ქუჩიდან - კარავში - კვირის პალიტრა

ქუჩიდან - კარავში

წელს ქუჩაში უკვე ორი უსახლკარო გაიყინა

სითბო, საჭმელი და სამედიცინო დახმარება უსახლკაროებს!

საქართველოში ზამთრის დადგომა განსაკუთრებით უსახლკაროებს უქმნის საფრთხეს.  წელს ქუჩაში უკვე ორი უსახლკარო გაიყინა... როგორც ჩანს, მთავრობამ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, ამ პრობლემისთვის მიეხედა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიუსაფართა პრობლემების მოსაგვარებლად ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. თბილისსა და რეგიონებში განთავსდა თავშესაფრები.

"კვირის პალიტრა" უსახლკაროებს" გაესაუბრა. კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ სასტუმროსთან ერეკლე კახნიაშვილი გავიცანი.

- არ გცივათ, კიბეზე რომ ზიხართ?

- აბა, სად წავიდე. რომ არ გავყინულიყავი, აქეთ-იქით დავდიოდი, მაგრამ დავიღალე და ჩამოვჯექი.

- თავს მოწყალებით ირჩენთ?

- მაშ, რა ვქნა, იმდენს ვშოულობ, რომ შიმშილით არ მოვკვდე. ცხინვალიდან გამომაგდეს, ცოლი მომიკვდა და აღარავის ვუნდივარ. 15 წელია, ასე გზაშარას ვარ გამოკიდებული, სადაც მიღამდება, იქვე ვრჩები.  ვპოულობ მყუდრო ადგილს, "კარდონებს" ვაწყობ და ვწვები. თუ ნასვამი ვარ, უფრო არ მცივა, მაგრამ ყოველდღე სასმლის ფული სად არის?! ცოტა ხნის წინ ერთ მიტოვებულ შენობაში პატარა ოთახს მივაგენი. სანამ გამომაგდებენ გამაგრებული ვარ ჩემს "ციხესიმაგრეში".

- ახალ წელს იქ შეხვდებით?

- ჩემნაირებისთვის ახალი წელი არ არსებობს. თუ ვინმემ რამე მომცა, მარტოც დავილოცები, თუ არა და, ვიქნები მშიერი...

საუბრისას სასტუმროდან  დაცვის თანამშრომელი გამოვიდა  და მოხუცს ზრდილობიანად სთხოვა, აქაურობას გაეცალეო. მოხუცმა ერთი კი ჩაილაპარაკა, წავალ, აბა, რას ვიზამო და წამოდგა...

დამელოდეთ, ცხელ ხაჭაპურს მოგიტანთ-მეთქი, შევაჩერე. თვალები აუწყლიანდა:

- შენ გაიხარე, ლუდსაც თუ მოაყოლებ, მადლობელი დაგრჩები...

ჩემი მოსაუბრე კარგად რომ დანაყრდა, უფრო ხალისიანად ალაპარაკდა და თავის  "ციხესიმაგრეშიც" მიმიპატიჟა. ძველ შენობაში შევედით. ნახევრად ჩამოვარდნილ კარს მიაწვა და შიგნით შემიძღვა. ოთახში ქუჩიდან შემოსული ლამპიონების შუქი ძლივს ატანდა. ხის დამტვრეულ საწოლზე თხელი, დაძონძილი საბანი ისე იყო მოკუჭული, მიხვდებოდით, რომ ყინვით გაწამებულ მოხუცს მისი გასწორება არც უფიქრია...

გულდამძიმებული გავეცალე ბნელ და გაყინულ "ბუნაგს", სადაც ახალი წლის სიხარული ვერასოდეს შეაღწევს.

ქუჩაში გამოსულს პირველი თოვლი შემეგება. გავიფიქრე, ესღა აკლდათ ქუჩის ბინადართ-მეთქი და იმ ადგილის ძებნა დავიწყე, სადაც ხშირად მინახავს კედელთან ჩაძინებული ადამიანები. რკინიგზის სადგურთან, ბანკის შენობაში, სადაც ბანკომატებია განთავსებული, მინის კარს მიღმა მობუზული ქალი შევნიშნე. კარი შევაღე... სიტყვის თქმა არ დამაცადა, რომ აკანკალებული ხმით შემომჩივლა: - ქუჩაში ძალიან ცივა, ვეღარ გავძელი და აქ შემოვედი. არაფერს დავაშავებ, ცოტა ხანს კიდევ ვიქნები... თუ ჩემი დახმარება გინდათ, თავი დამანებეთ, გადით, თორემ პოლიცია შეგვამჩნევს და გამაგდებენ.

სხვა რა გზა მქონდა, გამოვბრუნდი და ისევ ქუჩას გავუყევი, იმაზე ფიქრით, ვინ იცის, კიდევ რამდენი უსახლკარო დადის გაყინულ ქალაქში.

ამ კითხვით პრემიერ-მინისტრის შექმნილ სამუშაო ჯგუფსაც მივმართეთ.

გია კაკაჩია, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: - სხვადასხვა ქალაქში უკვე დავდგით კარვები, სადაც 24 საათის განმავლობაში შევიფარებთ უსახლკაროებს. თავშესაფრებში იქნება სითბო, საჭმელი, სამედიცინო დახმარებასაც გაუწევენ...

- საქართველოში არსებობს სტატისტიკა, რამდენი ადამიანი ათევს ღამეს ქუჩაში?

- ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიცია ჩვენთან მოიყვანს ყველა უსახლკაროს, ვისაც ქუჩAაში აღმოაჩენს, გარკვეული სურათი დაიხატება.

- სოციალურად დაუცველებსაც შეეძლებათ თავშესაფარში მისვლა?

- ეს პროგრამა ორი კატეგორიის ადამიანებისთვის არის - მათთვის, ვინც  ქუჩაში ცხოვრობს და მათთვისაც, ვინც დროებით ახლობელთან არის შეფარებული, ან შეჭრილი სახელმწიფო შენობებში...

- სახელმწიფო თუ გეგმავს მათთვის მუდმივი საცხოვრებლის შექმნას?

- მუდმივი საცხოვრისი გრძელვადიანი პროექტია, მომავალში ამაზეც ვიმუშავებთ... დღეს კი იმაზე ვზრუნავთ, რომ ადამიანები ელემენტარულად ქუჩაში არ გაიყინონ...

უტა ბიწაძე