მამა კირიონი: "გახსოვდეთ, ხაიში არ ჩაიძირება!"
11-11-2013
მამა კირიონი: "გახსოვდეთ, ხაიში არ ჩაიძირება!"
"ხუდონჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საბოლოოდ მოგვარდება ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემა. ხალხი დასაქმდება, სახელმწიფო სარგებელს მიიღებს..."  

"არ მესმის, როგორ აქვს ეროვნული მნიშვნელობა ხუდონჰესს, როდესაც მას უცხოელი ინვესტორი აშენებს, ფლობს და განკარგავს"


"იაპონელებს არასოდეს უფიქრიათ, მიეტოვებინათ მიწა, რომელსაც მუდმივად არყევს მიწისძვრები და ცუნამები. ისინი, ფაქტობრივად, შეუძლებელს - ცასა და წყალს შორის ხმელეთის სასწაულებრივად გამაგრებას ცდილობენ. ჩვენს უძველეს ხალხს, სვანებს კი ჩვენივე სისხლი და ხორცი გვეუბნება, რომ მადლიანი, მშობლიური მიწიდან ავიყაროთ, უძველესი სალოცავები,
წინაპართა საფლავები მივატოვოთ, ხაიში და კიდევ სამი თემი, რომლებიც ღმერთს არ გაუწირავს, წყალში ჩასაძირად გავიმეტოთ. გადასახლებაში ფულს გვთავაზობენ. მეტიც, უნდათ, ხუდონჰესის ასაშენებლად წინაპრების სისხლით მოტანილი მიწის დატბორვაზე ჩვენვე გვამუშაონ. ეს ცინიზმია. კომუნისტებმა ახსენეს თუ არა ხუდონი, საბჭოთა კავშირი დაიშალა, "ნაციონალებმა" დაგვიპირეს ჩაძირვა და - მოუსავლეთში
მიდიან. მოეშვით სვანეთს და ვაშენოთ საქართველო. გახსოვდეთ, ხაიში არ ჩაიძირება!" - აცხადებს ხაიშელი ზურაბ ნიჟარაძე. ზურაბი ერთ-ერთი მათგანია, ვინც 3 ნოემბერს ხაიშში წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცა, ხელმოწერებიც შეაგროვეს. საპროტესტო ტალღამ 9 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა.

3 ნოემბერს ხაიშში გამართულ შეკრებაზე სასულიერო პირებიც იყვნენ. მათგან ერთ-ერთი მამა კირიონი (ონიანი) "კვირის პალიტრას" ესაუბრა:
- როდესაც ხაიშში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელსაც ჟურნალისტებიც ესწრებოდით, თბილისში ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აცხადებდა, 50-იოდე ადგილობრივი მოსახლეა წინააღმდეგიო. ეს სიცრუეა. წინააღმდეგია ოთხი ძირძველი თემის: ხაიშის, ჭუბერის, იდლიანის და ტობარის მოსახლეობა. თითოეულ თემში რამდენიმე სოფელია. მათ მხარს უჭერს სრულიად სვანეთი და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა, რომელმაც უკვე შეიტყო, რაც ემუქრება სვანეთს. თუნდაც მხოლოდ 50 კაცი იყოს წინააღმდეგი, რატომ ჰგონია კალაძეს, რომ ეს ცოტაა? 50 ძირძველი მოსახლის, კერძო მესაკუთრის უარი არაფერს ნიშნავს? ასეთი დამოკიდებულება ადამიანთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების უარყოფაა. ეს განსაკუთრებით მიუღებელი უნდა იყოს უძველესი ქრისტიანი ერისთვის.

- ენერგეტიკის მინისტრის ვარაუდით, ხუდონჰესის მოწინააღმდეგეთა უკან ხის სამხერხაოების მფლობელები დგნან და უბრალო ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.
- ვფიქრობ, ასეთი მიდგომით ჩინოსნები ცდილობენ, საკითხის მნიშვნელობა დააკნინონ. გაკვირვებული ვარ კახი კალაძის ერთი შეხედვით ღიმილის მომგვრელი არგუმენტებით. მინისტრმა ორჯერ განაცხადა პირდაპირი ეთერით, რომ თურმე სვანეთის გადასარჩენად აუცილებელი ყოფილა ხუდონჰესის აშენება. ხეტყე უკანონოდ იჭრება და ენგურჰესი დაფარულია მორებითო!  ბატონ კახის ნიშნის მოგების გარეშე ავუხსნი, რომ სვანეთის ხეტყის გადარჩენისთვის აუცილებელია არა ხუდონჰესის აშენება, არამედ გარემოს დაცვის სამინისტროს მკაცრი ინსპექტირება და სახელმწიფოს ნება - დაცული იყოს კანონი. რა შუაშია ხუდონი? ხეტყის უკანონო ჭრა მოისპობა? მორების  ჭრა, რომელიც ძალიან მომგებიანი საქმეა, აიკრძალება? თანაც, სკოლის მოსწავლემაც კი იცის, წყლის ზედაპირი რით არის დაფარული. ენგურჰესი დაფარულია არა უკანონოდ მოჭრილი მორებით, არამედ ზამთარში და გაზაფხულზე თოვლის დნობის დროს ზვავებისა და მეწყერების მოგლეჯილი ნატანით, რომელიც მთელ ზედაპირზე კი არა, დაგუბების სათავეშია და თუ არ მოსწონს მინისტრს, შესაბამის სამსახურებს დაავალოს გაწმენდა. ხეტყეს ხალხი ჭრის შემოსავლისთვის და არა იმიტომ, რომ წყალში ჩაალპოს. ამ მორებს თვალისჩივინით უფრთხილდებიან და ფულს შოულობენ. რომელი ჭკვიანი მოჭრის ხეს და წყალში ჩაალბობს? სვანეთში, სადაც ზამთარში გაუსაძლისი ნესტია, გამხმარ ტოტსაც კი არ აგდებენ ფუჭად.

- მინისტრმა განაცხადა, რომ თითოეულ მოსახლეზე განსაკუთრებულად იზრუნებენ. მხოლოდ ფულს კი არ მივცემთ თითოეულს, აქვე, ახლოს ავუშენებთ სოფელს საუკეთესო საცხოვრებელი პირობებითო...

- ვისაც ზემო სვანეთი უნახავს, იცის, რომ მინისტრის ეგ განცხადებაც უტოპიაა. სოფლის დასასახლებელი საჭირო ფართობი იქვე ახლოს კი არა, რამდენიმე კილომეტრშიც არ არის. კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში წერია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ისინი არ დაუშვებდნენ დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობას, ახლა კი ლაპარაკია არა მხოლოდ დიდი, არამედ გიგანტური ხუდონჰესის მშენებლობაზე, რომლის პლატინის სიმაღლე 210 მეტრი იქნება. ადამიანებს სიტყვის თქმა შეგვიძლია, ამით აღვემატებით ყველა სხვა სულიერს და მინდა, ჩემმა ხელისუფლებამ სიტყვას, მოცემულ პირობას პატივი სცეს.

კახი კალაძემ სატელევიზიო გამოსვლის დროს ბრძანა, არავის უნდა სიბნელეში ცხოვრება და ხუდონჰესის აშენება აუცილებელია, რათა ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდესო. ამასთან, ამბობენ, რომ ხუდონჰესს, სულ მცირე, 10 წელი სჭირდება, რომ ელექტროენერგია გამოიმუშაოს. ათი წელი უშუქოდ ვიყოთ? რა ვუყოთ 10 წლის განმავლობაში ქვეყანას? ქვეყანაში მრავალი მცირე და საშუალო ჰესი შენდება. სპეციალისტების გათვლებით, ქვეყანაში წარმოებული ელენერგია 2020 წლისთვის 20 მლრდ კვტ/საათზე მეტი უნდა იყოს. ამ დროისთვის, საუკეთესო ეკონომიკური წინსვლის შემთხვევაში, დაგვჭირდება არა უმეტეს 15 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიისა. 5 მლრდ კი შეგვიძლია გავყიდოთ. Aმაშ, რატომ არის აუცილებელი ამ გიგანტური ჰესის მშენებლობა? ხომ არ არის ეს საკითხი ხელოვნურად წამოწეული და ვიღაცის კერძო ინტერესი უფროა, ვიდრე ეკონომიკის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯი?

- ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ხუდონჰესის აშენების შემდეგ ენერგეტიკულად დამოკიდებული აღარ ვიქნებით მეზობელ რუსეთსა და აზერბაიჯანზე.
- მათგან ელექტროენერგიას მხოლოდ ზამთრის სამი თვის განმავლობაში ვყიდულობთ. საშიში პრობლემა ეს კი არ არის, არამედ ის, რომ წინა ხელისუფლების დროს უამრავი ჰესი რუსეთს მივყიდეთ, დავდეთ კაბალური ხელშეკრულება, რითაც 500-კილოვატიანი მაღალი ძაბვის ხაზი, ფაქტობრივად, რუსეთს ჩავაბარეთ. საქართველოს მასშტაბით ელენერგიის დისტრიბუციას ვითომ ჩეხური კომპანია "ენერგოპროჯორჯია" ახორციელებს, რომლის უკან რუსეთი დგას. თბილისში ელენერგიის გამანაწილებელია "თელასი", რომელიც ასევე რუსეთს მივყიდეთ. ამით დაირღვა კონსტიტუციაც, რომელიც სტრატეგიული ობიექტების გაყიდვას კრძალავს.
არ მესმის, როგორ აქვს ეროვნული მნიშვნელობა ხუდონჰესს, როდესაც მას უცხოელი ინვესტორი აშენებს, ფლობს და განკარგავს.

არსებობს ევროპული მსხვილი კომპანიები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო პროექტებს ახორციელებენ ჰიდროელექტრო მშენებლობაში. ისინი ქვეყნებთან დებენ ხელშეკრულებას, აშენებენ ჰესებს, ყიდიან ენერგიას ხელშეკრულებით დადგენილი ტარიფით და როდესაც დანახარჯს და წინასწარ შეთანხმებულ მოგებას მიიღებენ, ჰესს სახელმწიფოს გადასცემენ. ეს პერიოდი გრძელდება 12-დან 17 წლამდე. ნუთუ ასეთი პროექტები არ სჯობს უცხოელი ინვესტორის თუ სხვა კერძო პირისთვის ჰესების გადაცემას?! შეგვიძლია მივმართოთ სხვა გზასაც: შეიქმნას ჰესების პროექტები, შეფასდეს მათი მნიშვნელობა, ხარჯი, შემდგომ ეს ყველაფერი იქცეს აქციებად და მივყიდოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დარწმუნებული ვარ,Y ყველა სიხარულით შეიძენს აქციებს, რადგან ენერგოსფეროში დიდია მოგება. ამას რა სჯობს, როცა იცი, რომ აქციები შენს შვილებსა და შვილიშვილებსაც კარგ შემოსავალს მოუტანს! ვფიქრობ, ამ მთავრობას, ბატონ ბიძინას, უნდა ჰქონდეს ამის სურვილი. ეს იქნება მამულიშვილური საქმე და მთავრობის ღირსეული მოქმედების პრეცედენტი. თუ უცხოელიც იქნება სააქციო საზოგადოებაში, 51%-ის მფლობელი მაინც ჩვენ უნდა ვიყოთ. მე ასე მესმის ენერგოდამოუკიდებლობა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ჰესის მშენებლობაზე იურიდიული თანხმობა ჯერ არ არის გაცემული, მაგრამ აშენების შემთხვევაში სამუდამოდ გადაიჭრება ენერგოდეფიციტის პრობლემა.

- ამჟამად ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით არსებულ დეფიციტს ძვირად ღირებული იმპორტირებული ელექტროენერგიით ვავსებთ. შარშან ზამთარში 700 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შევიძინეთ რუსეთისგან. ეს არის წლის განმავლობაში მოხმარებული ელენერგიის დაახლოებით 7%. 1 კვტ/სთ იმპორტირებული ელენერგია 6 ამერიკულ ცენტზე მეტი ჯდება. 2019 წლიდან, როდესაც ხუდონჰესი შევა ექსპლუატაციაში, იმპორტს ჩაენაცვლება ხუდონის გამომუშავებული შედარებით იაფი, - 5.84 ცენტად ღირებული ელექტროენერგია.

- ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია 2 თეთრიც არ ჯდება, 5.84 ცენტი ძალიან ძვირი არ არის?
- ენგურჰესი აშენდა საბჭოთა კავშირის დროს. სახელმწიფოს დახარჯული თანხის ამოღების ან მოგების მიზნით არასდროს უცდია ელექტროენერგიის გაყიდვა. ხუდონჰესს ექნება კაშხალი და წყლის საკმაოდ დიდი რეზერვუარი, რაც დინებაზე მომუშავე სადგურებთან შედარებით მას უპირატესობას მიანიჭებს. ხუდონში ერთი მილიარდი ინვესტიცია ჩაიდება. ხალხი დასაქმდება, სახელმწიფო სარგებელს მიიღებს ადგილობრივ ბიუჯეტში მოგების და ქონების გადასახადების შედინებით. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე დაახლოებით 5%-იდან 10%-მდე იზრდება და ელექტროსისტემა უფრო მეტი პრობლემის წინაშე დგება. ხუდონჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საბოლოოდ მოგვარდება დეფიციტის პრობლემა. რაც შეეხება იმას, რომ ჰესი დააზარალებს რეგიონს, ხუდონჰესი კი არა, ხუთმეგავატიანი სადგური რომ ავაშენოთ, ისიც მოახდენს გარემოზე ზემოქმედებას. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, რამდენად სერიოზულია საფრთხე, თუ საჭირო გახდება, სახელმწიფო მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას. ინვესტორმა კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მიიღოს მშენებლობისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ისე არ გაიგოთ, თითქოს ენერგეტიკის სამინისტრომ დაიჟინა პროექტის განხორციელება და უარს ვამბობთ კვლევებზე.

მოადგილისგან განსხვავებით, რადიკალური და შეუვალი ტონი აქვს მინისტრს და მიაჩნია, რომ ხუდონჰესი უნდა აშენდეს. სვანების ვარაუდით, კალაძის ასეთი თავდაჯერებულობის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ თავის დროზე ენგურის მშენებლობას არ მოჰყოლია პროტესტი მოსახლეობის მხრიდან. "ენგურის მშენებლობის გამო არც ერთი სოფელი არ აყრილა, არავის აიძულებდნენ, რომ გადასახლებულიყო მშობლიური მიწიდან. კომუნისტებმა კარგად იცოდნენ, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა სვანების ასეთ იძულებას, მაგრამ არც ხელს უწყობდნენ რეგიონის განვითარებას. კომუნისტებს, რომლებიც საუკუნოდ აპირებდნენ საქართველოში პარპაშს, იმედი ჰქონდათ, რომ მიგრაციით გავერანებული სვანეთის ჩასაძირად წინააღმდეგობის გამწევი აღარ ეყოლებოდათ", - აცხადებენ ხაიშელები.
makvala
16 ნოემბერი 2013 17:50
იმედია გონს მოეგება ერთი მუჭა ფულზე გაგიჟებული ადამიანი...სვანებო თქვენს გვერდით გვიგულეთ
inga
15 ნოემბერი 2013 20:43
ხუდონჰესი არ აშენდება კალაძე გადაყვება ამ ამბავს და ყველა ის ვინც ხალხის აზრს და მის ქვეყანას პატივს არ სცემს/// ჩავიდეს ყველა ვინც მომხრეა ხუდონჰესის აშენების და გაიგოს იქაურებისაგან სიმართლე თუ რა იმალება ამ "გენიალური" მშენებლობის უკან/// ნუ ჰგონია ზოგიერთებს, რომ ხალხში ძალა არ არის და ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ
ავთანდილი
15 ნოემბერი 2013 17:54
კალაძე საშვილიშვილო შეცდომას Uშვებს,ეს ხაიშელების პრობლემა კიარა მთელი ქვეყნის პრობლემაა,აქ თვალნათლივ ჩანს პირადი ინტერესი,10 წელიწადში ისე განვითარდება მსოფლიო ასეთი გიგანტები სულ არ იქნება საჭირო,

რედაქტორის რჩევით