რატომ ემუქრებოდნენ მოკვლით ლევან ვასაძეს?! - კვირის პალიტრა

რატომ ემუქრებოდნენ მოკვლით ლევან ვასაძეს?!

რატომ ემუქრებოდნენ მოკვლით ლევან ვასაძეს?!

"კონსტიტუციური მონარქია დემოკრატიის   საუკეთესო მოდელია"

"ორი დიდი იმპერია ცდილობს, საქართველოს ნაგლეჯები დაითრიოს"

"მე ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ და მიყვარს ჩემი სამშობლო. ჩემი შედარება ილია მართალთან და სხვა დიდებულ ქართველებთან როგორ შეიძლება?!"

"შეიძლება ადამიანმა მასობრივად გააბახებინოს მამაკაცები და მერე ხელშეუხებელი იყოს?"

ჩვენი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი კონსტიტუციური მონარქიის მომხრეა, თუმცა, ამ იდეას მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს. ყველამ კარგად იცის, რომ დღეს და ხვალ, ან თუნდაც უახლოეს წლებში, ჩვენთან სახელმწიფო მოწყობის ეს მოდელი ვერ დამკვიდრდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლო ხანს იდეის მოწინააღმდეგეები კონსტიტუციურ მონარქიაზე მსჯელობასაც კი ეწინააღმდეგებიან და მონარქისტული იდეების მხარდამჭერთა მიმართ ღია აგრესიას არ მალავენ. დემოგრაფიული ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძეზე ანტიმონარქისტებმა ისიც კი თქვეს, ბოლოს და ბოლოს ილია ჭავჭავაძეს ესროლეს და მაგის მოკვლა რა გახდაო?! ერთ-ერთ ინტერნეტგამოცემაში ბიზნესმენის ტელეინტერვიუს ფრაგმენტის კომენტარებში ძალადობისკენ მოწოდება აშკარაა. სავარაუდოდ, აგრესია გაამძაფრა ვასაძის ბაგრატიონების ოჯახთან დანათესავებამ - 3 ნოემბერს მან სვეტიცხოველში პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი მონათლა.

ლევან ვასაძე: - ბაგრატიონების ოჯახი ჩვენი ახლობელია და მადლობა ღმერთს, რომ ასეა. ამის გამო თავი უნდა ვიმართლო? საქართველოში ნებისმიერი ნათლობა ყოველთვის აღიქმებოდა დღესასწაულად, ამიტომაც ის ფაქტი, რომ ბავშვის ნათლობა ვიღაცაში ასეთ გაღიზიანებას იწვევს, ყურადღებას არ იმსახურებს. ბედნიერი ვარ, რომ ამ დღესასწაულის მონაწილე ვიყავი.

- რატომ უნდა გვყავდეს მეფე?

- ჩემი აზრით, მონარქიული ქვეყანა უფრო სტაბილურია, სტაბილურობა კი დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მიმაჩნია, რომ კონსტიტუციური მონარქია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ კაცობრიობისთვის დემოკრატიის საუკეთესო მოდელია.

- ალბათ, მეთანხმებით, რომ უახლოეს მომავალში მეფე ვერ გვეყოლება...

- თუ ჩვენი საზოგადოება არ მოინდომებს, არასოდეს გვეყოლება. გაიძახიან, 200-წლიანი პაუზის შემდეგ რაღა დროს მონარქიის აღდგენააო. ჩვენ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ეკლესიის ავტოკეფალიაც დაკარგული გვქონდა და არ უნდა აღგვედგინა რომელიმე? სატელევიზიო გადაცემაში, რომელშიც ვმონაწილეობდი, იყო ინტერაქტიული გამოკითხვა: გსურთ თუ არა კონსტიტუციური მონარქია? მონაწილეთა 80%-მა განაცხადა, რომ სურს ჰყავდეს მეფე. მგონი, საინტერესო შედეგია. მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს ცნობილი ბერძენი ღვთისმეტყველი, ბერი კირილე ლავრიოტისი წერდა, რომ ქართველებს ჩამოერთვათ სახელმწიფოებრიობა, ავტოკეფალია და სამეფო, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ხალხი, რომელიც უღელს არ იგუებს და აუცილებლად აღიდგენს სამივესო. ეს წინასწარმეტყველება დღეს ჩვენ თვალწინ სრულდება. რამდენი წელი დასჭირდება მონარქიის აღდგენას, როგორ მოხდება ეს - რეფერენდუმით, პლებისციტით თუ სხვა ფორმით, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ეს იქნება ქართველი ხალხის ნება.

- დემოკრატიის საუკეთესო მოდელი უწოდეთ კონსტიტუციურ მონარქიას. მეფე - დემოკრატი?

- დემოკრატი სხვისი აზრის შემწყნარებელი უნდა იყოს. გვყავდა "დემოკრატი" პრეზიდენტი, რომელმაც 9 წლის განმავლობაში 330 ათასი კაცი ჩასვა ციხეში, მამაკაცები გააუპატიურებინა. ხალხმა დემოკრატიული არჩევნებით მოიშორა ის და აირჩია სხვა ძალა. ის ძალა კი, რომელიც ამ ე.წ. დემოკრატ პრეზიდენტს პატრონობდა, გვეუბნება, თითი არ დააკაროთ, გადაყლაპეთ ეს ყველაფერი და ეს თქვენი ცივილიზებულობის მაჩვენებელი იქნებაო. თურმე საპარლამენტო უმრავლესობაშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ დამნაშავეს დავსჯით, რაღაც ქულებს დავკარგავთ. რა ქულებზეა ლაპარაკი, თუ სამართლიანობა არ არსებობს? შეიძლება ადამიანმა მასობრივად გააბახებინოს მამაკაცები და მერე ხელშეუხებელი იყოს? რაში მჭირდება ასეთი ქულები და ასეთ ქვეყანაში ცხოვრება? ამიტომაც სამართლიანობა კანონის შესაბამისად უნდა აღდგეს და ის, ვინც ეს გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ერს, უნდა დაისაჯოს.

- სოციალურ ქსელში თქვენს წინააღმდეგ ილაშქრებენ... ამბობენ, ილიას ესროლეს და მაგის მოკვლა რა გახდაო?!

- მე ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ და მიყვარს ჩემი სამშობლო. ჩემი შედარება ილია მართალთან და სხვა დიდებულ ქართველებთან როგორ შეიძლება?! ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება კი ნამდვილად მიკვირს და ვფიქრობ, ესეც ადასტურებს, თუ როგორი აგრესიული "რელიგიაა" დასავლური ლიბერალიზმი. მე ამ ხალხის მიმართ არც აგრესია მაქვს და არც მეშინია მათი.

- აგრესიულად განწყობილთ მიემატნენ ისინიც, ვინც თქვენგან გაიგონა, რომ რუსეთმა საქართველო გააერთიანა. მართლა ასე ფიქრობთ?

- დიახ, ეს არის ისტორიული ფაქტი. არაფერი შემშლია. წაიკითხონ ისტორია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის ან არაფერი უნდა გავაკეთოთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად და რუსეთის აგრესიას შევეგუოთ. ფაქტია, რუსეთის იმპერიამ თავის დროზე ხელი შეუწყო ქართული მიწების გაერთიანებას. იმპერიალისტურმა რუსეთმა თურქეთს წაართვა ქართული მიწების დიდი ნაწილი (ბოლშევიკურმა, ლენინის რუსეთმა კი საქართველოს მიწა გაუსხვისა), მაგრამ ეს გააკეთა საკუთარი იმპერიის გასაძლიერებლად და არა საქართველოს ინტერესებისთვის, რომელთა დასაცავად თავდაუზოგავად იბრძოლეს ქართველმა გმირებმა, თუნდაც გენერალმა მაზნიაშვილმა აჭარაში და სხვებმა.

ჩემი "კეთილისმყოფელები" ცდილობენ, რუსეთის აპოლოგეტად წარმომაჩინონ. რამდენჯერაც უნდა ვთქვა, რომ რუსეთი ჩემთვის ისეთივე ოკუპანტია, როგორიც ნებისმიერი ქართველისთვის, არ იქნება საკმარისი, რადგან მე გავბედე და ისტორიული ფაქტი გავიხსენე. სურთ, ამის გამო ჯვარზე გამაკრან და დამაბრალონ, თითქოს რუსეთის ხახაში ჩავარდნა მინდა. რამდენჯერაც უნდა ვთქვა, რომ ეს არის ცილისწამება, მათ აზრს ვერ შევაცვლევინებ.

- იქნებ უფრო სწორია, ვთქვათ, რომ რუსეთმა საქართველო მას შემდეგ გააერთიანა, რაც სახელმწიფოებრიობა, ავტოკეფალია და სამეფო წაგვართვა...

- არა მხოლოდ რუსეთი, ბევრი ჩვენი სხვა დამპყრობელი - სპარსი, ოსმალო, არაბი თუ ბიზანტიელი - მოიქცა ასე. ასე ხდებოდა არა მხოლოდ საქართველოში. ასეთია კოლონიისადმი დამპყრობლის დამოკიდებულება. ასეა ახლაც. ორი  დიდი იმპერია ცდილობს, საქართველოს ნაგლეჯები დაითრიოს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ სიმართლე, ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს.

- გჯერათ ისეთი რუსეთის არსებობის, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება?

- სამწუხაროდ, ჯერ საიმედოს ვერაფერს ვხედავ. ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ყველა მცდელობა, შეარბილოს ურთიერთობა, იყოს მომრიგებელი, არააგრესიული - იგნორირებულია და პასუხად მავთულხლართებს ვიღებთ, მაგრამ ჩვენი მხარის რაციონალური ქმედება უდავოდ სჯობს გინებას და გაღიზიანებას. რამდენიმე დღის წინ "ფორბსმა" გამოაქვეყნა  მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსების სია და ვლადიმირ პუტინი პირველ ადგილზეა. გიჟი უნდა იყო, ამას ანგარიში არ გაუწიო. სამწუხაროდ, მას არ ესმის (ან არ უნდა, რომ გაიგოს), რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც აუცილებლად დაიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. რა თქმა უნდა, აჯობებს, თუ ეს რუსეთის კეთილი ნებით მოხდება.

- მოარული ხმების თანახმად, თქვენ პოლიტიკოსობას აპირებდით... ახლაც, თურმე, შეიძლება თბილისის მერის არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა...

- რამდენჯერ უნდა გავიმეორო, ჭორია, ჭორია, ჭორია...

- თქვენ დემოგრაფიული ფონდის თავმჯდომარე ხართ. რომელ პრობლემას მიიჩნევთ ყველაზე სწრაფად მოსაგვარებლად?

- ცოტა ბავშვს ვაჩენთ და უამრავს ვკლავთ. თითქმის ერთი წელია, ამ ფონდში ვარ. აქ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხათრით მოვედი. ჩავერთე, როგორც გამოცდილი მენეჯერი და არა - როგორც დონორი, რადგან ვერც ერთი ბიზნესმენის ჯიბე ვერ გასწვდება ამ პრობლემის მოგვარებას. ეს არის სახელმწიფოს პრობლემა. უკვე რვა დემოგრაფიული პროექტი და შვიდი საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდა, რომელთა განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. ალბათ, ნოემბრის ბოლომდე ტელევიზიით დეტალურად მოგახსენებთ ამ პროექტების შესახებ. ბევრ პროექტს ხალხი იცნობს, მაგრამ არ იციან, რომ ისინი ჩვენს ფონდში შეიქმნა. ასეთია, მაგალითად, უფასო მშობიარობა.

- სახელმწიფო გიდგათ გვერდით?

- დიახ, სხვადასხვა სამინისტროს სახით. ფონდის მენეჯმენტი მათთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

- საზოგადოება მიიჩნევს, რომ ჩვენთან კარგი პროექტები დაპირებად რჩება, მათი განხორციელება ჭიანურდება და საქმე ფუჭდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დამპირებლები თავიანთი იმიჯისთვის ირჯებიან, გეგმები კი გეგმებად რჩება. ამ შემთხვევაში როგორ იქნება საქმე? რამდენ ხანში უნდა ველოდოთ ამ პროექტების განხორციელებას?

- მე არ ვარ არც ჩინოსანი, არც პოლიტიკოსი, რომ ხალხისთვის რამის დაპირებით მოგებას ველოდე. დემოკრატიული აღორძინების ფონდი არის "იდეების რეზერვუარი" - Think tank და არა - ფულის ტომარა, რომლიდანაც ფული გაჭირვებულ ხალხს ურიგდება. ამ "იდეების რეზერვუარის" ფუნქცია არის  პროექტებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება, რომელთაც შევთავაზებთ როგორც პარლამენტს, ისე - სხვადასხვა სამინისტროს. მე, როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, უფრო მეტი მინდა, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი და სხვა პრობლემები მიანიშნებს, რომ ჩვენ რაც გვინდა, უცებ ვერ გაკეთდება. რვა პროექტი და შვიდი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს მოქალაქეების შობადობის გაზრდასა და ჩანასახთა მკვლელობის შემცირებას ისახავს მიზნად. სავალალო სურათი გვაქვს.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე მკვლელი ერი. ზუსტად ძნელი დასადგენია, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ჩვენს ქვეყანაში წელიწადში ასიდან 150 ათასამდე აბორტი კეთდება და დამნაშავე ვართ თითოეული ჩვენგანი. ამ თანამონაწილეობას განაპირობებს ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და უამრავი პრობლემა, რომელთაგან თითოეულს ეწამლება, თუკი მოვინდომებთ. ადამიანები სასტიკი არჩევანის წინაშე სრულიად მარტონი რჩებიან. ერთი შეხედვით უსაშველო მდგომარეობა ჩანს, თუმცა ახლა უკვე არსებობს პროექტები ამ ადამიანთა საშველად. იმედი მაქვს, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, სხვანაირად, გაეროს მონაცემების მიხედვით, გავნადგურდებით. ასეთი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ეროვნული ცნობიერების დაბალი დონეა. აი, სწორედ ეს უნდა გამოსწორდეს არა ერთი ჯგუფის, არამედ საერთო ძალისხმევით.

მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ კრიტიკული ზღვარი გადავლახეთ და ახლა, როგორც სახელმწიფო, განვითარების საწყის ეტაპზე ვართ.

პრობლემები იმდენად რთულია, მათ სრულად მოგვარებას თაობები სჭირდება. შეხედეთ ამ პრობლემებს, როგორც დატვირთულ მატარებელს, რომელიც მთელი სისწრაფით მიქრის და ჩვენ უცებ მოვინდომოთ მისი გაჩერება ან შენელება. რა თქმა უნდა, ამას მყისიერად ვერ მოახერხებთ, მაგრამ სწორი ანალიზითა და რეკომენდაციებით გვეცოდინება, რა უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ.

- რადგან ჩვენი ინტერვიუ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს დაემთხვა, თუ შეიძლება, მიპასუხეთ: ხშირად ეკითხებით თქვენს თავს: "აბა დღეს მე ვის რა ვარგე"?

- კარგია, რომ ეს მკითხეთ, უფრო ხშირად უნდა ვეკითხებოდე... მე არ ვარ ისეთი ქრისტიანი და ქართველი, როგორიც უნდა ვიყო. არავის ეგონოს, რომ ამას ყალბი თავმდაბლობით ვამბობ. ძალიან ვწუხვარ, როდესაც ჩემი ერის ფასეულობებს უტიფრად უტევენ. ეს არის გზაჯვარედინი, სადაც ყოველთვის დავხვდებით მოწინააღმდეგეს, რამდენჯერაც უნდა სცადონ ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების შერყვნა. არ დავანებებთ უცხოეთიდან დაფინანსებულ ვიღაც-ვიღაცებს ყველაფრის წაბილწვას. ჩემი პატივცემული ევროპისა და აშშ-ისგან სასწავლი გვაქვს უამრავი კარგი რამ - შრომის ეთიკა, კანონმორჩილება, თანამედროვე ტექნოლოგიები, ქვეყნის ერთგულება. დიდხანს ვიცხოვრე დასავლეთში და ეს ყველაფერი მინახავს, მაგრამ არის კიდევ რაღაც, რის დასავლეთიდან შემოსვლას და დამკვიდრებას არ დავუშვებთ.