გეორადარის დახმარებით ფიროსმანის საფლავს ეძებენ - კვირის პალიტრა

გეორადარის დახმარებით ფიროსმანის საფლავს ეძებენ

შესვლა აკრძალულია!

დახურული ლაბორატორია, რომელიც უამრავ საიდუმლოს ახდის ფარდას

ახალი რუბრიკით - "შესვლა აკრძალულია!" - ამჯერად დახურული დაწესებულების, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კარი შევაღეთ...

ამ ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ სახელმწიფო უწყებები, კერძო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები. აქ ტარდება როგორც სამედიცინო, ასევე დოკუმენტების, ხელწერის, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური, ნარკოლოგიური და ბევრი სხვა სახის ექსპერტიზა, რომელსაც სასამართლო პროცესებზე დასკვნის სახით წარადგენენ. თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დაწესებულება, სადაც თვალით უხილავი ნაწილაკიც კი შესაძლოა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება აღმოჩნდეს.

ექსპერტიზის ბიუროს დათვალიერებას ნავთობპროდუქტების ლაბორატორიიდან ვიწყებთ, რადგან ის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით ახლახან აღიჭურვა. აქ ფაქტობრივად, ყველა ნავთობპროდუქტის კვლევაა შესაძლებელი, როგორც ხარისხზე, ისე მის შემადგენლობაზე. ასეთი მომსახურება შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს სიმართლის დასადგენად ან უფლების დასაცავად დასჭირდეს. ლაბორატორიაში ამბობენ, რომ მათ ხშირად მიმართავენ მძღოლები, ეჭვობენ, რომ ავტოგასამართ სადგურზე უხარისხო დიზელი ჩაუსხეს და ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა, მაგრამ სიმართლეს ვერ ამტკიცებენ.

ექსპერტიზის ბიუროში ყველა ლაბორატორიის კარს აქვს ელექტრონული საკეტი, სადაც შესვლა მხოლოდ ავტორიზებულ თანამშრომლებს შეუძლიათ. ყველა დერეფანში განთავსებულია ვიდეოკამერა, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

ნავთობპროდუქტების ლაბორატორიის შემდეგ ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში ჩავდივართ, სადაც მუდმივად ზომავენ ტემპერატურას, ტენიანობას და შესაბამისი ჩანაწერები აღრიცხვის ჟურნალში კეთდება. უამრავ ლაბორატორიულ კვლევასთან ერთად, რომლითაც, მაგალითად, შეიძლება დადგინდეს ყურძნის წარმომავლობა, რომლისგანაც ღვინო არის დამზადებული,  ამოწმებენ ქსოვილებსაც წყალ და ჰაერგაუმტარობაზე. ექსპერტიზის ბიუროში ამბობენ, რომ ბოლო დროს მნიშვნელოვნად გახშირდა ქსოვილების ხარისხის შემოწმება როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო პირების მხრიდან. თანამედროვე აპარატურა, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც კი იშვიათად გვხვდება, რამდენიმე წამში ადგენს ნივთიერების ქიმიურ და ბიოლოგიურ შემადგენლობას 99,99% სიზუსტით. აქვე ხდება გამოკვლევა, რომელი პიგმენტური საღებავით არის შეღებილი სამოსი, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კრიმინალისტიკური გამოკვლევების დროს. მაგალითად, შესაბამისი მიკროსკოპის საშუალებით შესაძლებელია იმის გარჩევა, თუ რამდენი საღებავის ფენა აქვს ავტომობილს. ამბობენ, რომ ჰქონდათ შემთხვევა, როცა ერთ ავტომობილზე 17 ფენა საღებავიც აღმოუჩენიათ.

"ავტომობილის ადამიანთან შეჯახებისას მის სამოსზე შუშის ძალიან მცირე, თვალით უხილავი ნაწილაკები რჩება. სწორედ ამ მიკროსკოპების საშუალებით არის შესაძლებელი, დადგინდეს, თუ რომელ ავტომობილს ეკუთვნის შუშის ნაწილაკები და შესაბამისად, რა მარკის ავტომობილი შეეჯახა ადამიანს",

- გვიხსნის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი ხიზანიშვილი.

ამის შემდეგ გადავდივართ ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკების, მომწამვლელი ნივთიერებების, ალკოჰოლის შემადგენლობას ამოწმებენ და ადგენენ, რომელმა ტოქსიკურმა ნივთიერებამ განაპირობა ადამიანის გარდაცვალება. აქვე, გვამების ლაბორატორიაში, არასასიამოვნო სუნი დგას, რადგან აქ ადამიანის შინაგან ორგანოებს სხვადასხვა ხსნარით ამუშავებენ, პაკეტებში ათავსებენ, ნივთმტკიცების სახით ლუქავენ და სპეციალურ მაცივრებში ინახავენ.

აქვეა ლაბორატორია, სადაც ფარმაცევტული პრეპარატების ექსპერტიზა ტარდება. "ჩვენი ბიურო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში ბიოპლანის მოხმარება გამოავლინა. ისეთი შემთხვევაც გვქონდა, როცა შს სამინისტროს წარმომადგენლებმა საზღვარზე დააკავეს მოქალაქე, რომელსაც ჯიბეში დანაყილი ასპირინი ჰქონდა. სამართალდამცავებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ეს ნარკოტიკული ნივთიერება იყო, მაგრამ ჩვენს ლაბორატორიაში დადგინდა, რომ ეს ნამდვილად ასპირინის ფხვნილი იყო", - გვიხსნის გიორგი ხიზანიშვილი და ამბობს, რომ მათთან ექსპერტიზაზე შესული საქმეების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-ით არის გაზრდილი. გასულ წელს კი, სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ 100 000-მდე სხვადასხვა სახის საექსპერტო დასკვნა გასცა.

ექსპერტიზის ბიუროს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში თითის ანაბეჭდებითა და დნმ-ის ნაწილაკებით ადამიანის იდენტიფიცირება ხდება. "რამდენიმე წლის წინ თბილისში ერთი მკვლელობა მოხდა, შეყვარებულები გარდაცვლილები იპოვეს. არსებობდა სხვადასხვა ვარაუდი, მაგრამ სწორედ ჩვენი აპარატურის წყალობით დადგინდა ჭეშმარიტება. თითის ანაბეჭდები არ იყო საკმარისი საქმის გასახსნელად, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით კი იარაღზე გოგონას დნმ-ის ნაწილაკები აღმოვაჩინეთ. დადგინდა, რომ ბიჭმა ახალშეძენილი იარაღი შეყვარებულს აჩვენა, იარაღი გადატენილი იყო და როცა გოგონამ აიღო ხელში, შემთხვევითი გასროლა მოხდა და ის ბიჭი დაიღუპა. ეს რომ დაინახა გოგონამ, თავი მოიკლა", - მითხრა გიორგი ხიზანიშვილმა.

ექსპერტიზის ბიუროში ამბობენ, რომ საკმაოდ რთულია თითის ანაბეჭდების წაკითხვა ფულის კუპიურებზე და აქამდე ამის გაკეთება ჩვენთან, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, თუმცა იმ გადაიარაღების წყალობით, რომელიც სამხარაულის ბიუროში ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა, ამის გაკეთებაც შესაძლებელია. აქვე იკვლევენ გასროლილ მასრებს და მიკროსკოპის საშუალებით ადარებენ. პასპორტის, პირადობის მოწმობის, ფულის კუპიურების, სამგზავრო დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა მიკრონის დონემდეა. აქვეა ვიდეოგამოსახულების გამაუმჯობესებელი და ვიდეომონტაჟების დამდგენი სისტემა. ბიუროს თანამშრომლები იხსენებენ, რომ ჰქონდათ შემთხვევები, როცა გამოკვლევისთვის გადაგზავნეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის მიერ ღამით ავტომობილის ქვეითზე შეჯახების შემთხვევა იყო გადაღებული, მაგრამ სიბნელის გამო ავტომობილის სანომრე ნიშნების ამოცნობა ჭირდა. ახალი პროგრამის საშუალებით კი ნებისმიერ პირობებში გადაღებული ვიდეოფირის წაკითხვაა შესაძლებელი...

ადგილი, სადაც სამედიცინო ქუდის, ხალათისა და ბახილების ჩაცმა მოგვთხოვეს, დნმ-ის ლაბორატორიაა, რადგან აქ იდეალური სისუფთავე უნდა იყოს. ერთ ოთახში მოთავსებულია შთამბეჭდავი არქივი იმ დნმ-ის ნიმუშებისა, რომელიც ბიუროში 2007 წლის შემდეგ ჩატარდა. აქვე ხდება სადავო მამობის დადგენა. ბიუროს მესვეურები გვიხსნიან, რომ მიმდინარეობს მუშაობა საჯარისო ნაწილების დნმ-ის ნიმუშების არქივის შესაქმნელად, რადგან 2008 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მხოლოდ სამხედრო ჟეტონი პირის იდენტიფიცირებისთვის საკმარისი არ არის.

"სწორედ ჩვენს ლაბორატორიაში ჩატარდა 2008 წლის საომარი მოქმედებებისას დაკარგული ჯარისკაცების დნმ-ის კვლევა და მათი იდენტიფიცირება.

ახლა "წითელ ჯვართან" ერთად ვიწყებთ დიდ პროექტს, რომელიც გულისხმობს გუმისთიდან აფხაზეთის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენებას და მათ იდენტიფიცირებას დნმ-ის ანალიზით. სწორედ ახლა მიმდინარეობს მათი ოჯახის წევრების დნმ-ის ნიმუშების აღება", - ამბობს ხიზანიშვილი.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დნმ-ის ლაბორატორია 2007 დაარსდა. ბიუროს თანამშრომლები იხსენებენ, რომ ლაბორატორიის დაარსებისას ტესტირებისთვის სისხლის რამდენიმე ნიმუში ხელახლა გამოიკვლიეს, მათ შორის ერთ-ერთ მკვლელობის საქმეზე, რომლის შემდეგაც 35 წელი იყო გასული.

მკვლელობისთვის სასჯელს მამაკაცი იხდიდა, რადგან პრიმიტიული სისხლის ანალიზით მოკლულის სხეულზე აღმოჩენილი სისხლი სწორედ ამ მსჯავრდადებულის სისხლის ჯგუფს დაემთხვა. წლების შემდეგ თანამედროვე აპარატურით ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ სისხლის კვალი რეალურად ქალს ეკუთვნოდა, სასჯელი კი უდანაშაულო ადამიანმა მოიხადა.

ახლა ასეთი ცდომილება გამორიცხულია.

აქვეა ლაბორატორია, სადაც სპეციალურ მაცივრებში მინუს 86 გრადუსზე ადამიანის ძვლებსა და რბილ ქსოვილებს 25 წლის განმავლობაში ინახავენ. მაცივრიდან რამის გამოღება მხოლოდ ხელთათმანებით არის დაშვებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიშველი ხელი შესაძლოა იმ საგანზე მიგეყინოს, რომლის აღებასაც გადაწყვეტ.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყველაზე ტრაგიკული განყოფილება სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტია. ბიუროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყოველწლიურად ამ დეპარტამენტში დაახლოებით 1250-1500 გვამს იკვლევენ. აქვეა მაცივარი, სადაც შესაბამის ტემპერატურაზე ინახავენ.

სანახაობრივად ყველაზე საინტერესო კი სამშენებლო მექანიკისა და სეისმოლოგიის ცენტრია, სადაც ყველა საინჟინრო კვლევა ტარდება, დაწყებული გეოლოგიური ექსპერტიზით და დამთავრებული ბეტონის მარკის, ასფალტის საფრისა და ბიტუმის ხარისხის განსაზღვრით.

ყველაზე შთამბეჭდავი დანადგარი კი ამ განყოფილებაში გეორადარია, რომელიც 30 მეტრ სიღრმეზე პრაქტიკულად ყველაფერს ხედავს. ლაბორატორიის თანამშრომლები ამ ხელსაწყოთი შს სამინისტროს განძის ძებნაშიც დახმარებიან (ცოტა ხნის წინ შს სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ რეგიონში დიდი ოდენობით ოქრო იყო დამარხული). განძი ჯერჯერობით ვერ იპოვეს, მაგრამ გეორადარი სამართალდამცავებს დაახლოებით 20 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის გახსნაში დაეხმარა. უნიკალური ხელსაწყოს დახმარებით იმ ქალის ნეშტი იპოვეს, რომელიც სიძემ მოკლა, დამარხა და კვალის დასაფარად სამარხზე საპირფარეშო დააშენა. ახლა კი გეორადარის დახმარებით ფიროსმანის საფლავს, ხოლო გორში, კვერნაკის სასაფლაოზე, გასაბჭოებამდე ლატვიის რესპუბლიკის უკანასკნელი პრეზიდენტის, კარლის ულმანისის საფლავს ეძებენ.

სიუჟეტი იხილეთ www.palitratv.ge