ოლიგოპოლია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე - კვირის პალიტრა

ოლიგოპოლია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

"ექიმი ისეთ და იმდენ წამალს გამოწერს, რომელიც, უპირველესად, სარგებელს არა პაციენტს, არამედ იმ კომპანიას მოუტანს, ვისაც ის ემსახურება"

"საქართველოში წარმოებული მედიკამენტი ჩვენთან უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, შემოტანილი მედიკამენტები კი ევროპის ქვეყნებში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში!"

"ივანიშვილის ინიციატივას სწრაფი, თუმცა ხანმოკლე რეაგირება მოჰყვა"

ხელისუფლების ახალ ინიციატივას,  ურეცეპტოდ წამლის გაცემის აკრძალვას, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რა უქმნის საფრთხეს ამ ინიციატივის განხორციელებას, რით არის გამოწვეული მედიკამენტების ხშIირად უხარისხო, მაგრამ ამავე დროს უპრეცედენტო სიძვირე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე და რატომ არ არის სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლები ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი? ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" არასამთავრობო ორგანიზაცია "გვახსოვდეს ჰიპოკრატე" წარმომადგენელი, ქალბატონი მარინა ბერაძე ესაუბრა.

- ალბათ ყველას გვახსოვს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას ფარმაცევტული კომპანიების  წარმომადგენლებს უთხრა, - წამლების სიძვირე ხელოვნურად არის გამოწვეული და ამ პრობლემას მიხედეთო. ამას სწრაფი, თუმცა ხანმოკლე რეაგირება მოჰყვა, მაგალითად, ერთ-ერთი მედიკამენტი (რომელიც  გულის სტენტირების შემდეგ გამოიყენება) 9 ლარიდან 90 თეთრამდე გაიაფდა. ამ ფაქტმა  წარმოაჩინა, თუ რამდენად იყო  წამალი ხელოვნურად გაძვირებული. მაგრამ ეს პროცესი მალე შეჩერდა და  ფარმაცევტულ ბაზარზე დარჩა იგივე თამაშის წესები, რომელიც საერთაშორისო თვალსაზრისით აღიარებულ წესებს და ნორმებს არ შეესაბამება.

- რას გულისხმობთ?

- ჩვენს ბაზარზე ოლიგოპოლიაა - რამდენიმე ძლიერი კომპანია ერთმანეთთან გარიგებულია. ერთს, პირობითად, შემოაქვს წამალი X, მეორეს - Y, რასაც ერთმანეთს უნაწილებენ და მათზე ფიქსირებულ ფასს აწესებენ. მათ გარდა სხვა იმპორტიორებს მწარმოებლებთან კონტრაქტის გაფორმება არ შეუძლიათ. ამიტომ ყველა აფთიაქი ფარმაცევტულ ბიზნესში ამ მთავარ მოთამაშეებზე არის დამოკიდებული. რაც მთავარია, სახელმწიფოს არ აქვს ფასების თვითღირებულების დადგენის, ფასნამატის განსაზღვრის და მათი რეგულაციის მექანიზმი, ამ ყველაფერს ისევ მონოპოლისტი კომპანიების თამაშის წესები განსაზღვრავენ.  ჩვენთან წარმოებული მედიკამენტი საქართველოში უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, შემოტანილი მედიკამენტები კი ევროპის ქვეყნებში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში(!).

დასავლეთის ქვეყნებში საბითუმო ქსელის მეპატრონეებს საცალო ქსელის გახსნის უფლება არ აქვთ. ჩვენთან კი ეს დაშვებულია. ის, რომ ფარმაცევტული საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილი არ არის, დაადგინოს  მედიკამენტის თვითღირებულება და ხარისხი, ლამის "ლიბერალიზაციად" მონათლეს. არადა, ლიბერალიზაცია არ შეიძლება იყოს თავისუფალი ბაზრის შემაფერხებელი - დაუშვებელია, არ არსებობდეს კონკურენცია და ერთი  მეპატრონის ხელში იყოს ყველაფერი. ჩვენთან მონოპოლისტური ფარმაცევტული კომპანიების  მფლობელობაშია ერთდროულად ფარმაცევტული წარმოება, სამედიცინო დაწესებულებები და სადაზღვევო კომპანიები. ამ სიტუაციაში ექიმი ისეთ და იმდენ წამალს გამოწერს, რომელიც, უპირველესად, სარგებელს არა პაციენტს, არამედ იმ კომპანიას მოუტანს, ვისაც ის ემსახურება. ძალიან სახიფათოა ექიმის გარიგება ფარმაცევტულ კომპანიასთან. საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო ან თუნდაც კერძო, მაგრამ მონოპოლისტებისგან დამოუკიდებელი ლაბორატორია, რომელიც მედიკამენტების ხარისხს შეამოწმებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს ადამიანისთვის  სასიცოცხლოდ აუცილებელი  და მნიშვნელოვანი მედიკამენტების ნუსხა, რომელთა შესწავლა სისტემატურად ხდება, ზოგჯერ ერთ მედიკამენტს მეორით ცვლიან.

ეს მედიკამენტები კი აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისთვის  სავალდებულოა. ზოგიერთი სახელმწიფო უმწეოებისთვის, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონეთათვის ან სხვა კატეგორიის პაციენტებისთვის თავად იძენს ამ მედიკამენტებს. წარმოუდგენელიც კია მათზე კომერციული ფასების დადება, ის, რაც ჩვენს სინამდვილეში ხდება. ჩვენთან წლების განმავლობაში ასაიდუმლოებენ ინფორმაციას, არ აქვეყნებენ ამ ნუსხაში შესული წამლების ლათინურ სახელწოდებებს - ლაპარაკია დაახლოებით 350 დასახელების მედიკამენტზე. იმიტომ, რომ ამ სიის გამოქვეყნება მონოპოლისტ კომპანიებს დიდ დარტყმას მიაყენებს. დარწმუნებული ვარ, ზემოთ ხსენებული მედიკამენტები დიდ შვებას მისცემს ჰიპერტონიკებს, დიაბეტიკებს, ცერებრალური დამბლით დაავადებულებს. პრეტენზიები აღარ ექნებათ ინვალიდი ბავშვების მშობლებს, რომლებიც ახლა მედიკამენტების სიძვირის გამო აქციებსაც კი აწყობენ. ამით ხელისუფლებაც უზარმაზარ ტვირთს მოიხსნის. მაგალითად, თუკი ადამიანისთვის ერთნაირი შედეგის მომტანია რამდენიმე თეთრად ღირებული "ასპირინის" სახელით ცნობილი მედიკამენტი და უფრო ძვირად ღირებული შუშხუნა "ასპირინი", მან თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელი  შეიძინოს. ხსენებული ნუსხის გამოქვეყნება კი პაციენტს სწორედ ამ არჩევანს ნათლად დაანახებს. წამლების გაიაფების მეორე გზა კი ე.წ. ჯენერიკ-მედიკამენტების (ერთი და იმავე ქიმიური ფორმულის გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა დასახელების წამლები) შემოტანაა.

- ერთ-ერთმა სააფთიაქო ქსელმა ჯენერიკების შემოტანა დაიწყო, რასაც ძვირად ღირებული მედიკამენტების გაიაფება მოჰყვა, თუმცა ამბობენ, რომ სწორედ მონოპოლისტმა კომპანიებმა სცადეს ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

- მოგეხსენებათ, ეს წამლები შემოდის დიდი საბითუმო შეფუთვით, სწორედ მაშინ ატყდა კამათი - ჯენერიკების სააფთიაქო ე.წ. საცალო დაფასოება უნდა მომხდარიყო, თუ ქარხნული, რასაც საკმაოდ არგუმენტირებული ახსნა მოჰყვა, რომ სააფთიაქო დაფასოება სახიფათო არ იყო და ქარხანაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ გააკეთებდნენ. სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამ სააფთიაქო ქსელს ფინანსური სანქციებით დაემუქრნენ და აშკარად იმ მონოპოლისტური ფარმაცევტული კომპანიის წისქვილზე დაასხეს წყალი, რომელსაც წამლის მწარმოებელი ქარხანა გააჩნია. ვფიქრობ, ჩვენს რეალობაში კოაბიტაციური რეჟიმი ცვლილებებისა და რეფორმების შემაფერხებელი აღმოჩნდა. ცხადია, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ისწრაფვის ამ ცვლილებისკენ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ მის გარემოცვაში ამავე სურვილით ანთებული პროფესიონალი კადრები იყვნენ.

- როგორ აფასებთ ხელისუფლების ახალ ინიციატივას წამლების მხოლოდ რეცეპტით გაცემის თაობაზე?

- ინიციატივა მისასალმებელია, მაგრამ მთავარია, რამდენად სწორად განხორციელდება. ცხადია, პაციენტმა "თვითმკურნალობით" და არასწორი დანიშნულებით თავს არ უნდა ავნოს. როგორც ჩანს, საყოველთაო დაზღვევის პირობებში რეცეპტით წამლის გაცემაზე პასუხისმგებლობას ოჯახის ექიმი აიღებს, მაგრამ აქვს კი მას შესაბამისი კვალიფიკაცია?! ოჯახის ექიმმა პაციენტი ვიწრო  პროფილის სპეციალისტთან უნდა გაგზავნოს, რაც თავისთავად ხარჯთანაა დაკავშირებული. არადა, როგორც წამლის ხარისხის, ასევე ფასების უკონტროლობა და სიძვირე მოსახლეობას ისედაც  მძიმე ტვირთად აწვება. ამიტომ ამგვარი საკითხების გადაწყვეტას კარგი გაანალიზება სჭირდება.

ამასთანავე, თავიდან უნდა ავიცილოთ კორუფცია, რაც აფთიაქის მეპატრონეთა და ინსპექტორთა გარიგების შედეგად წამლების ურეცეპტოდ გაყიდვას შეიძლება მოჰყვეს. ამ ინიციატივას მოსახლეობისგან უსიამოვნება და უკმაყოფილება არ უნდა მოჰყვეს.