"გემუდარებით, მაპოვნინეთ ჩემი მეუღლე!" - კვირის პალიტრა

"გემუდარებით, მაპოვნინეთ ჩემი მეუღლე!"

"კაპიტანი მიხვდა, რომ "სტელას" გადარჩენა არ ეწერა და გემის დატოვების ბრძანება გასცა"

"ვინ იცის, ახლა, როცა თქვენ გესაუბრებით, ლევანს დახმარება სჭირდება. ხომ არ შეიძლება, კაცი, რომელმაც მოვალეობა პირნათლად შეასრულადა ეკიპაჟი გადაარჩინა, სასიკვდილოდგაიმეტონ?"

"რა დაემართა ქართველ კაპიტანსდა ვინ აუკრძალა საბერძნეთში საქართველოს კონსულს ინფორმაციის გაცემა"

გასულ კვირას ქართველი კაპიტნის, ლევან თებიძის დაკარგვის ამბავმა საზოგადოება ააფორიაქა. ლევან თებიძე სატვირთო გემ "სტელას" კაპიტანი იყო, რომელიც თურქეთის პორტ ალიაგიდან გავიდა და ეგეოსის ზღვაში, კარპატოსის კუნძულთან ჩაიძირა. სამაშველო ოპერაციაში საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახური ჩაერთო, ძებნა 72 საათს გაგრძელდა, მაგრამ კაპიტნის პოვნა ვერ მოხერხდა, ეკიპაჟის 5 წევრი კი (ქართველები) გადარჩა. ისინი კუნძულ როდოსის საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოში დააბრუნეს. ქართველი კაპიტნის ოჯახმა ოფიციალურ სტრუქტურებს სამძებრო ღონისძიების განახლების თხოვნით მიმართა.…"კვირის პალიტრა" ლევან თებიძის მეუღლეს, ირინა ტარიელაშვილს ესაუბრა:

- მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და ახალარჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს - მიშველეთ, გთხოვთ!

კატასტროფა 2013 წლის 3 ნოემბერს, 3:00 საათზე, კუნძულ კარპატოსთან მოხდა. ჩემმა მეუღლემ ეკიპაჟის ყველა წევრის გადარჩენაზე იზრუნა, სამაშველო სამსახურებს გადასცა სიგნალი SOS და მათგან დასტურს დაელოდა. სწორედ ამიტომ არ გადმოხტა გემიდან, თურმე მუხლამდე წყალში იდგა, როცა რაციით მაშველებს ითხოვდა! ამასობაში გემი წყლით გაივსო და გვერდზე გადაყირავდა.

ეკიპაჟის წევრებს არ დაუნახავთ, მოასწრო თუ არა კაპიტანმა გადახტომა. თუმცა დაინახეს, რომ ხელში მაშველი ჟილეტი ეჭირა. ვარაუდობენ, რომ გემის ჩაძირვისას წარმოქმნილმა წნევამ ის გადაისროლა და შესაძლოა, იქვე მდებარე რომელიმე პატარა კუნძულზე გარიყა. არ ვარ დარწმუნებული, რომ კუნძულები (რაც მრავლადაა კატასტროფის ადგილას) ძირფესვიანად დაათვალიერეს. ვინ იცის, ახლა, როცა თქვენ გესაუბრებით, ლევანს დახმარება სჭირდება. ხომ არ შეიძლება, კაცი, რომელმაც მოვალეობა პირნათლად შეასრულა და ეკიპაჟი გადაარჩინა, სასიკვდილოდ გაიმეტონ? კატასტროფის ადგილის დასათვალიერებლად სამი დღე საკმარისი არ არის. სამძებრო ღონისძიების განახლებას ვითხოვ. საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი ქვეყნის მოქალაქე. ამიტომ მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს ახალ პრეზიდენტს: იზრუნეთ ლევან თებიძის უფლების დასაცავად ისე, როგორც ამას საყვარელი ადამიანისთვის ან შვილისთვის გააკეთებდით. გემუდარებით, მაპოვნინეთ ჩემი მეუღლე!

- თუ იცით, რამ გამოიწვია კატასტროფა?

- "სტელა" სიერა-ლეონეს დროშით დაცურავდა.…ძველი, გაუმართავი გემი იყო. სარადარო მოწყობილობა მწყობრიდან გამოსულა, წყალქვეშა კლდე ვერ დააფიქსირა და გემი  მას წამოედო... გემი თურმე თავის დროზე, თურქეთის პორტში სარემონტოდ იდგა, მაგრამ გემთმფლობელს ფული დაუზოგავს და იქვე შეუძენია ბოლომდე გაურემონტებელი გემი იაფად. ისიც კი არ ვიცოდი, რომ გემზე სულ 6 კაცი იყო დასაქმებული. არადა, გემთმფლობელი მდიდარი ბერძენი ყოფილა. ამხელა ტრაგედია მოხდა და კაპიტნის ოჯახში არც დაურეკავს, სამძიმარიც არ უთქვამს.

ექვსი თვეა, რაც დავოჯახდით. მეგობრები გვეუბნებოდნენ, თქვენისთანა შეყვარებული ცოლ-ქმარი იშვიათად გვინახავსო. ლევანი უზომოდ თბილი და ყურადღებიანი იყო. ყოველდღიურად ტელეფონით ან ინტერნეტით მიკავშირდებოდა. სულ ვფიქრობ, რატომ არ ჩაიცვა დროულად ის ჟილეტი? 2 წუთით ადრე რატომ არ გადახტა ზღვაში?

კობა ლაქლაქიშვილი, მეზღვაური: "გემი წყალქვეშა კლდეს მარჯვენა მხრიდან წამოედო და დაახლოებით ერთმეტრიანი ნაპრალი გაუჩნდა. ტრიუმში წყალი შემოვარდა. კაპიტანი მიხვდა, რომ "სტელას" გადარჩენა არ ეწერა და გემის დატოვების ბრძანება გასცა. სამაშველო ნავები წყალში გადავისროლეთ და დავიწყეთ გადასვლა. ჩემი რიგი რომ მოვიდა, უკვე წყალში მუხლამდე ვიდექი. ჩემს მერე მზარეული უნდა გადმომხტარიყო, შემდეგ - კაპიტანი. გავძახე, სწრაფად, წამოდი-მეთქი, ის კი ისევ გემბანზე იდგა და რაციით მაშველებს უხმობდა. წადით, მალე მოვალო, დაგვიყვირა. ეს იყო, რაც ბოლოს გავიგონე.

ამ დროს გემმა ჩაძირვა დაიწყო, 15 წუთში კიდეც ჩაიძირა. ვეღარ დავინახე, გადმოხტა თუ არა კაპიტანი. ისე, ხელში სამაშველო ჟილეტი კი ჰქონდა, გადაცმას ორი წამი სჭირდება. რომც არ გადაეცვა, მაინც გადარჩებოდა. ეკიპაჟის წევრები კაპიტანს გამუდმებით ვეძახდით და ფარნებს ვაშუქებდით, მაგრამ არ ჩანდა. სამი საათის შემდეგ მეთევზეების კატარღა გამოჩნდა. როგორც გვითხრეს, დასახლებულ პუნქტთან ახლოს ვყოფილვართ. ამ დროს ვერტმფრენიც მოფრინდა, მაგრამ ვერ იპოვეს. ასე დავკარგეთ ერთგული მეგობარი და კარგი ადამიანი!".…

ირაკლი თებიძე, ლევან თებიძის ძმა: - ლევანი პროფესიონალი მეზღვაური იყო. მეც კაპიტანი ვარ და პირველად ის ვკითხე ეკიპაჟის წევრებს, როცა გემზე პანიკა დაიწყო, ლევანმა რა ქნა-მეთქი. თურმე ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს სიმშვიდე, ცდილობდა, გემი ჩაძირვისგან გადაერჩინა, უხმობდა მაშველებს. ჩემი აზრით, სამაშველო სამსახურმა მოქმედება დააგვიანა.

- როგორც ამბობენ, სარადარო მოწყობილობა გამოსულა მწყობრიდან. რადარის მეთვალყურეობა ვის ევალებოდა?

- სამწუხაროდ, შტურმანს გამოეპარა, რომ მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა. როგორც ჩანს, როცა ეს შენიშნა, უკვე გვიანი იყო. სხვა თანამედროვე ტექნიკა კი "სტელას" არ ჰქონდა, ძველი გემი იყო.

- შეიძლებოდა ლევანი გემთან ერთად ჩაძირულიყო?

- ამის ნაკლები ალბათობაა. ვფიქრობთ, გემის გადაყირავებისას წარმოქმნილი წნევით ტალღამ შორს გადაისროლა. შეიძლება ამ დროს გაითიშა და წყალმა ჩაითრია...

- გემის ამოყვანა ვერ ხერხდება?

- ზოგი ამბობს, "სტელა" 150 მეტრ სიღრმეზეა ჩაძირულიო, ზოგი - 250 მეტრზეო.

- მართალია, რომ 80 მეტრი სიღრმის იქით გემს აღარ ეძებენ?

- არის სპეციალური მოწყობილობა, რომლითაც უფრო ღრმად ჩასვლა შეიძლება, მაგრამ ეს ძალიან ძვირი ღირს. გემთმფლობელი ჯერჯერობით დუმს და არაფერს აკეთებს კაპიტნის მოსაძებნად ან გემის ამოსაყვანად. ჩვენ თხოვნით მივმართეთ საერთაშორისო მეზღვაურთა კავშირს. წესით, სადაც კატასტროფა ხდება, იმ ზონაში არსებულ სამაშველო სამსახურს სამი დღე-ღამე ევალება დაკარგულების ძებნა, მერე კი გემთმფლობელი კომპანია აგრძელებს ძებნას, ან ქვეყანა, რომელიც საკუთარი მოქალაქეების ბედით არის დაინტერესებული. იმ შემთხვევაში, თუკი სამძებრო ღონისძიება უშედეგოდ სრულდება, სახელმწიფო იმას მაინც აკეთებს, რომ ოჯახის წევრები მიჰყავს იქ, სადაც მოქალაქე დაიკარგა და წყალში ყვავილების გვირგვინს აგდებენ. ეს უსაფლავოდ დარჩენილი კაპიტნის დაფასება და გამოსათხოვარი ცერემონიაა. საგარეო საქმეთა სამინისტრო დაელოდა, როდის დაასრულებდა საბერძნეთის სამაშველო სამსახური სამდღიან ძებნას და შემდეგ გვაცნობა, სამძებრო ღონისძიებები უკვე დამთავრდა, რის თაობაზეც მალე ოფიციალურ შეტყობინებას მიიღებთო. ცხადია, ვიკითხე, საქართველოს მოქალაქის საპოვნელად და დაზარალებული ოჯახის მხარდასაჭერად რას გააკეთებთ-მეთქი. პასუხად მივიღე, გემთმფლობელს მოსთხოვეთ, ძებნა განაგრძოს, ჩვენ კი შუამავლის როლს შევასრულებთო. მინდა ოფიციალურ სტრუქტურებს შევახსენო, სახელმწიფო ვალდებულია თავის მოქალაქეს მფარველობა გაუწიოს...

კომენტარისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, ირაკლი ვეკუას დავუკავშირდით (ხელმძღვანელი მინისტრთან ერთად საფრანგეთში იყო). სამწუხაროდ, ძველი ხელისუფლების პრესცენტრების მსგავსად, ირაკლი ვეკუამ ჩვენს სატელეფონო ზარს, ისევე როგორც მესიჯებს, არ უპასუხა(?!).

საბერძნეთში ჩვენმა კონსულმა გიორგი არჩემაშვილმა კი ასეთი პასუხი მოგვცა: "პრესსამსახურის უნებართვოდ ვერაფერს გეტყვით. აკრძალული მაქვს. თუ ნებართვას მიიღებთ, სიამოვნებით მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას". პრესსამსახურთან დაკავშირებას კი მთელი დღე ისევ ამაოდ ვცდილობდით...