კარი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს იცავს
11-11-2013
კარი, რომელიც  სახელმწიფო საიდუმლოს იცავს
შენობას, სადაც ამიერკავკასიაში ყველაზე დაცული საცავი მდებარეობს, დაცვის უპრეცედენტოდ მაღალი ზომების გამო გარე პერიმეტრზე ერთი ფანჯარაც არა აქვს

- ალბათ, სხვადასხვა დაწესებულებაში არცთუ იშვიათად შეხვედრიხართ ასეთ აბრას. თუმცა, აკრძალული ხილის არ იყოს, ადამიანს ყველაზე მეტად სწორედ ის აინტერესებს, რაც დახურულ კარს მიღმა ხდება. გადავწყვიტეთ, ახალი რუბრიკით - "შესვლა აკრძალულია!" - თქვენთვის დახურული დაწესებულებების კარი გავაღოთ და შეგახედოთ იქ, სადაც უცხო პირთა შესვლა კატეგორიულად იკრძალება.

არსებობს არაერთი დახურული დაწესებულება, სადაც არათუ
უცხო პირი, სპეციალური ნებართვის გარეშე ჩიტიც ვერ შეფრინდება. ფული, ოქროს ზოდები და სხვა ფასეულობა - განძი, რომელიც ეროვნული ბანკის საცავშია დაცული, მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის არის ხელშესახები; შენობას კი, სადაც ამიერკავკასიაში ყველაზე დაცული საცავი მდებარეობს, დაცვის უპრეცედენტოდ მაღალი ზომების გამო გარე პერიმეტრზე ერთი ფანჯარაც არა აქვს.

"საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი"
- ასე ჰქვია დაწესებულებას, სადაც შარშან ძველი შენობიდან ეროვნული ბანკის საცავი გადმოიტანეს. თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური უსაფრთხოების სისტემების გამო, ეს საქართველოში ყველაზე უსაფრთხო ადგილია ფასეულობის შესანახად. ეროვნული ბანკის საცავში დაცულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პირთა ქონება.
უამრავი სათვალთვალო კამერა, უსაფრთხოების რამდენიმე ზონა, ჯავშნიანი მინები და კარები - ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი გვიხსნის, რომ ახალი საკასო ცენტრი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მუშაობს ტექნოლოგიებით, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკები იყენებენ. შენობაში ფოტო და ვიდეოგადაღება მხოლოდ სპეციალური ნებართვით არის შესაძლებელი და ამ შემთხვევაშიც რამდენიმე შეზღუდვა მოქმედებს - არ უნდა ჩანდეს საინკასაციო მანქანის სახელმწიფო ნომერი და შენობაში ფანჯრების მდებარეობა.

საქართველოს ყველა კომერციული ბანკის საინკასაციო მანქანის მიღება სწორედ ამ ცენტრში ხდება. შემოწმების შემდეგ, ნაღდი ფულით დატვირთული საინკასაციო მანქანა შენობაში შედის. ფულს სპეციალურ მეტალის კონტეინერებში აწყობენ, ურიკებზე დებენ და უფრო მაღალი უსაფრთხოების ზონაში გადააქვთ, სადაც ითვლიან და ახარისხებენ.

საინკასაციო ცენტრის ყველა ზონაში შესვლის უფლება თანამშრომლებსაც კი არა აქვთ. ისინი, ვისაც ფულთან უშუალო შეხება აქვთ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრლებამდე პირად ნივთებს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ტოვებენ.

მაღალი უსაფრთხოების ზონაში მდებარეობს ლაბორატორია, სადაც სიყალბესა და ნამდვილობაზე ბანკნოტების ექსპერტიზა ტარდება...

ფულით სავსე კონტეინერების გახსნა მკაცრი კონტროლით, საკასო ცენტრის რამდენიმე თანამშრომლის თანდასწრებით ხდება.

ფულის ბანკნოტები დათვლა-დახარისხებისთვის გადამთვლელ მოლარეს გადაეცემა. ფულის დათვლა და სორტირება თანამდროვე ტექნოლოგიის სპეციალური მანქანა-დანადგარით ხდება, რომელიც სწრაფად, ავტომატურად ითვლის ბანკნოტებს და ამოწმებს მათ ხარისხს.

იმ შემთხვევაში, თუ ბანკნოტი მოძველებულია, დასვრილია ან სხვა მექანიკური დაზიანება აქვს, დანადგარი მყისვე ანადგურებს.

ვარგისი ფულის ბანკნოტები კი კონებად იკვრება და კონვეიერით, ერთმანეთის მიყოლებით ერთ ადგილას გროვდება. ფულის კონა ათი "ნეკნისგან" შედგება, თითო "ნეკნი" კი ასი კუპიურის შეკვრაა.

დახარისხებული ფულის დასტები ისევ კონტეინერებში თავსდება და საცავისკენ მიემართება. წუნდებული ფული, რომელსაც დანადგარი ავტომატურად მცირე ნაწილებად ჭრის, მიემართება სპეციალურ აგრეგატში, სადაც მას დაწნეხენ. საბოლოოდ კი და განადგურებული ბანკნოტები ბრიკეტებად ფასოვდება, მუყაოს ყუთებში გროვდება და მათი უტილიზაცია ხდება. სხვათა შორის, ფულის მძაფრი სუნი სწორედ იმ განყოფილებაში დგას, სადაც დაწნეხილი ფულის ბრიკეტები დევს. დაზიანებული ბანკნოტების ამ მეთოდებით განადგურებას ევროპული სტანდარტი ითვალისწინებს. ასე დანაწევრებული ბანკნოტების აწყობა შეუძლებელია.

საკასო ცენტრის ყველაზე ცხელი წერტილი საცავია, რომლის შესასვლელს უზარმაზარი ჯავშნიანი კარი იცავს. ამ კარის მიღმა იწყება მაღალი უსაფრთხოების ზონა, სადაც შესვლის უფლება ეროვნული ბანკის რამდენიმე თანამშრომელს აქვს. "სამწუხაროდ, ვერც თქვენ შეგიყვანთ. იქ ფულსა და სხვა ფასეულობებს ათავსებენ", - გვეუბნება ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი. ეს კარი სახელმწიფო საიდუმლოს იცავს, რადგან ეროვნული ბანკი და იქ დაცული ქონება ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტიაა, ჩვენც ვალდებული ვართ, პატივი ვცეთ სახელმწიფო ინტერესებს, რადგან ის თითოეული ჩვენგანის ინტერესებსა და ცნობისმოყვარეობაზე მაღლა დგას.

lalo
17 ნოემბერი 2013 10:04
ე.ი. ფულის დიდ ყულაბა ყოფილა ეს შენობა)))

რედაქტორის რჩევით