ის ან უყვარდათ და პატივს სცემდნენ, ან სძულდათ და ვერ იტანდნენ - კვირის პალიტრა

ის ან უყვარდათ და პატივს სცემდნენ, ან სძულდათ და ვერ იტანდნენ

როდესაც ბავშვობაში წაკითხულ წიგნს კაცი ზრდასრულ ასაკში მიუბრუნდება, ორგვარი განცდა ეუფლება - უხარია, თითქოს კარგ ნაცნობს შეხვდა და თან ინტერესიც იპყრობს: ნეტავ მართლა ისეთია, როგორიც მახსოვს, თუ?.. ანუ ძველ ამხანაგთან შეხვედრას სიახლის მოლოდინი მაინც ახლავს ხოლმე... რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ახალი კარგად დავიწყებული ძველია...

"ბიძია ტომის ქოხის" შემთხვევაში ეს მოლოდინი მართლდება იმით, რომ აღმოაჩენ - თურმე ემოციური, ძალზე რელიგიური, შთამბეჭდავი წიგნია და სულაც არ არის იმდენად სენტიმენტალური და მარტივი, როგორც სტერეოტიპულად ჰგონიათ ხოლმე... XX საუკუნეში "ბიძია ტომის ქოხი" ლამის ასპროცენტიან საბავშვო ლიტერატურად იყო მონათლული, არადა,  XIX საუკუნეში ეს წიგნი მსოფლიო ბესტსელერი გახლდათ, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდესი როლი შეასრულა. მარტივად რომ ვთქვათ, რომანი სულაც არ დაწერილა ყმაწვილთათვის - ის სრულიად გარკვეული მიზნით, საზოგადოების გამოსაფხიზლებლად დაიწერა, და თავისი მისია პირნათლად შეასრულა - მთელი ამერიკა შეძრა და იქნებ სამოქალაქო ომის დაწყებასაც კი მისცა ბიძგი. ამ თვალსაზრისით "ბიძია ტომის ქოხის" ისტორიული როლის შეუფასებლობა აშკარად უსამართლობა იქნებოდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ როდესაც პრეზიდენტმა ლინკოლნმა თეთრ სახლში მიიღო ჰარიეტ ბიჩერ-სტოუ, ასე მიმართა: "ო, ეს თქვენ ბრძანდებით ის პატარა ქალბატონი, რომლის წიგნმაც ესოდენ დიდი ომი გამოიწვია!"

რომანში ბევრი საინტერესო, დრამატული, ტრაგიკული ამბავი ხდება, მაგრამ, რაც მთავარია, "ბიძია ტომის ქოხი" არაჩვეულებრივი მხატვრული ძალით აღწერს ფერადკანიანი მონების გაუსაძლის, დუხჭირ, ტანჯვა-წამებით აღსავსე ცხოვრებას ამერიკის სამხრეთში - როდესაც ადამიანი ადამიანად კი არ ითვლება, არამედ პირუტყვად, რომელსაც, რასაც გინდა, იმას უზამ.

ჰარიეტ ბიჩერი (სტოუ ქმრის გვარია) დაიბადა ლინფილდში 1811 წელს, მეტად რელიგიურ, მრავალშვილიან ოჯახში - მე-7 იყო 13 ბავშვიდან. მამა, ლიმან ბიჩერი, ცნობილი პროტესტანტი მქადაგებელი და თეოლოგი გახლდათ, დედა, როქსანა ფუტი, ასევე ღრმად მორწმუნე ქალი ბრძანდებოდა. მომავალი მწერლის უფროსი და კატარინა ცნობილი პედაგოგი და რელიგიური მწერალი იყო, ძმები - ჰენრი, ჩარლზი და ედვარდი კი პასტორები გახდნენ. ჰარიეტმა დაამთავრა სემინარია და 21 წლის ასაკში  საცხოვრებლად გადავიდა ცინცინატიში, სადაც მამამისი "ლეინის თეოლოგიური სემინარიის" პრეზიდენტი გახდა. იმ ქალაქში ჰარიეტი ლიტერატურულ კლუბ-სალონში შევიდა, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე, კალვინ ელის სტოუ, სემინარიის პროფესორი, ქვრივი კაცი. ჰარიეტი და კალვინი 1836 წელს დაქორწინდნენ და 7 შვილი შეეძინათ. ჰარიეტის მეუღლე მონობის მგზნებარე მოწინააღმდეგე იყო, ასეთივე განწყობა ჰქონდა მომავალ მწერალ ქალსაც. ცოლ-ქმარი  თავის პოზიციას საქმით გამოხატავდა - გაქცეულ ზანგ მონებს ეხმარებოდნენ, კანადაში ან იმ შტატებში გადაჰყავდათ, სადაც მონობა აკრძალული იყო. არადა, 1850 წელს კონგრესმა გამოსცა კანონი გაქცეული მონების შესახებ, რომელიც კრძალავდა მათ დახმარებას. ასე რომ, ცოლ-ქმარ სტოუს მოქმედება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.

თუმცა ჰარიეტი გრძნობდა, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო, ანუ სურდა საზოგადოებისთვის მონობის ანტიადამიანური არსი დაენახვებინა. მან 40 წლის ასაკში, აბოლიციონისტურ ჟურნალ „Nატიონალ Eრა“-ში დაიწყო რომანის ბეჭდვა, რომლის სახელწოდება თავდაპირველად გახლდათ "კაცი, რომელიც იყო ნივთი"  და რომელიც კანადაში გაქცეული მონების მოგონებებს ეყრდნობოდა. რომანი ჟურნალში ნაწილ-ნაწილ, ყოველკვირეულ ნომრებში ქვეყნდებოდა.

"ბიძია ტომის ქოხი" წიგნად 1852 წლის 20 მარტს ჯონ პ. ჯუიტმა ორ ტომად გამოსცა. საწყისი ტირაჟი 5.000 ეგზემპლარს შეადგენდა. წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა - წლის განმავლობაში იმ დროისთვის წარმოუდგნელი, ფანტასტიკური ტირაჟით გაიყიდა: 300.000 ცალად. მალევე ითარგმნა 36 ენაზე და ამჯერად უკვე მსოფლიო ბესტსელერი გახდა, საერთო ჯამში 3 მილიონ ეგზემპლარად გამოიცა.

რომანის გამოსვლისთანავე სამხრეთ შტატებში დაიწყო კამპანია ჰარიეტ ბიჩერ-სტოუსა და მისი წიგნის წინააღმდეგ. პლანტატორები და მათი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ "ბიძია ტომის ქოხი" ყალბი წიგნია, რომ ამერიკის სამხრეთში ზანგ მონებს ოჯახის წევრებივით ეპყრობიან, ანუ მამაშვილურად.

დაიწყო წიგნების გამოცემა, რომლებიც მონათა მდგომარეობის სრულიად სხვა, იდეალიზებულ, "ვარდისფერ" სურათს ხატავდნენ ამ წიგნების ციკლს პირობითად "ანტიტომს" უწოდებენ, - სულ ოცდაათამდე ასეთი ნაშრომი გამოვიდა. მაშინ ჰარიეტ ბიჩერ-სტოუმ დაწერა და გამოაქვეყნა წიგნი "ბიძია ტომის ქოხის გასაღები", სადაც დოკუმენტურად დაამტკიცა, რომ მის მიერ აღწერილი სურათი რეალობას შეესაბამება.

ჰარიეტ ბიჩერ-სტოუ გარდაიცვალა 1896 წელს, 85 წლის ასაკში, საყოველთაო პატივისცემით გარემოცული - თუმცა სამხრეთ შტატებში მას ვერაფრით აპატიეს მონობის ესოდენ გულისშემძვრელი, სინდისის შემაწუხებელი აღწერა, ანუ მწერალი ქალის მიმართ შეერთებულ შტატებში გულგრილი არავინ იყო - ან უყვარდათ და პატივს სცემდნენ, ან სძულდათ და ვერ იტანდნენ.

დაკრძალულია ენდოვერში (მასაჩუსეტსის შტატი).

ირაკლი ლომოური