"თამთა უკვე დავკარგეთ და მაიას სიცოცხლე მაინც გადამირჩინეთ!"
25-11-2013
"თამთა უკვე დავკარგეთ და მაიას სიცოცხლე მაინც გადამირჩინეთ!"
"თამთა უკვე დავკარგეთ და მაიას სიცოცხლე მაინც გადამირჩინეთ!"

2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ტრაგიკულად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მიზეზი თამთა ლიპარტელიანის დეიდაშვილის, 26 წლის მაია მიქაუტაძის სიცოცხლისთვის საშიში ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მის გადასარჩენად ძვირად ღირებული ოპერაციის გაკეთება - ძვლის ტვინის გადანერგვა გახდა საჭირო. "კვირის პალიტრა" თამთა ლიპარტელიანის დედას, ლეილა ასათიანს დაუკავშირდა:


- ჩემი დისშვილი თამთას ტოლია. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.  მაიას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და 26 წლის
გოგონას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სასწრაფოდ ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება, რაც საქართველოში არ კეთდება. თურქეთის კლინიკამ ხარჯთაღრიცხვა გამოგვიგზავნა, რამაც თავზარი დაგვცა - 160 ათასი დოლარი.  სასწრაფოდ შევადგინეთ გასაყიდი ქონების ნუსხა, მაგრამ ცხადია, ეს ვერ გვიშველის...

ჯანდაცვის სამინისტრომ გამოგვიყო 10 ათასი დოლარი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო, თუმცა
დამატებითი თანხები მოსაძიებელია. თხოვნით მივმართავ კეთილ ადამიანებს: თქვენი დახმარების იმედი გვაქვს, თამთა უკვე დავკარგეთ და იქნებ მაიას სიცოცხლე მაინც შეგვინარჩუნოთ. მაიას ბავშვობაში გადატანილი ჰქონდა მძიმე დაავადება, აღარ გვეგონა, თუ უფრო რთული ფორმით გაუმეორდებოდა, მაგრამ... თამთას ამბავი ძალიან განიცადა, ერთი თვე თითქმის არაფერს ჭამდა, სულ ტიროდა. ყველას ვთხოვ: ნუ მივცემთ სიკვდილს სიცოცხლეზე გამარჯვების უფლებას!

- თამთას მკვლელზე არაფერი შეგიტყვიათ?
- წერილი მივწერე ნორვეგიის სასამართლოსა და ტერაქტში დაღუპული ახალგაზრდების მშობლების კომიტეტს, რომელიც "ბერგენტიდენტეს" (ქალაქ ბერგენში გამომავალი გაზეთია) რედაქციაში გავგზავნე, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ამ გაზეთის ჟურნალისტები ცოტა ხნის წინ საქართველოში იყვნენ, დაინტერესდნენ, რომ თამთას სახელზე ბავშვი ავიყვანეთ. გვეხვეწნენ, ინტერვიუ მიგვეცა. ახლა ჩვენ დაგვჭირდა ინფორმაციის გავრცელება და ელექტრონულ ფოსტაზე არც კი გვიპასუხეს.

- რა მისწერეთ?
- ის, რომ მკვლელი განცხრომაში არ უნდა ცხოვრობდეს. მან თუ გამუდმებით დანაშაულზე არ იფიქრა, ცოდვას ვერასოდეს შეინანებს. შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ბრეივიკს უდანაშაულო ახალგაზრდების განწირული ხმა სულ უნდა ჩაესმოდეს. ნორვეგიის მთავრობასა და სასამართლოს ბრეივიკის ამ უსაშინლეს დანაშაულზე არაადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. ბრეივიკმა 77 კაცი მოკლა, 90 წუთის განმავლობაში კუნძულ უტოიაზე 68 ახალგაზრდას წამებით ამოხადა სული. ნორვეგიის მთავრობის უნიათობაა ის, რომ იმ ავადსახსენებელ დღეს ბავშვების დაცვისთვის არაფერი გააკეთა. 90 წუთის განმავლობაში მკვლელს ბავშვების ხოცვა როგორ დაანებეს?! მთავრობას თავისი უნიათობის მისაჩქმალად კიდეც აწყობდა ბრეივიკის შეურაცხადად გამოცხადება. ეს პროკურატურისთვის გამოსავალიც კი იყო. ახლა თურმე უნდა დავიჯერო, რომ ბრეივიკი შეურაცხადია იმიტომ, რომ რამდენიმე წელი ემზადებოდა ამისთვის - წერდა მანიფესტს, ამზადებდა იარაღს, რისთვისაც უცხოეთიდან საჭირო მასალა შემოჰქონდა. სხვათა შორის, ბრეივიკმა არ გათქვა თავისი თანამზრახველების ვინაობა. არათუ შეურაცხადი, საკმაოდ ჭკვიანია და ყველაფერს აკეთებს, რომ მალე გამოუშვან. 

- ეს როგორ უნდა მოახერხოს ბრეივიკმა, რომელსაც 21 წელი აქვს მისჯილი (სასჯელის 5 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით)?
- გაგვაღიზიანა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს პირსისხლიანი მკვლელი მისთვის სპეციალურად აშენებულ კეთილმოწყობილ კლინიკაში გადაიყვანონ. დარწმუნებული ვართ, ბრეივიკი ერთ-ორ წელიწადში სამედიცინო შემოწმებას მოითხოვს და კომისია ჩათვლის, რომ ის საზოგადოებისთვის საშიში აღარ არის და გაათავისუფლებენ. ალბათ, ამით დაგვირგვინდება მისთვის კეთილმოწყობილი აპარტამენტების გამოყოფა სასჯელაღსრულების ადგილზე, და სტუდენტობის უფლების მიცემა. გამოვხატე პროტესტი და სხვა შვილმკვდარი მშობლისგან ისეთი პასუხი მივიღე, გავოცდი - ერთ-ერთმა დედამ ასეთი წერილი მომწერა: "ალბათ, ჩვენ შორის კულტურული განსხვავების ბრალია, რომ სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ. რატომ არ უნდა ისწავლოს ბრეივიკმა, დაე, განათლებული დაუბრუნდეს საზოგადოებას. ჩვენი ქვეყნები ძალიან განსხვავდებიან დემოკრატიის დონით და ეს განაპირობებს, რომ ამ საკითხზე სხვადასხვა ხედვა გვაქვს". ეს პასუხი რამდენიმე დღის წინ მივიღე. ვფიქრობ, გავუგზავნო კიდევ ერთი წერილი.

- რისი მიწერა გინდათ?
- მინდა ჩვენი კულტურისა და ტრადიციების შესახებ მივწერო, რაც ჩვენს ისტორიულ სინამდვილესა თუ ფოლკლორში კარგად აისახება. თუნდაც "ვეფხვისა და მოყმის ბალადა" რად ღირს. მასში ხომ საუკეთესოდ ჩანს, თუ როგორ იციან ქართველებმა ღირსეული მოწინააღმდეგის, მტრის დაფასება, მაგრამ არა უღირსის და ზნედაცემულის! "იქნება ვეფხვის დედაი ჩემებრ მწარედა სტირისა", - ამბობს შვილის სიკვდილით გულმოკლული დედა და ეს მტრის დედისთვის სამძიმრის გამოხატვის ტოლფასია.
ვინ გაიგებს ამ ჩემს ტკივილს ან გულიდან ამოძახილს?! იქნებ ამ მშობელთა კომიტეტში რომელიმეს მართლა სჯერა, რომ პირსისხლიანმა ტერორისტმა ნორვეგიის ისლამიზაციის შეჩერების მიზნით ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული? მინდა ავუხსნა, რომ ქართველები სწორედ გამორჩეული კულტურის მქონე, დემოკრატიული ერი ვართ.

შესაძლოა, ზოგიერთ მშობელს კიდეც სჯერა, რომ პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ჩარიცხული ტერორისტი საზოგადოებას სრულფასოვან ადამიანად დაუბრუნდება. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა არაერთი მშობელი ჩვეულებრივად განაგრძობს ცხოვრებას და თავისი ქვეყნის დემოკრატიის ქება-დიდებას, იმ დემოკრატიის, რომელმაც შვილის მკვლელი შეიწყნარა და არამართლზომიერი სასჯელი გამოუტანა. სხვათა შორის, "ბერგენტიდენტეს" ჟურნალისტებმაც გვკითხეს, ისევ შავი ტანისამოსი რატომ გაცვიათო. ეს ძალიან გაუკვირდათ.…

- რა დაწერეს გაზეთ "ბერგენტიდენტეში"?

- რომ პატარა გოგონა, ნინი, ვიშვილეთ და ჩვენს ოჯახში სიცოცხლე გრძელდება.…

- რას გვეტყვით ნინის შესახებ?
- უკვე 11 წლისაა, ძალიან კარგი ბავშვია. როგორც იცით, მას დედა არ ჰყავდა და თავად გამოთქვა სურვილი, რომ შვილად აგვეყვანა. კარგად სწავლობს... ვამზადებთ ცალკეულ საგანში, ცეკვაზეც დაგვყავს... მე და მამამისი (უკვე ასე გვეძახის) ყოველთვის ცოცხალი არ ვიქნებით და გვინდა ნინი წელგამართული დავტოვოთ, რომ თავის გატანის უნარი ჰქონდეს.

პ. ს. ვითვალისწინებთ ქალბატონი ლეილას თხოვნას და ვაქვეყნებთ მაია მიქაუტაძის საბანკო ანგარიშს:
სს "თიბისი ბანკი"

საბანკო კოდი:
TBCBGE22
ა/ნ: GE38 TB76   66545161 600002
მიმღები: მაია მიქაუტაძე.  თBჩ Pაყ-ს ნებისმიერი აპარატიდან კი: პ. ნ. 60001115281, მაია მიქაუტაძის დაბადების თარიღია 10.10.1987წ. ასევე, შესაძლებელია დარეკოთ "მაგთისა" და "ბილაინის" ნომრიდან: 09 01 70 00 56; ზარის ღირებულება ერთი ლარია.

ლაილა
28 ნოემბერი 2013 23:38
სიკვდილ სიცოცხლეზეა საუბარი და ამას სხვები ძალიან ადვილად აღიქვამენ, ალბათ იმიტომ რომ ეს ყველაფერი "სხვის" თავზე ხდება. "სხვას" მოუკლეს შვილი და არა მათ, "სხვას" მოექცნენ უსამართლოდ და არა მათ, "სხვას" სტკივა, მათ არა, "სხვას" ენატრება ერთადერთი ნანატრი შვილი, მათ გვერდით ჰყავთ... ადვილია "სხვაზე" საუბარი... ადვილია სხვისი განსჯა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი მათ შეეხებათ მსგავსი ტკივილი (ღმერთმა ყველა დედა და მამა დაიფაროს შვილის სიკვდილისგან)მორალის მამებად ქცეულებს უმალ დაავიწყდებათ ლიბერალიზმი, ტერორისტის გაგება მსგავს სისასტიკეში და არათუ მის სამუდამო პატიმრობას, საშუალება რომ ჰქონდეთ თავად მოკლავდნენ საკუთარი შვილის მკვლელს. აბა რომელი მეტყვის ამას არ ვიზამდიო?! ევროპული ლიბერალიზმი უკვე მარაზმად იქცა! დაღუპულთა მშობლებს და საზოგადოებას ისიც არ აკამრეს, რომ ტერორისტი აპარტამენტებში განათავსეს და ნორვეგიის სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს მისთვის, ბოლოს უნივერსიტეტშიც კი ჩარიცხეს და თან საზოგადოებას ხმამაღლა განგვიცხადეს ეს თანამედროვე ევროპის სწორი მიდგომაა დამნაშავის მიმართ და თქვენ თუ პროტესტს გამოთქვამთ, თქვენი ადგილი ევროპაში არ არისო... ვერ (და არა არ) მესმის, ვერ ვგებულობ ასეთი ევროპის შეხედულებას! მართალია, დანაშაულს დანაშაულით ვერ აღმოფხვრი, მაგრამ უნდა არსებობდეს რაღაც ზღვარი, რაც საზოგადოებას დაანახებს რა არის დანაშაული და რა არა, რა არის მარაზმი და რა ლიბერალიზმი. დღეს ლამის გმირად შერაცხა ევროპამ 77 ადამიანის მკვლელი და ხვალ ალბათ მის იდეოლოგიას ჩვენს შვილებს შეასწავლაინ სკოლებში. უნივერსიტეტში რატომ უნდა სწავლა? _ იმიტომ რომ უკეთ ისწავლოს როგორ ჩაიდინოს უარესი ტერორისტული აქტები და მერე დასცინოს უნიათო სახელმწიფოებს, რომელბიც ყბადაღებულნი გაიძახიან ტერორიზმს ვებრძვითო და სინამდვილეში ტერორიზმის შემოქმედნი ლამის გააღმერთონ. ალბათ, მალე გვეყოლება ბრეივიკი 2, ბრეივიკი 3 ბრეივიკი 4... არ მკითხოთ როგორო... მოახერხებს, დარწმუნებული ვარ. ევროპისთვის ადამიანის სიცოცხლემ ფასი დაკარგა. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, საზოგადოებრივ მდგომარეობას, სოციალურ სტატუსს, სქესს, თუ მოკვდი უკვე აღარ ხარ! ამით მორჩა ყველაფერი! მერე რა რომ მოგკლეს?! ევროპას ახლა არ ახსოვს 2 წლის წინ სასტიკად დახოცილი ახალგაზრდები, სულ მალე კი ალბათ მხოლოდ საქართველოში გავიხსენებ მათ და ესეც თამთას წყალობით...
თვენ კი, მორალისმკითხველო ქართველებო,როგორმე შეძელით და გაითავისეთ ეს ტკივილი სანამ თავად არ განგიცდიათ მსგავსი ტრაგედია და ნუგეშიცემა თუ არ შეგიძლიათ გულს მაინც ნუ ატკენთ სხვებს, უბრალოდ გაჩუმდით...
ქალბატონი ლეილა ქართველი დედის სახეა. მიუხედავად ამხელა ტკივილისა არ წაქცეულა,კიდევ სხვას ეხმარება და მომავალზე ფიქრობს. ეს ყველას არ შეუძლია, არათუ შვილმკვდარ დედას, ამას ძალა და შეგნება უნდა, ამას სიყვარული და რწმენა უნდა! რომელს შეუძლია ამის ნახევარი მაინც რომ გააკეთოს??!!!!
საბედნიეროდ, შეგნებული მკითხველი უფრო მეტი აღმოჩნდა, შეუგნებელ თითო-ოროლას კი თვალების გახელას და გულით გრძნობას ვუსურვებ.
მშობლებისა და ნათესავების იმედად ქცეულ მაიკოს კი ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ! უფალმა გააძლიეროს და გადაატანინოს ეს განსაცდელი...
შორენა გულორდავა
27 ნოემბერი 2013 12:44
მე ქ–ნ ლეილას მივმართავდი,რომ ჩვენი არსებობა ამ ქვეყნად ხანმოკლეა და დროებითი,ასევე დროებითია ბრეირვეკის არსებობაც,ცხოვრებისეული გამოცდით მას ყველაზე უმძიმესი სასჯელი ჯოჯოხეთისეული მარადიული ცხოვრება ელოდება,ამაზე უარესი სასჯელი რა უნდა იყოს,რასაც დღეს ვითხოვთ.თქვენ კი უფლისგან უკვე მიიღეთ საჩუქარი,თამთას სახით მოგევლინათ შვილი,რომელიც თქვენ დარჩენილ ცხოვრებას ელფერს შემატებს,ხოლო თამთას სულის უკვდავსაყოფათ მუდამ ილოცეთ,ამით თქვენი სულიც დამშვიდდება და უფალიც შეგეწევათ.
tekla
27 ნოემბერი 2013 04:19
რამდენი მოცლილი ჭკუის დამრიგებელი ცხოვრობს საქართველოში ვინ იცის?!?! შვილ მკვდარ დედას ჰუმანიზმისკენ მოუწოდებთ და მომტევებლობას ასწავლით!?!?ახლა აიღეთ ეგ თქვენი ხისგან გამოთლილი თავი და ერთი წამით დაფიქრდით, თქვენი შვილი რომ მოკლას ასეთმა მანიაკმა, სულ ერტი იქნება დაისჯება თუ არა?! რომელ ღმერთს ახესენებთ არამკითხე ქრისტიანებო, თქვენზე რომ გაქვთ მორგებული სხვისთვის ხელის საქნევად!?! სექტანტებო თქვენ! თურმე ქართველები ვენდეტას ხალხი ვართ, სიამოვნებით მივახლიდი ბრეივიკს ტყვიას იმ გაციებულ და ცინიკურ სიფათში, ხომ არ გეწყინებათ ქალბატონებო!?!??!იჯექით მერე თქვენ და ილოცეთ მისი სულის გადასარჩენად,ჰუმანიზმის ეტალონებო! დახმარება ჭირდება ოჯახს,თუ შეგიძლიათ დაეხმარეთ, მადლი აქაა,აქ!!

რედაქტორის რჩევით