რას ელის ხალხი ახალი პრეზიდენტისგან
18-11-2013
რას ელის ხალხი ახალი პრეზიდენტისგან
"ვინც ხალხისკენ იქნება და იზრუნებს გაჭირვებულ, საწყალ ადამიანებზე, ჩვენც ის გვეყვარება"

თქვენ გეძლევათ სიტყვა!


"კვირის პალიტრა" იწყებს ახალ ინტერეაქტიულ პროექტს, სადაც აზრის გამოხატვას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს. ორიოდე დღის წინ ქვეყანაში რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც არჩევნებზე ხმა საქართველოს 1 012 569 მოქალაქემ მისცა.

"რას ელოდებით ახალი პრეზიდენტისგან?" - სწორედ ამ კითხვით მივმართეთ რიგით მოქალაქეებს და შევეცადეთ გაგვერკვია, რამდენად შეესაბამება მათი მოლოდინი პრეზიდენტის შესაძლებლობებს.


დიმიტრი ხარატიშვილი,
მეწარმე:
"სამართლიანობის აღდგენას და ბანკებში პროცენტების შემცირებას ველოდები. ეს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო, მაგრამ გარკვეული მიზეზით დღემდე ვერ შესრულდა. ახლა ველოდები, რომ მარგველაშვილი ყველა შეუსრულებელ დაპირებას მიხედავს. ამ იმედით მივეცი ხმა არჩევნებში".


ნინო ბრაგვაძე, გარემოვაჭრე: "უკეთესობას ველოდები. აქამდე ამბობდნენ: ხელისუფლება ბოლომდე მათ ხელში არ
არის და სააკაშვილი უშლის ხელს ბევრი საქმის კეთებაშიო. ახლა ხომ მთელი ძალაუფლება მათ აქვთ, თან მარგველაშვილი მართლა აირჩია ხალხმა, ვერავინ იტყვის, რომ არჩევნებზე ხმები გააყალბეს. ამიტომ ხალხის არჩეულ პრეზიდენტს მეტი პასუხისმგებლობა მართებს.

ხალხს ძალიან უჭირს, ვინც ხალხისკენ იქნება და იზრუნებს გაჭირვებულ, საწყალ ადამიანებზე, ჩვენც ის გვეყვარება. მარგველაშვილი როგორ არ გვიყვარდეს, როცა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში საბავშვო ბაღი გახდა უფასო და სკოლის სახელმძღვანელოები მოსწავლეებს უსასყიდლოდ დაურიგეს. ამას რომ ვამბობ, ცრემლი მომდის. იცით, რამდენი ატირებული მშობელი მინახავს იმის გამო, რომ წიგნს ვერ ყიდულობდა შვილისთვის.
ახლა ველოდები, რომ მარგველაშვილი ჩემისთანა ადამიანების გასაჭირს გაითვალისწინებს და საპენსიო ასაკს ქალებში 60 წლიდან 55 წლამდე შეამცირებს. წარმოიდგინეთ, სამუშაო მე არ მაქვს, არც პენსია მაქვს, რადგან 60-ის ჯერ არ ვარ და ასე ქუჩაში წვრილმანების ვაჭრობითა და ხელსაქმით ვირჩენ თავს".

გურამ ჩარკვიანი, მუშა:
"ველოდები, რომ შედარებით კარგი ცხოვრება დადგება. ველოდები, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამბობენ: ეს პრეზიდენტის მოვალეობებში არ შედისო, მაგრამ მთავრობას ხომ ევალება მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ჰოდა, პრეზიდენტმაც გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა. აბა, ტყუილად ხომ არ აგვირჩევია? იმდენი კი გვესმის, რომ მარგველაშვილი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ვერ დაგვიბრუნებს, მაგრამ სოციალური პრობლემები მაინც უნდა გადაჭრას. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მაინც შექმნან ქართველებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ველოდები, რომ მარგველაშვილიც ისევე კაცურად იცხოვრებს, როგორც აი, ამ კაცმა, რამაზ ჩხიკვაძემ იცხოვრა, ვის ძეგლსაც ახლა "9 აპრილის" ბაღში ვდგამთ".


ნანული სარხოშია, მაღაზიის გამყიდველი:
"მარგველაშვილი ჭკვიანი, განათლებული ადამიანია. ფილოსოფოსია და თუ ვაცლავ ჰაველმა შეძლო ჩეხეთის წარმატებული მმართველი ყოფილიყო, რატომ არ შეიძლება, რომ საქართველოსაც ჰყავდეს წარმატებული ფილოსოფოსი პრეზიდენტი. არ ველოდები, რომ ერთბაშად მილიონი სამუშაო ადგილი გაჩნდება, მაგრამ მარგველაშვილს შეუძლია საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს. ველოდები, რომ პირველ რიგში საგარეო ურთიერთობები დალაგდება, მათ შორის რუსეთთან და ამას ქვეყნის შიდა პროცესების გაუმჯობესებაც მოჰყვება. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ველოდები, რომ ეს დაუსრულებელი პოლიტიკური კინკლაობა დამთავრდება. მოჰბეზრდა ხალხს ეს ყველაფერი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის დანაშაულები, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. არ ვარ მოწადინებული, რომ ყველა ციხეში გავისტუმროთ, მაგრამ დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ!".

კახა დადიანიძე, გორის რაიონის მკვიდრი: "ველოდები, რომ სოფელს უფრო მეტად დაეხმარება მარგველაშვილი. მართალია, გლეხს ხვნა-თესვაში დაეხმარნენ, მაგრამ მოწეული ჭირნახულის რეალიზება ჭირს. გორში 20-კილოგრამიანი ყუთი ნაქარი, ანუ სამრეწველო ვაშლი 70 თეთრი ღირს და იმასაც არავინ იბარებს, რადგან საკონსერვო ქარხნები გაჩერებულია. ადგილობრივი ბაზარი იმპორტირებული წვენებით არის გაჯერებული, ჩვენ კი პროდუქცია გვილპება. რაც ახალმა მთავრობამ სოფლის მეურნეობისთვის გააკეთა, მხოლოდ საქმის ნახევარია და სოფელში გლეხს ისევ ძალიან უჭირს".

ლელო ზადიშვილი, დიასახლისი: "ჩემი სოფელი ყარაფილა შიდა ქართლშია და ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. ამბობენ, რომ ე.წ. მცოცავი ოკუპაცია მალე ჩვენამდეც მოაღწევს და სოფელს ორად გაყოფს. ბოლო დროს, ამის გამო სოფელს მთავრობის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ. ეს ამბავი ძალიან გვაწუხებს, სულ ცუდის მოლოდინში ვართ. არავინ იცის, ზუსტად სად გაივლის მავთულხლართი და ვის მოუწევს სახლის დაცლა. ამიტომ, ყველაზე მეტად რასაც მარგველაშვილისგან ველოდები ის არის, რომ შეაჩეროს მავთულხლართებით ჩვენი მიწა-წყლის მიტაცების პროცესი."

გიორგი ონიანი, სტუდენტი: "მგონია, რომ ახალი პრეზიდენტი ერთ-ერთი ყველაზე მარიონეტული პრეზიდენტი იქნება საქართველოს ისტორიაში. მას რეალურად ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის უმრავლესობა უკარნახებს, რა და როგორ უნდა გააკეთოს. ამიტომაც მივეცი არჩევნებში ხმა სხვა პრეზიდენტობის კანდიდატს და არა მას".

ივანე მესხი, ტაქსის მძღოლი: "მარგველაშვილს თვითონ ერთი შვილი ჰყავს, მაგრამ ველოდები, რომ ქვეყანაში შობადობას მიხედავს. მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა. უნდა ნახოთ, თბილისში რა ხდება, ტაქსის მძღოლები ამას ყველაზე უკეთ ვხედავთ. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში ქართველები მალე უმცირესობაში აღმოჩნდებიან. რა რჯულის ხალხი აღარ დადის: აფრიკელები, ირანელები, ეგვიპტელები, ინდოელები, ჩინელები და თან ისე სწრაფად მრავლდებიან, თვალის დახამხამებაში. ახლა ვიღაც იტყვის: მარგველაშვილმა ერის გამრავლებაზე როგორ უნდა იზრუნოსო. როგორ და როგორც უნდა! ფაქტია, რომ ეს საკმაოდ მწვავე პრობლემაა და ქვეყნის მეთაურმა რამე გამოსავალს უნდა მიაგნოს.

თუ ასე გაგრძელდა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ფერადკანიანი პრეზიდენტობის კანდიდატები გვეყოლება. თან ხომ ნახეთ, რამდენს მისცა სააკაშვილმა მოქალაქეობა".  

დარეჯან ალფაიძე, პენსიონერი:
"პენსიების ზრდას, წამლებსა და პროდუქტებზე ფასების შემცირებას ველოდები. ივანიშვილი დაგვპირდა: მარგველაშვილს თუ აირჩევთ, უკეთესად იცხოვრებთო. მეც მჯერა, რომ ასე იქნება, მაგრამ მთავარია, დროულად შეასრულონ დანაპირები, რომ ჩემისთანა მოხუცებიც მოესწრონ ყველა ამ სიკეთეს".

ლილი ბაბუციძე, დევნილი ლიახვის ხეობიდან: "ვისაც ომის ქარცეცხლი არ გამოუვლია, არ იცის, რა ფასი აქვს მშვიდობას. აგვისტოს ომში ქმარი და ძმა დავკარგე. ეს იმდენად დიდი ტრაგედიაა ჩემი ოჯახისთვის, რომ გადამწვარი სახლი და განადგურებული ქონება არაფრად მიღირს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა წეროვანში, ბზარებისგან დაცხავებულ კოტეჯში გაჭირვებით ვცხოვრობ, მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს - მშვიდობა იყოს. აღარ მჯერა პოლიტიკოსების, მაგრამ პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ომი აღარ განმეორდეს".

ვახტანგ ძაბირაძე, კონსტიტუციონალისტი, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში: "ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი პრემიერ-მინისტრია. შესაბამისად, სწორედ მასზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა. მაგრამ ვინაიდან პრემიერიც და პრეზიდენტიც ერთი გუნდის წევრები არიან, ერთნაირი ვალდებულებები აქვთ აღებული მოსახლეობის წინაშე. სხვა საკითხია, როგორ მოხერხდება ამ ვალდებულებების სრული მასშტაბით შესრულება. მიმაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენაში გარკვეული პროგრესი აუცილებლად იქნება. მაგრამ, სოციალური ფონის გაუმჯობესება პირდაპირ არის მიბმული ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და მომავალ წელს ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ. საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს პრემიერთან შეთანხმებით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები. იმედი მაქვს, რომ ვილნიუსის სამიტი მისი პირველი წარმატება იქნება საგარეო პოლიტიკაში.

როგორც საქართველოს მოქალაქეს, მეც მაქვს მოლოდინი, რომ უფრო აქტიურად დაიწყება კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმა, რაც ახალი, დემოკრატიული გარემოს გარანტი იქნება. მეც ველოდები, რომ ქვეყნის პირველი პირი მშვიდობის გარანტი იქნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საბაბით, აგრესიული, მილიტარისტული ქმედებები  არ დაიწყება".
სტატიის ავტორს!
21 ნოემბერი 2013 19:46
კარგი იქნება, თუ ამავე რესპოდენტებს ერთი წლის მერეც ჩამოართმევთ ინტერვიუს.

რედაქტორის რჩევით