მასაც უნდოდა სოხუმში ჩაგვეტანა და გვეჩვენებინა ეს სპექტაკლი, აფხაზებიც ითხოვდნენ, მაგრამ ხელი არავინ შეგვიწყო! ეტყობა, არ უნდოდათ მშვიდობიანი გზით საკითხის მოგვარება. ახლა კი გაჰყვირიან, ჩვენი გული აფხაზეთშიაო. მარტო ყვირილითა და გულზე ხელების ბაგუნით საქმე რომ არ კეთდება, ყველამ იცის!

- როგორ ფიქრობთ, სერგეი ბაღაფში ის კაცია, ვისთანაც შეგვიძლია საერთო ენის გამონახვა?

- რასაკვირველია, სერგეი ბაღაფშთან ვმეგობრობდი და საერთო მეგობრებიც გვყავს. ცხონებული ვოვა ვეკუა მისი კარის მეზობელი იყო და ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდათ. ყველაფრის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ დღესვე შეიძლება მასთან ურთიერთობის გამოსწორება, ოღონდ ამას მიდგომა და ჭკუა უნდა. მას თუ ვინმე მეგობარი ჰყავს, ყველა თბილისში ჰყავს. აქ სწავლობდა, ქართველი მეუღლე ჰყავს, აქ თამაშობდა კალათბურთს. არც ჩემთვ ისაა სერგო უცხო, მაგრამ ამას ამერიკაში გაზრდილი კაცი ვერ მიხვდება, ამას ქართველობა და აფხაზობა უნდა!

მე ახლაც მაქვს სატელეფონო საუბრები აფხაზებთან, მირეკავენ და ვურეკავ. ჭეშმარიტ აფხაზებსა და აფსუებს შორის დიდი განსხვავებაა. მეც აფხაზი ვარ და ყველა იქიდან წამოსული ადამიანი აფხაზია!.. ამას კარგი გაგებით ვამბობ, სწორი გაგებით. ამერიკა, ამერიკაო - გავიძახით. რა გაგვიკეთა ამერიკამ? კი, ბატონო, ზექვეყანაა, მაგრამ სად არის? დაკარგული ტერიტორიები რატომ არ დაგვიბრუნა?! კულტურას მასწავლიან, როცა ამერიკის ხნისა მარტო გორის თეატრი მაქვს! ეს იმას ასწავლონ, ვინც რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა არ იცის, ვისაც ბარათაშვილი და ანა კალანდაძე არ წაუკითხავს, მუხრან მაჭავარიანის ლექსის მადლი არ უგრძნია!

- ბატონო დიმა, 19 დეკემბერს ქუთაისში ტრაგედია დატრიალდა: დიდების მემორიალის დანგრევამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რას ფიქრობთ ამ სამწუხარო ფაქტის შესახებ?

- ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლი იყო. 1986 წელს, კომუნისტური წყობის დროს, მერაბ ბერძენიშვილმა მოახერხა შეექმნა მონუმენტი, რომელშიც კომუნისტური არაფერი ყოფილა. ეს იყო სუფთა ქართული ქმნილება, რომელსაც მთელი საქართველო შენატროდა. მომხდარ ამბავში ბევრ საოცარ მინიშნებას ვხედავ: როდესაც ძეგლი იხსნებოდა, მტრედები გაუშვეს, ერთი მტრედი აფრინდა და მონუმენტს დააჯდა, მეორე კი ავტორს დააჯდა მხარზე. მემორიალი ნიკოლოზობა დღეს დაანგრიეს და ამას ორი უმანკო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეტი მინიშნება რაღა უნდა იყოს? მაცხოვარი სათითაოდ ხომ არ მოგვაკითხავს და ლაპარაკს ხომ არ დაგვიწყებს? კიდევ ერთი მინიშნება: როდესაც ძეგლს აგებდნენ, ყალიბები დამარხეს, ასე რომ, ხვალვე შეიძლება დაიწყოს მონუმენტის აღდგენა. წარმოიდგინეთ, ეს საოცრება არ არის?

- რას იტყოდით იმ კადრებზე, რომლებიც ტრაგედიის ადგილას გადაიღეს ქართულმა ტელევიზიებმა?

- სხვათა შორის, მეც იქ ვიყავი. უმძიმესი წუთები იყო, მივუსამძიმრეთ ოჯახს, იქვე სახელდახელო მიტინგიც გაიმართა. ასი მეტრის მოშორებით იდგნენ დაქირავებული ქალები, რომლებიც ყვიროდნენ და იწყევლებოდნენ. შემდეგ "რუსთავი 2"-მა ისე დაამონტაჟა ეს კადრები, როგორც თვითონ სურდათ. მგონი ყველა მიხვდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი და სიყალბე იყო. მთელმა ქუთაისმა იცის, რომ ეს ქალები იეღოველები არიან და ორივე მოსყიდული ჰყავდათ, თანხაც კი დაასახელეს - 50 ლარი(!) მე გეკითხებით, როდემდე უნდა ვიცხოვროთ ამ სიყალბეში?!

- დიდი ხმაური მოჰყვა ინფორმაციას, რომ თქვენს ნაცვლად სოხუმის თეატრის ხელმძღვანელად სხვა უნდა დაენიშნათ. რა ხდება ახლა თქვენს თეატრში?

- პირდაპირ გეტყვით, ეს ყველაფერი სრული იდიოტიზმის დონეზე იყო ჩაფიქრებული. ჩვენს კოლეგებთან ერთად 17 წლის განმავლობაში საკუთარი ზურგით მოვიტანეთ ეს თეატრი. ბოლოს და ბოლოს, თეატრია, საქსოვი ფაბრიკა ხომ არ არის, სადაც იმას დანიშნავენ, ვინც მოეპრიანებათ? იცი, როგორი კანდიდატურა ჰყავდათ შერჩეული? - მე რომ ახლა ჩინეთის პრეზიდენტად დამნიშნონ, დაახლოებით ისეთი. თავისთავად ჩაიშალა ეს ამბავი, რადგან კოლექტივმა მხარი არ დაუჭირა. თეატრში კი ვერაფრით იმუშავებ, თუ კოლექტივი მხარში არ ამოგიდგა. ყველაზე საწყენი იცი, რა არის? - ისეთ ადამიანებს სთავაზობენ თანამდებობებს, ვინც ეს საქმე საერთოდ არ იცის! ამგვარ მარაზმამდეა მისული საქართველო, ჩვენ კი თურმე უნდა გავჩუმდეთ და ხმა არ ამოვიღოთ. მიყვარს ჩემი სამშობლო, თორემ ხშირად ვფიქრობ, აქ ერთი დღეც არ შეიძლება ცხოვრება. ვერსად მივდივარ, ვიცი ნოსტალგია მომკლავს, გაჩუმებას კი არ ვაპირებ და ჩემს სათქმელს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი.

ხათუნა ჩიგოგიძე