"მეიყვანე, ბიჭო, ცოლი!"
04-11-2013
"მეიყვანე, ბიჭო, ცოლი!"
"განსაკუთრებით შემაძრწუნა სოციალურ ქსელებში ქართველი კაცების  ღვარძლიანმა
და ბილწმა კომენტარებმა"


ბოლო ხანს განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა ჩვენი საზოგადოების თვისება, დაუფიქრებლად ესროლოს ქვა თუნდაც სრულიად უდანაშაულო ადამიანს. 27 ოქტომბრის საღამოდან დღემდე ასეთი თავდასხმის სამიზნე გახდა მაკა ჩიჩუა, რომელთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, არაოფიციალურად ცხოვრობს საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი. "მაკა ძალიან მიყვარს", - ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა, დაამატა, რომ პოლიტიკური მოტივით დაქორწინებას ვერავინ აიძულებს.

მაკა ჩიჩუაზე განსაკუთრებული თავდასხმის მიზეზი თუ
საბაბი გახდა მისი შესრულებული როლი რუსუდან ჭყონიას ფილმში "გაიღიმეთ". ტრაგიკომედია მოგვითხრობს  დრამატული მოვლენების შესახებ, რომლებიც მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსზე ვითარდება. ათი მრავალშვილიანი დედა, რომელთაგან ხუთი სოციალურად დაუცველია, ცდილობს გაიმარჯვოს სილამაზის კონკურსში, რომლის მთავარი პრიზი ბინა და 25.000 ამერიკული დოლარია. შოუს ორგანიზატორები თითოეული გმირის ტრაგედიას საკუთარი
მიზნების მისაღწევად იყენებენ და სოციალური პრობლემატიკა, ქართველი ქალების ყოფა, აფხაზეთის თემა - მხოლოდ შოუს ნაწილია, მასის სასეიროდ რომ სჭირდება მედიას.

მაკა ჩიჩუა კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის როლს თამაშობს. ფილმში მასთან ერთად მონაწილეობენ ია სუხიტაშვილი, ოლგა ბაბლუანი, თამუნა ბუხნიკაშვილი, ნანა შონია, შორენა ბეგაშვილი, ეკა ქართველიშვილი, ლელა მეტრეველი, ია ნინიძე, და სხვები. მაკას კი რატომღაც  "ბრალად წაუყენეს" ის, რომ საქართველოში სექსსიმბოლოდ აღიარებულ შორენა ბეგაშვილთან ერთად იხდის ფილმში და მონაწილეობს თამამ სცენებში (საყვარელ მამაკაცთან ერთად ეროტიკულ კადრებში ჩანს). არადა, ყველა პერსონაჟის ცხოვრება ძალიან დამაფიქრებელია, რაც სცენარისტის ფანტაზიის ნაყოფი კი არა, საქართველოში არსებული მძიმე რეალობაა, რომელიც როგორც ჩანს, არ აინტერესებს საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მაკას ლაფს ასხამს და უმიზეზოდ ლანძღავს, იმის ნაცვლად, რომ ფილმის პერსონაჟების პროტოტიპთა ბედზე დაფიქრდეს. 

როგორც ქალი, განსაკუთრებით შემაძრწუნა სოციალურ ქსელებში ქართველი კაცების (ან მამაკაცთა სახელებს ამოფარებულთა) ღვარძლიანმა და ბილწმა კომენტარებმა. ამას ჰქვია ქალის პატივისცემა საქართველოში? განა შეიძლება, მსახიობი, რომელიც ეროტიკულ სცენაში მონაწილეობს, გალანძღო მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტთან არაოფიციალურად ცხოვრობს?

გიორგი მარგველაშვილი თანამედროვე მსოფლიოში ერთადერთი პირველი პირი სულაც არ არის, რომელსაც ოფიციალური მეუღლე არ ჰყავს. საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს ოფიციალურ შეხვედრებზე არა ოფიციალური ცოლი, არამედ ვალერი ტრიერვილიე ახლავს. იგი პრეზიდენტს მხარს უმშვენებდა ინაუგურაციაზეც.

ჟურნალისტი დიანა ჭანკოტაძე, რომელიც კარგა ხანია საფრანგეთში მუშაობს, აცხადებს, რომ არ უკვირს ქართველების საქციელი: "თავის დროზე ფრანგებმაც გამოხატეს უკმაყოფილება. მათ არ მოსწონდათ, რომ პრეზიდენტს ყველა საერთაშორისო ვიზიტის დროს თან ახლდა ვალერი, მეგობარი ქალი. სახელმწიფოს ძვირი არ უნდა დაუჯდეს პრეზიდენტის მეგობარი ქალის სეირნობებიო, აცხადებდნენ უკმაყოფილოდ. კანონიერი ცოლი კაცის და რაღა თქმა უნდა, პრეზიდენტის განუყოფელი ნაწილია, მეგობარი ქალი კი არასტაბილურ ურთიერთობას ნიშნავსო. თუმცა საფრანგეთში არავის მოუთხოვია, ოლანდს სასწრაფოდ დაეწერა ჯვარი".



ხოლო მათ, ვისაც მსახიობ მაკა ჩიჩუას მიერ თამამ სცენებში მონაწილეობა საჩოთიროდ მიაჩნია, იმავე ოლანდის წინამორბედის, ნიკოლა სარკოზის მეუღლის, კარლა ბრუნის მაგალითს შევახსენებდი, რომელსაც პირველი ლედის ამპლუაში მყოფსაც კი არ უთქვამს თამამ ფოტოსესიებზე უარი. მიუხედავად ამისა, სარკოზისთვის საფრანგეთში არავის უთქვამს - შენი ცოლი ამას რას შვრებაო, პირიქით, მთელ ერს თავი მოსწონდა ულამაზესი პირველი ქალბატონით.

იოლი წარმოსადგენია, ქართველი ხალხი რა დღეში ჩააგდებდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, მისი თანამდებობაზე მოსვლა ჩვენი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო. ფრაუ ანგელას არავინ აპატიებდა ყმაწვილქალობის დროინდელ "ცოდვას", შიშვლად ტანტალს და ნუდისტური მიდრეკილებების გამომხატველი ფოტოს გადაღებას. არადა, ალბათ ფროილაინ მერკელი იმ დროს, როდესაც დედიშობილა დადიოდა პლაჟზე და კამერის წინ პოზირებაც არ ეთაკილებოდა, სულაც არ ფიქრობდა იმაზე, რომ ათეული წლების შემდეგ დიდ პოლიტიკაში მოვიდოდა. რამდენადაც ცნობილია, არც გერმანელებს მოუთხოვიათ პასუხი კანცლერისთვის სიყმაწვილის დროინდელ გატაცებასა თუ უბრალოდ თავისუფლებაზე. სავარაუდოდ, შიშველი კანცლერის ფოტოც საქართველოში უფრო პოპულარულია, ვიდრე გერმანიაში...  

ალბათ, მომავალი კვირიდან საზოგადოებაში ახალი საჭორაო თემა გაჩნდება და მაკა ჩიჩუაზე თავდასხმებიც შეწყდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოება სხვისი ცხოვრების ქექვას უფრო დიდ დროს უთმობს, ვიდრე სხვა, მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრსა და მსჯელობას, თორემ რატომ უნდა ვკამათობდეთ, რა დავარქვათ მაკა ჩიჩუას - პირველი ლედი თუ პირველი გერლფრენდი?
ამ ამბების გამო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობილი ვიდეოჩანაწერი მახსენდება - მთვრალი მამა შვილს ეხვეწება, მეიყვანე, ბიჭო, ცოლიო. ძალიან ვგავართ იმ კაცს...

რა დასანანია, რომ ვერ ვხვდებით, როგორ შეურაცხვყოფთ საკუთარ თავს უდანაშაულო ადამიანების შეურაცხყოფით.
ვახტანგი
15 ნოემბერი 2013 14:14
კონსტიტუციაშიც კი შავით თეთრზე წერია, პირადი წხოვრება ხელშეუხებელიაო. ვისი რა საქმეა ვისთან იცხოვრებს ადამიანი(თუნდაც პრეზიდენტი იყოს)ან მოიყვანს თუ არა მას ცოლად. მოსწონს მაგ კაცს მასე ცხოვრება. რაც შეეხება პირველ ლედობას, პირველი ლედი არა კვახი! კომუნისტების დროს, იცოდა ვინმემ გენერალური მდივნების ცოლები სახეზე? სტალინის ცოლიც კი, კაცის, რომელიც დედამიწის ერთ მეექვსედს მართავდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიოდა, ისიც ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე იყო. ეხლა კი ლედიო, პლედიო და ვინ იცის კიდევ რა.
gurami
13 ნოემბერი 2013 21:55
არ გახდეთ არავინ მსახიობებიი არაზდროს ტამამი ფოტოები არ გადაიგოთ როდესმე შეიძლება პრეზიდენტის ცოლი გახდეტ და ტყვილ უბრალოდ გინება დაგიწყონ )))))))))))) ტქვეენ დეიწვიით :)) ესეენიი სპეციალურად უფუჭებენ რეპუტაციას ამ ქალს თქვენი როო პასუხიი არ გასცეტ ეს ამბავი მიყუჩდება მაგრამ თქვენი პასუხიის გაცემიით უფროო მეტიი პიარიი ხდება...... ამიტოომ შეეშვიიტ როო ნახავენ შედეგი არ გამოიღო გაჩუმდებიან და რამეე სხვა საჭორაოსს ნახავენ ;) .....
gurami
13 ნოემბერი 2013 21:51
ნუ შევედარებით სხვებს

რედაქტორის რჩევით