საჯარო სამსახურებში საოცნებო ხელფასებია! - კვირის პალიტრა

საჯარო სამსახურებში საოცნებო ხელფასებია!

"პრეზიდენტის შემდეგ  ხელფასის მატება სხვა დიდმოხელეებსაც შეეხებათ"

პრემიებს წინასწარ იღებენ(?!)

"პრობლემა ხელფასებზე მეტად საპრემიო სისტემაშია"

როდესაც ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა მწვავედ დგას, სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულები საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს - კარგი ანაზღაურება აქვთ და ხელფასებიც ზრდას განაგრძობს... პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველთვიურად წინამორბედზე დაახლოებით 3.000 ლარით მეტს მიიღებს. საკითხავია, რის ხარჯზე იზრდება ხელფასები, ეს ხომ არ არის ნიშანი იმისა, რომ მალე სხვა დიდმოხელეებსაც გაეზრდებათ გასამრჯელო?

"კვირის პალიტრა" ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ლევან ავალიშვილსა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროს ანალიტიკოსს, მათიას ჰუტერს ესაუბრა.

ლევან ავალიშვილი: - საჯარო სამსახურებში მართლაც დიდი ხელფასებია, რასაც შეიძლება გამართლებაც მოეძებნოს: როცა მოხელეს დაბალი შემოსავალი აქვს, მოსალოდნელია, კორუფციულ გარიგებებში აღმოჩნდეს ჩართული. თავის დროზე ხელფასების ზრდა ამ რისკების თავიდან ასაცილებლად გადაწყდა. ამან სისტემა უფრო მოქნილი გახადა, თუმცა ისეც არ უნდა მოხდეს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება საოცნებოდ იქცეს... დღეს სახელმწიფო სამსახურში მუშაობა სტაბილურია, ხელფასი დიდია, რისკი - მცირე და, თუ დამერწმუნებით, სამუშაოც ნაკლები. ამ სიამოვნებაზე უარს ვინ იტყვის? ამასთან,

რადგან საჯარო სამსახურებში კარგი ანაზღაურებაა, ნეპოტიზმის რისკიც მატულობს.

- ხელფასის გარდა საჯარო მოხელე დანამატსაც იღებს. უცნაურია, მაგრამ ადამიანებს სამსახურში აყვანამდე სთავაზობენ პრემიებს.

- ვერ გეტყვით, ეს როგორ ხდება, თუმცა იმას კი მოგახსენებთ, რატომ არის ასეთი სისტემა დამკვიდრებული. დამსაქმებელი ცდილობს, მაღალი კვალიფიკაციის კადრი მოიზიდოს, თუმცა ასეთთა დათანხმება ძნელია - მათ არ აკმაყოფილებთ ოფიციალური ხელფასი და ამიტომ პრემიებს წინასწარ სთავაზობენ(?!). ასეთი სისტემა ეჭვს იწვევს. პრემიის გადახდა შესრულებული სამუშაოს შესაბამისად უნდა მოხდეს...

- დასაშვებია, რომ მარგველაშვილის შემდეგ სხვა თანამდებობის პირთა ანაზღაურებაც გაიზარდოს?

- პრეზიდენტის ხელფასის მატებამდე ეს ცვლილება რომ მომხდარიყო, მაშინ მინისტრის ანაზღაურება გადააჭარბებდა პრეზიდენტისას, რაც კანონით დაუშვებელია. იერარქიის დასაცავად ჯერ პრეზიდენტს გაუზარდეს გასამრჯელო, შემდეგ ცვლილება სხვა დიდმოხელეებსაც შეეხებათ.

- არ ფიქრობთ, რომ სახელმწიფო სხვა ქვეყნებთან შედარებით იმაზე მეტს ხარჯავს საჯარო მოხელეთა კომფორტზე, ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვს?

- ამ ხალხს, გარდა იმისა, რომ სოლიდური ანაზღაურება აქვთ, სარგებლობენ კარგი დაზღვევით, მაღალი გამავლობის მანქანებით, რომელსაც უამრავი საწვავი სჭირდება. ურიგდებათ კორპორაციული სატელეფონო ბარათები და მივლინებებსაც უნაზღაურებენ. წარმოგიდგენიათ, რა თანხასთან გვაქვს საბოლოოდ საქმე?

მათიას ჰუტერი: - პრობლემა ხელფასებზე მეტად საპრემიო სისტემაშია. მართალია, კანონით ბონუსები და პრემიები გამართლებულია, მაგრამ ასეთი სისტემა რისკს მაინც შეიცავს. ხშირად ხდება თანხების არამიზნობრივად გამოყენება.

- არამიზნობრიობაში რას გულისხმობთ?

- პრემიის სახით თანხების გაცემას ჯობია ხელფასი გაიზარდოს და საპრემიო დანამატების სისტემა გაუქმდეს. ამით უფრო გამჭვირვალე გახდება ყველაფერი. როცა ხელმძღვანელი პრემიებს და ბონუსებს გასცემს, შეუძლია თავისი ძალაუფლება სხვებზე ზემოქმედებისთვის გამოიყენოს. მაგალითად, არ მისცეს პრემია მას, ვინც არ მოსწონს, ან ისეთს მისცეს, ვინც არ იმსახურებს.

- "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კვლევა ჩაატარა. რა შედეგები მიიღო ჯგუფმა?

- კვლევა ეხებოდა ტენდერის გამოუცხადებლად, პირდაპირი წესით დადებულ სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს. ძველი ხელისუფლების დროს ეს ინფორმაციები დამალული იყო. ანგარიში მოიცავდა 2011, 2012 და 2013 წლის მიმდინარე შესყიდვებზე ინფორმაციებს. კვლევის დროს აღმოვაჩინეთ კომპანიები, რომლებმაც პირდაპირი კონტრაქტების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები მიიღეს. ხშირ შემთხვევაში პირდაპირი კონტრაქტი ფორმდებოდა პარლამენტის წევრების ან თანამდებობის პირების კუთვნილ კომპანიებთან, ან მფლობელებს კავშირი ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

პირდაპირი კონტრაქტების საფუძველზე გაცემულმა თანხამ მხოლოდ 2012 წელს 160 მლნ ლარი შეადგინა. 160 მლნ-დან 6.5 მლნ ლარი "ნაციონალურმა მოძრაობამ"”იმ კომპანიებისგან მიიღო შემოწირულობის სახით, რომლებთანაც სახელმწიფოს შესყიდვებზე პირდაპირი კონტრაქტები ჰქონდა გაფორმებული.

უტა ბიწაძე