საიდან გვეცხადება სიზმარი? - კვირის პალიტრა

საიდან გვეცხადება სიზმარი?

სიზმარი... საიდან გვეცხადება ეს მისტიკური სამყარო? კითხვა, რომელიც ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებასთან ერთად გაჩნდა, ისევ უპასუხოა, თუმცა მის ამოხსნას კარგა ხანია ცდილობენ სწავლულები. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ძილის შემსწავლელი მეცნიერება. ამ თემაზე საუბარი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის გამგეს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ნარგიზ ნაჭყებიას ვთხოვეთ.

- ძილი ის ფენომენია, რომლის შემეცნების სურვილი ადამიანს არასოდეს მოასვენებს. ადამიანი დაახლოებით  75-80 წელი ცოცხლობს და ამ დროის დაახლოებით მესამედს ძილში ატარებს. ეს მოწმობს, რომ ძილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს - სხვაგვარად ევოლუციური განვითარების პროცესში მის წილად სიცოცხლის მესამედი ვერ განისაზღვრებოდა. მაგალითად, ანიმისტები (მათ სწამდათ, რომ ყველა საგანს სული აქვს) მიიჩნევდნენ, რომ ძილი "დროებითი სიკვდილია", რომლის დროსაც სული სხეულს ტოვებს და მოგზაურობს, ამის შედეგი კი სიზმრებიაო...

ძილის შესახებ ცოდნის ძიებაში ერთი გამაოგნებელი ცნობა აღმოაჩინეს - ვედებში, უძველეს ინდურ სიბრძნის წიგნებში (ძვ. წ.  1500-1000 წწ.), ძილის დაახლოებით ისეთ სტრუქტურაზეა ლაპარაკი, რომელიც მეცნიერებმა მხოლოდ გასული საუკუნის 50-იან წლებში აღმოაჩინეს. ძილი ორ ძირითად მდგომარეობად: ნელტალღოვანი და პარადოქსული ძილის ფაზებად იყოფა. პარადოქსული ძილის დროს გვევლინება სიზმარი, ამ დროს ადამიანი იმ "სამყაროში მოგზაურობს", რომლის საიდუმლოს შეცნობის ჟინიც არ ასვენებს... ძილის თითოეულ ფაზას ქცევითი და თავის ტვინის სტრუქტურების ელექტრული აქტივობის კომპონენტთა ფართო სპექტრი ახასიათებს. ჯანმრთელი ძილის დროს ყველა ეს კომპონენტი სინქრონულად ვითარდება და ძილის ამა თუ იმ ფაზას აყალიბებს.

პარადოქსული ძილი ის მდგომარეობაა, რომლის დროსაც სხეულის კუნთები სრულიად უმოქმედოა, მაგრამ თავის ტვინის მნიშვნელოვანი წარმონაქმნები აქტიურად მოქმედებენ. ამის შედეგად თავის ტვინის აქტივობა გასაოცრად ემსგავსება და ხშირად აჭარბებს ღვიძილისთვის დამახასიათებელ აქტივაციის სურათს. პარადოქსული ძილის დროს დახუჭული ქუთუთოების შიგნით იწყება თვალის კაკლების სწრაფი მოძრაობა, გულისცემა ჩქარდება, ცალკეული კუნთი კრთომას იწყებს. სწორედ ამ დროს ნახულობს ადამიანი სიზმარს, ანუ სძინავს, თავის ტვინი კი უფრო ინტენსიურად ფხიზლობს, ვიდრე ღვიძილისას.

პარადოქსული ძილისას თავის ტვინი განუწყვეტლივ "იბომბება" გამააქტიურებელი იმპულსებით და ქმნის საიდუმლოებებით მოცულ სიზმრებს. მეცნიერები ამ საიდუმლოს მარტივად ხსნიან: რაც გვესიზმრება, ოდესღაც აუცილებლად გვინახავს და დადებითი თუ უარყოფითი ემოციის თანხლებით განგვიცდია, მერე კი თავის ტვინს შემოუნახავს მეხსიერების საცავებში.

- მაგრამ არსებობს სიზმრების ფსიქოლოგიური ახსნაც... ფროიდის შეხედულებებმა სიზმრების ახსნას ძალიან ღრმა კვალი დაატყო...

- მეცნიერების ერთი ნაწილი სიზმარს მხოლოდ ფიზიოლოგიური მიზეზებით ხსნიან და მეორენი კი სიზმრის ფსიქოლოგიურ-მისტიკურობას ემხრობიან. ფროიდის აზრით, სიზმრის საფუძველი ადამიანის განუხორციელებელი, დათრგუნვილი სურვილებია, რომლებიც ქვეცნობიერში ინახება, მერე კი სიზმრებში ისხამს ხორცს. სიზმარი შეიძლება იყოს როგორც "უაზრო", ისე ფსიქოლოგიური მნიშვნელობისაც, მაგრამ მეცნიერული საფუძველი "უაზრო" სიზმრებსაც აქვს. არსებობს ე.წ. კოლექტიური გენეტიკური მეხსიერება, რა გზითაც ჩვენი წინაპრების გამოცდილება მემკვიდრეობით გადმოგვეცემა, ანუ ჩვენს დნმ-ში ჩარჩენილი მრავალათასწლოვანი "ფირი" შეიძლება ჩვენ აღვიდგინოთ  სიზმრად.

- ვთქვათ, თუ დამესიზმრა, რომ თვით მეფე თამარს ვეახელი, არ იქნება გასაკვირი?

- გასაკვირი იქნება, მაგრამ აიხსნება იმით, რაც ზემოთ ვთქვი. სიზმრის ხასიათი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ეპიზოდს ამოაგდებს ჩვენი მეხსიერება. ადამიანს ღამეში რამდენიმე სიზმარი ესიზმრება, მაგრამ ერთი ან ორი თუ ახსოვს. ზოგი ამბობს, რომ არასოდეს უნახავს სიზმარი, მაგრამ ასე არ არის. ადამიანებს ამახსოვრდებათ მხოლოდ ის სიზმარი, რომელსაც შეღვიძება მოსდევს.

ძილის დარღვევა ბევრ ფსიქონერვულ დაავადებას იწვევს. მაგალითად, დეპრესიულ მდგომარეობაში ადამიანი ხედავს ძალზე ემოციურ, შემაწუხებელ სიზმრებს და ძილშივე ისე ღლის, რომ ხშირად ქანცგაწყვეტილი იღვიძებს.

არსებობს ე. წ. "გაცნობიერებული სიზმრები", რომლის დროსაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია, თუმცა სიზმრის გაკონტროლება არ შეუძლია. ჩვეულებრივ, ადამიანი თავისი სიზმრის მხოლოდ მაყურებელია - თითქოს პარტერში ზის და სპექტაკლს უყურებდეს. ასეთ დროს ის განიცდის, უხარია, ზოგჯერ იტანჯება კიდეც, მაგრამ სხეულის კუნთები მოდუნებული აქვს, ისინი არ მონაწილეობენ სიზმრის წარმართვაში. თუმცა, ზოგჯერ ადამიანი სიზმრის თანამონაწილე ხდება. მაგალითად, მთვარეული სიზმრის გაუცნობიერებელი თანამონაწილეა და სწორედ იმ მოქმედებებს ასრულებს, რასაც სიზმრად ხედავს. თუკი ამ დროს მთვარეულს არ გამოეღვიძა, შეიძლება სავალალო შედეგამდეც მივიდეს. საბედნიეროდ, სიზმარი ხანმოკლეა, ადამიანი იღვიძებს და რეალურ სამყაროს უბრუნდება.

წინასწარმეტყველური სიზმრები

ამერიკული გაზეთის, "ბოსტონის გლობუსის" ჟურნალისტი ედვარდ სემსონი 1883 წლის 29 აგვისტოს ღამეს რედაქციაში მორიგეობდა. დაღლილს ჩაეძინა და საშინელი სიზმარი ნახა. როცა გამოეღვიძა, ოფლში ცურავდა, თავბრუ ესხმოდა... მერე რატომღაც სიზმრის ფურცელზე გადატანა დაიწყო: "ეს იყო პატარა, კლდოვანი კუნძული პრალაპე, იავასთან ახლოს. უცებ კლდეები გაიხლიჩა და მათგან ცეცხლის ლავა გადმოიფრქვა. ადამიანები კუნძულიდან გარბოდნენ, მაგრამ ისინი ოკეანის უზარმაზარმა ტალღებმა შთანთქა. გიგანტური ტალღები კუნძულის შუაგულს აღწევდა და შენობებსაც შთანთქავდა". ედვარდმა…ფურცლის კიდეზე მიაწერა, - 29 აგვისტოს ღამე. წერილი იქვე დატოვა და შინ წავიდა... რედაქტორს მოვლენის აღწერა მოეწონა და სპეციალურ რუბრიკაში მიუჩინა ადგილი. ასე იხილა ჟურნალისტმა საკუთარი სიზმარი გაზეთის ფურცლებზე. თუმცა კუნძული სახელად პრალაპე, არც ერთ გამოცემაში არ მოიძებნა. სულ მალე კი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა ვულკან კრავატაუს ამოქმედების შესახებ, რომელიც კუნძულ იავას მახლობლად მდებარეობდა და ჟურნალისტის სიზმრის დეტალები გასაოცრად ემთხვეოდა მომხდარს. ერთადერთ განსხვავებად კუნძულის სახელწოდება რჩებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, სემსონის წინასწარმეტყველურმა სიზმარმა ყველა განაცვიფრა. ერთი წლის შემდეგ კი სემსონმა ჰოლანდიელი ისტორიკოსებისგან ამანათი მიიღო, მასში უძველესი რუკა იდო, სადაც ვულკანი კრაკატაუ უცნაური სახელწოდებით - "პრალაპე" იყო აღნიშნული...

ელ ტეილორ კოლრიჯი ოცნებობდა,  დაეწერა ისეთი პოემა, რომელიც საზოგადოებას მისი ნიჭის მიმართ ქედს მოახრევინებდა. ერთხელ ამ პოემაზე ოცნებაში წიგნზეც კი ჩაეძინა. სიზმარში კი იმ პოემის სიუჟეტი ნახა, რომლის დაწერაზეც მთელი სიცოცხლე ოცნებობდა. პოეტს პერსონაჟები იმდენად ცხადად ედგნენ თვალწინ, რომ საწოლიდან წამომდგარი მაშინვე მაგიდას მიუჯდა და სიზმრის პოემად გადაქცევა დაიწყო. ასე სულმოუთქმელად დაწერა 50 სტრიქონი და მერე სათაურიც - "კუბლა ხანი". ამ დროს მას სტუმარი ეწვია და პოეტმა წერა შეწყვიტა, შემდგომ კი სიზმარი ვეღარ გაიხსენა და პოემა დაუსრულებელი დარჩა! ამის მიუხედავად "კუბლა ხანი" დღეს პოეტის ყველაზე ბრწყინვალე შედევრად ითვლება.

აბრაამ ლინკოლნს ესიზმრა, თითქოს რამდენიმე ადამიანის ხმამაღალმა ტირილმა გამოაღვიძა, შემდეგ ტირილის ხმას გაჰყვა და თავი თეთრი სახლის დასავლეთ დარბაზში ამოჰყო. დარბაზის შუაგულში გვირგვინებით დამშვენებული კუბო იდგა. ადამიანები კი რიგრიგობით მიდიოდნენ მდიდრულ კუბოში ჩასვენებულ ადამიანთან გამოსამშვიდობებლად. ლინკოლმა ვერ დაინახა, ვინ იწვა კუბოში და საპატიო ყარაულის ერთ-ერთ წევრს ჰკითხა: "ვის ასვენებენ?"

"როგორ, არ იცით? ამერიკის პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნს!

რამდენიმე დღის შემდეგ ლინკოლნი მოკლეს, მისი სხეული კი თეთრი სახლის დასავლეთ დარბაზში დაასვენეს...