"მიწაზეც ქართველები ვართ, მიწაშიც ქართველები ვართ და ცაშიც ქართველები ვართ, ჯურხა" - კვირის პალიტრა

"მიწაზეც ქართველები ვართ, მიწაშიც ქართველები ვართ და ცაშიც ქართველები ვართ, ჯურხა"

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ქრისტემდე V-IV საუკუნეების ხელოვნების ნიმუშებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს ათასობით დამთვალიერებელი ჰყავს. მეც ვუყურებ ოქროს ნატიფ ყელსაბამს და ვფიქრობ: სამკაული, რომელიც ამდენი ხნის წინ გაუკეთებია ხელოვანს და რომელსაც, ვინ იცის,

რამდენი ულამაზესი ქალბატონი დაუმშვენებია, დღეს ამ ვიტრინაში მოქცეული, უძველეს ამბებს მიამბობს. საირხემ, სადაც ეს ნივთებია აღმოჩენილი, კარგა ხანია მსოფლიოს არქეოლოგებს დაანახვა, რომ საქართველო მხოლოდ ვანის კულტურა არ არის, რომ აქ უძველეს დროს მაღალგანვითარებული და ძლიერი სახელმწიფო იყო. ანაზდად მახსენდება ის, ვისაც საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ეს გამოფენა მიუძღვნა - კეთილშობილი ადამიანი, დიდი მეცნიერი, არქეოლოგი ჯურხა ნადირაძე. მისი ხელმძღვანელობით გათხრილ სამარხებში ნაპოვნი უამრავი ნივთი ინახება მუზეუმის საცავებში. გამოფენილი მხოლოდ ნაწილია...

მე ახლა იმაზე მინდა გიამბოთ, რასაც მუზეუმის საცავები კი არა, ადამიანთა გულები ინახავს. თითქოს ვხედავ კიდეც ექსპედიციიდან დაბრუნებულ ჯურხა ნადირაძეს, შინ შესვლისას რომ მიახარებდა მეუღლეს: - მოდი, თამრიკო, ნახე, საქართველო V-IV საუკუნეებში რა იყო!.. ოჯახიც და მისი მეგობრებიც მისი აღმოჩენებით ცხოვრობდნენ, ხარობდნენ.

ფოტოს შემოუნახავს ბატონი ჯურხა. ჩრდილში წამოწოლილი მუხრან მაჭავარიანი რაღაცას ჩაუფიქრებია. ზუსტად არ ვიცი, რაზე საუბრობენ, მაგრამ ვხვდები, საქართველოზე საუბარს არ ასცდებოდნენ.

ჯურხა ნადირაძის ოჯახში ინახებოდა გურამ რჩეულიშვილის წერილი მეგობრისადმი: "ნამდვილად ამშვენებს ადამიანი ბუნებას, ვუყურებდი ზღვას და ვერ წარმომედგინა, რომ ამ სიმშვენიერეში კაცმა კაცს აწყენინოს, შემიყვარდა ამ საღამოს ჩვენი პლანეტა, ალბათ მოვა დრო, როცა (შეიძლება ჩვენ ვეღარ მოვესწროთ) განვითარდება ასტრონომია, საპლანეტთაშორისო მოძრაობა, მაგრამ ადამიანი ისე დაიცავს და ისე შეიყვარებს მთელ დედამიწას, როგორც ჩვენ - მე და შენ საქართველო გვიყვარს".

დედამიწის სიყვარული კი საქართველოს სიყვარულით იწყებოდა...

ცუდი დრო იყო. მაშინ აშკარად რას იტყოდა, ან დაწერდა კაცი! მაინც ახერხებდნენ სათქმელის ამოთქმას. ჯურხას ვაჟს, შალვას, ახსოვს, როგორ წაიყვანა მამამ ერთ დღეს მეგობართან - ერლომ ახვლედიანთან, როგორ ნახა იქ შეკრებილი ახალგაზრდები, რომლებსაც ერლომი "ბიბლიას" უკითხავდა. არ დაგავიწყდეთ: 1981 წელი იდგა!

კიდევ ახსოვს, როგორ მოიტანა მამამ ვაზის ნერგები და როგორ დაარგვევინა შვილს ფანჯრების წინ.  მერე ის ვაზი გაიზარდა და გაძლიერდა, ნაყოფიც მოისხა და ჯურხამ თავის პატარა ნათლულს დააწურვინა იმ ყურძნის ღვინო.

ამბობენ, ექსპედიციაში ძნელად აღსაზრდელ ბიჭს რომ გაატანდნენ მუშად, იქიდან ეროვნული მოძრაობის წევრად აბრუნებდაო.

ერთხელ მისი ბიძაშვილი გოგონა შეუშინებია ვიღაც ქურდს თუ ყაჩაღს სადარბაზოში. გამოცვენილან ნადირაძეები - ცნობილი ძმები (ექვს ძმას ერთი და ჰყავდათ), გაუწევია ჰასან (გიორგი) ნადირაძეს საცემრად. ჯურხას შეუჩერებია: მოდი, ეს კაცი შინ შევიყვანოთ, თითო ჭიქა დავლიოთ, მოვუსმინოთ, ეგება და არც არის ცუდი კაცი და შეეშალაო... მართლა შეუყვანიათ. ამ სახლიდან წასვლის მერე შეიცვლებოდა, აბა, რას იზამდა!

ტყუილსა და ცილისწამებას ვერ იტანდა. სწორედ იმ პერიოდში ატყდა ხმაური: "დათა თუთაშხია" ჭაბუა ამირეჯიბის დაწერილი არ არისო. შვილმაც ჰკითხა მამას: ასე ამბობენ და შენ რას ფიქრობო. უამბო: თრიალეთის ხეობაში ვიყავით მუხრანი, ჭაბუა და რამდენიმე სხვა მწერალი, ვთევზაობდით. მოსაღამოებულზე ცეცხლი დავანთეთ. ჭაბუამ ხელნაწერი ამოიღო. მაშინ ბუდარა და ბუდარიხა მოთხრობად ჰქონდა დაწერილი და წაგვიკითხა. აზრი გვკითხაო.

ხშირად იკრიბებოდნენ მეგობრები ჯურხას ეზოში, იქ, სადაც ღვინოს ინახავდა. დასხდებოდნენ ლევან სანიკიძე, იორამ ქემერტელიძე, გივი ძნელაძე, მუხრან მაჭავარიანი... შინიდან გამოატანინებდნენ, რაც ეგულებოდათ და "სხდომა" იწყებოდა. პატარა მწერალთა კავშირი იყო გარაჟში. თვითონ ჯურხა მარტო არქეოლოგი არ ყოფილა. არაერთი საინტერესო მოთხრობა აქვს დაწერილი ბავშვებისათვის. რეზო ინანიშვილმა მის ნაწერებში "სინათლით სავსე ქართული" დაინახა.

უმცროს შვილს რომ ელოდნენ ჯურხა და მისი მეუღლე, მუხრან მაჭავარიანმა და მამამ პატარას სახელი შეურჩიეს - საბა. გოგონა გაჩნდა. გული არ გაიტეხეს, კარგა ხანს ორივე საბას ეძახდა ნათიას.

უყვარდა სოფელი ჭორვილა. ერთგან მარტოხელა მოხუცი ეგულებოდა. ისე არ გაივლიდა, ნობათი არ მიეტანა მისთვის. ის მოხუციც ელოდა უცნობ კეთილ კაცს...

საკმაოდ ახალგაზრდა, 64 წლისა, მძიმედ დაავადდა. დიდი ტკივილები ჰქონდა. ერთი არ დაუკვნესია. უმცროს ძმაზე 20 წლით უფროსი იყო. მისი გაზრდილი იყო ელდარი. ბოლოს უთხრა: ბევრი რამ გასწავლე ცხოვრებაში, ახლა ისწავლე, სიკვდილს როგორ უნდა შეხვდეო.

როცა ჯურხა ნადირაძე აღარ იყო, მისი ვაჟი იმ ცაცხვის ხესთან მივიდა ჭორვილაში, ერთხელ რომ უთხრა მამამ, ჩემი შესანდობარი ამ ხის ძირში დალიეო. დამუნჯებული უყურებდა ამ სილამაზეს. მერე წითელი ღვინო აიტანა, იქაურებს დაუძახა და შესანდობარი დაალევინა.

ჯურხა ნადირაძეს უამრავი ლექსი უძღვნეს ქართველმა პოეტებმა. მორის ფოცხიშვილის სტრიქონებმა შარშანდელი ომიც გამახსენა და მომავალ განსაცდელებზეც დამაფიქრა. ჯურხა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ, ისიც ამ სიტყვებით მისცემდა საქართველოს იმედს:

"კვლავ ნადირობენ გენებზე, მუხა თუმც რჩება მუხად, -

მიწაზეც არ გვასვენებენ,

მიწაშიც არ გვასვენებენ

და ცაშიც არ გვასვენებენ, ჯურხა!

ხელს ნუ ჩაიქნევ ურწმუნოდ,

სულ უიმედოდ ნუ ხარ! -

მიწაზეც საქართველოა,

მიწაშიც საქართველოა,

და ცაშიც საქართველოა, ჯურხა!

რა მოხდა, ფერფლად ქცეული

სამაროვნებიც ჰქუხან, -

მიწაზეც ქართველები ვართ,

მიწაშიც ქართველები ვართ

და ცაშიც ქართველები ვართ,

ჯურხა!

სიკვდილის ლექსს ვთხზავ ზეპირად,

სიცოცხლეს ვფლანგავ უხვად, -

მიწაზეც პოეტები ვართ,

მიწაშიც პოეტები ვართ

და ცაშიც პოეტები ვართ, ჯურხა!"