საიდ მულიანი: "ქართველობა ქართველობით განისაზღვრება და არა რელიგიით" (ექსკლუზივი)
საიდ მულიანი: "ქართველობა ქართველობით განისაზღვრება და არა რელიგიით" (ექსკლუზივი)
"ჩემს ქართული სკოლაში იმდენი მსურველი მოვიდა, რომ ნამდვილად, ნემსის ადგილიც აღარ იყო"

"ფერეიდნელმა ქართველებმა არ დაივიწყეს ქართული ენა, რომელიც მთელს მსოფლიოში უნიკალურია"

"ძალიან გვჭირდება მხარდაჭერა, რომ ირანში ქართულმა სკოლებმა იარსებონ"


ფერეიდნელი ქართველი, პროფესიით ისტორიკოსი საიდ მულიანი უკვე რამდენიმე წელია, ირანში ქართული ენის და დამწერლობის გავრცელებას ცდილობს. საიდს რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული. მან დიდი შრომის შედეგად ირანში ქართული სკოლების გახსნა მოახერხა. საინტერესო და ამაღელვებელია სოციალურ ქსელში მის გვერდზე განთავსებული სიტყვები, რომლებიც
საიდმა ისპაჰანის ქართული სკოლის გახსნის პირველ დღეს დაწერა:

"გუშინ ჩემს ისპაჰანის ქართულს სკოლაში, იმ ოთახში, სადაც მე უნდოდა ვასწავლო ქართული წერა–კითხვა, ოთახის კარი აღარ იხურებოდა და სწავლის დასრულებამდე ვერც დავხურეთ.

ალბათ მიხვდით, ეს უბრალო მოვლენა რატომ არის მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულო.
ქართველნო, ჩემო დებო და
ძმებო, ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ვყოფილვარ ასეთი გახარებული. იცით, რატომ არ იხურებოდა კარი?
ჩემს ქართული სკოლაში იმდენი მსურველი მოვიდა, რომ ნამდვილად, ნემსის ადგილიც აღარ იყო. დაუჯერებელი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი, კინაღამ სიხარულისგან ვიტირე. შაჰ-აბასის დედაქალაქში, სადაც ის გეგმავდა ქართველთა გადაშენებას, ქართული ენის სწავლის მიზნით ამდენი ხალხი მოვიდა. 200 კილომეტრი გზის გავლის შემდეგ დაღლილობა უცებ გაქრა, 2 საათი გაგრძელდა ეს გაკვეთილი, ისე მიხაროდა, რომ არ გავეჩერებინე, დილამდე ვასწავლიდი.

ღმერთო, უზომოდ მადლობელი ვარ, რომ ეს დღე მანახე და რომ ბედნიერი ვარ, უამრავი ხელოვნური და ბუნებრივი პრობლემის მიუხედავად, ვემსახურო ჩემს ქართველობას!"

საიდ მულიანი "კვირის პალიტრას" საკუთარი თავის და მოღვაწეობის, აგრეთვე, საქართველოს და ქართული სკოლების შესახებ ესაუბრა.

საიდ მულიანი:

- უპირველეს ყოვლისა, მინდა მივესალმო ჩემს "თანაფესვებს" და "თანანერგებს", ჩემს და-ძმებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მე ვარ მე-16 თაობა იმ ხალხისა, რომლებიც მე-17 საუკუნეში იძულებით გადაასახლეს კახეთიდან ირანში. სოფელ ჩუღურეთში დავიბადე. პროფესიით ისტორიკოსი გახლავართ, ამჟამად პენსიონერი. თუმცა,, მინდა იცოდეთ - 40 წლის ვარ. პენსიაზე განგებ გავედი ადრე, რომ რითაც გატაცებული ვარ, იმის კეთებით ვისიამოვნო, ანუ ქართველობას ვემსახურო.

- ხშირად სტუმრობთ ხოლმე საქართველოს? რა შეგიძლიათ, ჩვენს ქვეყანაზე თქვათ?


- საქართველოში წელიწადში 4–5 ჯერ ჩამოვდივარ. ვცდილობ, 26 მაისს ყოველთვის საქართველოში ვიყო. საქართველო არის ულამაზესი, უსაყვარლესი ქვეყანა, თავისი სტუმართმოყვარე ხალხით.

- ფერეიდანში ცხოვრობთ. ქართულ დიასპორაზე რას იტყვით?

- აქაური დიასპორა ისტორიული დიასპორაა, ის მართლა განსხვავდება სხვა დიასპორებისაგან. თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში იყო სრულიად დავიწყებული, არავითარი კავშირი არ ჰქონდა საქართველოსთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფერეიდნელმა ქართველებმა არ დაივიწყეს ქართული ენა, რომელიც მთელ მსოფლიოში უნიკალურია. აქაური ქართველები ძალიან პატიოსანი, კანონმორჩილი და ავტორიტეტიანი ხალხია. აქ ჯერ ქართველს ქართველი არ მოუკლავს. დანაშაულის დონე ქართულ სოფლებში და ქართულ ქალაქებში ძალიან მცირეა და ამას თვითონ ირანელები აღიარებენ. ეს შემთხვევით არ არის, რომ შაჰ-აბასის პირველი სპასალარი ქართველი იყო და მის დროს უამრავი თანამდებობა ქართველებს ეკავათ. ისინი სანდო ხალხი იყვნენ, გულში ღალატს არასდროს ივლებდნენ.

- რას გვეტყვით ფერეიდანში ქართული სკოლების გახსნასთან დაკავშირებით? საიდან და როდის გაგიჩნდათ ეს იდეა? ალბათ, ამ ჩანაფიქრის განხორციელება რთული იყო...


- მოგეხსენებათ, ჩვენმა წინაპრებმა სხვადასხვა მიზეზის გამო დაივიწყეს ქართული დამწერლობა. მაგრამ ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ცოდნა შეენარჩუნებინათ და შემდეგ - აღედგინათ. 2000 წელს პირველად გავბედე და გავხსენი საზაფხულო ქართული სკოლა, რომელმაც დაახლოებით 4 წელიწადი იარსება. ხან სკოლებში, ხან უნივერსიტეტში ვატარებდით გაკვეთილებს, ზოგჯერ სხვადასხვა პრობლემების გამო მინდორშიც, გარკვეული ხანი კი ჩემს საკუთარ სახლშიც კი. სამწუხაროდ, ბოროტმა და შურიანმა ძალებმა სკოლა დაგვიხურეს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ზოგჯერ ამ საქმის მთავარი ხელისშემშლელი ქართველიც კი იყო. თუმცა, მადლობა ღმერთს, იმედი არასოდეს არ დაგვიკარგავს და ღვთის წყალობით რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, წელს გაიხსნა ეს სკოლები. მე თვითონ ძალიან გამიჭირდა ქართული ენის სწავლა, ამიტომ ვიფიქრე, რომ სხვებისთვის რაიმე უნდა მომემოქმედებინა. ჯერ წიგნი ჩემს ძმასთან, კახასთან ერთად შევადგინე და სხვა, ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად გავხსენი სკოლა. აქ ისწავლიან ანბანს, თანამედროვე ქართულს, ქართულ პროზას და პოეზიას, ლიტერატურას. უნდა აღვნიშნო, რომ თუ ირანის და საქართველოს მთავრობებისგან არ იქნება მხარდაჭერა, არ ვიცი, რა ბედი ელის ჩვენს სკოლას. ამას სჭირდება სერიოზული ფინანსური და მორალური მხარდაჭერა. გვჭირდება სახელმძღვანელოები და სამწუხაროდ, მათი საქართველოდან ჩამოტანა სხვადასხვა მიზეზის გამო ძალიან ძნელია, აქ გამოცემას კი დიდი ფული სჭირდება, რაც არ გაგვაჩნია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემებს დავძლევთ.

- საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თუ ადევნებთ თვალს? 9. მოგწონთ ის, რაც აქაური მდგომარეობის შესახებ იცით?

- ჩვენთან 8 ქართული არხია. ყველა მოვლენას თვალს ვადევნებ. ზოგი მომწონს, ზოგი - არა. საერთოდ, ვისურვებდი, ქართული და ადამიანური ფასეულებები უფრო ჩანდეს, ვიდრე პარტიული და კერძო ინტერესები. ერთმანეთი უფრო უნდა გვიყვარდეს და პატიება შეგვეძლოს, მოთმინებაც მეტი უნდა ვიქონიოთ.

- ქართველების ნაწილი თვლის, რომ ნამდვილი ქართველი აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა იყოს. ისინი ქართველობას და მართლმადიდებლობას ერთმანეთთან აიგივებენ. თქვენ რას იტყვით ამაზე?

- ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ სულ 16–17 საუკუნეა, რაც საქართველოში ნამდვილი ქართველები ცხოვრობენ, მანამდე ნამდვილი ქართველები არ ყოფილან. მე მიმაჩნია, რომ ქართველობა ქართველობით განისაზღვრება და არა რელიგიით. სანამ ზოროასტრები გახდებოდნენ, ჩვენი წინაპრები ქართველები იყვნენ, სანამ ქრისტიანობას მიიღებდნენ, მაშინაც და სანამ მუსლიმები გახდებოდნენ, მანამდეც ქართველები იყვნენ. ქართველი თუ ხარ, მუსლიმობამდე და მუსლიმად გახდომის შემდეგაც ქართველი ხარ, რწმენა ძალიან პირადია. სხვადასხვა რელიგია ღვთისკენ მიმავალი სხვადასხვა გზაა. ამ მწვერვალზე ყველა მართალი რელიგიის მიმდევარს შეუძლია ასვლა, თუ ადამიანობა ექნება. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია და ძალიან კომპეტენტური მიდგომა უნდა, ღრმად უნდა იყო ჩახედული. გაგიგიათ ალბათ: "მირჩევნია აქ გურჯი დამიძახონ, ვიდრე საქართველოში თათარიო".

- ბოლო პერიოდში დაძაბულობა იყო ქართველ მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის. ალბათ, იცით საქართველოში, კერძოდ სოფელ ჭელაში მომხდარი ამბავი მინარეთის მოხსნასა და შემდეგ, დადგმასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ხედავთ და აფასებთ მსგავს მოვლენებს?

- საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ტოლერანტობით. ჩვენი მეფეები მუსლიმთა დღესასწაულებს ესწრებოდნენ და მათ დიდ პატივს სცემდნენ. არა მარტო მუსლიმთა მიმართ, არამედ ყველა სხვა რელიგიის მიმდევართან ასე იქცეოდნენ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი დიდებული წინაპრებისაგან. თუმცა ეს ყველა ქვეყანაშია, რომ უმცირესობამაც უნდა იცოდეს თავისი უფლებები და ეცადოს, ისე მოიქცეს, რომ შემდგომ უმრავლესობის პატივით და მხარდაჭერით ისარგებლოს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს დაძაბულობა და რა შეიძლება, რომ ქართველებმა მოიმოქმედონ იმისთვის, რომ ის თავიდან აირიდონ?

- მოთმინება უნდა ვიქონიოთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ და პატივი ვცეთ. ის, რაც ხდება ერთ ოჯახში ძმათა შორის, სულ პატარა კონფლიქტია და არ უნდა გახდეს ქართულ ოჯახში განხეთქილების მიზეზი. რადიკალ ძალებს არ უნდა მიეცეთ დაძაბულობის გაჩენის უფლება. დაუჯერებელია, ეს შეუძლებელი იყოს იმ ქვეყნის ერთ პატარა სოფელში (მაგალითად, ჭელაში), რომლის დედაქალაქშიც საუკუნებია, ყოველ ას მეტრში მდებაროებს მეჩეთი, ეკლესია და სინაგოგა.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის).
Ana
06 დეკემბერი 2017 22:32
Vuertdebi said mulianis sixaruls,shahabasis qveyanashi gadaxvewil qartvelebis qartvelobas,mat survils sakutar descentran kvlav daaxloebas. Chven xom unikaluri Enid's da miwawylis svilebi vart. Madloba ufals rom shegidzlia chemi sixaruli gamovxato. Didi siamovnebit gavuwevdi chems fereidnel qartvelebs samegobrod xels. Da mat skolas shevudzendi dawyebiti klasebisatvis wignebs. Tu ki meqneboda said muliantan dakavshirebis sashualeba.
nana kvinikadze
14 დეკემბერი 2016 00:54
Gmertma amravlos shenistana axalgazrdebi said!gadzlierdi!
ბუდა
17 ნოემბერი 2016 06:21
ქართველი
ქართველის
არაქართული
ქართველობა
საქართველიში
ქართველები
ქართველობას
ქართველობის
ქართულ
ქართველია
ქართველობაა
ქართველად
საქართველოსთვის
ქართველოოოოოოოოოოოოოოოო

განათლდი და განათდები.



რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები