"კვირის პალიტრა" კვლავ წლის ბრენდია - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრა" კვლავ წლის ბრენდია

უკვე მეშვიდედ, წლის მიწურულს, ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. რიგითი მომხმარებლების არჩევანის მიხედვით, პროექტმა "ქართული ბრენდის დღე" ყველაზე წარმატებული ქართული კომპანიები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა. გაზეთი "კვირის პალიტრა" ამჯერადაც გამარჯვებულად დასახელდა, როგორც ერთ-ერთი ლიდერი ბრენდი საქართველოში.

წარმატებული და ხალხის რჩეული კომპანიების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა. პროექტის ორგანიზატორი საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილია", რომელსაც პარტნიორობას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უწევდა. 7 ნომინაციაში გამარჯვებულად 30-მდე კომპანია დასახელდა. თავის რჩეულ ბრენდს ხალხი ხმას მთელი წლის განმავლობაში აძლევდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი "ქართული ბრენდის დღე" 2003 წლიდან არსებობს. პროექტის პირველი ღონისძიება უფრო მოკრძალებული, სალონური ტიპის იყო და მასში მხოლოდ ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ. "ქართული ბრენდის დღე" ყოველწლიურად ვითარდება და სულ უფრო ფართო მასშტაბს იღებს.

ნომინაციაში "ლიდერი", გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სულ 18 ქართული კომპანია დასახელდა. მათ შორის: ფარმაცევტული კომპანია "პსპ", საკონდიტრო ფაბრიკა "ტკბილი ქვეყანა", კომპანია "მაგთი", ჟურნალი "სარკე", გია გვარამიას კლინიკა "ესთელაინი", ტურისტული კომპანია "ტური" და სხვ. ნომინაციაში "წარმატებული ახალი სახელი" ხუთი გამარჯვებულია, მათ შორის: ლუდსახარში "მირზაანი", ჯგუფი "ეგარი" და სადღესასწაულო კაბების სალონი "მარიგოლდი". ნომინაცია "ბრენდპერსონა" ნანი ბრეგვაძეს ხვდა წილად, ხოლო "წარმატებულ ტელეპროექტად" გადაცემა "P.S." დასახელდა. ერთადერთი გამარჯვებული გამოავლინეს ნომინაციაში "წარმატებული პროექტი" და დიპლომი ნიაზ დიასამიძეს გადასცეს პროექტისთვის "არტგენი". დასახელდა გამარჯვებულები ნომინაციაში "რეპუტაცია და ნდობა". ეს ნომინაცია წილად ხვდა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ნაციონალური ბალეტის აკადემიურ დასს, "ზარაფხანას", კარდიოლოგიურ კლინიკა "გულსა" და საერთაშორისო კორპორაცია "აი სი არ"-ს ბრენდისთვის "ჩემი სახლი".

ელგუჯა მარღია (საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი): "ჩვენი დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად, "ქართული ბრენდის დღე" ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა. კომპანიების შეფასების სისტემაში ბევრი სიახლე გვაქვს. პროექტი ფეხდაფეხ მიჰყვება ბიზნესის განვითარებას საქართველოში. ასეთი კონკურსები ყველა ქვეყანაში პრესტიჟულია".

დავით კიკალიშვილი (გადაცემა "P.S."-ის წამყვანი): "ბიზნესის ნებისმიერ სფეროს სჭირდება სივრცე, სადაც მისი წარმატება აღინიშნება. აქამდე ჩვენ ფაქტობრივად კონკურენტებიც არ გვყავდა სატელევიზიო ბაზარზე. ბოლო დროს კი სხვადასხვა პროექტი გამოჩნდა და, იმედი მაქვს, გაისად უფრო კონკურენტულ გარემოში მოგვიწევს გამარჯვებისთვის ბრძოლა. ყველა ბიზნესისთვის მსგავსი ღონისძიებები წარმატების სტიმული იქნება, მაგრამ უფრო უნდა გაუმჯობესდეს შერჩევის კრიტერიუმები, პრინციპები და გამარჯვებულთა გამოვლენაში უფრო ფართო საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას, რადგან ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ბიზნესს - ხალხის ნდობაა".

გიორგი თევდორაშვილი (გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი): "ზედიზედ უკვე მეხუთედ გვასახელებენ ამ ნომინაციაში, რაც, რა თქმა უნდა, წარმატების და იმ დაუღალავი შრომის მანიშნებელია, რომელიც მთელმა მედიასახლმა გასწია ამ 15 წლის განმავლობაში. ეს გამარჯვება ასევე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და შევეცდებით, ისევ ისეთი ობიექტური სიმართლე მივაწოდოთ მკითხველს, როგორიც აქამდე იყო. მიუხედავად დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებებისა ქვეყანაში თუ მის საზღვრებს გარეთ, ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ მკითხველისთვის და საზოგადოებისთვის მუშაობაა. ლიდერობა რთულია იმისთვის, ვინც ხელოვნურად ცდილობს პოზიციების შენარჩუნებას. მაგრამ თუ ეს სულიდან მოდის, რომ შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ იღვაწო, მკითხველს რეალობის ამსახველი ინფორმაცია მიაწოდო, სიმართლე თქვა, მაშინ ადვილია. პირველ რიგში, შენი ქვეყანა და შენი ხალხი უნდა გიყვარდეს. ხშირ შემთხვევაში, ზოგს სიმართლე არ მოსწონს, მაგრამ როგორც კარგი წამალი პაციენტისთვის, ასევე აუცილებელია სიმართლის თქმა საზოგადოებისთვის, რის გაკეთებასაც ჩვენ ყოველ ორშაბათს ვცდილობთ. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მადლობა ჩვენს მკითხველს ასეთი ნდობისთვის. ვულოცავ ყველას დამდეგ ახალ წელს. მშვიდობიან, ბედნიერ და ერთიან საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებ. ღვთის წყალობა არ მოჰკლდებოდეს სრულიად საქართველოს".