"სანამ თვალს არ ავახელთ, ვერ დავადგებით სიმართლის გზას..." - კვირის პალიტრა

"სანამ თვალს არ ავახელთ, ვერ დავადგებით სიმართლის გზას..."

"პლატონი  ამბობდა: ფილოსოფოსებმა უნდა მართონ ქვეყანაო. აი, ჩვენთან დადგა ეს დრო... გიორგიმარგველაშვილი აღიქვამს სამყაროს, როგორც ფილოსოფოსი"

"გარდა იმისა, რომ ჭაბუა ძალიან დიდი ლიტერატურის შემქმნელი გახლდათ, იყო არაჩვეულებრივი ადამიანი და ძალიან საინტერესო პიროვნება"

"სინანული საოცარია, თუ ამის შეგრძნების უნარი გაქვს..."

ძალიან ცოტა ხანია გასული მას მერე, რაც რეჟისორ ლანა ღოღობერიძის საიუბილეოდ მისი ფილმები უჩვენეს. საგანგებოდ არ ვახსენებ, რამდენი წელი შეუსრულდა რეჟისორს 2013 წელს - ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც ასე ახალგაზრდა რჩება. ძლიერი ქალი და პიროვნებააო, ამბობენ მასზე. საინტერესოა, რას ფიქრობს თავად, მიიჩნევს თუ არა თავს ძლიერად.

- არა ვარ ძლიერი... ხანდახან ისეთი უსასოო ვხდები, რომ არ ვიცი, რა ვქნა... ეგაა, იძულებული ვარ, გავაგრძელო ცხოვრება. საქმე ისაა, რომ სულ ვხედავ რაღაც ახალს და მისკენ სვლას ვიწყებ...

- უამრავი რამ მოხდა ჩვენს უახლეს წარსულში... ასეთი ცვლილებების ფონზე კიდევ უფრო რთულია წონასწორობის შენარჩუნება...

- მართლაც დიდი კატაკლიზმები გამოვიარეთ! ჯერ ჩემი ბავშვობისას, მერე - ახალგაზრდობაში და ახლაც... ამჟამად ვმუშაობ ფილმზე, რომელიც იმ პერიოდს ეხება, პიონერთა სასახლეში საღამოებს რომ ვმართავდით... იქ შევიკრიბეთ თამაზ ჩხენკელი, გურამ ასათიანი, რეზო თაბუკაშვილი და მე. საოცარია, მაგრამ მაშინ ძალიან თავისუფლები ვიყავით... ყველა ადამიანი თავისუფლებისთვის არსებობს, ამაზე ფილმსაც ვიღებ. მისი სათაურია 14 წლის რეზო თაბუკაშვილის ლექსიდან ამოღებული სტრიქონი: "დღეს სიხარულიც ნაღვლისფერია"...  ერთად შევიკრიბეთ 13-15 წლის ბავშვები, რომელთაც თურმე ამდენი ჰქონდათ მერე სათქმელი.

მაშინ საიდან მოდიოდა თავისუფლების შეგრძნება, საოცარია! დახვრეტილი, დაჭერილი, გადასახლებული - ეს სიტყვები ვიცოდი და მესმოდა. მოვიდოდი შინ და შეიძლებოდა ღამე ბრახუნი გამეგონა - ჩემი საყვარელი ადამიანები წაეყვანათ... წაიყვანეს კიდეც. ერთი ციხეში მოკვდა, მეორე - გადასახლებაში რჩებოდა. საკვირველია, ასე რომ მოილევ ბავშვობას და მიდრეკილება მაინც დაგრჩება სულიერებისკენ...

არ ვიცი, მაშინ გაცნობიერებული გვქონდა თუ არა, რომ სულიერებასთან ერთად, თავისუფლებისკენაც ვისწრაფოდით...

- ავტობიოგრაფიულ წიგნში მოგყავთ თქვენივე თარგმნილი თაგორის ციტატა: "იმ გზასა ვგავარ, რომელიც ღამით ყურს უგდებს თავის მოგონებათა სათუთ ფეხისხმას"...

- საიუბილეო ჩვენებისთვის ჩემი ფილმების კოლაჟი გავაკეთე და იმასაც წავუმძღვარე ეს სიტყვები. ყოველი წუთი ხომ ის წუთიც არის, რომელიც ახლაა და ის წუთიც - რომელიც იყო ათი, ოცი, ორმოცდაათი წლის წინ. წარსულს სისავსის განცდა მოაქვს და არა იმისა, რომ ამდენი ადამიანი წავიდა, ამდენი რამ დარჩა ისტორიის კუთვნილებად...

-  დღეს რას იტყვით, სად მივდივართ, როგორ ვვითარდებით?..

-  სანამ მთელი ქვეყანა და მისი ელიტა არ დადგება პოზიციაზე, რომ წარსული უნდა გავიაზროთ, სირთულეები სულ იქნება. სანამ თვალს არ ავახელთ და სიმართლეს არ ვაღიარებთ,  ვერ დავადგებით ჭეშმარიტი სიმართლის გზას...

ისტორიას რომ გადახედო, ნახავ: გვყავდა ორი საოცარი პიროვნება-მოვლენა: დავით აღმაშენებელი და ილია ჭავჭავაძე. უკეთ უნდა გავიცნოთ და გავიაზროთ დავითი, რომელმაც როცა ძლიერების პიკს მიაღწია, მაშინ დაწერა "გალობანი სინანულისანი" -  მაშინ ინანა უამრავი რამ...

"ხოლო დამრჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრული და წარმყვა მისთვისა ტკივილი სამარადისო".

საოცრებაა - "წარყვა ტკივილი"... ეს ეხება არა მხოლოდ გელათის ტაძრის დაუსრულებლობას, არამედ მთელ მის ცხოვრებას! რა ვერ გააკეთა და რა შეეძლო გაეკეთებინა, ამაზე ფიქრობდა. სინანული საოცარია, თუ ამის შეგრძნების უნარი გაქვს... ბოდლერი წერს: "ო, მოღიმარი სინანული ამოდის ზღვიდან". მაოცებს ეს ხატი. სინანული მოღიმარია, რადგან ის კათარზისს უკავშირდება.

- ვაჟა-ფშაველას სიტყვებია: "სიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე". თქვენი თაობისთვის ეს ძალიან ახლობელი უნდა იყოს.

- იყო ჩვენი თაობა, რომელსაც ეჭირა შხამით სავსე ფიალა, შესვა და "შეირგო ღვინოდ". დღესაც არიან ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც ამას განიცდიან...

- კინოხელოვნება ცხოვრების სარკეა, და ამდენად, ძალიან დამაფიქრებელია, რომ დაუნდობელი და ხისტი გახდა ფილმები, ძნელი გადასარჩენი გახდა ადამიანი-პერსონაჟი...

- საბჭოთა დროს თითქოს უფრო ჰუმანური ფილმები გამოდიოდა, მაგრამ ამაში ჩადებული იყო სიყალბე - სოციალისტური რეალიზმი და ის, რომ უსათუოდ ბოლო კარგი უნდა ყოფილიყო. ეს იყო აზროვნების გაპრიმიტიულება.  ჩემი "ფერისცვალება" არ მიიღეს. კინოკომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ მითხრა, ადამიანი კოსმოსში გაფრინდა და თქვენ სულიერი სამყარო გაინტერესებთო? კინოში საბჭოთა სინამდვილე უნდა ყოფილიყო ასახული. არადა, რას ეხებოდა ფილმი? კაცი მკვლელობას შეესწრო და გაუჩნდა ინდიფერენტული საზოგადოებისადმი ტრაგიკული განცდა. სსრკ კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის ერთ-ერთმა თავკაცმა ისიც მითხრა: გულგრილ ადამიანზე შეიძლება ფილმი გადავიღოთ, მაგრამ გულგრილ საზოგადოებაზე - არასოდესო... ისე, იმდროინდელი კინო ფაქტობრივად, დისიდენტურიც გახლდათ.

- მსგავსი შეფასებები ახლა აღარ ისმის, მაგრამ სულ სხვა პრობლემების წინაშე ვდგავართ... საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე რამდენად გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები?

-  მთავარი, რითიც საბოლოოდ იზომება პროგრესი, სამოქალაქო თვითშეგნებაა. ესეც ნელა, მაგრამ თანდათან ყალიბდება. ძალიან გვიჭირს, მცირერიცხოვანი ერი ვართ... მაგრამ  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში მოვიაზროთ თავი და მსოფლიო პრობლემებიც განვიცადოთ.. მგონი, ამისკენ მივდივართ. ვიდრე არ გაიაზრებ შენს ადგილს მსოფლიოში, იქამდე იქნები ისტორიიდან ამოვარდნილი. ასე ვიყავით საბჭოთა პერიოდის მანძილზე... მერაბ მამარდაშვილის ფრაზას გავიხსენებ: "არ გავქრეთ სამყაროს ამ უკანასკნელ გაღიმებაში". უნდა ჩავერთოთ სამყაროს გაღიმებაში და ჩვენც "გავიღიმოთ".

- მერაბ მამარდაშვილს ახლოს იცნობდით...

- მამარდაშვილთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. "სახალხო ფრონტი" რომ დაარსდა, ყველანი მისი წევრები ვიყავით. ოფისი იყო ჩემი კორპუსის ქვედა სართულზე, ყოველ სამშაბათს ვიკრიბებოდით ელდარ და გიორგი შენგელაიები, მერაბ კოკოჩაშვილი, მერაბ მამარდაშვილი და მე. ვლაპარაკობდით იმაზე, რაც ხდებოდა ქვეყანაში. მერაბ მამარდაშვილი იყო ფილოსოფოსი - ეს სხვა ცნებაა, ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრებას არ გულისხმობს... ის  შინაგანად ფილოსოფოსი იყო... ამას ვხედავ გიორგი მარგველაშვილშიც. ის მართლა აღიქვამს სამყაროს, როგორც ფილოსოფოსი. პლატონი ხომ ამბობდა: ფილოსოფოსებმა უნდა მართონ ქვეყანაო. აი, ჩვენთან დადგა ეს დრო...

ახლა გამახსენდა: პარიზში ვიყავი ჟორჟ პომპიდუს პრეზიდენტობისას. შაგალის დიდი გამოფენა გაიხსნა და სიტყვით გამოვიდა. ისე ილაპარაკა შაგალზე, გავოგნდი - პირადად ჰქონდა  განცდილი შაგალის შემოქმედება. მაშინ გავიფიქრე, ნეტავ, თუ გვეყოლება ჩვენ ისეთი სახელმწიფოს მმართველი, რომელიც ამგვარად ილაპარაკებს-მეთქი? ახლა მაქვს განცდა, რომ ასეთი პრეზიდენტი გვყავს. გიორგი მარგველაშვილი ასე ილაპარაკებს რუსთაველზე, ფიროსმანზე, ისე კი არა, რომ "მაღალი, უხვი, მდაბალი" ვერ გაარჩიოს და გამოუვიდეს, რომ როსტევანი მაღალიც იყო და დაბალიც.

ახლა, ამდენი განსაცდელის მერე იმედი მაქვს ემოციების გარეშე, უფრო პრაგმატულად და ანალიტიკურად დავინახავთ ჩვენს ადგილს სამყაროში. საბედნიეროდ, ბუნებრივად გვაქვს ეს ადგილი მონიჭებული - საინტერესოა ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, მიმზიდველი ლანდშაფტი, ჩვენი კულტურა, ხასიათი - ეს ყველაფერი ერთად გაძლევს უფლებას, რომ იმედი ვიქონიოთ: ქვეყანას აქვს კარგი მომავალი! ჩვენი თვითმყოფადობა იქნება გარანტი, რომ გლობალიზაციის საფრთხესაც ავიცილებთ. და კიდევ... მამარდაშვილს აქვს დაწერილი: "ქართული მხიარულება, როგორც ფენომენი": ქართული მხიარულება კანონიერი არ არის, საფუძველი არ აქვს ქართველს, იყოს მხიარული, მაგრამ მაინც შეუძლია ეს! როცა ნამდვილი სასოწარკვეთილება გადალახე, მხოლოდ მაშინ გადაიშლება შენ წინ სიხარულის სივრცეო, წერდა.

ეს მეიმედება ყველაზე მეტად...

- რამდენიმე დღის წინ ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა. როგორც ვიცით, მასთან დიდი ხნის თანამშრომლობა გაკავშირებდათ.

- მართლაც დიდი ხნის ურთიერთობა მქონდა დიდ ქართველ მწერალთან ჭაბუა ამირეჯიბთან. კინოსტუდიაში ის იმ გაერთიანების წევრი იყო, რომელსაც ვხელმძღვანელობდი. გარდა იმისა, რომ ის ძალიან დიდი ლიტერატურის შემქმნელი გახლდათ, იყო არაჩვეულებრივი ადამიანი და ძალიან საინტერესო პიროვნება. ვუსამძიმრებ საქართველოს და მის ოჯახს ამ დიდ დანაკლისს.