"ჯეპრამ" საინფორმაციო რადიოების პოპულარობის რეიტინგი შეადგინა
11-11-2013
"ჯეპრამ" საინფორმაციო რადიოების პოპულარობის რეიტინგი შეადგინა
"შეულამაზებელი რეალობა, გაუფილტრავი ფაქტები, პროფესიული ეთიკის ერთგულება - სწორედ ეს დააფასა ჩვენმა მსმენელმა"

ყოველი მეხუთე ადამიანი რადიო "პალიტრას" უსმენს - ასეთია იმ გამოკითხვის შედეგები, რომელიც ცოტა ხნის წინ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრამ" გამოაქვეყნა. ამ გამოკითხვის თანახმად, საინფორმაციო რადიოებს შორის რადიო "პალიტრა" ლიდერობს.

ქართული რადიოების საინფორმაციო გადაცემების რეიტინგის დასადგენად "ჯეპრამ" 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით საინფორმაციო საიტების მომხმარებლის გამოკითხვა ჩაატარა. სპეციალური კითხვარი 8 საინფორმაციო პორტალზე იყო განთავსებული. გამოკითხვაში 8836 კაცი
მონაწილეობდა. საინფორმაციო გადაცემების პოპულარობით პირველ ადგილზე რადიო "პალიტრა" გავიდა (21,3%), მეორეზე - რადიო "მაესტრო" (14,7%), "ფორტუნამ" მესამე ადგილი დაიკავა (8.9%), მეოთხე ადგილზეა რადიო "იმედი" (8,8%), ხოლო მეხუთე ადგილი რადიო "აფხაზეთის ხმას" ერგო.

სოსო გალუმაშვილი, საკონსულტაციო კომპანია "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი:
- ეს უკვე მეორე საპილოტო ინტერნეტგამოკითხვაა,
რომელსაც "ჯეპრა" ატარებს და შედეგით კმაყოფილი ვართ. საინფორმაციო საიტების მომხმარებლები საკმაოდ აქტიურობდნენ. გამოკითხვის მეთოდოლოგიისა და კითხვარის დახვეწამ უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღების საშუალება მოგვცა, რის საფუძველზეც უკვე თებერვალში სრულმასშტაბიანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ვმუშაობთ გამოკითხვის ტექნიკურ სრულყოფაზე, გვინდა, გამოკითხვის შედეგები უფრო გამჭვირვალე იყოს და მყისიერად გახდეს ცნობილი როგორც თითოეული რესპონდენტის, ასევე ვებსაიტების ყველა მომხმარებლისთვის.

ეკა ბურჭულაძე, რადიო "პალიტრის" საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი:
- ხუთი წლის წინ, როცა რადიო "პალიტრის" საინფორმაციო გამოშვება პირველად გავიდა ეთერში, ჩვენი სლოგანი გახლდათ "ინფორმაცია რეალურ დროში", ხუთი წლის შემდეგ კი - "რადიო "პალიტრა" შენი სანდო თანამგზავრია". ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ დავიმსახურეთ მსმენელის ნდობა, რაც ძალიან გვახარებს.

რადიო "პალიტრის" საინფორმაციო გამოშვება ყოველ ნახევარ საათში გადის ეთერში. 7-8 წუთის განმავლობაში ვცდილობთ, სრული ინფორმაცია მივაწოდოთ მსმენელს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 18 საათზე რადიო "პალიტრის" ეთერში გადის დღის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება "მთავარი დღეს". ჩვენი კორესპონდენტები რადიომსმენელს ინფორმაციას მოვლენების ეპიცენტრიდან აწვდიან, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი რადიო "პალიტრა" ნონ სტოპის რეჟიმით მაუწყებლობს, რათა სწორედ იმ დროს მიაწოდოს მსმენელს ოპერატიული ინფორმაცია, როცა მას ძალიან  სჭირდება.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენს წარმატებაში ლომის წილი უძევს იმ შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც ყოველდღე ამზადებს რადიო "პალიტრის" საინფორმაციო გამოშვებას.

თამარ ცაგარეიშვილი, რადიო "პალიტრის" პროგრამების ხელმძღვანელი:

- წარმატებას ორი მხარე აქვს: ის დიდი სტიმულია და გახალისებს,  ამასთან, გაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ მომავალში უკეთესად აკეთო შენი საქმე.

რადიო "პალიტრა" ხუთი წელია ყოველდღე მიიკვლევს გზას მღვრიე საინფორმაციო მორევში  და ცდილობს, თავის ერთგულ (დიახ, ერთგულს, რადგან "აირექსის" კვლევის თანახმად, "პალიტრას" სწორედ ერთგული მსმენელი ჰყავს) მსმენელს სანდო ინფორმაცია მიაწოდოს.

"ვიღაცის მოტყუებას ყოველთვის შეძლებ, ზოგჯერ ყველას მოტყუებაც შესაძლებელია, მაგრამ ყოველთვის ყველას მოტყუება არ გაგივა!" - მართალია, ეს ფრთიანი ფრაზა უტრირებულია, მაგრამ ჩემს სათქმელს გამოხატავს, რადგან  მსმენელი სწორედ სიყალბეს არ გაპატიებს.

შეულამაზებელი სინამდვილე, გაუფილტრავი ფაქტები, პროფესიული ეთიკის ერთგულება - ეს არის რადიო "პალიტრა" და ვფიქრობ, სწორედ ეს დააფასა ჩვენმა მსმენელმა.
მადლობა მათ ერთგულებისთვის!
უსმინეთ თქვენს სანდო თანამგზავრს. თქვენი შეფასების შემდეგ ჩვენ მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს საქმეს.

მადლობა "პალიტრის" საინფორმაციო  სამსახურის ყველა თანამშრომელს -  თავდადებულებს,  კარგებს, პროფესიონალებს. მადლობა "ინტერპრესნიუსს" - რადიოს საინფორმაციო საფუძველს!

დაწყნარდით
11 ნოემბერი 2013 17:27
მთელი საქართველო ობიექტივს უსმენს და უყურებს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები