ეკლესია, სადაც საუკუნეებია, ფეხი არავის დაუდგამს - ქართველთა დაბრუნება კოპში
25-11-2013
ეკლესია, სადაც საუკუნეებია, ფეხი არავის დაუდგამს - ქართველთა დაბრუნება კოპში
ეკლესია, სადაც საუკუნეებია, ფეხი არავის დაუდგამს

"კოპის ციხე გვიან შუა საუკუნეებში ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენციის ნაწილი უნდა ყოფილიყო"


სანამ ზოგიერთი ქართველი საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას ითვისებს (საზოგადოებამ ახლახან გაიგო ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოს ნაწილის გაყიდვის ამბავი), ღირსეულ ქართველთა ერთი ჯგუფი ცდილობს, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში საკუთარი სახსრებით უმნიშვნელოვანესი ექსპედიციები მოაწყოს და განადგურების პირას მისული ყველა კულტურული ძეგლი მანამდე შეისწავლოს, ვიდრე კედლებზე ფრესკებად და წარწერებად შემორჩენილ ისტორიასთან ერთად დავიწყებას მიეცემა.

რამდენიმე დღის წინ
მოგზაურთა და მთამსვლელთა ჯგუფმა "თეთნულდმა" გადაწყვიტა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ, მკვლევარ ბუბა კუდავასთან ერთად ტაოში კოპის ციხის ეკლესია მოენახულებინა, სადაც, სავარაუდოდ, ორ საუკუნეზე მეტია, ქართველთაგან არავის, მით უფრო - მეცნიერებს, ფეხი არ დაუდგამთ. ტაძრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის სოფელი კოპი. თუმცა, დიდი ხანია, აქედან ქართველები
აყრილან და მხოლოდ ქურთები ცხოვრობენ.
კოპის ციხის ეკლესიაში მთამსვლელთა საგანგებო აღჭურვილობის გარეშე ვერ ახვალ. ორი წლის წინ ამიტომაც მოსცარვია ხელი შეუიარაღებელ ბუბა კუდავას, რომელმაც ციხის და ეკლესიის შორიდან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა და დაწერა, საუკუნეებია აქ ქართველს ფეხი არ დაუდგამსო. "თეთნულდელ" მკვლევარ ირაკლი ჯულაყიძეს, სწორედ მაშინ გადაუწყვეტია კოპში ჩასვლა, სპონსორებიც მოუძებნია და ბუბა კუდავასთვის შეუთვლია, ხომ წამოხვალო?

ბუბა კუდავა: - "თეთნულდელების" შემოთავაზება ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო. 15 ნოემბერს გავემგზავრეთ ისტორიულ ტაოში, ბარდუსის ხეობაში. მოვინახულეთ თითქმის შეუსწავლელი კოპის ციხე, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში, ზემოთ, არის დარბაზული ეკლესია, რომელიც თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილს ჭოგრიტით დაუთვალიერებია და თავის ნაშრომში აღუწერია. ექვთიმემდე და შემდეგაც ქართველ მეცნიერებს ეს ეკლესია არ უნახავთ. არსებობდა ჩვენი კოლეგების - ირინე გივიაშვილისა და ირაკლი კოპლატაძის ზეპირი ინფორმაცია - ისინი იცნობენ კოპის ციხეს. ადგილობრივი მოსახლეობა ოდესღაც, სანამ ასასვლელი ჩამოიქცეოდა, თურმე ახერხებდა ეკლესიაში აღწევას.
ასეთი კლდეში ნაკვეთი ციხეები საქართველოში, ძირითადად, მტრისგან გამოქცეული ხალხის თავშესაფარი იყო. კოპის ციხე კი არის ჩვეულებრივი ციხესიმაგრე, საიდანაც აკონტროლებდნენ ქვევით გამავალ გზას და სათვალთვალო პუნქტს. ამაზე მეტყველებს ეკლესიის არსებობაც, რომელიც თითქმის ყველა ციხესიმაგრეს ჰქონდა, მაგრამ იშვიათად - თავშესაფრებს.

- რა დაგხვდათ ზემოთ ასულებს?
- სანახევროდ გადარჩენილი ეკლესია, მოხატულობის ორი ფენით. ძველი ფენა გადალესილი და ამის გამო ძალიან დაზიანებულია. საფასადე წყობით და სამშენებლო ტექნიკით ეკლესია მეცამეტე საუკუნის უნდა იყოს. ამაზე მეტყველებს მოხატულობის პირველი ფენა და ნაკაწრი წარწერები. ზედა ფენა მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნისა ჩანს, როდესაც ამ ტერიტორიაზე სამცხე-საათაბაგო ყალიბდებოდა. შესაბამისად, კოპის ციხე გვიან შუა საუკუნეებში ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენციის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ამაზე მეტყველებს კლდის პირას აშენებული მცირე დარბაზული ეკლესია და მის მახლობლად შემორჩენილი დარბაზის ნანგრევები. დარბაზული ეკლესიის წარწერებში მოხსენიებულია მზეჭაბუკი, სავარაუდოდ, ჯაყელების ცნობილი მზეჭაბუკ ათაბაგი, რომელიც განაგებდა ამ სამთავროს მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში. მიმაჩნია, რომ Aახალი აღმოჩენა კოპის ციხის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის და მეტ კვლევას ითხოვს. ჩვენ ახლა ხელთ გვაქვს საისტორიო ლიტერატურისთვის უცნობი ფრესკული მხატვრობის ახალი ნიმუშები - საკვლევი მასალა ხელოვნებათმცოდნეებისთვის. ასევე გვაქვს აქამდე უცნობი ნაკაწრი, ნუსხურით და მხედრულით შესრულებული წარწერები. ტაო-კლარჯეთში უამრავი ისტორიული ძეგლია არა მარტო შეუსწავლელი, არამედ - აღმოსაჩენიც. სამწუხაროდ, არ გვაქვს ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომლის საშუალებით შეგვეძლება დავადგინოთ, რომელ ტერიტორიაზე რა ძეგლები გვაქვს და როგორ მდგომარეობაშია ისინი. კოპის ციხეზე კვლავ ვაპირებთ ასვლას, ზუსტი პალეოგრაფიული ასლები უნდა გადავიღოთ. სასურველია, ჩვენთან ერთად იყოს მონუმენტური ფერწერის სპეციალისტიც, რომელიც არა მხოლოდ ჩემი ფოტოების საშუალებით, არამედ ადგილზე გაეცნობა მოხატულობას, დეტალურად აღწერს და შეისწავლის მას. 
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები