"ხუსკივაძე ტყუის, ის ძაღლის მოჭრილი თავით "მარიაჟობდა" - კვირის პალიტრა

"ხუსკივაძე ტყუის, ის ძაღლის მოჭრილი თავით "მარიაჟობდა"

"გინახავთ, მატარებელს ასე სუფთად გადაეჭრას თავი მსხვერპლისთვის?"

საზოგადოებაში ახალი "გმირი" გამოჩნდა. კაცი, რომელიც ძაღლს ჯერ თოფით კლავს, შემდეგ თავს აჭრის და ფოტოკამერის წინ პოზირებს. ფოტო, რომელზეც არგვეთელი თამაზ ხუსკივაძე ძაღლის მოჭრილი თავით იწონებს თავს, მასობრივი აღშფოთების მიზეზი გახდა.

ეს ამბავი ალბათ, ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყურამდეც მიაღწევს, მანამდე კი საქმეს პროკურატურა იძიებს. ხუსკივაძე აღიარებს, ძაღლი კი მოვკალი, მაგრამ თავი არ მომიჭრიაო. "თოფი ვესროლე. დაჭრილი ლიანდაგისკენ გაიქცა და მატარებელმა გადაუარა, თავიც მაშინ გადააჭრა, მე კი გადაგდებას ვაპირებდი. არ ვიცი, ვინ გადამიღო ფოტო"...

"კვირის პალიტრას" ხელში ჩაუვარდა კიდევ ერთი ფოტო, რომელიც მკვლელისა და ძაღლის მეგობრობაზე მეტყველებს. თამაზის მამა, ფრიდონ ხუსკივაძე კი ამბობს, - "ორივე ფოტო მაიმუნობაა". არც იმას მალავს, რომ ძაღლი მასაც არ უყვარდა. "ჩვენ და კიკნაველიძეები მეზობლები ვართ. ბიბიმ ღობე გაგვიფუჭა. პატრონს ვთხოვე, დაება. მითხრა, - აღარ გვემორჩილება და იქნებ, ვინმემ მოკლასო" (?!).

მეზობლებიც ჟურნალისტებთან თამაზ ხუსკივაძის გამართლებას ცდილობენ, - ძაღლი ავი იყო, ბიჭს დაედევნა და იმიტომ მოკლაო. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ თამაზს ძაღლი არ უყვარდა, ცხოველიც გრძნობდა და უყეფდაო...

20 წლის თამაზსაც იმედი აქვს, რომ დაიცავს ალიბი, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ამბის გახმაურების შემდეგ შეითხზა, როცა საზოგადოების გულისწყრომამ პიკს მიაღწია. თამაზს, ძაღლის პატრონის გარდა არავინ უპირისპირდება...

ლეილა კიკნაველიძე, ძაღლის პატრონი: - "სოფელში რკინიგზის სატვირთო სადგურია. მატარებლებს ხშირად მოჰყვებიან მაწანწალა ძაღლები. პატარა კავკასიური ნაგაზიც ასე მოულოდნელად გამოჩნდა.  მშიერი დაბოდიალებდა, მოტეხილ ფეხს საცოდავად დაათრევდა, თავზე ჭრილობა ჰქონდა. შევიფარეთ, ვუმკურნალეთ, ბიბი დავარქვით. დიდხანს იყო მოწყენილი, ალბათ, დაკარგული იყო და ძველ პატრონს ელოდებოდა. ეტყობოდა, ჭკვიანი და გაწვრთნილი ძაღლი იყო. არავის ერჩოდა, ცოფზეც ავცერით. ტყუილია, ქუჩაში დარბოდა და ხალხს აშინებდაო. ვუშვებდით, ვიცოდით, რომ არავის ავნებდა. თამაზსაც მხოლოდ მაშინ უყეფდა, როდესაც ნასვამი იყო. ერთი-ორჯერ გამოეკიდა კიდეც, მაგრამ არ უკბენია. ერთხელ ჩემი შვილების თვალწინ ძაღლს ქვები დაუშინა. ვუსაყვედურე... მეჩხუბა, შინ შეიყვანე ძაღლიო. ახლაც ნასვამი ყოფილა. ბიბის შეუყეფია და გაჰკიდებია. თამაზს ჯერ თოფი უსვრია, მერე თავი მოაჭრა. ამბობენ, ძალიან წუხსო, მაგრამ ნორმალური კაცი ასე როგორ უნდა მოექცეს ცხოველს? თამაზის მამამ ისიც კი დაგვაბრალა, თითქოს ბიბის თავიდან მოშორება გვინდოდა. მამა-შვილი ტყუის! თამაზმა ძაღლს თავი მოაჭრა და მოჭრილი თავით "მარიაჟობდა".

ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის ხელმძღვანელი ვახტანგ მამალაძე მიიჩნევს, რომ ხუსკივაძე უნდა გასამართლდეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დღემდე ამ მუხლით არავინ დასჯილა.

ვფიქრობ, თავის დროზე რომ მოქნილად ამოქმედებულიყო კანონი, ცხოველებს დავიცავდით სადისტური მოპყრობისგან. პატრონებმა რომ ფული იშოვონ, ძაღლების სისხლიან შერკინებას უამრავი ძაღლი ეწირება, მომაკვდავ ძაღლებს ღია ცის ქვეშ ბედის ანაბარა ტოვებენ... ცალკე პრობლემაა ქუჩის ძაღლების უსულგულოდ განადგურება, რასაც ცხოველთა დამცველი ბრიჟიტ ბარდოც კი გამოეხმაურა და გიგი უგულავას საყვედურით სავსე წერილი მისწერა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ზოოპარკში ვიღაცამ ვოლიერის გისოსებიდან შველი ფეხით დაითრია და კიდური მოაჭრა... ვიღაცამ სირაქლემას ცეცხლი წაუკიდა და გამწარებული ფრინველის ტანჯვით გაერთო...

სამწუხაროდ, ასეთი უამრავი ფაქტის ჩამოთვლა შეიძლება, რაც, ფსიქოლოგების განმარტებით, არასწორი აღზრდის შედეგად მიღებულ ფსიქოლოგიურ და პიროვნულ პრობლემაზე მეტყველებს. ეს კი, თავის მხრივ, აღზრდის სისტემაზე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რომ ადამიანმა მოზარდობიდან იცოდეს, რატომ არ უნდა აწამოს ან მოკლას უდანაშაულო ცხოველი.

www.kvirispalitra.ge

თამთა: - გამოსავალი იპოვა, მთვრალი იყო და თავი დაიცვა? მაშ, ჩვენ რა გვეშველება, ადამიანზე საშიში ცხოველი არსებობს სადმე? ვხოცოთ ერთმანეთი და ეგ არის! ეგ სამკურნალო კი არა, მკაცრად დასასჯელია... ძაღლის პატრონის უმოქმედობა და ხათრიანობა მაოცებს. ხელიდან ვერ გამომართმევდნენ იმ უბედურს...

დიმა: - შეიძლება ასეთი ძაღლის გარეთ გამოშვება? გული უნდა გაგიხეთქოს კაცს? მაგრამ თუ გამოეკიდა და ამიტომ მოკლა, თავი რატომღა მოაჭრა? მატარებელმა მოაჭრა თავიო.  სასაცილოა. გინახავთ, მატარებელს ასე სუფთად მოეჭრას თავი მსხვერპლისთვის?! თან პაპარაცები დასდევენ თურმე... ამ სადისტის დასჯა გაკვეთილი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.

ქართველი: - ხალხო, რა ამბავი ატეხეთ ძაღლის გამო?! ადამიანები ძაღლს კი არა, ხალხს კლავენ... უშლიდა ნერვებს და მოკლა. თავი რომ მოაჭრა, ამის გამო უნდა მოეთხოვოს პასუხი.

დავით ელბაქიძე: - ამაზრზენია ცხოველისადმი ასეთი მოქცევა, მაგრამ ცხოველის პატრონმაც უნდა გაითვალისწინოს მისი მოვლის წესები! ძაღლი შეიძლება არ იკბინებოდეს, მაგრამ შეაშინოს ადამიანი, რაც არანაკლებ ზარალს აყენებს ამ უკანასკნელს. მაგალითად, გარეთ მოწანწალე პატრონიანი ძაღლისგან დაშინებულ 8 წლის ბავშვს მეტყველების დეფექტი განუვითარდა, 11 წლის ბიჭუნას კი - შაქრიანი დიაბეტი. თუ ძაღლი გინდათ, გყავდეთ, მაგრამ სხვა არ უნდა დააზარალოს თქვენმა ცხოველებისადმი თავგადაკლულმა ზრუნვამ!

ერიკო: - დღეს ძაღლი მოკლა, ხვალ ბავშვის ტირილი გააღიზიანებს, ან მოხუცის კვნესა და იმათაც თავებს დააჭრის?! ასე რომ ჩემს ძაღლს მოექცეს ვინმე, დავასახიჩრებ და დიდი სიამოვნებით ჩავჯდები ციხეში. ან ეგეთი მეზობელი რად გინდათ,  თქვენს ადგილას ბავშვებსაც მოვარიდებდი. ეგ არის ცხოველი და არა ის ლამაზი არსება... თან თურმე იმით არის დათრგუნვილი, ხალხის ასეთი რეაქცია რომ მოჰყვა მის საქციელს და არა იმით, რაც ჩაიდინა...