სული მიჯანყდება - სანამ სიცოცხლის შანსი არსებობს... - კვირის პალიტრა

სული მიჯანყდება - სანამ სიცოცხლის შანსი არსებობს...

ჟურნალისტები სიცოცხლის გადასარჩენად

"რა დააშავეს ბავშვებმა, რომლებსაც მართლა არაფერი უნახავთ სიცოცხლეში და უკვე სიკვდილის წინ დგანან!"

ამ წერილის დასაწყისზე დიდხანს ვიფიქრე. ერთი პირობა მინდოდა, პირდაპირ კითხვით დამეწყო, - ოდესმე თუ მჯდარხართ სასიკვდილოდ გადადებული ბავშვის სასთუმალთან და მისი პატარა ხელი ხელში თუ გჭერიათ-მეთქი. მაგრამ... ამ შეკითხვისთვისაც კი ვერავის გავიმეტებ! თუმცა მე ბევრჯერ ვყოფილვარ ასეთი ბავშვების გვერდით, როცა მათზე დამიწერია და დაუძინებელ მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ უნუგეშო მდგომარეობაში მოხვედრას. მერე, როცა გამოვდივარ ქუჩაში, სადაც ადამიანები ჩვეულებრივად მიდი-მოდიან, სული მიჯანყდება - თუკი შეიძლება გარშემო ასე ჩვეულებრივად იყოს ყველაფერი, რატომ არ შეიძლება იმ ბავშვებმაც ჩვეულებრივად იცოცხლონ! ამისთვის ბრძოლაა საჭირო, მერე კი უფალი მოახდენს სასწაულს და მათთვის გამოინახება ფული, რომელიც მათ გადაარჩენს. და იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს ბრძოლა მარცხით დამთავრდა, ისინი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გადარჩენის იმედით იცოცხლებენ.

აი, ასე ვფიქრობ... ამიტომ არის ჩემთვის სასწაულის ტოლფასი, როცა ამ ბავშვებისთვის ზოგი უკანასკნელ გროშებს გაიღებს. აი, რატომ არის  წარუშლელი ის განცდა,  რომელიც შარშან ერთ დიდ სუპერმარკეტში ნაცნობი ჟურნალისტების დანახვაზე გამიჩნდა - იდგნენ და დახმარებას ითხოვდნენ, რათა მეგობარი გადაერჩინათ. ეს შეძლეს. როცა საზღვარგარეთიდან დაბრუნებული გამოჯანმრთელებული ოპერატორი დიტო ცინცაძე ტელეეკრანზე დავინახე, ისეთი განცდა გამიჩნდა, რომელსაც არაფერში გავცვლი. ეს კოლეგების გმირობის გამო სიამაყის განცდა იყო... ალბათ ისინიც ამას განიცდიდნენ, რადგან შემდეგ სხვების გადასარჩენადაც დაიწყეს ბრძოლა. ასე შეიქმნა "დიტო ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი".

ამ ფონდმა მაშინაც ამაცრემლა, როცა სიმსივნით დაავადებულ გიორგი კოვზირიძეს  10 000 ევრო გადაურიცხა. ამის შესახებ ჟურნალისტმა დაჩი გრძელიშვილმა შეგვატყობინა. ვუსმენდი, ცრემლები ყელში მეჩხირებოდა და თან გიორგი კოვზირიძის სასოწარკვეთილი დედა მედგა თვალწინ - ჩემს შვილს ფილტვის სიმსივნე აქვს, თუ საზღვარგარეთ ოპერაცია ვერ გავუკეთეთ, ვერ იცოცხლებს, მაგრამ ფული საიდან ვიშოვოო!

განა ეს სასწაული არ არის? ქვეყანაში, სადაც ბევრს თავად უჭირს, თავისზე გაჭირვებულს პურის ფულს უყოფს! ამიტომაც ვიფიქრე მაშინ, - სხვებზე ვწერ, საკუთარ კოლეგებზე როგორ  არ უნდა დავწერო-მეთქი და ამ ფონდის ჟურნალისტებს - კახა ჯანაშვილსა (ფონდის დირექტორი) და მერაბ მეტრეველს დავუკავშირდი. სხვათა შორის, არც კახა ჯანაშვილის ტკივილიანი ხმა დამავიწყდება, - რაც ფონდი შევქმენით, მას შემდეგ საკუთარი ცხოვრებით არ მიცხოვრია, - რამდენი ტკივილი ყოფილა ირგვლივ, ორი საქაღალდე მაქვს მძიმედ დაავადებული ბავშვების საბუთებით სავსე და კიდევ ემატებიანო.

მერაბ მეტრეველი: -  როცა გავიგეთ, დიტოს არაჰოჩკინის ლიმფომა აქვსო, თავზარი დაგვეცა. ბოლოს, კახა ჯანაშვილმა თქვა, - ამ ამბავს ვიშვიში არ უშველის, როგორმე ფული უნდა ვიშოვოთო. შევეხმიანეთ დანარჩენ ჟურნალისტებსაც, დავიჭირეთ ყუთები და დავდექით სუპერმარკეტში, შეიძლება კონკრეტულად ამ ადგილზე ნაშოვნი ფული ზღვაში წვეთი იყო, მაგრამ როცა მეგობარი გიკვდება, თუ მისი გადარჩენა შეგიძლია, შეიძლება სამათხოვროდაც გაიწოდო ხელი.

კახა ჯანაშვილი: - დიტო ტკივილს ებრძოდა. უოპერაციოდ გადარჩენის შანსი არ ჩანდა, საამისო ფული კი არ ჰქონდა. ან ვის აქვს ერთად 150 000 ევრო! მითხრა, - გვერდით პალატაში, ჩემნაირად ავადმყოფი 3 წლის ბავშვი წევს. ვითომ რით სჯობია ჩემი სიცოცხლე მის სიცოცხლეს, მას ამქვეყნად არაფერი უნახავს, მე კი 32 წლისაც ვარ, ცოლ-შვილიც მყავს და ვითომ რატომ უნდა ვიცოცხლო მე და არა მანო. ორივემ უნდა იცოცხლოთ... ოპერაციისთვის საჭირო ფულს აუცილებლად ვიშოვით-მეთქი. მერე დავფიქრდით, - თუ შევძელით მეგობრის გადარჩენა, რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ სხვების გადასარჩენად. რა დააშავეს ბავშვებმა, რომლებსაც მართლა არაფერი უნახავთ სიცოცხლეში და უკვე სიკვდილის წინ დგანან! ამიტომაც შევქმენით ფონდი. პირველი ბავშვი, ვისთვისაც ფულის შეგროვება დავიწყეთ, თენგო ზაკაშვილი იყო. თენგო ახლა იტალიაში, ვერონაში მკურნალობს. უკვე გადაუნერგეს ძვლის ტვინი. მისი სამკურნალოდ გაშვებიდან რამდენიმე დღეში კიდევ ორ ბავშვს დასჭირდა დახმარება. მივხვდით, მხოლოდ ქველმოქმედებით ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებდით და ხელისუფლებას უმთავრესი მოვალეობის შესრულება მოვთხოვეთ - დაეცვა ბავშვების სიცოცხლის უფლება. ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ორივე ბავშვისთვის მკურნალობის თანხა სრულად გამოყო, თუმცა პირველი ბავშვის, მირზა ცეცხლაძისთვის დახმარება დაგვიანებული აღმოჩნდა. ბავშვმა გამგზავრებამდე მონათვლა ისურვა. ამისთვის მივედით კლინიკაში და სწორედ მაშინ თავში სისხლი ჩაექცა.

შემდეგ  მინისტრ დავით სერგეენკოს შევხვდით.

იმ დროისთვის უკვე გარკვეული გვქონდა, რომ თუ საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი დაარსდებოდა, ოპერაცია ბევრად ნაკლები დაჯდებოდა. მინისტრი დაგვპირდა, რომ 2014 წლის ბიუჯეტში ასეთი ცენტრის მშენებლობისთვის, ასევე უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიისა და განყოფილების შესაქმნელად საჭირო თანხა ჩაიდებოდა.

დღეს ფონდი სამინისტროსთან მჭიდროდ  თანამშრომლობს. ვიდრე დანაპირები განხორციელდება, უცხოეთში თანადაფინანსებით ვუშვებთ ბავშვებს გამოკვლევებისა თუ ოპერაციებისთვის. მაგრამ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა არასაკმარისია. ჩვენ კი დიტოს შემდეგ 26 ბავშვს დავეხმარეთ. მათ შორის 4 იტალიაში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის გავამგზავრეთ (ორი სახელმწიფომ სრულად დააფინანსა). საუბედუროდ, 8 წლის ქეთი ართმელიძე და 13 წლის გიორგი გაბედავა იქ გარდაიცვალნენ - ქიმიოთერაპიის კურსს ვეღარ გაუძლეს. ეს საშინელებაა, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ,  მათ სიცოცხლის შანსი ჰქონდათ, ჩვენ ამ შანსს ბოლომდე ჩავებღაუჭეთ...

მერაბ მეტრეველი: - თუ კაცმა თავისი თვალით არ ნახა, ვერასოდეს იფიქრებს,  რამდენი ბავშვი იტანჯება... ამას ერთვის სხვა გაჭირვება, მაგალითად, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ლეიკემიიანი ბავშვებისთვის არსებობს უფასო მკურნალობის პროგრამა, მაგრამ საჭირო ძვირად ღირებული წამლები ამ პროგრამაში არ იგულისხმება.

კახა ჯანაშვილი: - ასეთი წამლების თითო ამპულა რამდენიმე ათეული ლარი ღირს, ბავშვებს კი ხშირად ათიც სჭირდებათ. მაგალითად, ერთი კოლოფი ვორიკონაზოლი 500 დოლარი ღირს და მხოლოდ ერთი კვირის დოზაა. ერთ-ერთ ბავშვს ეს წამალი უკვე შევუძინეთ 6 000 დოლარად და კიდევ სჭირდება. თუ ფული ვერ ვიშოვეთ, რაც მოხდება, იმაზე ლაპარაკიც არ მინდა. ხშირად უცხოეთში  წამლებს ნაცნობობის წყალობით ვყიდულობთ. ეს "ნაცნობები", რომლებიც ხშირად არასოდეს გვინახავს, წამლებს სხვადასხვა გზით გვიგზავნიან, ოღონდ ჩვენამდე დროზე მოვიდეს. ყველაზე მეტად მაშინ ვიტანჯებით, როცა არასიმსივნური დაავადებით დაავადებული ბავშვების მშობლებს დახმარებაზე უარს ვეუბნებით. Gფონდი შემოწირულობებით არსებობს და ეს თანხა, ხშირად, ძალიან ცოტაა. უარის თქმა გვიწევს 18 წელს გადაბიჯებული ახალგაზრდებისთვისაც...

არავის ვუსურვებ ჩაიხედოს ბავშვის თვალებში და იქ ტკივილი დაინახოს, თორემ მის წასაშლელად ყველაფერზე წავა...

P.S. ჩვენ შეიძლება უღონო ვიყოთ ამ ბავშვებს ტკივილი ავარიდოთ, მაგრამ ჩვენს სიკეთეს შეუძლია ისინი აცოცხლოს. ამიტომაც გთხოვთ შეეწიოთ ამ ფონდს, - ვისაც რა შეგიძლLიათ: საქართველოს ბანკი.

კოდი BAGAGE22;

ანგარიში GE62BG0000000996577500.

დარეკეთ: 0901080806