ეს კიბე ილიასთან მიმიყვანს?! - კვირის პალიტრა

ეს კიბე ილიასთან მიმიყვანს?!

"ახალმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, შავ ლაქად არ დაედოს ილიას ძეგლის ამბავი..."

"ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ძეგლებს ისე დაათრევენ აქეთ-იქით, მის ავტორებს არაფერს ეკითხებიან"

"ქალბატონ მიზანდარს შეუძლია თავისი ჩაცმის სტილი გადაწყვიტოს, მაგრამ ავტორისეული გემოვნება - არა!"

ვისაც "კვირის პალიტრაში" წიწამურთან ილია ჭავჭავაძის ძეგლის შესახებ გამოქვეყნებული სტატიები ახსოვს, ისიც ეხსომება, როგორ ვთხოვდით მაშინდელ ხელისუფლებას, ერის მამის ობელისკის მიხედვას. თუმცა ამაოდ...

ახლახან რედაქციაში ილიას ძეგლის არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი მოვიდა და გვთხოვა, მისთვის მოგვესმინა: - ილიას ძეგლის ავტორიცა და არქიტექტორიც ცოცხლები ვართ, თორემ კაცმა უწყის, ახლა ძეგლი სად იდგებოდა... დიდი მადლობა "კვირის პალიტრას", რომელმაც ამ ძეგლის სავალალო მდგომარეობაზე არაერთი წერილი გამოაქვეყნა... როგორც იქნა, 2013 წლის ზაფხულში, ილიას ძეგლის საკითხი დაისვა. მაგრამ რა გამოვიდა?!

მცხეთის გამგეობაში ამ საკითხის განხილვამ გამაოგნა, - სამ ვარიანტს განიხილავდნენ. პირველი, ძეგლის გადატანა ახალ ადგილზე; მეორე - კონკურსის გამართვა ძეგლის რეკონსტრუქციის თაობაზე და - ძეგლის დატოვების შემთხვევაში, მონუმენტისაკენ ბორცვზე ამავალი კიბის მოშლა! კიდევ კარგი, რომ  პირველი ორი საკითხი გადავაფიქრებინეთ, სამაგიეროდ,  გაურკვეველი დარჩა მესამე, არანაკლებ აბსურდული საკითხი, რაშიც კულტურის სამინისტროც თავგამოდებით ჩაერია, - ჯერ ძეგლთან ამავალი კიბე მოვშალოთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო!

- ექსპერტებმა ხომ არაერთხელ აღნიშნეს, რომ ლანდშაფტთან ერთად, სწორედ საპარადო კიბე ამძაფრებს ძეგლის სიმბოლურ დატვირთვას...

-  ხელოვნების ძეგლებთან ასასვლელად საფეხურებს კაცობრიობა უძველესი დროიდან იყენებდა. გიჟი ხომ არ იყო ძველი ბერძენი ხელოვანი, სახელგანთქმული ათენა-პალადას ავტორი, ამ დიდებულ კომპლექსს საპარადო კიბე რომ მიადგა.  ახლა მთელი მსოფლიო მასზე ასვლისას უდიდეს სიამოვნებას იღებს. როცა ასეთ კიბეზე ავდივართ, თითქოს შინაგანად ვემზადებით რაღაც მაღალთან, ძლიერთან მისაახლებლად. 30 წლის წინ, როცა ილიას ძეგლს ვდგამდით, იქნებ არ ვიყავით მტკიცე მართლმადიდებელი ქრისტიანები, მაგრამ ქვეცნობიერად მივისწრაფოდით, შეგვექმნა ნამდვილი ერის მამის სახე, რომლის მზერა მკაცრიცაა (ჩვენ ხომ ის სასიკვდილოდ გავიმეტეთ) და მიმტევებელიც (მამას ხომ მაინც უყვარს თავისი შვილი, ის თუნდაც მკვლელი იყოს). აი, ამ განცდით შევარჩიეთ ძეგლის ადგილიც - მცხეთას, ჯვარსა და სვეტიცხოველს ოდნავ რომ გასცდები, მაშინვე შემოგეყრება ბორცვი, საიდანაც ხელისგულზე იშლება როგორც მცხეთა, ისე რუსეთიდან და თურქეთიდან შემომავალი გზები.

სულით და გულით ქმნიდა ლევან მხეიძე ამ ქანდაკებას. მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ სხვა დრო იყო, - მშენებლები იძულებული იყვნენ ჩატეულიყვნენ გეგმიურ დროში. ამის გამო ნაჩქარევად და უხარისხოდ მოუხდათ კიბის აგება და ჩამოინგრა კიდეც.

ამით ზოგიერთმა ისარგებლა და კიბეს დანგრევის განაჩენიც გამოუტანა. კულტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარინა მიზანდარი პირდაპირ მოითხოვდა, ეს კიბე აუცილებლად უნდა დავანგრიოთო. მას კვერს უკრავდა სხდომაზე მოწვეული 12 კაციც. არადა, დანგრევას გაკეთება არ სჯობს?! მაგრამ დანგრევა უფრო ეადვილებათ. საავტორო უფლებები რომ ილახება, ამასაც არას დაგიდევენ. რას იზამ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია: ჩვენ ხომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ძეგლებს ისე დაათრევენ აქეთ-იქით, ავტორს არაფერს ეკითხებიან. როგორც სხდომაზე შევიტყვეთ, კიბის ადგილას ბუჩქნარის გაშენებას აპირებენ! ვიკითხე, - ნუთუ იმაზე მაინც არ ფიქრობთ, რომ ამ კიბეზე ასვლისას ბავშვები ილიაზე ფიქრობენ და იმახსოვრებენ-მეთქი? გაგიკვირდებათ და, იცით, რა გვიპასუხეს? - ბავშვებს, ძეგლთან რა ესაქმებათო(?!). ქალბატონმა მიზანდარმა კი ბრძანა, თქვენ რას მასწავლით, იქ კიბე უნდა იყოს, თუ - არა, მამაჩემი და ბაბუაჩემი მოქანდაკეები იყვნენო! არა მგონია, ეს რამის დამამტკიცებელი არგუმენტი იყოს. ყოველ კაცს თავისი გემოვნება აქვს, ქალბატონ მარინასაც შეუძლია თავისი ჩაცმის სტილი გადაწყვიტოს, მაგრამ ავტორისეული გემოვნება - არა!

- ყოველივეზე თავად ძეგლის ავტორი ლევან მხეიძე რას ფიქრობს?

- ლევანი გერმანიაშია. სამწუხაროდ, ინფარქტი მოუვიდა, საავადმყოფოდან მირეკავს და მთხოვს, კულტურის მინისტრთან მიდი, კიბე არ მოანგრიონო. ცხადია, მივალ, თუ მიმიშვეს... ისე, ახალმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, შავ ლაქად არ დაედოს ილიას ძეგლის ამბავი...

P.S. ჩვენ დავუკავშირდით კულტურის სამინისტროს პრესცენტრს, რომელმაც მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდართან საუბარი მინისტრის საანგარიშო პრესკონფერენციაზე დაგვინიშნა. სტუმრების მიღებით გართული მინისტრის მოადგილისგან კომენტარის მიღება ადვილი არ აღმოჩნდა.

- ქალბატონო მარინა, ილია ჭავჭავაძის ძეგლის თაობაზე მინდა გკითხოთ.

- ეს საკითხი არ შედის ჩემს კომპეტენციაში, პრესკონფერენციის დამთავრების მერე მინისტრს ჰკითხეთ.

- როგორც ძეგლის ავტორი ამბობს, სწორედ თქვენ ამცნეთ ძეგლთან მისასვლელი კიბის მონგრევის შესახებ.

- აა, დიახ. ალბათ ეს კიბე ჩამოინგრევა და იქაურობა გასუფთავდება. მაგრამ მაინც მინისტრს უნდა ჰკითხოთ...

ამის შემდეგ მინისტრ გურამ ოდიშარიას მივმართეთ:

- ეს ძეგლი მცხეთას ეკუთვნის. მცხეთას კი მის აღსადგენად თანხა არ ჰყოფნის... გარდა ამისა, ეს ჩამონგრეული კიბე მართლაც საშინელებაა, მაგრამ საბოლოოდ მისი მოშლა ჯერ კიდევ არ გვაქვს გადაწყვეტილი. ვნახოთ, ვიმსჯელებთ ამ თემაზე(!).