დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა - კვირის პალიტრა

დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა

2 დეკემბერს დიდი მეცნიერის, დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 127 წელი სრულდება

რეპრესიების რკინის ხელს სასწაულებრივად გადაურჩა, სიცოცხლე შეინარჩუნა, თუმცა მისი სული და მრავლისშემცნობი გონი მუდმივად დევნას განიცდიდა. თანდათანობით მისი ცხოვრება უსასრულო მოლოდინს დაემსგავსა - დაპატიმრების, წამების მოლოდინს. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ის, პროფესორი დიმიტრი უზნაძე, ისეთი თეორიის ავტორი იყო, რომელსაც მარქსიზმ-ლენინიზმის ჩარჩოებში ვერ ჩაატევდი.

ტოტალიტარულ სახელმწიფოს საერთოდ არ ესმოდა, რა საჭირო იყო "რაღაც" ფსიქოლოგიის არსებობა, განწყობის თეორია კი, რომელიც დღესაც მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გახლავთ, სრულ აბსურდად მიაჩნდათ. რომელ განწყობაზე იყო საუბარი! საბჭოთა მოქალაქეს ერთადერთი განწყობა შეიძლება ჰქონოდა: იდეოლოგიური ერთგულების და პროლეტარული თავგანწირვის განწყობა.

მის მეუღლეს დიდხანს ახსოვდა ის სასოწარკვეთილი თხოვნა, დიმიტრი უზნაძემ რომ შეჰღაღადა: ნურაფერს მეტყვი, ნურაფერს გამაგებინებ, თორემ წამებისას შეიძლება ვეღარ გავუძლო და ვინმეს სახელი წამომცდესო. სიკვდილის მოლოდინი ხომ გაცილებით საშინელია, ვიდრე სიკვდილი. მისი ცხოვრება სიკვდილის მოლოდინში გაილია.

მოკრძალებული და წყნარი იყო, ძალიან ერიდებოდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ლაიფციგში სწავლისას, ერთ-ერთ საზოგადოებაში ვიღაცას სინანულით უთქვამს: რა სიმპათიური ყმაწვილია და რა სამწუხაროა, რომ მუნჯიაო...

საქართველოში რომ დაბრუნდა, რუსეთის მთავრობამ მისი დიპლომი არ ცნო. იძულებული გახდა, ხარკოვის უნივერსიტეტში ექსტერნად დაემთავრებინა ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო საქართველოს ისტორიისა და ანტიკური ისტორიის საკითხებზე. პარალელურად, ქუთაისის გიმნაზიაში ასწავლიდა. 1918 წელს სხვა მამულიშვილებთან ერთად თბილისში უნივერსიტეტის დაარსების საქმეში ჩაერთო.

საქართველოში არავის მოუმზადებია ნიადაგი ფსიქოლოგიური კვლევისთვის. ის იყო პირველი...

ოჯახში თბილი და მზრუნველი იყო. უყვარდა ხუმრობა. ხშირად თხზავდა სახუმარო ექსპრომტებს. მასთან მეგობრობდნენ კორნელი კეკელიძე, გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, ალექსანდრე ჯანელიძე, იოსებ გრიშაშვილი... ეს სითბო და სინათლე სახლის კედლებს ვერ გასცდებოდა: ფანჯრებს მიღმა დაუნდობელ სამყაროში ერთიმეორის მიყოლებით ქრებოდნენ მისი მეგობრები, სახელოვანი ქართველები... რეპრესიები ბობოქრობდა.

ერთხელ აღელვებულმა მოწაფემ სთხოვა: წადით, ცოტა ხნით მაინც წადით, თვალს მიეფარეთო... სასწრაფოდ გახიზნა ოჯახი ცალკე, თავად ცალკე დაიმალა... გადარჩა... თუმცა პირობითია ყველაფერი. იდეოლოგიურმა ზეწოლამ სიკვდილი არაერთხელ განაცდევინა.

დიმიტრი უზნაძის სიტყვებს ხშირად იმეორებენ: "დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა, პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა, - ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება - ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს.

პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება.…ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით. …საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება - აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული.

მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი იმიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო".

"გლახების და მონების" დანახვა უკურნებელ იარად ეჭდობოდა გულზე, რადგან სწორედ ეს ხალხი იყო, ურომლისოდაც წუთი არ უნდოდა სიცოცხლე... ეს ხალხი უყვარდა, ამ ხალხს ემსახურებოდა, ამიტომაც "მოყვარეს პირში უძრახდა"... საბჭოთა სახელმწიფოს კი სწორედ ასეთი: მონურ-გლახური საქართველო სჭირდებოდა. დიმიტრი უზნაძე დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა.

მდუმარედ მიჰყვებოდა ქუჩას ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ინსტიტუტიდან სახლისკენ. 200-300 მ სიშორეზე გებულობდა მისი საყვარელი ძაღლი პატრონის მოახლოებას და სიხარულით ეგებებოდა. თავად ფიქრებში ჩაძირული დადიოდა. ერთხელ ლამის მანქანა დაეჯახა... უეცრად ძაღლის ყეფა გაისმა, გახელებული მირბოდა მისკენ ერთგული ოთხფეხა მეგობარი. დიმიტრი უზნაძე გამოერკვა და აშკარა სიკვდილს გადაურჩა...

ფსიქოლოგიის სკოლისა და კათედრის შემქმნელი, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, უამრავი მოწაფის გზის გამკვალავი მეცნიერებაში, შინაგანად დუღდა. რაინდული თავგანწირვით იტანდა სულიერ გვემას და, ყველაფრის მიუხედავად, მოწოდების სიმაღლეზე რჩებოდა.

ამაგდარი პედაგოგის 60 წლისთავის აღსანიშნავად, მოწაფეებმა ლადო გუდიაშვილს შეუკვეთეს მისი პორტრეტი.  დაიხატა კიდეც დიდი ფერწერული ტილო. ლადო გუდიაშვილმა, ცხადია, მეცნიერის სულში ჩაიხედა... ამიტომაც ტილოზე გერმანელი რაინდის სამოსში გამოწყობილი დიმიტრი უზნაძე აღბეჭდა. მას ხელი წიგნებზე აქვს დაყრდნობილი და სადღაც შორს იყურება...

ყოველ ოთხშაბათს დიმიტრი უზნაძე სემინარზე დადიოდა ინსტიტუტში. 1950 წელს ჩვეულებრივ წავიდა, თუმცა ცუდად გახდა... იქვე დააწვინეს, ექიმიც გამოიძახეს. დიაგნოზი მძიმე იყო - ძლიერი ინსულტი. ერთი დღე-ღამე გონზე არ მოსულა. მედიკოსებმა ურჩიეს ახლობლებს, ადგილიდან არ დავძრათ, იქნებ აქვე ვცადოთ პირველი სირთულეების გადალახვა, გადაადგილებას ვერ გაუძლებსო... მეორე დღეს იქვე, ისნტიტუტში გარდაიცვალა.

80-იან წლებამდე სიფრთხილით ეკიდებოდნენ დიმიტრი უზნაძის სახელს. მხოლოდ 1986 წელს გადაასვენეს უნივერსიტეტის ეზოში. 1988 წელს კი კამოს ქუჩას, რომელზეც მეცნიერი ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭა.

“განწყობის თეორია” კი კვლავაც მნიშვნელოვან მიღწევად რჩება ფსიქოლოგიის ისტორიაში. “

"უზნაძის ეფექტი" - სწორედ ასეთი სახელწოდება აქვს დიმიტრი უზნაძის ექსპერიმენტს უცხოურ ლიტერატურაში და აქტიურად გამოიყენება ხელოვნებაშიც.