"პატრიარქის სიტყვა ჩემთვის კანონია" - კვირის პალიტრა

"პატრიარქის სიტყვა ჩემთვის კანონია"

"ინფორმაცია მართლმადიდებლური ეკლესიის დამცველისგან მივიღე"

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ ცილისწამებებს "სამწუხაროდ, დაემატა პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების დაპირისპირების შესახებ ცრუ ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსმა ანტონმა და დმანისის ეპისკოპოსმა ზენონმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქო ტახტიდან გადადგომა მოსთხოვეს".

საპატრიარქოს განცხადებით, ამ შინაარსის ინფორმაცია 2009 წლის 19 ნოემბერს გაზეთ "ჯორჯიან თაიმსში" დაიბეჭდა. "ვწუხვართ, რომ განმარტების შემდეგაც გაზეთის გამომცემელმა, ბატონმა მალხაზ გულაშვილმა ამ ცილისწამების გამო ეპისკოპოსებთან მიმართებაში დღემდე არ შეინანა, რის გამოც ეს მღვდელმთავრები და საერთოდ, წმ. სინოდი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არ გაკეთდა მიზანდასახულად, ამიტომაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ ბატონ მალხაზს, მოახდინოს ამ სიცრუის უარყოფა. მივმართავთ სხვა საინფორმაციო საშუალებებსაც, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებისაგან".

2009 წლის 19 ნოემბრის "ჯორჯიან თაიმსში" დაბეჭდილი წერილის გამო მალხაზ გულაშვილი ბოდიშს იხდის და პატრიარქს შენდობას სთხოვს. წერილში მოთხრობილი იყო, რომ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსმა ანტონმა და დმანისის ეპისკოპოსმა ზენონმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქო ტახტიდან გადადგომა მოსთხოვეს. საპატრიარქომ აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. იმის თაობაზე, თუ რატომ დაიბეჭდა გაზეთში არასწორი ინფორმაცია, "კვირის პალიტრას" თვით მალხაზ გულაშვილი ესაუბრა:

- ინფორმაცია ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა. იგი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გვაწვდიდა ინფორმაციებს და ჩვენც ვენდობოდით. ამჯერად, ვინაიდან აღნიშნულ სტატიას მოჰყვა პატრიარქის გულისწყრომა, მომხდარის გამო სინანული გამოვხატე. შევხვდი უწმინდესს, ვითხოვე შენდობა და გაზეთის მეშვეობითაც განვაცხადე, - პატრიარქის სიტყვა ჩემთვის კანონია. ისიც დავძინე, - რადგანაც სტატიამ  პატრიარქის გულისწყრომა დაიმსახურა, ეტყობა, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა-მეთქი. ახლა რატომღაც  ეპისკოპოსებმა ჩათვალეს, რომ მათაც უნდა ვთხოვო შენდობა, რადგანაც  სტატიაში ისინიც იყვნენ მოხსენიებულნი. კარგი, ბატონო, მათაც ვთხოვ შენდობას, თუმცა ვფიქრობ, რომ როგორც მართლმადიდებელი მრევლის ერთ-ერთ წარმომადგენელს, მეც შემიძლია დავსვა ერთი კითხვა.…

წლების წინ მათ დაწერეს განცხადება, სადაც სინოდალურ მმართველობაზე გადასვლა მოითხოვეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ეკლესია სინოდს უნდა ემართა და არა პატრიარქს. ამ  განცხადებას ხელი ეპისკოპოსებმა მოაწერეს, რაც გაზეთ "24 საათშიც" გამოქვეყნდა. მაინტერესებს, მათ თუ შეინანეს საკუთარი საქციელი ქართველი ხალხის ან პატრიარქის წინაშე?  თუ შეინანეს, პრესით რატომ აღარ გავრცელდა ამის თაობაზე ინფორმაცია? წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ განცხადება გამოქვეყნდა, საზოგადოებას კითხვები გაუჩნდა, ისინი კი დღემდე პასუხგაუცემელია.…

- ბატონო მალხაზ, საპატრიარქო ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევისაგან. ამ თემაზე თუ გქონდათ პატრიარქთან საუბარი და თუ მიიღეთ მისგან ეპისკოპოსებისთვის ასეთი კითხვების დასმის კურთხევა?

- ამ თემაზე ვისაუბრეთ, ხოლო კურთხევას რაც შეეხება, იქნებ მითხრათ, რატომ არ მაქვს უფლება, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი მივიღო?!

- მაგრამ, თქვენ ახლახან ისიც განაცხადეთ, რომ მზად ხართ შეინანოთ თქვენი საქციელი თუნდაც ეპისკოპოსების წინაშე.

- რა თქმა უნდა, შევინანებ. ერთ-ერთ მათგანს, ხონი-ბაღდათის ეპისკოპოსს შევხვდი და შენდობა ვთხოვე. მზად ვარ, სხვებსაც ვთხოვო შენდობა, მაგრამ მათაც ხომ შეუძლიათ გაჩენილ ეჭვებსა და კითხვებზე პასუხები გაგვცენ?! მაგრამ, ამ ეპისკოპოსებს სურთ ბრძოლა გამომიცხადონ...…

- რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ, რომ ბრძოლა გამოგიცხადონ?

- რა ვიცი, შენდობა პატრიარქს თუ ვთხოვე, ეს არ ნიშნავს, რომ ამით მთელ ეკლესიას ვთხოვ იმავეს?!

- ხომ ვერ გვეტყვით, თქვენი წყარო რომელ სფეროს განეკუთვნება?

- ზუსტად ვერ გაგიმხელთ, მაგრამ იგი იმ წრიდან არის, რომელიც ქართული მართლმადიდებლობის დასაცავად იბრძვის.

და აქვე მინდა "კვირის პალიტრაში" ხათუნა ოჩიაურთან გამოქვეყნებულ ინტერვიუზეც გავაკეთო კომენტარი, სადაც ჩემდამი ცილისმწამებლური განცხადება გაკეთდა. ხათუნა ოჩიაურმა თქვა, - მალხაზ გულაშვილს ორი თვის წინ შევხვდი "ევრაზიის დიალოგის" შეკრებაზე თურქეთში და ჩემს გაოცებას  საზღვარი არ ჰქონდა,  როცა აღმოვაჩინე, რომ ის იქ თურმე რუსეთის დელეგაციის წევრის სტატუსით იმყოფებოდაო. ეს გახლავთ აბსოლუტური ტყუილი, ცილისწამება. ქალბატონ  ოჩიაურს უნდა მოეხსენებოდეს, რომ ბევრ კონფერენციაზე მიწვევენ და ყველგან საქართველოს სახელით გამოვდივარ.

თვით ქალბატონი ხათუნა კი იმ ფორუმზე საერთოდ არ ყოფილა. მე ვიყავი საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც კონსტრუქციულად მივმართე აფხაზებს, ოსებს... რუსეთს კი მოვუწოდე, რომ ახალი პოლიტიკა ააწყოს საქართველოსთან და მისი ჯარი გაიყვანოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. ჩემმა გამოსვლამ მხურვალე ტაში დაიმსახურა, ამის დამადასტურებელი ჩანაწერიც მაქვს. ამ ფაქტის დამახინჯება ოჩიაურის მხრიდან ჩემთან ბრძოლის ერთ-ერთი გამოხატულებაა.