"არ შეიძლება, პანდორას ყუთს კიდევ ერთხელ ავხადოთ თავსახურავი და შიგ ჩარჩენილი იმედიც გავუშვათ!" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება, პანდორას ყუთს კიდევ ერთხელ ავხადოთ თავსახურავი და შიგ ჩარჩენილი იმედიც გავუშვათ!"

"კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ჩადენილი შეცდომების გასწორებას ცხოვრების წესად აქცევს, მაშინ მის მორყეულ სკამს შესაძლოა, სულ იოლად ეშველოს!"

დალხინებული ცხოვრება რომ არ გვაქვს, ეს ახალი არავისთვისაა, მაგრამ ჩვენი განცდები კულმინაციას მაშინ აღწევს, როცა მორიგი სიმართლის პირისპირ აღმოვჩნდებით ხოლმე და გაფაციცებით ხელმოსაჭიდის მაძებარნი ხან ხავსს მივაწყდებით, ხან სიპ ქვას... არადა, სენივით გვჭირს, სიმართლეს ყოველთვის მოუმზადებელნი ვხვდებით და მერე გაკვირვებულები ვამბობთ: ამას რას ვიფიქრებდითო!.. ეს რას მოვესწარითო! წარმოგიდგენიათ, რა იკადრესო?!

პოეტ ტარიელ ჭანტურიასთან პირისპირ ვზივარ. სხვათა შორის ამბობს: ხომ გაგიგონიათ, ისტორიას ჯერ მედროვენი წერენ, მერე კი ჟამთააღმწერელნიო. დრო უნდა გავიდეს და სიმართლეცა და ტყუილიც თავის ადგილზე დადგებაო...

- თქვენ 50-იანი წლებიდან ამბობთ სათქმელს ორიგინალურად, გაბედულად, ირონიით. მინდა უკან მიიხედოთ და შეადაროთ, რა რეაქცია მოჰყვებოდა ხოლმე ადრე თქვენს სიტყვას და რა რეაგირებაა დღეს.

- უკან თუ მივიხედავთ, იქ ჩემი თაობის - სამოციანელთა - მძიმე და ძნელი წარსულია. ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში სიმართლეს ბორკილი ედო. ამიტომ იყო, რომ სამოციანელთა უკეთესმა წარმომადგენლებმა თავი შეაფარეს ირონიას, პაროდიას, ქვეტექსტს, მეტაფორას, შეფარვით თქმის ხელოვნებას. ეს შეფარვით  თქმა მწერლობაში ახალი არაა. რუსთაველი გაიხსენეთ: "მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია".

სამოციანელებიც ამბობდნენ შეფარვით დიდ და მწარე სიმართლეს. იცოდნენ თუ არა კომუნისტური სახელმწიფოს იდეოლოგებმა ამ შეფარვით მთქმელთა გვარები? რა თქმა უნდა, იცოდნენ!

"დუბლიონკებს" რომ უგზავნიდა ცეკა მწერალთა კავშირს, როგორ გგონიათ, როგორ ანაწილებდნენ იმ "დუბლიონკებს"?"

შოთა ნიშნიანიძეს მისცემდნენ, შოთა ჩანტლაძეს - არა!

რევაზ ჯაფარიძეს მისცემდნენ, რევაზ ინანიშვილს - არა!

ოთარ ეგაძეს მისცემდნენ, ოთარ ჭილაძეს - არა!

გივი გოგიჩაიშვილს მისცემდნენ, გივი გეგეჭკორს ან გივი მაღულარიას - არა!  ტარიელ კვანჭილაშვილს მისცემდნენ, ტარიელ ჭანტურიას - არა!

შეფარვით მთქმელთა თემა პირდაპირ უკავშირდება ლუსტრაციის კანონის თემას, რომლის მიღებისაგან დღემდე იკავებს თავს ხელისუფლება. რატომ? - ეს ძნელი ასახსნელი არაა!

იქნებ მხოლოდ რუსთაველი და მისი მემკვიდრენი წერდნენ და წერენ შეფარვით! არა, ეს საერთოდ ახასიათებს პოეზიას, მისი სტილია, მისი საქმეა, მისი სალაპარაკო ენაა!

კავკასიონი ჩემს ქვეშააო, რომ წერს პუშკინი, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ პოეტი კავკასიონის რომელიღაც მწვერვალიდან ლამაზ პეიზაჟს ჩასცქერის და ტკბება. ეს ნიშნავს იმას, რომ კავკასია - ერმოლოვის მიერ დამხობილი, დამონებული და დამცირებული კავკასია რუსეთის ფეხქვეშაა!

კავკასიის დამხობისა და დამონების ეს ავადმყოფური იმპერიული ვნება დღემდე არ განელებია რუსს, და ქართულ პოეზიაში კომუნისტური იდეოლოგიის ზეობის დროსაც არ შეწყვეტილა შეფარვით თქმა იმისა, რაც დამონებულ საქართველოს სჭირდა და, წარმოიდგინეთ, დღემდე სჭირს!

"მე ჯადოსნური ქუდი მახურავს, ჩემი ერთგული დევებით სავსე! მხოლოდ იმიტომ, რომ მემსახურონ, ამდენი დევი დავისვი თავზე!" - ოთარ ჭილაძის ეს ლექსი რომ გამოქვეყნდა, მაშინ მთელ ქართულ მწერლობას, მეტიც, მთელ კულტურას თავზე ერთი ნამდვილი დევი აჯდა - დევი სტურუა! - ცეკას მდივანი იდეოლოგიის დარგში! ვინ აპატიებდა! ოთარ ჭილაძეც "სავსებით სამართლიანად" გახდა მჟავანაძის მოხსენების "ლირიკული გმირი".

ამგვარი პატივი მეც მერგო. ლექსი დაიბეჭდა ერთი ჩემი - "წვიმა". შინაარსი მოვყვე უნდა. ბიჭები საუბრობენ. ერთი ყვება, ამა და ამ ქვეყანაში ლიფსიტების წვიმა მოსულაო. ეგ რააო, მეორემ - ამა და ამ ქვეყანაში მონეტების წვიმა მოვიდაო, ცვიოდა ციდან ტუგრიკი, ზლოტი, მანეთი, მარკა, დოლარი, პესო, და დაბნეული ბიჭები დარბოდნენ და ბოჭავდნენ ფულებსო! მესამემ - ეგ რა არისო, - იმ წელს, მარტში, ცრემლების წვიმა მოვიდაო, ცვივოდა ციდან ცრემლები დედის, ცრემლები მამის, მოხუცის, ბალღის, და წვიმდა, წვიმდა და წვიმდაო...

მჟავანაძე მოხსენებას აკეთებდა იდეოლოგიურ თათბირზე. როცა ჟურნალ "მნათობზე" დაიწყო საუბარი, ჩემს იმ ლექსს შეეხო - "წვიმას!" რა წვიმაა ეს წვიმა, მაინცდამაინც საქართველოში რომ მოვიდა, მარტშიო! როგორც ვიცით, 1956 წლის მარტში რუსის ჯარმა ბარბა-რუსულად ჩახოცა მომიტინგეები! "მნათობის" რედაქტორი ელგუჯა მაღრაძეც ესწრებოდა, ცხადია,  თათბირს. დაბნეულმა ელგუჯამ - ვიეტნამი იგულისხმება, ვასილ პავლოვიჩო, დაიძახა!

მჟავანაძე ერთხანს დუმდა. მერე თქვა: - კაცო, ერთი გაფიქრება მეც ქე გავიფიქრე, ვიეტნამზე ხომ არ არის ესო, და გაიღიმა! ატყდა სიცილი და ინციდენტიც თითქოს ამით ამოიწურა, მაგრამ მე გუნება წამიხდა. ცეკას იდეოლოგიის განყოფილების გამგეს, გიორგი ბედინეიშვილს - ყოფილ "ცისკრელს" მივადექი საყვედურებით, რატომ გამიკეთე ეს-მეთქი! გიორგიმ გაიცინა და ხელი კულტურის განყოფილებისკენ გაიშვირა: ინსტრუქტორმა განყოფილების გამგეს მოუმზადა ეს მასალა, მან მჟავანაძის მოხსენებაში ჩადოო! ასე გავხდი მეც მჟავანაძის მოხსენების "ლირიკული გმირი". ჩამშვები ინსტრუქტორის გვარს სიკვდილამდე შვიდი წუთით ადრე ვიტყვი!

აი, ასე წვიმდა ქართულ პოეზიაში, და ასე იბრძოდნენ პოეტები მეტაფორით, ეზოპეს ენით, მიკიბულ-მოკიბულით...

ამასობაში მკითხველიც გაიწაფა. ქვეტექსტი პოლიტიკური ეშმაკობის ხერხად იქცა.

- ერთგან ამბობთ, პრემიაც ერთს "მიანიჭეს", მეორეს "მიაუნიჭოესო"... ხომ ხდებოდა და ხდება, როცა დაუმსახურებლად იღებენ სხვადასხვა პრემიას. ამ შემთხვევაში ლიტერატურულ პრემიაზე ვისაუბროთ... რამდენად არის საჭირო და რამდენად ვართ დაცული ამ პრემიის "მიუნიჭოებისაგან"?

- საკუთარი თავის ციტირებით დავიწყებ - მოვიტან ამონარიდს ცნობარიდან რუსთაველის  პრემიის  ლაურეატები:

"ჯილდოც და სასჯელიც კაცობრიობის ხნისაა. ენციკლოპედიური ხასიათის წინამდებარე ცნობარში ამჯერად ჯილდოზე გვექნება საუბარი, თუმცა მისი ზნეობრივ-სამართლებრივი ანტიპოდი - სასჯელი - სადღაც იქვე იგულისხმება. სწორედ ამ ტანდემის წყალობით ახერხებს სახელმწიფო მანქანა მართვასა და წარმართვას, ხოლო რაკი ჯილდოსაც და სასჯელსაც, უპირატესად, სწორედ სახელმწიფო არიგებს, ბუნებრივად იბადება კითხვა: ვინ აჯილდოებს, ვის აჯილდოებენ და რატომ!

...ჯილდოსა და სასჯელზე საუბრისას ძალაუნებურად თავს გვახსენებს ჰიუგოს პოპულარული რომანი "93 წელი". როცა მარკიზ დე ლანტენაკმა ერთსა და იმავე პიროვნებას ჯერ მამაცობისთვის ჯილდო ჩამოჰკიდა, მერე კი, საქმის ღალატისთვის სასჯელი გადაუწყვიტა. აჯანყებულ, აზავთებულ ვანდეაში მიმავალი ლანტენაკი ამ ჟესტით დაუფარავად აცხადებს ქვეყნის მართვის თავის წესს - იგი ამას ჯილდოთი და სასჯელით აპირებს... ასოციაციები, რასაც დღეს ამგვარი მსჯელობა მკითხველში გამოიწვევს, ბუნებრივი და ლოგიკურია: დღევანდელ საქართველოს, დემოკრატიისა და სრული დამოუკიდებლობის ციცაბო მწვერვალისაკენ ტანჯვით მიმავალს, ალბათ არც ერთ ქვეყანაზე ნაკლებად არ ესაჭიროება ნამდვილი ჯილდო და, რა გულსატკენიც უნდა იყოს ეს ადამის მოდგმისათვის, ნამდვილი სასჯელიც...

კი, რუსთაველს ფეშანგი ფაშვიბერტყაძისაგან გამოსარჩევად "ვეფხისტყაოსანიც" ეყოფა, მაგრამ რუსთაველის გენიალურ შუბლს დაფნაც მოუხდება..."

ჩვენ არ ვიცით, აღირსეს თუ არა თავის დროზე რუსთაველს დაფნა, მაგრამ მისი სახელობის პრემიით რომ არაერთი ღირსეული შემოქმედი იწონებს თავს, ფაქტია - რუსთაველის პრემია დღესდღეობით ყველაზე პრესტიჟული პრემიაა საქართველოში. მისი სრულყოფისთვის, მსოფლიო სტანდარტებთან მისი დაახლოებისთვის ყველაფერი გაკეთდა - მემკვიდრეობით მიღებული სამოცდაათკაციანი აბსურდული ჟიური თორმეტ კაცამდე შემცირდა, გაიზარდა ფულადი თანხა, და როცა მისი სრულყოფის პროცესი დასრულდა, სწორედ მაშინ ისე, რომ ჟიურის წევრები - სახელოვანი ქართველი შემოქმედნი გამოსაუბრების ღირსადაც არ ჩათვალეს, ადგა ხელისუფლება და რუსთაველის პრემია გააუქმა(!).

"რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლიკვიდაციის შესახებო", სწორედ ასე ეწერა პრეზიდენტის ბრძანებულებაში. სახელოვანი, დიდი ტრადიციის მქონე პრემიების გაუქმება რომ ყოფილიყო საჭირო, ფრანგები - გონკურებს გააუქმებდნენ, შვედები - ნობელს, ამერიკელები - პულიტცერს, იტალიელები გრამშს-მეთქი, ვწერდი! მე არა ვარ დარწმუნებული, რომ გადაწყვეტილება ჩემი წერილების გამო შეცვალეს, მაგრამ ფაქტი მაინც მესიამოვნა: საქართველოს პრეზიდენტმა უხეში შეცდომა გაასწორა და რუსთაველის პრემია აღადგინა! კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ჩადენილი შეცდომების გასწორებას ცხოვრების წესად აქცევს, მაშინ მის მორყეულ სკამს შესაძლოა, სულ იოლად ეშველოს!

რაც შეეხება კერძო ან თითქმის კერძო პრემიებს! ლიტერატურულ პრემიებზე ვისაუბროთო, ბრძანებ! იმ კაცისაა ის ფული და ვისაც უნდა, იმას მისცემს იმ პრემიას! ამას მანამდე არ ეშველება, სანამ ის კერძო პრემიაც, ერთ მშვენიერ დღეს, ნობელივით არ იცვლის სახეს და სრულყოფას - თითქმის სრულყოფას არ მიაღწევს! იცით ალბათ, 1901 წელს პირველი ნობელი, ამოდენა მსოფლიო პოეზიიდან, ფრანგ სიული პრუდომს მიენიჭა - პოეტს, რომლის ლექსებიც არც ერთ სერიოზულ ანთოლოგიაში არასდროს შეუტანია არავის! "საბაც" და მისი მსგავსი სხვა პრემიებიც შეიძენს ალბათ გამოცდილებას და მაშინ "საბას" ჟიურის მხედველობიდან აღარ გამორჩება წლის ერთი ყველაზე კარგი წიგნი "დიდება შენდა!" - მანანა გიგინეიშვილის მრავალწლიანი შრომის ბრწყინვალე შედეგი!

- მინდა გესაუბროთ, როგორც თქვენ ამბობთ, "პირშავ, პიარშავ" ადამიანებზე, რომლებიც ისევ "პიარპაშებენ"... თქვენ მოსწრებულად ამბობთ: "ჩემი მტერი ჩავარდა მაგათ პიარშიო". რამდენად ერიდებით, ბატონო ტარიელ, "პირშავ, პიარშავთა" პირში ჩავარდნას?

- ამ შეკითხვამ გამაღიმა, ამიტომ მაგ სტილითვე გიპასუხებთ. არის აგერ ე.წ. მწერალი, თავი პიარველი მწერალი ჰგონია, მეტიც - უპიარველესი მწერალი! არადა, ყველა ხედავს, პიარწავარდნილი უნიჭოა - მდარე რეკლამის პროდუქტი! მაგათ უნდა ვერიდო? ერთი რამ არის ოღონდ, და იმ ერთ რაღაცასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ - უნდა კონფუცი გავიხსენო: სამოცი წლისამ ვისწავლე, რომ არ უნდა ვიკამათოო, ბრძანებს ბრძენი! 77 წლისა ვარ და, იმავე კონფუცის რჩევით, მგონი, ვისწავლე, რომ არ უნდა ვიკამათო! თუმცა ვისწავლე კი?

- ოდესმე რომელიმე დეპუტატს ხუმრობით თუ მაინც გაუცია პასუხი თქვენი სტრიქონების გამო: "ჯერ კენჭს იყრის, მერე მახათსო"...

- მარტო ერთმა ყოფილმა დეპუტატმა - ჩემმა მერხის მეგობარმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა მომწერა გაზეთების საშუალებით ორი წერილი, თითქოს არ შეიძლებოდა ჯერ ტელეფონით შევხმიანებოდით ერთმანეთს, და თუ ვერაფერს გავაგებინებდით ერთიმეორეს, გაზეთებისათვის მერე მიგვემართა! წერილი ბატონ ტარიელ ჭანტურიასო! მე ჩემს ერთ ჩანაწერში უბრალოდ გავიმეორე მარკესის აზრი, რა უნდა მწერალს პარლამენტშიო, რომ ბრძანებს! იმ დროს, რომელსაც მე ვეხებოდი, პარლამენტში 13 თუ 14 მწერალი იყო! მიპასუხე, მე მგულისხმობო? - მეკითხებოდა ჯანსუღი! რატომ შენ, შე კაი კაცო! თოთხმეტი მწერალია და მათ შორის შენაც! მე არ მიპასუხნია, ცხადია! ჩემ მაგიერ ვიღაც სხვამ უპასუხა. პიროვნებამ, რომელიც ამ საკითხზე ჩემსავით ფიქრობს თურმე!

როგორც ჩანს, ჭირს პარლამენტის პრივილეგიებსა და ხელისუფლების კულუარებში ტრიალზე უარის თქმა! - იყრი კენჭს, ზიხარ მერე და იყრი მახათს!

სხვანაირად ფიქრობდნენ ფოლკნერიც, ოთარ ჭილაძეც, გივი გეგეჭკორიც... ბევრი, მწერალთა აბსოლუტური უმრავლესობა! პასუხი უნდა ამას? ა, ბატონო!

- "წაადი, დაგვანებე, რუსო, ჩვენი თერგი, ჩვენი თრუსო"... რუსი არ მიდის, უფრო სწორად, ჩვენი მიწებიანად მიდის... თუ მოგისმენიათ ამ ბოლო დროს პირად საუბარში რომელიმე რუსი კოლეგისაგან, დიდი რუსული კულტურის წარმომადგენლისაგან, "საჩვენო სიტყვა"?

- ფოტო მაქვს აგერ, მე და ევტუშენკო ერთად ვართ გადაღებული. არ მახსოვს, რაზე ვსაუბრობდით იმჟამად მე და ძვირფასი ევგენი ევტუშენკო - წლების მანძილზე ქართული მწერლობის კურატორი - მგონი, ასე ერქვა მის მაშინდელ საკავშირო თანამდებობას! ნუთუ თავის მორალურ მოვალეობად არ მიიჩნევს, თქვას რაიმე რუსეთის საქციელზე, გამოხატოს თავისი გულისწყრომა მთელი მსოფლიოს გასაგონად! რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობს, რომ საქართველო მართალია! სანამ ის და მისი წრე - საქართველოს გუშინდელი მეგობრები - ამას არ გააკეთებენ, მანამდე ისინი ყველანი საქართველოში შემოჭრილი მეთორმეტე  არმიის ჯარისკაცები იქნებიან (ეს ტერმინი - მეთორმეტე  არმია - ჩვენი მოგონილია. მე ამის თაობაზე ვესაუბრე ნოდარ გრიგალაშვილს. მან ეს ყველაფერი სათაურით "მეთორმეტე  არმია" თავის გაზეთში გამოაქვეყნა, როგორც სარედაქციო წერილი და რატომღაც არ დაასახელა ამ ტერმინის ავტორი. მოგვიანებით მან ეს ტერმინი გაიმეორა "ასავალ-დასავალში" და არც ამჯერად ჩათვალა საჭიროდ ტერმინის ავტორის დასახელება. ძვირფას ნოდარს უნდა მოვახსენო, რომ ამ ტერმინის თუ შესიტყვების საავტორო უფლების გაჩუქებას არ ვაპირებ)...

არასოდეს არც ერთ ქვეყანას არც ერთ ქვეყანაში არ ჰყოლია იმოდენა მეხუთე კოლონა, რამხელაც რუსეთს საქართველოში ჰყავს! როგორც ჩანს, რუსეთი, ამის იმედით, არაფრით ამ თამაშიდან არ გამოვა! - ძე შეცთომილთა ათასეულები კი უკვე ადგანან მონანიების გზას - მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული თავიანთი მისია სამშობლოს წინაშე. დარწმუნებული ვარ, მალე იმავე გზას დაადგება რუსეთის ინტელიგენცია, მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მწერლობა!

ორი მეგობარი ერის - რუსეთისა და საქართველოს ისტორიაში აგვისტოს ომი დარჩება, როგორც სამარცხვინო ლაქა და მტყუან-მართლის საკითხიც მოგვიანებით გაირკვევა!

- ხვალინდელი დღისკენ ფიქრებით წასულს, რისი იმედი მიგყვებათ საგზლად?

- ჯერ ის ხუმრობა გავიხსენო უნდა - მე ისეთი პესიმისტი ვარ, ოპტიმიზმის მეტი აღარაფერი დამჩენიაო, რომ ბრძანა იმ კაიკაცმა! არ შეიძლება, პანდორას ყუთს კიდევ ერთხელ ავხადოთ თავსახურავი და შიგ ჩარჩენილი იმედიც გავუშვათ! დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენ ბრძოლები წავაგეთ, იმ ვირტუალურ ომს კი უსათუოდ ჩვენ მოვიგებთ - აფხაზეთი ჩვენი იქნება და ჩვენ აფხაზეთის ვიქნებით, ჩვენ ოსეთისაც ვიქნებით და ოსეთიც ჩვენი იქნება! ერთი რამ არის ოღონდ აუცილებელი - სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სტრატეგიული ორიენტაცია - ევროამერიკული ორიენტაციაა და ერთხელ და სამუდამოდ მოვრჩეთ უნდა რუსეთში წანწალს! - უნდა დავჯერდეთ იმას, რომ რუსეთი მარად იქნება ჩვენი მეზობელი და ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, და ამაზე მეტის ამბიცია მას აღარ უნდა ჰქონდეს!

მაგ შეკითხვას ბოლომდე აღარ ვუპასუხებ! ჩავთვალოთ, რომ ჩვენი საუბარი არ დასრულებულა და მომავალში გაგრძელდება, ალბათ გაგრძელდება! გმადლობთ!