მკითხველის მაჯისცემა - კვირის პალიტრა

მკითხველის მაჯისცემა

სულ რამდენიმე დღე და კიდევ ერთი წელი შეუერთდება წარსულს - პატარა თუ დიდი პრობლემებით, პატარ-პატარა სიხარულებით, მოულოდნელი თუ მოსალოდნელი, სასიამოვნო თუ უსიამოვნო ცვლილებებით, ეკონომიკური კრიზისით, პოლიტიკური დაძაბულობებითა და განცდებით დატვირთული. ერთი სიტყვით, 2009 წელზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო წელიწადი იყო (აქვე ჩინელების წყევლასაც გაგახსენებთ, საინტერესო დროში გეცხოვროთო).

"კვირის პალიტრა" რუბრიკაში "რეიტინგი", მთელი წლის განმავლობაში ყურს უგდებდა მკითხველის მაჯისცემას, ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა მოვლენათა ელვისებურ რბოლას და მაქსიმალურად აქტიურად ეხმიანებოდა აქტუალურ პრობლემებს, საინტერესო, მსუბუქ თემებსაც, თუ როგორ გამოგვივიდა, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდია.

ახლა კი გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თემებისა და მოვლენების ანალიზს წარმოგიდგენთ.

წლის პრობლემები:

ერთ-ერთი პირველი თემა კი იმ დროისათვის #1 მოვლენას, ეკონომიკურ კრიზისს დაეთმო. მკითხველებს შევთავაზეთ დაესახელებინათ ეკონომიკური კრიზისისგან მოსალოდნელი საფრთხეებიდან რა აშინებდათ ყველაზე მეტად? როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად უმუშევრობის, სურსათის გაძვირებისა და ლარის გაუფასურების ეშინოდათ, და როგორც ვნახეთ, არცთუ უსაფუძვლოდ. უმუშევრობა ივლისში მკითხველის მიერ დასახელებულ ყველაზე მწვავე პრობლემათა სამეულშიც შედის. სამეული კი ასე გამოიყურება: დაკარგული ტერიტორიები, პოლიტიკური დაძაბულობა, უმუშევრობა. როგორც ჩანს, უმუშევრობა არა მარტო ეკონომიკური კრიზისის შესაძლო რისკია, არამედ მკითხველთა 50.4% აცხადებს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მათ (ან მათი ოჯახის წევრებმა) სამსახური დაკარგეს.

წლის დასასრულს, კი აქტუალურ პრობლემათა სამეული ასე გამოიყურებოდა: დაკარგული ტერიტორიები, უმუშევრობა, სიღარიბე. საყურადღებოა, რომ თუ პოლიტიკური დაპირისპირება ივლისში მწვავე პრობლემათა შორის რიგით მეორე იყო, ნოემბერში მან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა და ადგილი სიღარიბეს დაუთმო.

მკითხველმა ის საფრთხეებიც დაასახელა, რაც, მათი აზრით, ქართულ საზოგადოებას ემუქრება: სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რუსული აგრესიის გამეორება, ეკონომიკური კრიზისი.

შარშან ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ასევე მტკივნეული პრობლემა იყო კრედიტები. როგორც აღმოჩნდა, მკითხველთა 79%-ს ბანკიდან კრედიტი ჰქონდა გამოტანილი.

მკითხველი არ  მოელოდა, რომ ზაფხულში ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდებოდა. 62.2% აცხადებდა, რომ ამ შეხვედრით არაფერი შეიცვლებოდა. ივლისშივე მკითხველთა 38.9% შიშობდა, რომ რუსული აგრესიის გამეორების საფრთხე ისევ არსებობდა.

მკითხველი და პოლიტიკა:

ქვეყნის ძლიერების საყრდენი ძლიერი ეკონომიკაა, - ასე ფიქრობს რესპონდენტთა უმრავლესობა. ქვეყნის ძლიერების გარანტია ასევე კანონის უზენაესობა და პროფესიონალი კადრები სახელისუფლებო ვერტიკალზე.

საქართველოში სახელმწიფო მმართველობის ყველაზე მისაღები ფორმა მკითხველისთვის საპარლამენტო რესპუბლიკაა.

სამწუხაროდ, პოლიტიკა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა და "რეიტინგმაც" პოლიტიკას ყველაზე მეტი თემა დაუთმო.

საპროტესტო აქციები:

9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლას რესპონდენტთა უმრავლესობა გეგმავდა, რადგან სჯეროდა, რომ ოპოზიცია დასახულ მიზანს მიაღწევდა. ზაფხულში, როცა საპროტესტო ტალღა თითქოს მინავლდა, მკითხველთა 35.5% მაინც დარწმუნებული იყო, რომ ოპოზიცია შეძლებდა საპროტესტო მუხტის შენარჩუნებასა და მიზნის მიღწევას.

KvirisPalitra.Geოპოზიცია - მოლოდინები და განწყობები:

წლის დასაწყისში მკითხველმა ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსთა შორის წარმატებული მომავალი უწინასწარმეტყველა: ირაკლი ალასანიას, ნინო ბურჯანაძეს, დავით გამყრელიძეს.

მოგვიანებით არასაპარლამენტო ოპოზიციის სასურველ ლიდერად ირაკლი ალასანია დასახელდა, მეორე-მესამე ადგილებს კი დავით გამყრელიძე და გუბაზ სანიკიძე ინაწილებდნენ. აგვისტოში  კითხვაზე, არასაპარლამენტო ოპოზიციის რომელ ლიდერს ენდობით? - ასეთი შედეგი მივიღეთ: 1. ირაკლი ალასანია; 2 ლევან გაჩეჩილაძე 3. გუბაზ სანიკიძე; 4. შალვა ნათელაშვილი. ალასანიასვე მიაკუთვნა მკითხველმა ყველაზე კონსტრუქციული პოლიტიკოსის ტიტული.

წლის ბოლოს მკითხველმა განაცხადა, რომ მათ კრიტიკას არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ყველაზე მეტად ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია და დავით გამყრელიძე იმსახურებენ.

რაც შეეხება ყველაზე გავლენიან ლიდერს, მკითხველის გადაწყვეტილებით, ეს ტიტული ლევან გაჩეჩილაძეს მიეკუთვნა.

KvirisPalitra.Geპრეზიდენტ სააკაშვილის ნერვებისმომშლელთა პირველი სამეული ასეთი იყო: 1. ნინო ბურჯანაძე; 2. გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი); 3. ლევან გაჩეჩილაძე.

მაისში მკითხველს ვთხოვეთ დაესახელებინა სამი ქართველი პოლიტიკოსი, რომელთაც ყველაზე მეტად ენდობოდნენ. შედეგები ასე გამოიყურებოდა: 1-2. ირაკლი ალასანია; 1-2. გუბაზ სანიკიძე; 3. ლევან გაჩეჩილაძე. პრეზიდენტი სააკაშვილი ათეულის მე-9 ადგილზე აღმოჩნდა, ხელისუფლების არც ერთი სხვა წარმომადგენელი კი ამ ათეულში არ დასახელებულა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთაგან მკითხველის კეთილგანწყობას იმსახურებენ: 1. გიორგი თარგამაძე; 2. გია ცაგარეიშვილი; 3. დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მკითხველის აზრით, თავის პოსტს ყველაზე მეტად შეეფერებოდნენ ექსმინისტრები: 1. სალომე ზურაბიშვილი; 2. ირაკლი ოქრუაშვილი; 3. გოგა ხაინდრავა.

პრეზიდენტი და ხელისუფლება:

KvirisPalitra.Geმკითხველთა აზრით, პრეზიდენტის ერთგულნი არიან: 1. ვანო მერაბიშვილი; 2. გიგი უგულავა; 3. ზურაბ ადეიშვილი.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაძაბულობის განსამუხტად, რესპონდენტთა უმრავლესობა შესაძლო დიალოგზე დასწრებას პირველ რიგში უწმინდესსა და უნეტარესს ანდობდა. მათთვის ასევე მისაღები იქნებოდა, თუ ამ დიალოგს რეზო ჩხეიძე და მუხრან მაჭავარიანი დაესწრებოდნენ.

ამ დაძაბულობისას, კრიზისის ფონზე მკითხველი ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ყველაზე ღირსეულ ქმედებას დავით ბაქრაძისგან, რუსუდან კერვალიშვილისა და გიგი წერეთლისგან ელოდებოდა.

მათ შორის კი მკითხველს ყველაზე მეტად აღიზიანებდა: 1. გივი თარგამაძე; 2. მიხეილ სააკაშვილი; 3. ვანო მერაბიშვილი.

მკითხველის კრიტიკას "ხელისუფალთაგან" იმსახურებენ: 1. მიხეილ სააკაშვილი; 2. ბაჩო ახალაია; 3. გიგა ბოკერია; 4. ვანო მერაბიშვილი; 5. გიგი უგულავა. ამ პერიოდში მკითხველთა 75.2%-მა უარყოფითად შეაფასა ბაჩო ახალაიას დანიშვნა თავდაცვის მინისტრის პოსტზე.

მიუხედავად იმისა, რომ მკითხველის აზრით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაწყებული დიალოგი რეალურ შედეგს ვერ გამოიღებდა, ოპოზიციის პრეზიდენტთან შეხვედრა მკითხველთა 71.2%-მა შეაფასა დადებითად; უმრავლესობამ (68.5%) ასევე დადებითად შეაფასა ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრა პრეზიდენტთან.

მკითხველთა აზრით, ხელისუფლებაში რეალურად გადაწყვეტილებებს იღებენ: 1. მიხეილ სააკაშვილი; 2. ვანო მერაბიშვილი; 3. გიგი უგულავა.

ყველაზე სიმპათიური მინისტრებიც დასახელდნენ: 1. გიორგი ბარამიძე; 2. ალექსანდრე კვიტაშვილი; 3. ნიკა გილაური.

მკითხველის აზრით, ხელისუფლებაში ყველაზე მდიდრები არიან: 1. მიხეილ სააკაშვილი; 2. ვანო მერაბიშვილი; 3. გიგი უგულავა.

არჩევნები თუ საპროტესტო აქციები?

ნოემბერში, როგორც ჩანს, აქციებითა და დაძაბულობით დაღლილმა მკითხველმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. მათმა 64.6%-მა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რადიკალური ოპოზიცია განაახლებს ქუჩის აქციებს, ისინი მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.

რესპონდენტთა აზრით, თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიცია ერთ კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს. მერის პოსტზე მათთვის სასურველი კანდიდატებია: 1. ლევან გაჩეჩილაძე; 2. გიგი უგულავა; 3-4. შალვა ნათელაშვილი; 3-4. ირაკლი ალასანია; 5. სოზარ სუბარი.

KvirisPalitra.Geქალბატონები და ბატონები:

აქტიური ქალბატონების სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის ქართული პოლიტიკა. ამ ქალბატონებზე კი მკითხველის კეთილგანწყობა ასე გადანაწილდა: 1. სალომე ზურაბიშვილი; 2. რუსუდან კერვალიშვილი; 3. ნინო ბურჯანაძე.

ყველაზე გავლენიანი ქალები: 1. სანდრა რულოვსი; 2. ნინო ბურჯანაძე; 3. რუსუდან კერვალიშვილი; 4. ეკა ტყეშელაშვილი; 5. ინგა გრიგოლია.

ყველაზე გემოვნებიანი, მოდური და ელეგანტური ქალბატონები არიან: ნანი ბრეგვაძე, ნინო ბურჯანაძე, რუსუდან კერვალიშვილი, ნინო ანანიაშვილი და ინგა გრიგოლია. მამაკაცები: კახა კალაძე, ირაკლი ალასანია, დავით გამყრელიძე, მამუკა ხაზარაძე, დავით მაღრაძე.

მკითხველებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებს ამქვეყნად ყველაზე მეტად უმუშევრობის, ღალატის და სიღარიბისა ეშინიათ; ქალებს - მარტოობის, სიბერისა და ღალატის.

KvirisPalitra.Geმკითხველი და მედიასაშუალებები:

მკითხველის აზრით, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი საშუალო დონეზეა; 50.3% მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთა უფლებები ირღვევა. მათი უმრავლესობა თვლის, რომ ტელეარხები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს არაობიექტურად აშუქებენ. მათ შორის ყველაზე არაობიექტური კი "საზოგადოებრივი მაუწყებელია" (32.9%); შემდეგ - "რუსთავი 2" (31.2%) და "იმედი" (22.0%).

რაც შეეხება ტელეარხების მიმართ ნდობას, რესპონდენტები აცხადებდნენ, რომ ყველაზე მეტად "კავკასიას", "მაესტროს" და "იმედს" ენდობიან.

"კვირის პალიტრის" საუკეთესო ჟურნალისტებიც დაასახელა მკითხველმა. პირველი სამეული ასე გამოიყურება: 1. დაჩი გრძელიშვილი; 2. იზო რიკაძე; 3. ზვიად სეხნიაშვილი.

ჩვენი მკითხველი ყველაზე ხშირად საინფორმაციო გადაცემებს უყურებს; შემდეგ - პოლიტიკურ ტოქშოუს და იუმორისტულ გადაცემებს. იუმორისტული გადაცემებიდან კი ყველაზე მეტად სერიალი "შუა ქალაქში", შემდეგ - "ვანო ჯავახიშვილის შოუ" და "კომედიშოუ" მოსწონთ.\

ქართული რადიოებიდან ჩვენი მკითხველები ყველაზე ხშირად უსმენენ: "იმედს", "არ დაიდარდოს", "უცნობს", "პალიტრას" და "ფორტუნას".

ყველაზე მისაბაძი, ყველაზე საამაყო და...

მოზარდი თაობისთვის ყველაზე მისაბაძნი და ავტორიტეტულნი არიან: მშობლები, სასულიერო პირები, წარმატებული სპორტსმენები.

ქართველებს ყველაზე მეტად სახელოვანი წინაპრებით, სტუმართმოყვარეობით და ბუნებით შეგვიძლია ვიამაყოთ; დღეს კი ყველაზე ღირსეული ინტელიგენცია და დამოუკიდებელი მედია გვყავს.

მკითხველების აზრით, საქართველოში წარმატების მისაღწევად ყველაზე მეტად საჭიროა: გავლენიანი ნაცნობები; ფული და დასავლური განათლება.

KvirisPalitra.Geდასვენება:

გასულ ზაფხულს მკითხველთა 58.2%-მა განაცხადა, რომ დასასვენებლად წასვლას არ აპირებდა; სრულფასოვანი დასვენებისთვის კი, მათი აზრით, ყველაზე მეტად ფინანსები, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა და განწყობაა საჭირო.

რელიგია და ზნეობრივი ფასეულობები:

მკითხველთა აბსოლუტური უმრავლესობა ყველაზე მეტად მართლმადიდებელ ეკლესიას ენდობა.

ჩვენი მკითხველისთვის ყველაზე მეტად მიუღებელია: ადამიანის ღირსებების შელახვა, დასმენა და არჩევნების გაყალბება.

დაბოლოს, თქვენი გაზეთი არც წელს უღალატებს ტრადიციას და კიდევ ერთხელ გაძლევთ საშუალებას, რომ წლის ადამიანი დაასახელოთ.