ACE HIGH (მაღალი ტუზი) - კვირის პალიტრა

ACE HIGH (მაღალი ტუზი)

ჯოკერის ბლოგი

"აღარასოდეს ვითამაშებ, წინ ხომ "კვირის პალიტრა" მელოდება"

მე მქვია შაკო, ვარ დროებით უმუშევარი! ჩემი აზრით, ეს პრობლემაა... არ გეგონოთ, ჩემი სახელი არ მომწონდეს, უბრალოდ, სამსახურის დაწყება მინდა. დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ამაზე სერიოზულად ვფიქრობ. ყველას გავაგებინე, რომ სამსახურს ვეძებდი და ერთ-ერთის რჩევით მოვხვდი გასაუბრებაზე "კვირის პალიტრაში". ჩემი აზრით, გასაუბრებამ ნორმალურად ჩაიარა. როგორც მითხრეს, შემიძლია ავირჩიო თემა და რაც მინდა, დავწერო. თუ მოეწონებათ, დავიწყებ სამსახურს! ერთი შეხედვით, რა მარტივად ჩანს, არა?! მაგრამ საკმაოდ რთული თემა ავირჩიე. გადავწყვიტე, აზარტულ თამაშებზე დამეწერა. წარსულში მქონდა შეხება ამასთან და რომ ვიხსენებ, პატარა გამონაკლისების გარდა, კარგი არაფერი მახსენდება...

და დღეს სწორედ იმ ყველაზე საშინელი პერიოდის გახსენებამ მომიწია. როდესაც ადამიანი ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს, ლოგიკურია, რომ ძველი არ მოსწონდეს. ჩემს შემთხვევაშიც ასეა - მინდა, ყველაფერი დავივიწყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ შეცდომების დავიწყებას არ ვაპირებ, რაც აქამდე დავუშვი, რადგან არ მინდა, მომავალშიც გავიმეორო.

გადავწყვიტე, დღესაც შევსულიყავი კაზინოში, ოღონდ ამჯერად საქმეს სჭირდებოდა და... - მე ხომ თემა მაქვს დასაწერი. გადავხედე ჩემს ბიუჯეტს. ფული არც ისე ბევრი მაქვს, ჩემი გამოთვლით, ერთ საათს მეყოფა სათამაშოდ. ადრე პოკერს ვთამაშობდი და ახლაც მომინდა მეთამაშა. ტელეფონით მეგობრებს დავუკავშირდი, რომლებიც დღესაც ამ ,,საქმით" არიან დაკავებული და გავარკვიე, რომ საღამოს ცხრის ნახევარზე ერთ-ერთ კაზინოში ტარდებოდა ტურნირი პოკერში, სადაც მონაწილეობის მისაღებად ჩემი ფული მეყოფოდა.

ტურნირის დაწყებამდე 5 წუთით ადრე მივედი. ძალიან მეუცხოვა ყველაფერი. უკვე სხვა თვალით ვუყურებდი ადამიანებს. თითქოს მეამაყებოდა, რომ შევძელი ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა, მაგრამ... როგორც კი თამაში დავიწყე, ერთ წამში გამახსენდა ყველაფერი - ემოციები, რასაც თამაშის პროცესში განვიცდიდი... მოთამაშეები, მომსახურე პერსონალი, მაგიდებისა და სკამების განლაგებაც კი ზუსტად ისეთია, როგორიც ადრე.

თითქოს თავი ისევ ამ სამყაროს განუყრელ ნაწილად ვიგრძენი.  დროდადრო მავიწყდებოდა, რატომ ვიყავი მოსული, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი წარსულის ისევ ერთი ჩვეულებრივი, რიგითი საღამო იყო. დაახლოებით ორი საათი გავიდა. მოთამაშეთა რაოდენობა შემცირდა. ჩემი სტეკიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ძლიერად გამოვიყურები (სტეკი ვირტუალური ფულია, რომლის რაოდენობაც განსაზღვრავს მოთამაშის წაგების ან მოგების შანსს). ტურნირში დაახლოებით ასი მოთამაშე მონაწილეობს და ამ ეტაპზე ნახევარს უკვე დატოვებული აქვს თამაში. რაც მეტი მოთამაშე დატოვებს თამაშს, მით უფრო იზრდება სხვა მოთამაშის მოგების შანსი. გამარჯვებული მაშინ გამოვლინდება, როცა დარჩება ერთი საუკეთესო, თუმცა ფულადი პრიზები სხვა მოთამაშეებზეც არის გათვლილი (ადგილების მიხედვით). მე ამ ტურნირზე მეშვიდე ადგილი მოვიპოვე და მოვიგე 18-ჯერ მეტი, ვიდრე თამაშში მქონდა გადახდილი და კიდევ სხვა ტურნირის ერთი ბილეთი. კაზინოდან გამოვედი თუ არა, მათხოვარი შემხვდა. ფული მას ვაჩუქე, ბილეთს კი სხვა მოთამაშეს ვაჩუქებ. დარწმუნებული ვარ, უფრო გაუხარდება, ვიდრე მათხოვარს გაუხარდა ფული...

P.S. დღეს ბოლო დღე იყო! აღარ ვაპირებ იმ სამყაროში დაბრუნებას, სადაც წაგებული ყოველთვის მე ვიყავი. იშვიათად მომიგია კიდეც, მაგრამ ამ ფულს ისევ უკან ვაბრუნებდი... თანაც, რამდენი უნდა მოვიგო, რომ ღირდეს ჩემი ნერვების ფასად? დღეს ნამდვილად ბოლო დღე იყო! ვიცი, ეს ბევრ მოთამაშეს უთქვამს, მათ შორის მეც და მაინც მითამაშია, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ამაში ისე დარწმუნებული, როგორც ახლა! მე აღარასოდეს ვითამაშებ, უკან აღარ დავბრუნდები! წინ ხომ "კვირის პალიტრა" მელოდება... :)))