"თუ ამირაჯიბი იქნებით და არა ხალხის მტერი ამირეჯიბი, ამას რა სჯობიაო" - ქართველი თავადის ქალის "არაკულინარიული" რეცეპტები" - კვირის პალიტრა

"თუ ამირაჯიბი იქნებით და არა ხალხის მტერი ამირეჯიბი, ამას რა სჯობიაო" - ქართველი თავადის ქალის "არაკულინარიული" რეცეპტები"

"უმცროს ძმას იმიტომ ვუყვებოდი ზღაპარს, რომ შიმშილი დამევიწყებინა"

ცნობილ ქართველ რეჟისორს, თენგიზ აბულაძეს წვეულება ჰქონდა. სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი პოლონელი მწერალი ჯერზი (ეჟი) შტეფან სტავინსკი და მისი მეუღლე, ასევე მწერალი და რეჟისორი ელენე.

სტავინსკიმ საბჭოთა ხელისუფლების სადღეგრძელო რომ წარმოთქვა, მეინახეთ ლუკმა ყელში გაეჩხირათ... ცხადია, პან ეჟიმ იცოდა, რას აკეთებდა და ახსნა: რომ არა საბჭოთა ხელისუფლება, ეს გოგონა არასდროს წამოვიდოდა საქართველოდან, ვერ გახდებოდა ჩემი მეუღლე. რომ არა საბჭოთა კავშირი, რა უნდოდა პოლონეთში? ამიტომაც მადლობა.

ყველამ ელენეს შეხედა. ელენე ამირაჯიბი-სტავინსკას პოლონეთსა და ევროპაში კარგად იცნობდნენ, საქართველოში - არც ისე. მის წიგნებს აბა, ვინ თარგმნიდა, როცა ყოველი სტრიქონი საბჭოთა ხელისუფლებისგან შერყვნილ-გაძარცულ საქართველოზე დარდით იყო გაჟღენთილი.

თურმე, როცა პასპორტი აიღო, ელენემ ნახა, რომ ამირეჯიბის ნაცვლად ამირაჯიბი ჩაეწერათ. გაასწორეთო, - უთქვამს. საპასპორტოში კი უპასუხიათ: რას ამბობთ! თუ ამირაჯიბი იქნებით და არა ხალხის მტერი ამირეჯიბი, ამას რა სჯობიაო! ასე დარჩა ელენე ამირაჯიბი, ამ გვარით გაიცნო ევროპამ.

ჯერზი სტავინსკის წიგნები ქართულად იყო თარგმნილი. მისი წიგნის, "არხის" მიხედვით, ანჯეი ვაიდამ გადაიღო ფილმი, რომელმაც უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო სცენარისთვისაც. 2000-იან წლებში "ოსკარიც" მიიღო. მაშინ ანჯეიმ თქვა, სტავინსკი რომ არ ყოფილიყო, არც ვაიდა იქნებოდაო!..

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ელენე საქართველოში დაბრუნდა. უხმაუროდ, წყნარად მიიღო სამშობლომ.

- აი, ეს ფოტოები დაბეჭდეთ, ახლანდელი საჭირო არ არის, დაე, ისეთი დავამახსოვრდე ხალხს, როგორიც ვიყავი. მინდა დავივიწყო ჩემი ასაკი. იმას კი გეტყვით, რომ პოლონეთში 50 წელი ვიცხოვრე.

- თქვენი პოლონურ ენაზე გამოცემული წიგნი "არაკულინარიული რეცეპტები" ბესტსელერი იყო და წლის საუკეთესო წიგნადაც დასახელდა პოლონეთში. ქართველებმა კი არაფერი იციან...

- "არაკულინარიულ რეცეპტებს" ახლა ჩემი ძმისწული რუსუდან ამირეჯიბი თარგმნის ქართულად. ამ წიგნში მთავარი ის არის, რაც ქართულ რეცეპტებს მოსდევს - თხრობა ქართველებსა და საქართველოზე. მაგალითად, ვარდანის კატლეტების მომზადების რეცეპტი. ვარდანი ბებიაჩემის ძმის, ალექსანდრე (სანდრო) ყანჩელის მზარეული გახლდათ. როგორც მიამბობდნენ, სანდრო სოფელ ბარნაბიანთკარში ყოფილა სტუმრად. იქ, გლეხის ოჯახში, ლობიო მიურთმევიათ. მსგავსი ლობიო არ მეგემნაო, - უთქვამს. ლობიო ვარდანის მომზადებული აღმოჩნდა და პაპამაც ის თბილისში წამოიყვანა. ჯერ ფრანგულის მასწავლებლები დაუქირავა, შემდეგ კი პარიზში გაუშვა კულინარიის აკადემიაში. ოქროს მედალზე დაუმთავრებია სასწავლებელი, სადიპლომოდ ვარდის ფორმის ტორტი გამოუცხვია. ბრწყინვალე შეფასება მიუციათ, დარჩენასაც სთავაზობდნენ, მაგრამ სანდრო ყანჩელთან დაბრუნდა. მექალთანე კაცი იყო, ლამის ყველა მოახლესთან ჰქონია სასიყვარულო კავშირი, ერთთან შვილიც შესძენია, მაგრამ ოჯახი მაინც არ შეუქმნია. ვარდანის კატლეტები ცნობილი იყო თბილისში. თუმცა, წიგნში ვწერ: ღირს კი მოამზადოთ კატლეტი, რომელსაც 2 საათი უნდა დასტრიალებდეთ თავს და 5 წუთში შეიჭმება-მეთქი...

- ოჯახში თუ ამზადებდით ამ კატლეტებს?

- ყველაფერი წაგვართვეს... ყაზბეგის ქუჩაზე, პატარა ბინაში ვცხოვრობდით. უმცროს ძმას იმიტომ ვუყვებოდი ზღაპარს, რომ შიმშილი დამევიწყებინა. "იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე". მეფე ვინ არისო, - მეკითხებოდა. მდიდარი კაცი, რომელსაც სურვილების შესრულება შეუძლია-მეთქი. გავიზრდები და მე ვიქნები მეფე! - მითხრა ერთხელ. რად გინდა მეფობა-მეთქი. ბაზარში ვიყიდი ნავთქურას, დიდ ნაჭერ ხორცს, მოვამზადებთ სადილს და დავნაყრდებითო!.. სკოლაში უხალისოდ დადიოდა, მაგრამ დიდი დასვენებები უყვარდა - მანეთად ფუნთუშა შეეძლო ეყიდა. მოსკოვში, კინემატოგრაფიის ინსტიტუტში რომ ჩავირიცხე, წერილი გამომიგზავნა. გამიკვირდა, ვიცოდი, წერილების წერა არ უყვარდა. გავხსენი, ათი ცალი მანეთიანი გადმოვარდა. ათი დღე სკოლაში ფუნთუშა არ ეყიდა: უცხო ქვეყანაში ხარ, იქნებ გშია, იყიდე რამე და ჭამეო...

მერე ფეხბურთის მწვრთნელი გახდა, იმიტომ, რომ უფასო სუპი და პური, ზოგჯერ ხორციც ჰქონდა. მოჰქონდა შინ. ასეთი მძიმე დრო იყო... სანდრო ყანჩელიც კი, ვის ოჯახშიც მთელი კულტურული ელიტა იკრიბებოდა და ვარდანი ფრანგულ კერძებს უმზადებდა, ისე იყო გაღატაკებული, დედა უმასპინძლდებოდა წვნიანით, რომელსაც მამა პოტოტალახს ეძახდა. პოტო ფრანგულად თეფშია, ტალახი კი, რაც არის, ყველამ იცით.

ჩვენი ნათესავები ზოგი გადაასახლეს, ზოგიც - დახვრიტეს... დეიდაჩემი დავით რონდელის ცოლი იყო. ის ფრთხილი კაცი იყო, დეიდა კი - პირიქით. რადიოში პოლიტიკური გადაცემა რომ იყო, ხმამაღლა გასძახებდა შვილს: ალიკ, არ მოგწყინდა სტალინის მოსმენა? დამფრთხალი დავითი ცოლს საყვედურობდა: - ნინა, არ გააჩაღო კონტრრევოლუცია ოჯახშიო!

- პოლონეთში როგორ მოხვდით?

- ჩემი პირველი ქმარი პოლონელი იყო, მან წამიყვანა. შეიძლება გაგეღიმოთ, პირველი, რაც მომეწონა, მისი წითელი სვიტერი იყო... ეჟი სტავინსკი კი პოლონეთში გავიცანი. მკითხა, რა გიყვარს ყველაზე მეტადო. იმ ადგილების ნახვა, რომელიც ჯერ არ მინახავს და ისეთი ადგილების პოვნა, სადაც დაბრუნება მომინდება-მეთქი. ესე იგი, ვივლითო...  მერე ერთად დავდიოდით ყველგან...

- თქვენს დოკუმენტურ ფილმებში ყოველთვის ახერხებდით ადამიანის სულიერ სამყაროზე გაგეკეთებინათ აქცენტი.

- პირველად თვითმფრინავების გამომცდელებზე გადავიღე ფილმი. მითხრეს, ეს ისედაც საინტერესო თემაა, აბა, როგორ გადაიღებ ფილმს ზამბრზეო. ზამბრი პოლონეთში ქალაქია,  ტრიკოტაჟის ფაბრიკაში მხოლოდ ქალები მუშაობენ. ეს სიმარტოვეზე გადაღებული ფილმია და დიდი წარმატება მოიპოვა.

- თქვენი ცხოვრების წარმატებული ხანა პოლონეთს უკავშირდება, საქართველოსთან კი გასაჭირი გაკავშირებთ...

- პოლონეთში, საავტორო საღამოზე, ახალგაზრდა ქალმა მითხრა, თქვენ მძიმე ბავშვობა და ახალგაზრდობა გქონდათ და ამაზე წერთ. მე რაზე ვწერო, არანაირი პრობლემა არ მაქვსო. სიამოვნებით გაგიცვლიდით ჩემს პრობლემებს-მეთქი. თუმცა, გავუცვლიდი კი? სხვათა შორის, ჩემს ერთ წიგნს "თავადის ქალის ტკბილი ცხოვრება" ჰქვია. პოლონურ ენაზეა დაბეჭდილი.