ვინ უნდა იყოს ქალაქის მერი? - კვირის პალიტრა

ვინ უნდა იყოს ქალაქის მერი?

თქვენ გეძლევათ სიტყვა!

მას შემდეგ, რაც მმართველმა ძალამ მერობის კანდიდატად რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია დაასახელა, ამ თემაზე დისკუსია საზოგადოების სხვადასხვა წრეში არ ცხრება. ერთნი ამბობენ, თბილისს თბილისელი ქალაქისთავი უნდა ჰყავდესო, მეორენი კი ბატონ დავითს წუნს ვერ სდებენ...

სარწმუნო წყაროს ცნობით, მმართველი პარტიის კულუარებში მერობის რამდენიმე კანდიდატი განიხილებოდა. მათ შორის ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. "ქართულმა ოცნებამ" დავით ნარმანიას დაუჭირა მხარი, მაგრამ მთავარია, ვის აირჩევს თბილისის მოსახლეობა...

გივი ბერიძე, თბილისელი: "ნარმანია საქმიანი კაცია, ყველაფერს დროულად და ხარისხიანად აკეთებს, მაგრამ გავიგე, რომ ნიკო ლეკიშვილი აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. 78 წლის კაცი ვარ, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი, ამიტომ მინდა, ჩემი ქალაქისთავიც თბილისელი იყოს, რადგან ის მშობლიური ქალაქის სხვაგვარი გულშემატკივარი იქნება. თუ არჩევანის გაკეთება ნარმანიასა და ლეკიშვილს შორის მომიწევს, ლეკიშვილს ავირჩევ. პლეხანოველი კაცია და სულ სხვანაირი გული ექნება ქალაქზე".

ლექსო დვალიძე, თბილისელი: "ჩარი-სე გავაგორო და გეტყვი, რასაც ვფიქრობ ნარმანიაზე. კარგი, იყოს ფანჯი-სე! ჭკვიანი ბიჭია ნარმანია და იყოს მერი, რატომაც არა! თუმცა, ჯერ ნაადრევია ამაზე ლაპარაკი, რადგან არ ვიცით, კიდევ ვინ იბრძოლებს მერობისთვის. მართალია, წინა ორი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა მოიგო, მაგრამ ახლა ვითარება განსხვავებულია - ბიძინა პოლიტიკიდან წავიდა და ნარმანიას მოუწევს დაგვიმტკიცოს, იმსახურებს თუ არა თბილისის მართვა ვანდოთ"!

ია ბერუაშვილი, თბილისელი: "ძალიან მინდა, თბილისის მერი ქალი იყოს. ის უფრო ახლოს მიიტანდა გულთან, მაგალითად, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი დედების საწუხარს. 6 შვილის დედა ვარ და გაუსაძლის პირობებში ქირით ვცხოვრობ. არ ვმუშაობ, მთელი ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც 125 ლარია. ამ ფულით ბინის ქირაც უნდა გადავიხადო და შვილებიც ვარჩინო, რაც წარმოუდგენელია. მეზობლები და ნათესავები რომ არ გვეხმარებოდნენ, შიმშილით დავიხოცებოდით. უგულავას ყურამდე კი მივიტანე ჩემი გასაჭირი, მაგრამ მის გულამდე ვერ მიაღწია... თუ ნარმანია ყველა თბილისელის სატკივარს გაიზიარებს, მეც მას დავუჭერ მხარს".

ლუარა ბასარია-ნაჭყებია, თბილისელი: "თბილისის მერი აუცილებლად სამეგრელოდან უნდა იყოს! ხომ იყო, ბატონო, ზოდელავა, უგულავა და ახლა უნდა იყოს ნარმანია!.. მერწმუნეთ, სამეგრელოში დაბადებული და გაზრდილი უფრო მოინდომებს და მეტს გაუკეთებს ქალაქს, ვიდრე სხვა. ძალიან მინდოდა, პრეზიდენტი ალასანია ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. რას უწუნებენ ნარმანიას, ვერ გავიგე: მეგრული კილო აქვს, ინტონაცია არ უვარგაო... მე ღარიბაშვილის ინტონაციაც არ მომწონს, მაგრამ რას დავეძებ მის ლაპარაკს, მთავარია, საქმე გააკეთოს. ამიტომ ძალიან მაგრად დავუჭერ მხარს ნარმანიას!"

ნანა ძნელაძე, თბილისელი: "არ არის სწორი, როცა თბილისის მერიც ბიძინა ივანიშვილის კადრია. ეს ავტორიტარული გადაწყვეტილებაა და აშკარაა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გასამარჯვებლადაც ივანიშვილი საკუთარ ავტორიტეტს იყენებს. ნარმანიას, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, რომ მიეღო მონაწილეობა, შეუძლებელია, გაემარჯვა. ახლა კი, ალბათ, ისევ ბიძინას ხათრით მისცემს ხალხი ხმას. ხომ იცით, თბილისი პატარა ქალაქია, არაფერი იმალება - ამბობენ, როგორც კი ნარმანიას კანდიდატურა დასახელდა, მას მაშინვე დაურეკავს ზუგდიდში ახლობელ-ნათესავებთან: მერიაში უცხოს ვერავის მივიყვან და ყველა ჩემთან უნდა წამოხვიდეთ სამუშაოდო. ვისურვებდი, რომ მერიამ ახლა მაინც დაივიწყოს კადრების შერჩევა ნათესაურ-მეგობრული ნიშნით და საჯარო სამსახურში სხვადასხვა ვაკანსიაზე საჯარო კონკურსი გამოაცხადოს, სადაც თანამშრომლებს ნიჭისა და შესაძლებლობის მიხედვით აიყვანენ".

ნუკრი მჟავანაძე, თბილისელი: "სააკაშვილმა ბევრი რამე გააკეთა თბილისისთვის და არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ ხალხს ისევ ძალიან უჭირს. სავსეა "მშრალი ხიდი" გარე მოვაჭრეებით, უმეტესობა ოჯახიდან გამოტანილ ნივთებს ყიდის, რომ შიმშილით სიკვდილს გადაურჩეს. ეს ადგილი ყველაზე კარგად ასახავს რეალობას - იცვლება პოლიტიკური დროშები, ატრიბუტიკა, პარტიები, მაგრამ ხალხი ისევ უკიდურეს სიდუხჭირეშია. მე ისეთი მერი მინდა, ვინც ქალაქში დასძლევს უმუშევრობას და ხალხს საარსებოდ ნორმალურ პირობებს შეუქმნის".

გიორგი მებონია, თბილისელი: "პირდაპირ გეტყვით, ნარმანია თუ მერი გახდა, დიდ შარში გაეხვევა! იცით, რამდენი "ნაღმი" დახვდება მერიაში?.. ამ უწყებას და იქ მიმდინარე პროცესებს კარგად ვიცნობ. წლების განმავლობაში მერია უსამართლოდ ატარებდა ტენდერებს, ხდებოდა ე.წ. "ატკატები" ბიუჯეტის ფულით, არამიზნობრივი ხარჯები და სხვ. ნარმანიას ყველაფრის დალაგება მოუწევს და შეძლებს ამას?! გახსოვთ ალბათ, სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებული გახმაურებული ტენდერი, რომლის შედეგად მოსახლეობას მგზავრობის საფასური 80 თეთრამდე გაუძვირდა. ნარმანიამ უპირველესად, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, შეძლებს აღადგინოს სამართლიანობა, დაუპირისპირდეს სხვადასხვა ბიზნესკლანს, გაუძლოს ცდუნებას და მსგავსი ტენდერები გააუქმოს? თუ ასე არ მოიქცევა, ძალიან უსიამოვნო ვითარებაში ჩაიგდებს თავს".