ახალი ხელისუფლების ანტირეკორდი!.. - კვირის პალიტრა

ახალი ხელისუფლების ანტირეკორდი!..

ახალმა ხელისუფლებამ მოსახლეობის დაჯარიმების კუთხით "რეკორდი დაამყარა"

ხელისუფლებაში მოსულმა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა რაც ყველაზე კარგად მოახერხეს, ბიუჯეტის სწრაფად შევსება იყო. მაშინ არავის უკითხავს, ეს როგორ შეძლეს. თუმცა, ამის გასაგებად კითხვის დასმაც არ იყო საჭირო, რადგან ყოველდღე აჩვენებდნენ ტელეეთერში, როგორ გამოჰყავდათ სახლებიდან ბორკილდადებული შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნები, რომელთა ქონებაც მოგვიანებით ნაციონალიზაციას დაექვემდებარა. თავიდან მოსახლეობის ერთ ნაწილს მოსწონდა კიდეც, ძველ პოლიტიკოსებს რომ ანგარიშს უსწორებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ქონების კონფისკაცია, ჯარიმები თუ საპროცესო გარიგებები რიგით მოქალაქეებსაც შეეხო.

ნათქვამია, ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, დასასრულიც აქვსო, თუმცა "ნაციონალების" ნაციონალიზაციის დასასრული არც ისე ადვილი აღმოჩნდა. დაპატიმრებული ჩინოვნიკებისგან ფულის ამოღების შემდეგ სხვა გზა იყო მოსაძებნი. "ნაციონალურმა ხელისუფლებამ" ქონების წართმევებით, ჯარიმებით, საურავებით, გირაოთი თუ საპროცესო შეთანხმებებით დაიწყო ბიუჯეტის შევსება. ხელისუფლების მკაცრი ფინანსური პოლიტიკის წყალობით ისედაც გაღარიბებული მოსახლეობა კი კიდევ მეტად ღარიბდებოდა... არავის ეგონა, რომ ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების სააკაშვილისეულ მეთოდს ახალი ხელისუფლებაც აქტიურად გამოიყენებდა.

როცა საპარლამენტო უმრავლესობაში 2014 წლის საბიუჯეტო პროექტის განხილვა დაიწყო, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ "ნაციონალურ მოძრაობას" გასული წლები შეახსენა და თქვა, რომ წინა ხელისუფლება ბიუჯეტს ზღვარგადასული მეთოდებით ავსებდა. მაგრამ ქალბატონ ეკას არ უთქვამს, რომ ახალმა ხელისუფლებამ 9 თვის განმავლობაში მოსახლეობისგან ჯარიმების სახით უფრო მეტი თანხა ამოიღო, ვიდრე 2009, 2010, 2011, 2012 წლებში "ნაციონალურმა მოძრაობამ"(!).

დებატებში ბესელიას საპასუხოდ უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა 2013 წლის სტატისტიკა მოიყვანა. არსებული მონაცემებით, სისხლის სამართლის საქმეზე დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის, გირაოსა და საპროცესო შეთანხმებების წყალობიYთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების მთლიანმა ოდენობამ 2013 წელს 54.722.173 ლარი შეადგინა(!).

თუმცა არსებობს საავტომობილო ჯარიმების 6-თვიანი სტატისტიკა, თუ რა რაოდენობის თანხა შევიდა ბიუჯეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად. აღმოჩნდა, რომ 54.722.173 ლარიდან 31.106.828 ლარი მხოლოდ საპატრულო ჯარიმებზე მოდის...

P.S. როგორც ცნობილია, საჯარო მოხელეების ხელფასები სწრაფად იზრდება, არ უჩივიან პრემიებსაც, რომლებიც წელიწადში 3-ჯერ ან 4-ჯერ გაიცემა, საინტერესოა ეს ყველაფერი ჩვენი  დაჯარიმების ხარჯზე ხომ არ ხდება?!

უჩა გაფრინდაშვილი