ნოდარ წულეისკირი: "ვარლამ არავიძე ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სახელმწიფოში შეიძლება გაჩნდეს"
16-12-2013
ნოდარ წულეისკირი: "ვარლამ არავიძე ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სახელმწიფოში შეიძლება გაჩნდეს"
"ვარ ჩემთვის წერაქვში და ვმუშაობ რომანის მეორე ნაწილზე..."

2014 წელს მხატვრული ფილმის, "მონანიების" გამოსვლიდან 30 წელი სრულდება და ის დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ფილმის გამოსვლას უამრავი სიძნელე ახლდა, მათ შორის ისიც, რომ სცენარის ავტორს ფარულად უხდებოდა მუშაობა, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზიც, რომ მისი სახელი ტიტრებში არ გვხვდება. მხოლოდ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, გაზეთ "კომუნისტთან" ინტერვიუში განაცხადა დამდგმელმა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ, რომ სცენარის თანაავტორი მწერალი ნოდარ წულეისკირი იყო.


ბატონი ნოდარი
1992 წლიდან სოფელ წერაქვში ცხოვრობს. ჩვენ მას კომენტარი ვთხოვეთ:


- კინოსცენარი ისეთი მძაფრი არ არის, როგორიც ჩემი რომანია, მაგრამ "მონანიება" ხალხში დღემდე პოპულარულია, რაც, უდავოდ, რეჟისორის, თენგიზ აბულაძის დამსახურებაა, ცხადია, მსახიობებისაც.

- თქვენ, დისიდენტურად განწყობილ ადამიანს, როგორ მოგცეს ფილმზე მუშაობის საშუალება? ეს არ იცოდნენ ხელისუფლების
მაღალჩინოსნებმა, თუ იცოდნენ და თვალი დახუჭეს?

- დღეს კომიკურიც კია ის ვითარება, რომელშიც ამ კინოსცენარის გამო მე და თენგიზ აბულაძე აღმოვჩნდით. სასაცილოა ფარული შეხვედრების გახსენება "მზიურში" სცენარზე მუშაობისას, ჩემი სახელისა და გვარის დამალვა, ვინაიდან დისიდენტად მივიჩნეოდი. მაშინდელმა ცეკას მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ თავიდანვე იცოდა სიმართლე და საქმის ვითარება. ვფიქრობ, თვალი დახუჭეს მარტივი მიზეზის გამო - სიუჟეტი მოეწონათ.

- ეს ფილმი საბჭოთა მანკიერების ერთგვარი სარკეა, როგორ დაგთანხმდნენ ფილმის გადაღებაზე?

- უთუოდ თენგიზ აბულაძის ავტორიტეტის გამო დაგვრთეს ნება. ალბათ ჩათვალეს, რომ კარგი სიუჟეტისა და ცნობილი რეჟისორის თანხვედრა წარმატებულ ფილმს შექმნიდა...

- საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვარლამ არავიძეს ლავრენტი ბერიას პროტოტიპად მიიჩნევს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ბერიას ვაჟი. ეს ასეა, თუ ვარლამ არავიძე საბჭოთა ჩინოსნების კრებითი სახეა?

- ვარლამ არავიძე არა მარტო საბჭოთა ჩინოსანთა კრებითი სახეა, ის გახლავთ უფრო მასშტაბური პერსონაჟი, არამზადა სახელმწიფო მოხელე, რომელიც ნებისმიერ დროში და ნებისმიერ სახელმწიფოში შეიძლება გაჩნდეს, ისევე როგორც შურისმაძიებელი ჯეგე ხალდანი, პერსონაჟი, რომელიც ფილმში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არის.

- ნაწარმოებს, ფილმისაგან განსხვავებით, სახელად ჰქვია "აფთრები"...
- თავიდან რომანს ერქვა "აფთარი", რადგან ამ მხეცში ვგულისხმობდი ადამიანის სახედაკარგულ ვარლამ არავიძეს. რომანის წერისას შურისმაძიებლის, ჯეგე ხალდანის "გააფთრებამ" გამოიწვია რომანის სახელის შეცვლა და დაერქვა "აფთრები". რომანი ნამდვილად ამართლებს სახელს - გააფთრებული ნაწარმოებია.

- ხომ არ გწყდებათ გული, რომ ბევრმა არ იცის, ფილმის სცენარის თანაავტორი რომ ხართ?
- საქმე ის არის, რომ სცენარი მრავალჯერ შეიცვალა, ასცდა ჩემი რომანის სიუჟეტის ხაზს და სცენარის თავდაპირველ ვარიანტს, თუმცა ძირითადი დარჩა...

რომანი უკვე მეორედ გამოქვეყნდა და სწორედ ისეთია, როგორიც უნდა ყოფილიყო. ვარ ჩემთვის წერაქვში და ვმუშაობ რომანის მეორე ნაწილზე. რისი დასრულებაც უწინ ვერ მოვახერხე, მწადია, ახლა დავასრულო.

- ბევრს ლაპარაკობენ ედუარდ შევარდნაძის როლზე.

- შევარდნაძის კეთილგანწყობა რომ არა, "მონანიება" ვერ გამოვიდოდა ეკრანზე. იმ დროს ყველა სცენარი მოსკოვში  მტკიცდებოდა, "მონანიების" სცენარი კი ედუარდ შევარდნაძემ მოსკოვის გვერდის ავლით დაამტკიცა...

ლადო გოგოლაძე
rezo
16 დეკემბერი 2013 19:26
ნიკა როგორი საყვარელი ხარ ბიჭოოოოოოო)))))
nika
16 დეკემბერი 2013 14:10
დღევანდელ ვარლამ არავიძეს ამერიკის დროშა უჭირავს ხელში !

რედაქტორის რჩევით