რას იხსენებენ ირაკლი ღარიბაშვილის ჯგუფელები და მასწავლებლები - კვირის პალიტრა

რას იხსენებენ ირაკლი ღარიბაშვილის ჯგუფელები და მასწავლებლები

"ჯაბახანას" პერიოდში ახალგაზრდა რომ სწავლაზე ყოფილიყო ორიენტირებული და თანაც მისთვის დედიკოს ბიჭი არ დაეძახათ, იშვიათი იყო"

"წულუკიანი ძალიან აქტიური სტუდენტი იყო, ღარიბაშვილი ასეთი არ ყოფილა"

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 1999-2003 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტზე, ურთიერთობების სპეციალობით სწავლობდა. მას ბეჯით და ნიჭიერ სტუდენტად ახასიათებენ.

ეკა სხირტლაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ჯგუფელი: - ძალიან მეგობრული  ჯგუფი გვქონდა. ზურაბ დავითაშვილი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლებს გვიკითხავდა. პირველ დღეს გასაცნობად მთელი ფაკულტეტი შეგვკრიბა და ტესტი დაგვირიგა, რომელიც ისტორიას, კულტურას, გეოგრაფიასა და ყველა სხვა საგანს ეხებოდა. ბატონ ზურაბს ჩვენი ზოგადი განათლება აინტერესებდა. რამდენიმე დღეში შედეგებით შემოვიდა და იკითხა, ვინ არის ადამიანი, რომელმაც ყველა შეკითხვას აბსოლუტურად სწორი პასუხი გასცაო. ეს ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

ირაკლი ძალიან მორიდებული, წესიერი და განათლებული ადამიანია, მაგრამ თავს არასოდეს გვამეტებდა, თავის გამოჩენა არ უყვარდა. ყველა კოლოკვიუმსა თუ გამოცდაზე მაღალ ქულებს იღებდა. ყველა ერთმანეთს დავდევდით, კონსპექტი მათხოვე, დამეხმარე... ირაკლის არავის დახმარება არ სჭირდებოდა და ყოველთვის ყველაზე მაღალ ქულებს იღებდა.

- ჯგუფელებს არ გეხმარებოდათ?

- კი, ყველას გვეხმარებოდა... მერე საფრანგეთში წავიდა სასწავლებლად.  ირაკლი ყველას გამორჩეულად გვახსოვს. გვეამაყება, რომ ჩვენი კურსელი ასეთი წარმატებულია. ის არის კაცი, რომელშიც გაერთიანებულია - ცოდნა, განათლება და ინტელექტი.

ზურაბ დავითაშვილი, პროფესორი: - ირაკლი ღარიბაშვილი პასუხისმგებლობითა და გულისყურით ეკიდებოდა ყველაფერს. ძალიან განათლებული და ნიჭიერი სტუდენტი, ზრდილობიანი და წესიერი ახალგაზრდა იყო. თუმცა განსაკუთრებული ნამდვილად არ ყოფილა. ლექტორს უფრო ამახსოვრდება სტუდენტი, რომელიც ძალიან აქტიურია.

- აუცილებლად აქტიური უნდა იყოს, რომ კარგ სტუდენტად ჩაითვალოს?

- არა, ამას არ ვამბობ. მაგრამ, მაგალითად, თეა წულუკიანი ძალიან აქტიური სტუდენტი იყო. ირაკლი ასეთი არ ყოფილა.  კარგი სტუდენტი იყო, მაგრამ თავის გამოჩენის სურვილი, როგორც ბევრ სტუდენტს, არ ჰქონია. მისი მიზანი არ იყო, რომ გამოჩენილი ყოფილიყო. არც იმას ვამბობ, რომ აქტიურობა მაინცდამაინც კარგი თვისებაა.

- როგორ წარმოგიდგენიათ ის პრემიერისა და ქვეყნის პირველი პირის რანგში?

- როგორც შს მინისტრი, ვფიქრობ, წარმატებული იყო. როგორც პრემიერს ვერ დავახასიათებ, რადგან ეს გაცილებით სერიოზული თანამდებობაა. მძიმე პრობლემებთან შერკინება მოუწევს და ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს.

- ფიქრობთ, რომ გაუჭირდება?

- როდესაც ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემებია, შეუძლებელია ვინმემ ადვილად გადაჭრას. იმიტომ კი არა, რომ სხვა წარმატებით გაართმევდა თავს რა, ივანიშვილს არ გაუჭირდა?

პირველ რიგში ეკონომიკას ვგულისხმობ, რაც პრემიერ-მინისტრის პირველი საზრუნავი იქნება. ეს გაცილებით რთული პრობლემაა, ვიდრე ის, რაც შს სამინისტროში ეკისრებოდა.

მანანა ვალიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მეზობელი: - ირაკლი ჩვენს მეზობლად, ნუცუბიძეზე, მე-17 კორპუსში ცხოვრობდა. იმდენად წესიერი ბავშვი იყო, მისი თაობის ბიჭები გარეთ რომ იდგნენ უსაქმურად, ირაკლი უბნის ბიჭებში გარეული არასოდეს გვინახავს. ცუდი ურთიერთობა არავისთან ჰქონია, მაგრამ სწავლაზე იყო გადაყოლილი...

- როგორც ამბობენ, ღარიბაშვილი ხელმომჭირნე ოჯახიდან არის.

- მის ოჯახს კარგად არ ვიცნობ. ისე, ჩვენს კორპუსში შეძლებული ოჯახები არ ცხოვრობდნენ. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც ამავე კორპუსში ცხოვრობდა. ირაკლის ოჯახს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ყველა მეზობელთან, განათლებითა და კულტურით გამოირჩეოდა სამეზობლოში...

ირაკლი 31 წლისაა. მის თაობას ძალიან რთული პერიოდი აქვს გავლილი - "ჯაბახანას" პერიოდს ვგულისხმობ. იმ დროს ახალგაზრდა რომ სწავლაზე ყოფილიყო ორიენტირებული და თან მისთვის დედიკოს ბიჭი არ დაეძახათ, იშვიათი იყო. სხვა ბიჭები ნარკოტიკებზე იყვნენ გადაყოლილი. უბანში სულ ჩხუბი და იარაღის ტრიალი იყო. ირაკლი იმ თაობის თვალსაჩინო მაგალითია და ამ თაობისთვისაც მისაბაძი კაცი...

ზაზა გიგაური