"ოჩამჩირეში იმდენი ტექნიკა დარჩა, ბერლინს აიღებდა!.."
25-11-2013
"ოჩამჩირეში იმდენი ტექნიკა დარჩა, ბერლინს აიღებდა!.."
დევნილის ჩანაწერები

ავთო საჯაია  სოხუმელია. ომის დროს სამხედრო კატერების დისლოკაციის ადგილი ყურესთან იყო, მის სახლთან ახლოს და იქ უფროს ძმასთან ერთად მსახურობდა. ავთო ომის მძიმე დღეებს იხსენებს.

გენერალი კამკამიძე

გუშინდელ დღესავით მახსოვს, სოხუმში შევარდნაძე რომ ჩამოვიდა და საქართველოს პირველი ფლოტის შექმნა მოგვილოცა - თქვენი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაშიო. მოგვიანებით გენერალი კამკამიძე ვნახე. ვკითხე, რატომ არ გვაძლევენ უფლებას, ვიომოთ-მეთქი? გაკვირვებულმა კითხვითვე მიპასუხა: მერე ვინ გიშლითო. ჩვენს საუბარს გენერალი უჩავა ესწრებოდა.
სამხედრო ეტიკეტით, რიგითების თვალწინ გენერალმა გენერალს შენიშვნა არ უნდა მისცეს, მაგრამ კამკამიძემ ამერიკულ სამხედროფორმიან უჩავას შეუტია: - ამ ხალხს სამხედრო ფორმა რატომ არ აცვია, ჩვენ რა, ფორმები არ გვაქვსო? და დასძინა: - ფლოტის მეომრებს ფორმები დაურიგეთ, ერთ კვირაში ჩამოვალ და შევამოწმებო. მეორე დღესვე მოგვცეს ფორმა,
ქუდებიც, აი, ბათინკებს კი ამაოდ ველოდეთ!..
ერთ კვირაში კამკამიძე მართლაც ჩამოვიდა. ბრძოლის ჟინით გულანთებულებს ფორმა კი გვეცვა, მაგრამ ისევ კედებით და სამოქალაქო ფეხსაცმლით ვიდექით.

- Все-таки, ботинки продали! - თქვა გენერალმა კამკამიძემ.
მალე სოხუმში ქვეყნის მთავარსარდალიც ჩამოვიდა. ჩვენსა და შევარდნაძეს შორის მწვავე საუბარი გაიმართა. ვუთხარით, თუ ომის მოგება გვინდა, მანდარინით ვაჭრობა გვერდზე უნდა გადავდოთ. ჩვენმა კატეგორიულმა მოთხოვნამ გაჭრა და საომრად თევზსაჭერი სეინერი გადმოგვცეს. მასზე  ჩატვირთული მანდარინი ზღვაში გადავყარეთ. იმ დღიდან 12 კატერით და სეინერ "ბიჭვინთით" ზღვის გაკონტროლება დავიწყეთ.

ათონის ყაზარმა დავბომბეთ

სეინერი ღამით გავამზადეთ. ის გუდაუთის პერიმეტრში, 20 კმ-ის რადიუსში უნდა შესულიყო. ფლოტის ადმირალი ჯავახიშვილი კატერით წინ გაგვიძღვა. კატერებიდან სროლა უნდა აგვეტეხა, რომ ყურადღება ჩვენზე გადმოეტანათ და გემი არ შეემჩნიათ. გუდაუთას ვერ მივწვდით, მაგრამ ახალ ათონში ის ყაზარმა დავბომბეთ, სადაც ჩრდილოკავკასიელი "ბოევიკები" იყვნენ დაბანაკებული. ეს მაშინ დიდი გამარჯვება იყო!

უკან მობრუნებული დედა

რუსი სამხედროების დახმარებით აფხაზურმა მხარემ სოხუმზე მორიგი შეტევისთვის მზადება დაიწყო. მშვიდად რომ ვყოფილიყავით, ოჯახები გავხიზნეთ. ერთ დღეს ბაზიდან შინ მისულს, ეზო დასუფთავებული დამხვდა. ორი დღის წინ ბათუმში გახიზნული დედა უკან დაბრუნებულიყო: - სადაც ჩემი შვილები, იქაც მეო. ქუჩის ბრძოლები რომ დაიწყო, დედა ვაიძულე, ქალაქი დაეტოვებინა...

28 სექტემბერი


გუმისთაზე ფრონტის ხაზი გაირღვა და მტერი შემოვიდა ქალაქში. სოხუმის ყურიდან შევცქეროდი, როგორ წაეკიდა ცეცხლი მთავრობის სახლს. იმავე საღამოს მოვიდა შEეტყობინება: "სოხუმი აღებულია". "ვექტორის" კაპიტანი ცოლ-შვილის საძებნელად ქალაქში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. გემის მართვა თანაშემწეს, ეროვნებით სომეხს დაავალეს, რომელმაც საეჭვო მანევრირება დაიწყო(!). ღამის ორ საათზე ახალდაბისკენ დავიძარით. ტყვიების წვიმაში ერთი ჟურნალისტის სიტყვები გამახსენდა: ორივე ძმა ერთ კატერზე რატომ ხართ? ომია, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო... მაშინ ვუპასუხეთ, თუ სიკვდილი გვიწერია, სოხუმისთვის ორივე მოვკვდებით, თუ გადავრჩით, ისევ სოხუმისთვის ვიცოცხლებთო. სოხუმისთვის სიკვდილი არ გვეწერა...

ზღვის სიღრმიდან აფხაზებმა გაგვიხსნეს ცეცხლი, სანაპიროდან კი ქართულმა მხარემ აგვიტეხა სროლა - დესანტი ვეგონეთ. ჩემმა ძმამ რაციით აცნობა, ქართველები ვართო. სროლა შეწყდა, მაგრამ ადგილიდან დაძვრის უფლება არ მოგვცეს... "ვექტორის" ეკრანზე წერტილი გამოჩნდა, თანდათან გადიდდა და ნაპირს სადესანტო გემი მიადგა. გემმა შასი გახსნა და მთელი რუსული ტექნიკა შიგ შევიდა. იმ დღეს რუსი სამშვიდობოები აფხაზეთიდან გავიდნენ... გათენდა, სანაპიროზე გადავედით. ოჩამჩირეში იმდენი ტექნიკა იყო თავმოყრილი, ბერლინის აღებას ეყოფოდა!.. ეს ყველაფერი აფხაზებს დარჩათ.

ხიზნობა იწყება!


მახსოვს ხიზნობის პირველი დღეები, გაღატაკებული ქვეყანა და უპოვარი დევნილები - უზარმაზარი რიგი ქობულეთის სასტუმრო "ჰორიზონტში" და მანანის ბურღულის ფაფა... ბავშვებს არ ჰყოფნიდათ და მშობლები მშივრები ვრჩებოდით!.. მახსოვს, როგორ ვწითლდებოდი შავოსანი დედის დანახვაზე - მე რომ გადავრჩი, მისი შვილი დაიღუპა!
...ახლა სოხუმელები რომელიმე ჩვენებურის უკანასკნელ გზაზე გაცილების დღეს ვიკრიბებით. დაკრძალვაზე შვილებიც მიმყავს და იმ სოხუმელებს ვაცნობ, რომლებიც იქ გაიზარდნენ. მერე ერთმანეთს უმეგობრდებიან - ბევრი აქვთ საერთო... ჩვენ დიდმა ტკივილმა გაგვაერთიანა. სოხუმური სლენგით ყველას ადვილად ვცნობ. ტაქსის მძღოლი ვარ და მათ ფულს არასდროს ვართმევ...

ოცი წლის შემდეგ

აფხაზეთის ომი ქართული პოლიტიკის მარცხი იყო, მეომრებს ბრძოლა არ წაუგიათ. როცა სოხუმს ვტოვებდით, ბევრმა საკუთარი სახლი ცეცხლს მისცა. შემდეგ მეომართა სახლები აფხაზებს დაუწვავთ. მე არ ვკითხულობ, დგას თუ არა ტიტოვის ქუჩის დასაწყისში ჩემი სახლი. ეზო ხომ დამხვდება? როცა დავბრუნდები, კარავს გავშლი და მამა-პაპის ნაფუძარზე ცხოვრებას თავიდან დავიწყებ. მთავარია, იმედი ენთოს - ჩვენ დავბრუნდებით!
vep1963
25 ნოემბერი 2013 18:00
ომი ქართული პოლიტიკის მარცხი კი არა და შევარდნაძის მისი ბანდისა და ჩვენი პატივცემული ინტელიგენციის დაუღალავი შრომის შედეგი იყო ფუი ასეთ ხალხს ,ცოცხლად უნდა დალპენ.კამკამიძე ჩამოვიდა ნახა რა გველებთან და გველობებთან ჰქონდა საქმე და ადგა და გაეცალა აქაურობას.ეხლა გამოდიან ქართველი" გენერლები" და ვითომ აფხაზეთში ომობდნენ-რისთვის დაღუპეს და გააუბედურეს ამდენი ხალხი ფუი თქვენი.აფხაზეთში ადრე თუ გვიან მაინც დავბრუნდებით ყველა თავისას მაინც მიიღებს .
gia
25 ნოემბერი 2013 16:46
"გემის მართვა თანაშემწეს, ეროვნებით სომეხს დაავალეს, რომელმაც საეჭვო მანევრირება დაიწყო(!). "
და მერე რა? ასე უაზროდ რა დასაწერი იყო ეს მომენტი?


რედაქტორის რჩევით