მურმან ლებანიძე: "არ ვარ დამარცხებული კაცი"
11-11-2013
მურმან ლებანიძე: "არ ვარ დამარცხებული კაცი"
მურმან ლებანიძის წიგნები სუფთა ჰაერის ნაკადს ჰგავდა, ამიტომაც საბჭოთა სინამდვილეში ბევრს ედო სასთუმალთან, მეტიც, ისეთებიც ატარებდნენ გულისჯიბით, ნაკლებად რომ შეურხევდათ ხოლმე სულიერ სიმებს ხელოვნება და პოეზია, მაგრამ მურმან ლებანიძესთან, დიდი შემოქმედების გარდა, დიდი პოლიტიკური, სოციალური სიმართლეც იკითხებოდა.
ბევრი ტკივილი ჰქონდა გადატანილი, მაგრამ ერთი განსაკუთრებული - ქალიშვილის, ფიქრიას გარდაცვალება.

ფიქრია ლებანიძის 40 ლექსი წიგნად მისი გარდაცვალების შემდეგ მამამ გამოსცა და წინასიტყვაობაც წარუმძღვარა: "ინტელექტითა და მგრძნობელობით ის მაღალი ღირსების ახალგაზრდა იყო და
ჩვენი უთანხმოების საფუძვლად არაფერი სხვა - ვერსიფიკაციის დარგში არსებული პრობლემები უნდა დასახელდეს. მე ამ დარგში მქონდა პრეტენზიები მის მიმართ: სტრუქტურულად მეტ სიმწყობრეს, "საათივით აწყობილ" ლექსებს ვთხოვდი. ის უკომპრომისო იყო არა მარტო ამ, არამედ ბევრ სხვა საკითხშიც... ფიქრიას, შესაძლოა, ეს ჩემი ბრალიც იყოს, არ მიუღია მონაწილეობა
XX საუკუნის მიწურულის ცოცხალ ლიტერატურულ პროცესებში. ეს გახლავთ პოეტი მიმდინარე ლიტერატურის კულისებიდან. ეს, ეპოქები რომ ჩაივლიან, ბევრად უფრო საინტერესოდ მოჩანს ხოლმე შორიდან, ვიდრე თვით მიმდინარე ლიტერატურის ცხოვრების ავანსცენაზე დადგმული და ათწლედებში გაგრძელებული პოეტური სპექტაკლები... თუ რამ ღირებული მომავალში შემთხვევით მეგობრების წრეში არ აღმოჩნდა, ეს არის ფიქრიას დანატოვარი. ერთი და იმავე ლექსის სამი სხვადასხვა ვარიანტის ურთიერთშეჯერებით დაზუსტდა სასურველი ვარიანტი. ყოველივე დანარჩენი, როგორც ნავარჯიშები, მე და ფიქრიამ ცეცხლს მივეცით. ურთიერთანხმობითა და ურთიერთშეთანხმებით".

ცეცხლს კიდევ ბევრი ფურცელი ექნებოდა შთანთქმული მურმან ლებანიძის ოჯახში - საშუალოსა და საეჭვო ღირებულების სტრიქონებს თავად იშორებდა, რაღა დროისთვის დაეტოვებინა თავსატეხად და მისავიწყებლად... თუმცა ცეცხლი რასაც არ მიეკარა, ჩვენი ლიტერატურის ღირსებად დარჩა: მურმან ლებანიძეცა და ფიქრია ლებანიძეც ღირსეულად დგანან ქართული ხელოვნების სივრცეში.
ის, რაც მამის ლექსებში თამამი განაცხადი იყო და პოლიტიკურადაც შეიძლებოდა გაეღიზიანებინა საბჭოთა სახელმწიფოს სათავეში მყოფები, ფიქრიასთან ცხოვრების წესშიც გაედგა ფესვი.

გოგი გვახარიას მოგონებიდან: "პირველი ჩემი ნაცნობი გოგო იყო, რომელსაც ქუჩაში მოწევისა არ შეეშინდა. თანაც, "პრიმას" აბოლებდა. იმხანად, 70-იან წლებში, ვიღაცამ "ამერიკისდროშიანი" ქურთუკი ჩამოუტანა. გამოდიოდა გარეთ ამ "დროშით" და არ ანაღვლებდა, რას იტყოდა ხალხი. ვარსკვლავებიანი დროშა სამზარეულოშიც ეკიდა, საირმის ქუჩაზე - სახლში, რომელსაც თავის "მონაპოვრად" თვლიდა. ამაყობდა, რომ მარტო ცხოვრობდა და სახელოვან მამაზე არ იყო დამოკიდებული. თუმცა, დროდადრო იმასაც აღიარებდა, რომ  მამამისის უნებართვოდ თავის ლექსებს არასდროს დაბეჭდავდა...

შეუძლებელი იყო ფიქრიას გულის აჩუყება. ეგრევე იგრძნობდა, რა გქონდა განზრახული და თავისი "საფირმო" რეპლიკით მოგიღებდა ბოლოს - "მიდი რა... გაიარ-გამოიარე და გაიხედ-გამოიხედე!".. ამის მერე დაიკარგებოდა, აღარ დარეკავდა, ზარზე არ გიპასუხებდა. კარს არ გაგიღებდა. ერთხელ, მორიგი "ტაიმ-აუტის" წინ, თავისი ბინის კარზე უზარმაზარი აბრა დაკიდა: "ნუ მომიკითხავთ, ნუ დააკაკუნებთ, ფიქრია მოკვდა!" რამდენიმე თვის მერე ისევ "გაცოცხლდებოდა", დაგიძახებდა, ახალ გეგმებზე დაგელაპარაკებოდა. ხან კიპლინგის ახალ თარგმანზე გიამბობდა, ხან "ფიროსმანის კლუბის" გახსნის პერსპექტივაზე"... 

იქვე, სულ ახლოს კი მურმან ლებანიძე ცხოვრობდა, მუშაობდა... საქმე სულ ჰქონდა, მარტო თავის სტრიქონებზე კი არა, საერთოდ ქართულ პოეზიაზე ფიქრობდა ბევრს და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი კარგი ლექსი შემატებოდა. ამიტომაც მიდიოდა მეგობართან - ანა კალანდაძესთან შინ და ძალით ართმევდა დასაბეჭდ ლექსებს. ამიტომაც რედაქტორობდა წიგნებს, რომელთა თითოეულ სტრიქონს თავს ევლებოდა. ერთი შეხედვით მშვიდად ცხოვრობდა, თუმცა გარეგნულ სიმშვიდეს (რაც ფიქრიას ცხოვრებისთვის სრულიად უცხო იყო) შინაგანი სიმშვიდე არ ჰქონია საყრდენად.

მურმან ლებანიძე იგონებდა: "ჩემი ფიქრია ბებერ მგელს, აკელას მეძახდა - გასაგებია, რომ "მაუგლის" მიხედვით. ჩემი მორიგი სიკვდილის წინ (სიკვდილი არც ამჯერად შედგა!) თბილისიდან წერილი მომწერა დიდ ქალაქში, საიდანაც, გამორიცხული არ იყო, თუთიის დახუფული ყუთით ჩამოსატანი გავმხდარიყავი სამშობლოში: "ჩემო საყვარელო აკელა! შერხანი ჯერაც დააბოტებს ჯუნგლებში... ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა გაქვს მოსაგები! ახლა ძალიან გვიანია... მალე გათენდება... ზაზას სძინავს, ბებიასაც.. ჩვენ კარგად ვიქნებით, თუ... გიკოცნი რბილ და თბილ ხელებს და... ფერფლისფერ თმას. გკოცნი, გეხვევი, გეფერები. აბა, შენ იცი! იცოდე, ძალიან გვჭირდები! მაუგლი"."

საიმედო და დასაყრდენი მარტო ფიქრიასთვის არ ყოფილა, ვინც კი იცნობდა, ყველა აღიარებდა, რომ სწორედ დასაყრდენ კაცად მიაჩნდათ. კავკასიონის უღელტეხილზე ნაბრძოლი მძიმე ჭრილობებით დაბრუნდა. მას შემდეგ ჯანმრთელობას ხშირად უჩიოდა. არაერთი უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. მისი სიცოცხლე ბევრჯერ იყო საფრთხის ქვეშ, მაგრამ მაინც შეძლო სიკვდილის დამარცხება. ბოლოს, როცა მძიმე სენს ებრძოდა, ბევრს ეგონა, ისევ გადაიტანსო, მაგრამ ვერ შეძლო. სულიერმა ტკივილმა დასძლია და ფიზიკურს მორჩილად დაუხარა თავი. უკვე ორი წელი იყო, ეს დიდი ტკივილი წუთით არ ტოვებდა, მას ფიქრია ერქვა.

ელგუჯა ლებანიძე: "ქრონიკული უფულობით გატანჯულმა ოჯახმა უკანასკნელი გროშები მოაგროვა და ავადმყოფი მოსკოვში გადააფრინა. იმედი დიდი არ იყო, მაგრამ, იქნებ სასწაული მომხდარიყო? სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა. შუაღამისას სასტუმროში რეკავს ტელეფონი და ავი წინათგრძნობით გატანჯულ მამას მოსკოვის ჰაერივით უსაშველოდ ცივი ხმით ცხელ ტყვიასავით მიახლიან: თქვენი ქალიშვილი გარდაიცვალა! აი, ასე უბრალოდ და შემზარავად -  თქვენი შვილი გარდაიცვალა. არც თანაგრძნობა, არც წუხილი...

"რა უნდა ვუთხრა მშობლებს?" - ვფიქრობდი სამძიმარზე მიმავალი... ისევ მურმანმა მიშველა: - აღარაფერი მითხრა! - და ხელის აწევით შემაჩერა..." ათას უბედურებასთან ერთად და საშინელი სიკვდილის მიუხედავად, მე მაინც არ ვარ დამარცხებული კაცი, ვინაიდან ჩემი შვილის სუსტ ხორციელ არსებაში უდრეკ სულს და ჭეშმარიტად პოეტის ღირსებას აღმოაჩენს ქართული პოეზიის მკითხველი...."
მურმან ლებანიძე 2002 წელს გარდაიცვალა. ის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ნოემბერი მისი თვეა - 1922 წლის 14 ნოემბერს იყო დაბადებული... ნოემბერი ფიქრია ლებანიძის თვეც იქნებოდა, რადგან მისთვის უძვირფასესი ადამიანი - მისი "აკელა", მისი "ბევრი ბრძოლის გადამტანი და მომგები" მამა სწორედ ამ თვეში მოევლინა ქვეყანას...
odabade
15 ნოემბერი 2013 22:00
Elf
15 ნოემბერი 2013 16:56


ყუმარი
Elf
15 ნოემბერი 2013 16:56
odabade - უკაცრავად, რა ინტერესზე ლაპარაკობთ? :)
odabade
14 ნოემბერი 2013 22:39
Elf
14 ნოემბერი 2013 17:26
-----------------------------------

იმიტომ მოიხსნა წერილი.

გვახარია. ლებანიძეს ინტერესი რა იყო , ამ საქმისგან , ხო იცი არ დაიმალა. შენი რა იყო. რა ინტერესი იყო.

რედაქტორის რჩევით