"სტუმრად მარიკა დარჩიასთან"
11-11-2013
"სტუმრად  მარიკა დარჩიასთან"
ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,  რადიო "პალიტრასა" და "პალიტრა TV"-ს ეთერში

"ეს სატელევიზიო გადაცემა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევაა


მარიკა დარჩია, "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის - "პიარის" დანერგვა და პოპულარიზება დაიწყო. ამბობს, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მოსწონს, აინტერესებს მათი წარმატება, გამოცდილება, განვლილი გზა...

მარიკა დარჩია, ტოქშოუს "სტუმრად მარიკა დარჩიასთან" ავტორი და წამყვანი:
"ყველა ადამიანის ცხოვრება ფარდაგივით იქსოვება. ჩემი ცხოვრებაც ხალხმა მოქსოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის ადამიანები
იყვნენ, ვინც ცხოვრების გზაზე მხვდებოდნენ და ყველა რაღაც კვალს ტოვებდა ჩემში. მათგან ვსწავლობდი, ვიგებდი, ვიზიარებდი. ძალიან მიყვარს და მაინტერესებს ადამიანებთან ურთიერთობა. ამიტომაც თავის დროზე უარი ვთქვი ჩემს პროფესიაზე, ბიოლოგობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად ბევრი ვიშრომე და სამეცნიერო ხარისხიც მოვიპოვე.

როცა საზოგადოებასთან ურთიერთობის
შესახებ პირველი წიგნი წავიკითხე, მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაც მინდოდა. ადამიანებთან ურთიერთობით ჩემი ინტერესთა სფერო ძალიან გაფართოვდა მუსიკის, მხატვრობის, ლიტერატურის, მეცნიერების გარშემო, მაგრამ ეს ყველაფერი მიჰყვება არა ფაქტებს, არამედ ადამიანებს. სხვათა შორის, ბავშვობიდანვე, ყველა წიგნის გმირი და გარემო ჩემთვის ყოველთვის ცოცხალი იყო. ყოველთვის მაინტერესებდა, ვინ წერდა ამ წიგნებს. ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ როგორ შევხვდებოდი ამ წიგნების ავტორებს, დიუმას, ჰიუგოს, ბაროკოს, რაზე ვილაპარაკებდი მათთან. ახლაც მაქვს ასეთი ოცნება... ბროდსკის შევხვდებოდი ვენეციაში და ყავას დავლევდი მასთან ერთად.
ამ გადაცემაშიც ჩავდე სურვილი, ვიპოვო ადამიანი.

ეს არ იქნება გადაცემა მხოლოდ ცნობილი ადამიანების დღემდე უცნობი მხარეების წარმოსაჩენად. ჩვენ გვინდა, ვიპოვოთ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, მაგრამ საინტერესო ადამიანები.
ხშირად ვიხსენებ ჩემს მეზობელ მღებავ იაკობას, რომელმაც ყველა ოჯახში, სადაც კი რემონტი გაუკეთებია, იცოდა, როგორი ბიბლიოთეკა ჰქონდათ. ძალიან რთულია აღმოაჩინო ასეთი საინტერესო ადამიანი, მაგრამ ვეძებთ ყველგან და ყველას ვთხოვ, თუ იცნობენ ასეთებს, შეგვატყობინონ.
ჯერჯერობით გაკვალული გზით მივდივართ და პირველ ეტაპზე გადაცემაში საზოგადოებისთვის ნაცნობ ადამიანებს ვმასპინძლობთ. მაგრამ ისინიც გვინდა ცოტა სხვა კუთხით დავინახოთ. მაგალითად, ვთხოვ სტუმრებს, გაიხსენონ მელოდია, რომელიც მათი "ცხოვრების ხმა" იყო გარკვეულ ეტაპზე, ან ახლა არის. ასეთი როლი შესაძლოა, წიგნსაც ჰქონდეს. იქნებოდნენ თუ არა რომელიმე ავტორის გმირები...
ეს სატელევიზიო გადაცემა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევაა. ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და მინდა ვიჩქარო ნელა.

- რამდენ სტუმარს უმასპინძლებთ ყოველ გადაცემაში?
- ორი ან სამი სტუმარი გვეყოლება. პირველი გადაცემის სტუმრები თემურ ყვითელაშვილი და ქეთი მატაბელი არიან... სულ ახლახან 90 წელი იზეიმა ქართულმა ალპინიზმმა და გვეყოლება სტუმრად ალპინისტთა ცნობილი გვარის გამგრძელებელი ივანე ჯაფარიძე; მხიარულთა და საზრიანთა კლუბის საიუბილეო თარიღია და სოსო ცისკარიშვილს გაგაცნობთ, როგორც ერთ-ერთ პირველ "მანსანკანელს"; ჟურნალის საერთაშორისო დღეა და - ზაალ ჩხეიძე გვყავს მოწვეული.

- რესპონდენტებში უკვე აღმოაჩინეთ ის უცნობი მხარეები, რაც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი?
- ქართველები ცოტა რთულად "იხსნებიან", მაგრამ კიდევ ვთხოვ, რამე ახირებული ნივთი თუ აქვთ, მოიტანონ, გადამაქვს ისეთ დეტალებზე ყურადღება, რამაც შესაძლოა "გასაღები" ჩამიგდოს ხელში. ყველას სხვადასხვა ტონი შემოაქვს გადაცემაში.

- რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს ამ გადაცემაში, როგორც წამყვანი?
- საუბარი ადამიანებთან ჩემი სტიქიაა, როგორც კი შემოდის სტუმარი და ვსხდებით, მავიწყდება ვიდეოკამერა, გარშემომყოფები და მაინტერესებს მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც ვესაუბრები. როგორც კი საუბარს ვიწყებთ, მის სამყაროში გადავდივარ.

- არის თემები, რომელზეც არ ისაუბრებთ გადაცემაში?
- არ მიყვარს ძალიან ინტიმურ თემებზე საუბარი. ვფიქრობ, ასეთ თემაზე ლაპარაკი ყველას უჭირს და ნაძალადევი გამოდის.  

პოლიტიკას ავცდებით, მაგრამ გარკვეული შეხება მაინც შესაძლოა გვქონდეს. უფრო წარმოვაჩენთ ადამიანს თავისი ცხოვრების გზით - როგორ აღწევს წარმატებას, როგორ შეუძლია წარუმატებლობის დაძლევა, როგორი დამოკიდებულება აქვს სამყაროსთან, როგორია მისი პრინციპები - მთავარი ღირსება, რაც ადამიანად გაქცევს. ამ გადაცემაში გვსურს ვილაპარაკოთ ადამიანებზე და ადამიანის მთავარ ღირებულებებზე...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები