ვასილ კიკნაძე: "როგორ მოვატყუეთ მოსკოვი" - კვირის პალიტრა

ვასილ კიკნაძე: "როგორ მოვატყუეთ მოსკოვი"

არქივი, 2013 წელი

"თემურ ბაბლუანი რომ აბარებდა, კომისიის თავმჯდომარე ვიყავი."

"ნიჭიერი კაცი უნდა გვიხაროდეს და გვეამაყებოდეს... სხვა ყველაფერი წარმავალია..."

"ინსტიტუტში კინოფაკულტეტი ტროის ცხენივით შემოვაპარეთ"

მესამე სართულზე, აუდიტორიიდან ხმა ისმის: - ჩვენი უნივერსიტეტი 1923 წელს დაარსდა, ოქტომბერში 90 წლის გახდა. არსებითად, ამ ხნის მანძილზე აქ მომზადებულმა კადრებმა განსაზღვრეს თანამედროვე ქართული თეატრის და კინოხელოვნების დონე. ჩვენი უნივერსიტეტის, მაშინ ინსტიტუტის, პირველი კურსდამთავრებულები იყვნენ აკაკი ხორავა, სესილია თაყაიშვილი, ვასო გოძიაშვილი, ნიკოლოზ შენგელაია...

კარის ახლოს დერეფანში სტუდენტები დგანან:

- ვისაც ახსენებს, ყველას პირადად იცნობდა, - ამბობს ერთი.

- მარტო მაგათ? ვასო კიკნაძე მოსიარულე მატიანეა...

- აბა, რა იქნება, მგონი, დაარსების დღიდან აქ არის, - ეღიმება სტუდენტს. მერე იქვე, სარკეში იხედება და რამდენიმე ფრაზას ხმამაღლა, არტისტულად ამბობს რომელიღაცა პიესიდან. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის იატაკი კი მის ფეხქვეშ ჭრიალებს და თავის სიძველეს გახსენებს - 90 წლისაა, ცოტა ხომ არ არის?!

ამასობაში ბატონი ვასო კიკნაძეც ამთავრებს ლექციას. სტუდენტები გამოდიან. მე კი მის კაბინეტში შევდივარ.

- 1949 წელს ჩავირიცხე თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე. არადა, ჟურნალისტობა მინდოდა. ხონის ადგილობრივ გაზეთში მეათე კლასიდან ვბეჭდავდი წერილებს, რაიონში ყველა მიცნობდა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები. ქართული ენა და ლიტერატურა ფრიადზე ჩავაბარე, რუსულში ჩავიჭერი, მომერიდა შინ დაბრუნება და მივადექი თეატრალურს, სადაც გამოცდები გვიან ბარდებოდა. ასე ჩავირიცხე თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე.

მინდა, ჩემი ქართულის მასწავლებელი დადუ იოსელიანი გავიხსენო. X კლასში ვიყავი, როცა პოლიტიკური მოტივით გადაასახლეს. მისმა მეუღლემ მისამართი არ მომცა - პატიმართან მიწერ-მოწერა ხელს შეგიშლის მომავალშიო, ამიტომ მისი 5 წლის ბიჭი კანფეტებით "მოვქრთამე" - მამაშენის წერილი მანახე-მეთქი. გამომიტანა და გადმოვწერე მისამართი. ხუთი წელი ვუგზავნიდი წერილებს... გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, რუსთაველის თეატრში სალიტერატურო ნაწილის გამგე ვიყავი. კარში შეხვედრიან რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე. ვასო კიკნაძე აქ მუშაობსო? - უკითხავს. ჩვენი მასწავლებელიაო... ბედნიერი იყო. შენს წერილებს ვკითხულობდი და ვხევდი, პასუხს არ გწერდი, რომ არაფერი შეგმთხვეოდაო...

- მსახიობების ლხინზე ლეგენდები დადიოდა ხოლმე. თქვენ რას გაიხსენებთ?

- 1958 წელს, უკრაინაში რუსთაველის თეატრის გასტროლებისას, ხორავამ ითამაშა ოიდიპოს მეფე. უკრაინის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებმა გამიხმეს: სთხოვეთ აკაკი ხორავას, უფლება მოგვცეს, ხელზე ვემთხვიოთო. ხორავა ბავშვივით მორცხვი იყო, ამას ვერ ვეტყოდი. ვუთხარი, სტუდენტებს თქვენი გაცნობა უნდათ-მეთქი. მოვიდნენო. ხელზე რომ ემთხვივნენ, გაგიჟდა, - რას აკეთებთ, კაცოო!

რაიკომის და ცეკას მდივნებს დიდ პატივად მიაჩნდათ მსახიობთან, მწერალთან ნაცნობობა და მეგობრობა. ეროსი მანჯგალაძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა რომ თამაშობდნენ სპექტაკლში "ცეხავიკები", თეატრის წინ ელოდებოდნენ, რომ როგორმე საქეიფოდ წაეყვანათ.

ერთხელ ერთი კაცი გადამეკიდა, - ოღონდ ეროსისთვის ხელი ჩამომართმევინე და ასკაციან სუფრას გავუშლიო. გავაცანი... მართლაც საგანგებო სუფრა გაგვიშალა.

- თქვენ თვალწინ რეჟისორებისა და მსახიობების თაობებმა გაიარა...

- უკვე სამოცი წელია, ამ უნივერსიტეტის პედაგოგი ვარ. 32 წელი ვიყავი პრორექტორი. მიკვირს, როგორ ვახერხებდით იმ სისტემაში ამდენი ეროვნული საქმის გაკეთებას. ახლა კინოფაკულტეტის გარეშე წარმოუდგენელია უნივერსიტეტი. ამ ფაკულტეტის შექმნის მომსწრე და მონაწილეც გახლდით.

ყველა სპეციალობას, რომელზეც სტუდენტების მიღება ხდებოდა, აქვს შიფრი. უამისოდ საბჭოთა იმპერიაში ვერ გაიხსნებოდა ვერც ერთი ფაკულტეტი, მოსკოვი კი რესპუბლიკებს არ აძლევდა შიფრს კინოსარეჟისორო ფაკულტეტისთვის, აძლევდა მხოლოდ ლიმიტს, - ჩამოდით და აქ ისწავლეთო. ეს ხელს შეუწყობდა ასიმილაციას. ერთ დღეს გვეწვია ფილიპ ერმაში - სსრკ კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. მასაც ვთხოვეთ დახმარება. რად გინდათ, რომ ყოველ წელს რეჟისორები გამოუშვათ, ერთხელ მიიღეთ კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სტუდენტები, ამაში დაგეხმარებითო. წერილით წავიდა მოსკოვში თეატრალური ინსტიტუტის რექტორი ეთერ გუგუშვილი. დაადეს რეზოლუცია ერთჯერად მიღებას. მოგვანიჭეს შიფრი. 8 ადგილი მოგვცეს - 9 მივიღეთ. მეცხრე გოდერძი ჩოხელი გახლდათ... მომდევნო წელს ვიფიქრეთ, შიფრი ხომ გვაქვს, ერთი მიღება რომ წერია რეზოლუციაში, ვის ემახსოვრება, მოდი, ისევ მოვითხოვოთ მიღებაო. რექტორმა - ვასო, რას ვაკეთებთ, ეს ხომ აფერააო. თუ გაიგებდნენ ჩვენს ხრიკს: არ ვიცოდით, შეგვეშალაო, თავს ვიმართლებდით... გავგზავნეთ მMოთხოვნა. 18 კაცის მიღების ნება დაგვრთეს. მესამედაც იგივე გავაკეთეთ. სამი წელი ვერაფერი გაიგეს. მეოთხე წელს ოფიციალურად მოგვცეს ნება. ასე შემოვაპარეთ ტროის ცხენივით ინსტიტუტში კინოფაკულტეტი, ასე მოვატყუეთ მოსკოვი.

- ლექტორებს სტუდენტები ამახსოვრდებათ დიდი სიბეჯითით და დიდი ურჩობით, თქვენ ვინ დაგამახსოვრდათ გამორჩეულად?

- თუ შემოქმედს არ აქვს გადახრა, რა შემოქმედია? ჩემთვის ეს არის შემოქმედებითი გადახრა. ამ მხრივ, ურჩობაც, სიჯიუტეც სხვაგვარად გამოიყურება. მაგალითად, გალაკტიონი მიდიოდა ქუთაისში. მის მანქანას შეასკდა ჩიტი. გააჩერა, აიყვანა მკვდარი ფრინველი, ამოთხარა საფლავი და დაკრძალა ჩიტი. გაუკეთა ჯვარი. იდგა მდუმარედ. მერე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მეორე დღეს უკან მობრუნებული იმ ადგილზე ჩამოვიდა, მდუმარედ დადგა ჩიტის სამარესთან და წამოვიდა. რა ენა და მეცნიერება ახსნის ამას, ეს წარმოუდგენელი ფენომენია...

სერგო ზაქარიაძე "ფიროსმანში" რომ კვდებოდა, პორტრეტულად გუდიაშვილის სურათს, "ფიროსმანის სიკვდილს" აცოცხლებდა მაყურებლის თვალწინ. მაგრამ ის მართლა კვდებოდა. სიკვდილის თამაში ურთულესია, ყალბი გამოდის ხოლმე. რანაირად აკეთებ ამას, თითქოს განგიცდია, ადამიანი როგორ კვდება-მეთქი. მიამბო: ზესტაფონში ხიდზე მივდიოდი, ხიდის ქვეშ დავინახე, ორი ყმაწვილი ყომარს თამაშობდა. მერე ჩხუბი დაიწყეს. ერთმა დანა დაჰკრა მეორეს. ვუყურებდი ზემოდან და ხმას ვერ ვიღებდი, ვერც გავიქეცი, ვერც ვიყვირე, ვუყურე, როგორ მოკვდა ის ახალგაზრდა და ის მძაფრი განცდა დღემდე მახსოვსო. მეწყინა, როგორ არ იყვირე-მეთქი? მიმიხვდა... შენ ახლა ვერ გაიგე, რა გითხარიო. მსახიობის ფსიქიკა არ იციო... მაშინ იმასაც გიამბობ, რაც ერთხელ უშანგი ჩხეიძემ მითხრაო. უშანგი ჩხეიძე წლების მანძილზე არ გამოდიოდა შინიდან. ერთხელ მითხრა, - საწამლავი დავლიე და საოცარი რამ დამემართა. უცებ გამახსენდა ჰამლეტი - ჩემი როლი, ის სცენა, როცა ამბობს, "რად არ გიშრება ეს სხეული"... წამოვხტი, სარკესთან დავდექი და ვუყურებდი, როგორ შემოვიდოდა საწამლავი ჩემშიო... ამას ლოგიკით ვერ ახსნი.

აი, ამიტომაც, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი სხვა იყო... ჯავახიშვილის უნივერსიტეტში რომ წამოწოლილი კაცი ნახოთ, საშინელებაა, ჩვენთან - ნორმალურია.

- ვიცი, რომ ძალიან მფარველობდით სტუდენტებს...

- მართლაც ვცდილობდი... ერთ დღეს ჩემთან შემოვარდა ერთი ლექტორი და იყვირა, - ეს პროვოკაციააო. ჯგუფში ლექცია რომ დამთავრდა, თურმე მაგიდაზე ხოჭოებმა დაიწყეს სირბილი (უცხოეთიდან ჩამოუტანიათ მექანიკური ხოჭოები). გარიცხეთ ეს ხალხი სასწრაფოდო, - ყვიროდა გამწარებული. გამოვიძახე სტუდენტები. ვუყვირე, - გარიცხვის ღირსი კი ხართ, მაგრამ ეს ჰუმანური პედაგოგია და თანახმაა, მთელი წლით მოგეხსნათ სტიპენდია და არ გაირიცხოთ-მეთქი. არადა, იმ ლექტორს მსგავსი არაფერი უთქვამს, მაგრამ ხომ ვეღარ უარყოფდა... დამადგა თავზე, დავწერე ბრძანება, გადავეცი კადრების განყოფილების უფროსს, თან ჩავჩურჩულე, არ გაატარო-მეთქი...

გავიდა ერთი თვე. ისევ შემოვარდა ის ლექტორი: - სტუდენტებმა სტიპენდია მიიღესო. გამოვიძახე კადრების განყოფილებიდან თანამშრომელი, ბრძანება რატომ არ გაატარეთ-მეთქი?! თან თვალი ჩავუკარი. დამავიწყდაო... ახლავე გააფორმეთ-მეთქი... მეორე თვეშიც მიიღეს სტუდენტებმა სტიპენდია. ის ლექტორი აღარ შემოსულა. უთქვამს: გამაბითურესო. როგორ წამერთმია სტიპენდია სტუდენტებისთვის? ზოგი იმდენად ხელმოკლე იყო, პურის ფული უჭირდა...

ერთხელ შემოვიდა დეკანი - ბიჭები აცდენენ და მთელი ჯგუფი უნდა გაირიცხოსო. შემოვიყვანე კაბინეტში 14 ბიჭი. თავჩაღუნული იდგნენ. დავემუქრე, - აგაგლეჯთ ყურებს-მეთქი. არადა, იმხელა ვაჟკაცი მედგა წინ, მხრებამდე ძლივს ვწვდებოდი. თავები ასწიეს და თვალებგაბრწყინებული მიყურებენ. როცა დეკანი გავიდა, ვკითხე: ნაღველი ჩავიქციე ყვირილით და თქვენ რა გიხარიათ-მეთქი. ვიცით, მაინც არ გაგვრიცხავთო.

- მისაღები გამოცდებიდან ერთ მცირე ეპიზოდს მაინც თუ გაიხსენებთ?

- თემურ ბაბლუანი რომ აბარებდა, მისაღები გამოცდა მერვე აუდიტორიაში ტარდებოდა. გამომცდელი თენგიზ აბულაძე იყო, მე კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. ისე, რა გაუგებარი სისტემა იყო, როგორ შეიძლებოდა, თენგიზ აბულაძეს თავმჯდომარესთან ჰქონოდა შესათანხმებელი შეფასება? მივწერდი ხოლმე სავარაუდო ნიშანს, ისიც მომწერდა... თემურ ბაბლუანი ძალიან ნიჭიერი იყო. იმას მოჰყვა, რაც მერე "უძინართა მზეში" გადაიღო... თენგიზს მივწერე - "ხუთიანი". იმან 4 მომწერა. კიდევ მივწერე 5. მაშინ თენგიზმა ჰკითხა: აბა, "ვედრებაზე" რას იტყვი, რა არის მისი მონოცენტრიო. მახსოვს, თემურ ბაბლუანმა ისე ახსნა, რომ მდუმარედ ვუსმენდით ყველა. ულაპარაკოდ დაუწერა ფრიადი...

- მერე არაერთხელ მოგიხდებოდათ, ჩხუბის გამო საყვედური გამოგეცხადებინათ ბაბლუანისთვის... ასე ამბობენ...

- უი... ჩხუბები იყო. განა მარტო თემური, სხვებიც ჩხუბობდნენ. მთავარია, ნიჭიერი იყოს კაცი თავის პროფესიაში. მოქალაქეობრივი სიმწიფე გვიან მოდის.

ბარემ იმასაც გეტყვით, რაც ძალიან მაწუხებს: ახლა პოლიტიკის გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. მიმაჩნია, რომ ეს არის სახადი და გადაივლის, ღმერთმა ნუ ქნას, ასე დარჩეს. ილიას სიტყვებია, - საქართველო მას დარჩება, ვისიც სოფელი იქნებაო. უნდა ვიფიქროთ სოფლად დამკვიდრებაზე, რომ გავმრავლდეთ... ნიჭიერი კაცი უნდა გვიხაროდეს და გვეამაყებოდეს... სხვა ყველაფერი წარმავალია...