სააკაშვილის პიარ(მ)აქცია
18-11-2013
სააკაშვილის პიარ(მ)აქცია
დავით დარჩიაშვილი: "არ გამოვრიცხავ, 150 შავკანიანი იმათზე უფრო პატრიოტი აღმოჩნდეს, ვისაც საქართველო რუსეთის გარეშე ვერ წარმოუდგენია"(?!)

"სააკაშვილს ამ საქციელის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება"


სააკაშვილს ბოლოს და ბოლოს, მოუწია ძალაუფლებასთან გამოთხოვებამ. თუმცა, რაც უფრო გვიახლოვდებოდა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, მით მეტად ემსგავსებოდა ბატონი მიხეილი განაწყენებულ ბავშვს, რომელიც სულ უფრო მეტს აშავებს. ჩვენ მიჩვეული ვართ სააკაშვილის სიურპრიზებს, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი აქცია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ - "მოქალაქეობა ყველას!" - მართლაც მეტისმეტი იყო. ჯერ იყო
და, თურქეთში მცხოვრებ ათასობით ეთნიკურ ქართველს ჩამოურიგა საქართველოს მოქალაქეობა, მერე კი ქვეყანაში მყოფ ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს მისცა საშუალება, საქართველოს პასპორტი ჩაეჯიბა(!).

პროცედურის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა განცხადებებს იუსტიციის სამინისტრო სწავლობს. როგორც ირკვევა, 2013 წლის იანვრიდან ათასობით განცხადება შევიდა იუსტიციის სამინისტროში, თუმცა მათ უმრავლესობას უარი
უთხრეს. პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროს "გულცივობამ" გააცხარა და, როგორც სჩვევია, ჯიბრში ჩაუდგა ახალ ხელისუფლებას - საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე უცხოელებს მოუწოდა - თუ მოქალაქეობა გინდათ, სანამ პრეზიდენტის სავარძელში ვზივარ, ავლაბარში შეიკრიბეთო(!). ჰოდა, ათასობით უცხოელი ავლაბრის რეზიდენციას მიაწყდა... 11 ნოემბერს განცხადებების მიღების ბოლო დღე იყო და მარტო ამ დღეს ადმინისტრაციაში 1490-ზე მეტი განცხადება შევიდა. ჯერ საბოლოოდ არ ვიცით, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე უცხო ქვეყნის რამდენმა მოქალაქემ მიიღო  საქართველოს მოქალაქეობა...

ზაქარია ქუცნაშვილი, პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე:
- მათ უმრავლესობას, ვისაც სააკაშვილმა მოქალაქეობა მიანიჭა,  არანაირი დამსახურება, არც კაცობრიობისა და არც ქართველი ხალხის წინაშე არა აქვთ. ეს არის სააკაშვილის პიარაქცია, რომლითაც ისედაც გაჭირვებულ ქვეყანას დამატებით ვალდებულება დააკისრა. სახელმწიფოს  მოუწევს, ამ ადამიანებს მისცეს სოციალური შეღავათი, მიწის შესყიდვის უფლება და სხვ. სააკაშვილი ისე არიგებს ამ უფლებას, გეგონება, ეს ქვეყანა მემკვიდრეობით ერგო.

- რა მიზანი ჰქონდა პრეზიდენტს?
- თუ ის ფიქრობს, რომ ათასობით ადამიანი, ვისაც მოქალაქეობა მისცა, მის მზეს დაიფიცებს, ძალიან ცდება. ისინი პრაგმატულად უყურებენ ამ საკითხს და ჯიბეში კიდევ ერთი ქვეყნის პასპორტს იდებენ.
შეიძლება სააკაშვილის ჩანაფიქრიც ის არის, რომ დაგვაპირისპიროს მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ მოქალაქეებთან და ამით ახალი კონფლიქტის კერა შექმნას. 

- სახელმწიფოს თუ შეუძლია, სააკაშვილის გადაწყვეტილება შეცვალოს?

- პრეზიდენტის მინიჭებული მოქალაქეობის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირმა ეს უფლება ყალბი საბუთებით მიიღო. სხვაგვარად მათთვის მოქალაქეობის შეჩერება შეუძლებელია... 

დავით დარჩიაშვილი, პარლამენტარი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი":
- პრეზიდენტის გადაწყვეტილება ემსახურებოდა ქვეყნის გახსნილობას, რასაც კულტურული და პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მოქალაქეობა მიენიჭათ იმ ადამიანებს, ვისაც ამ ქვეყანასთან მნიშვნელოვანი კავშირი აქვთ და ვისთვისაც საქართველო სულერთი არ არის.

- რა საფუძველზე წყვეტდა პრეზიდენტი, ვისთვის მიეცა მოქალაქეობა და ვისთვის - არა?
- ადრე უფრო პროფესიონალები იყვნენ სახელმწიფო უწყებებში, ვიდრე დღეს. დაზვერვაც კარგად მუშაობდა და კონტრდაზვერვაც. წინა ხელისუფლებას შეეძლო გაეგო, ვინ იყო ქვეყნისთვის გამოსადეგი და ვინ - საშიში.

- თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს მართლაც ბევრი რამ აკავშირებთ საქართველოსთან, მაგრამ ავლაბრის რეზიდენციასთან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სხვებიც ელოდნენ...

- თქვენ რამე პრეტენზია გაქვთ კანის ფერთან?!

- არა, უბრალოდ ვკითხულობ, რა აკავშირებდათ ამ ადამიანებს საქართველოსთან, რატომ მიიღეს მოქალაქეობა?

- პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა, მოქალაქეობა მიენიჭებინა იმ ადამიანებისთვის, ვინც ეთნიკური ქართველები არ არიან, მაგრამ მჭიდრო კავშირი აქვთ საქართველოსთან(?!). მათი ინტერესები ჩვენს ეროვნულ ინტერესს შეესაბამება. რას ხედავთ ამაში საგანგაშოს?

- მათი ნაწილი, ვინც "პრეზიდენტის წყალობას" ელოდა, სულ რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა საქართველოში და ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ბევრმა ისიც კი არ იცის, სად მოხვდა...
- თუ კანის ფერი ადამიანს განსხვავებული აქვს, მაგრამ საქართველოში ოჯახი შექმნა, რატომ უნდა შეიზღუდოს მისი უფლება?! რომელ საუკუნეში ვართ?!

- ამდენი უცხოელისთვის მოქალაქეობის მიცემა ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემას არ შეუქმნის?
- რას ნიშნავს - ამდენი უცხოელისთვის?! არ გამოვრიცხავ, 150 შავკანიანი უფრო პატრიოტი აღმოჩნდეს, ვიდრე ის, ვისაც საქართველო რუსეთის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

ზაზა რუხაძე, სამართლის პროფესორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე- პრეზიდენტი:
- მოქალაქეობის მიმღებს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული დამსახურება სახელმწიფოს წინაშე, ან მისთვის მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფოებრივი ინტერესით უნდა იყოს განპირობებული...

- იქნებ ამ ხალხმა მართლაც მოუტანოს სარგებლობა ქვეყანას?
- მეეჭვება, თურქეთში მცხოვრები ყველა ეთნიკური ქართველი ჩვენს სახელმწიფოს გამოადგეს. ვერავინ დაამტკიცებს, რომ ამ ხალხს ისე უყვარს საქართველო, სხვის ინტერესებს არ მოემსახურებიან. აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჩვენთან საერთოდ არაფერი აკავშირებთ, გარდა იმისა, რომ დღეს უბრალოდ საქართველოში არიან.

არავინ იცის, რა პრობლემები შეიძლება შექმნას ამდენი უცხოელისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებამ. მესამე სამყაროს ქვეყნებმა შეიძლება საქართველო დერეფნად გამოიყენონ ევროპაში მოსახვედრად. გარდა ამისა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ისარგებლონ ამ თემით. მოქალაქეობის გაუფასურება დაუშვებელია და მიხეილ სააკაშვილს ამ საქციელის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება.

უტა ბიწაძე
inga gri
25 ნოემბერი 2013 17:41
დარჩიაშვილი ანტისახელმწიფოებრი აზროვნების და მავნებლობის მწვერვალებს იპყრობს. უკვე იმაზეც კი არ ფიქრობს, რომ ფორმალურად მაინც შეინარჩუნოს სახე, იმდენადაა ჩათრეული ბანდის ინტერესების ჭაობში. ერთი ინტელექტუალიც კი არ გვყავს ხილად ამხელა საზოგადოებას, მორალურობისა და უკომპრომისობის მაგალითი რომ იყოს. დარჩიაშვილი, ნოდია, თევზაძე - კომფორტს დახარბებული პატარა, იაფფასიანი ვაჭრუკანები.
zaza
22 ნოემბერი 2013 00:51
ამიტომ ვერ ვიტან სააკაშვილს, მისი არაეროვნულობის გამო და არაპატრიოტული ქცევის გამო. ეს საქციელიც მისი ბოლო ჯადოა საქართველოსთვის, სანამ პრეზიდენტი ვარ მაქსიმალურად დავაზარალო საქართველო... ალბათ ასე განიზრახა
დათა ბატონო
21 ნოემბერი 2013 21:15
ესიგი არ მახსოვს,რომელიმე ნაციონალი გამოსულიყვეს,და ეთქვას,შილიფად,გაკვრით მაინც,რომ,შეიძლება ცოტა,წკაპი,დიდი ,წყვილ წყვილი ბოდიშებით,მაგრამ,მგონი პრეზიდენტი შეცდა და ცოტა ცოტა,არა საწყენად,არ ვეთანხმებიო.სულ,მუდამ ყველა თავს უქნევას და ტაშს უკრავს.ეს პარტიაა თუ სექტა?რაც შეეხება დარჩიაშვილს,თუ ასე ევასება აფრო ამერიკელები,მოიყვანოს ან სიძედ და ან რძლად.და იაროს ზაფხულობით,ზიმბაბვეში ,მოყვრებთან,მარტორქებზე სანადიროდ!აწი მაინც ექნებათ ამის დრო!

რედაქტორის რჩევით