"მკითხველთა კლუბი" წიგნის მოყვარულთა საღამოებს ილიას კითხვით იწყებს
11-11-2013
"მკითხველთა კლუბი" წიგნის მოყვარულთა საღამოებს ილიას კითხვით იწყებს
გამომცემლობა "პალიტრა  L"-მა და მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსი" "მკითხველთა კლუბის" წევრებისა და წიგნის მოყვარულთათვის  დაუვიწყარი საღამო მოაწყო. კლასიკური მუსიკა - ცოცხალი შესრულებით, ცხელი ჩაი და წერილები სიყვარულზე - მართლაცდა, მეტი რა არის საჭირო, რომ ყოველდღიურობას გამოეთიშო  და დროებით იმ სამყაროს თანაზიარი გახდე, რომელიც წიგნის თაროებზეა შემონახული...

ღონისძიებაზე მისული სტუმრები, "მკითხველთა კლუბის" წევრები, "ბიბლუსის" სამკითხველო დარბაზის გახსნის მოწმენი გახდნენ. ეს იქნება ადგილი წიგნის მოყვარულებისთვის, სადაც ყოველთვის შეეძლებათ წიგნის წაკითხვაცა და ერთმანეთთან აზრის
გაზიარებაც. მკითხველთა დარბაზში პირველად სამიჯნურო ბარათები წაიკითხეს, რომელსაც ილია ჭავჭავაძე მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს სწერდა. წერილებს მსახიობი კოტე თოლორდავა კითხულობდა, ის ახლა ილიას როლზე მუშაობს და, როგორც თავად აღნიშნა, ამ საღამოში მონაწილეობა კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ფურცელი იყო მისი შემოქმედებითი ცხოვრებისა.
გათამაშდა პრიზიც -
ილია ჭავჭავაძის ექვსტომეული მისთვის, ვინც ყველაზე მეტი შთაგონებით წაიკითხავდა ილიას წერილებს.

"მკითხველთა კლუბის" პირველი და მეასე წევრები "პალიტრა  L"-ის წიგნებით დაჯილდოვდნენ. პირველ წევრს გადაეცა წიგნი, სერიიდან "49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", ფრანსუა რაბლეს "გარგანტუა და პანტაგრუელის" ორტომეული. წიგნის ტირაჟი ჯერ არ იყო დაბეჭდილი და არც გასაყიდად ყოფილა გასული მაღაზიათა ქსელში. მისი ერთადერთი, ექსკლუზიური ეგზემპლარის მფლობელი მიხეილ მარსაგიშვილი გახდა. მეასე წევრი ნინო ბატიაშვილი, იმავე სერიიდან ასევე ექსკლუზიური ეგზემპლარით დაჯილდოვდა და გადაეცა  ჯონ აპდაიკის "ისთვიქელი ალქაჯები". 

კოტე თოლორდავა: - "მკითხველთა კლუბი" მარტო მიმზიდველი და სახალისო გაერთიანება არ არის, სერიოზული მისიაც აქვს დაკისრებული... ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას ვუტრიალებთ და უნებურად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება გამახსენდა, რომლის დამაარსებელიც ილია გახლდათ. მაშინ ცხადი იყო, რომ განათლებისთვის ყველაფერი უნდა გვეღონა და აკეთებდნენ კიდეც ამას ჩვენი მოღვაწეები, ახლაც განათლებისკენ უნდა გვეჭიროს გეზი, ახლაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მიხარია, რომ "მკითხველთა კლუბი" მისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია... დამაარსებელი არა, მაგრამ ამ სასიხარულო წამოწყების პრეზენტაციის მასპინძელი ხომ მაინც ვარ!

თამთა დგებუაძე, "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი: - მიხარია, რომ სწორედ შაბათს მოეწყო ეს შეხვედრა, რადგან პატრიარქის კურთხევით, წიგნის კითხვის დღედ შაბათია დაწესებული, სწორედ ამიტომ გვაქვს განსაკუთრებული ფასდაკლებები შაბათობით "ბიბლუსის" ქსელში, ახლა საფუძველი ჩავუყარეთ ახალ ტრადიციას, ყოველ შაბათს გვექნება ხმამაღალი კითხვა მომხმარებელთან ერთად. მონაწილეობა ყველას  შეეძლება.
ყველას, ვინც ამ საღამოს დაესწრო, შეეძლო, 50%-იანი ფასდაკლებით ეყიდა ილიას ექვსტომეული. საჩუქრად  დარიგდა "მკითხველთა კლუბის" კატალოგები და ჟურნალ "ლიტერატურული  პალიტრის" ბოლო ნომერი.
"მკითხველთა კლუბით" დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ პროექტ "მკითხველთა კლუბის" მენეჯერს, მაკა კევლიშვილს ბევრი ეკითხებოდა, როგორ გავხდეთ ამ კლუბის წევრებიო.

- უნდა შეიძინოთ "მკითხველთა კლუბის" კატალოგიდან ნებისმიერი ორი წიგნი, საჩუქრიანი წიგნებისა და სერიული გამოცემების გარდა. ამის შემდეგ ავტომატურად ხდებით კლუბის წევრი. პერიოდული კატალოგი გაზეთ "კვირის პალიტრას" ერთვის და უფასოა. კლუბში გასაწევრებლად დარეკეთ "პალიტრა  L"-ის ცხელ ხაზზე (2 19-60-13 ან 2 19-60-53). მომავალში "მკითხველთა კლუბის" საიტზე www.readersclub.ge ონლაინრეგისტრაციაც იქნება შესაძლებელი, - უხსნიდა ის ნებისმიერ მსურველს.

საღამოზე "მკითხველთა კლუბის" მეორე ნომერიც დაანონსდა: ჟურნალი-კატალოგი 11 ნოემბერს განახლებული წიგნებით, განახლებული ფასდაკლებებითა და აქციებით გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა და ახალ წევრებს დაელოდება!

მართლაც დიდად სასიხარულო ფაქტია, რომ ინტერესი ამხელაა. "მკითხველთა კლუბიც", "ბიბლუსის" შაბათობებიც, სამკითხველო დარბაზის გახსნაც - ეს ყველაფერი ერთი დიდი მიზნის განსახორციელებლად გადადგმული ნაბიჯებია: ჩვენ უნდა გავხდეთ წიგნიერი, განათლებული და მოაზროვნე ერი, მხოლოდ ამ გზით უნდა ვაშენოთ ძლიერი სახელმწიფო.

ლეილა გაგუა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით