რატომ მივიდა ბიძინა ივანიშვილი "სიყვარულის კუნძულზე" - კვირის პალიტრა

რატომ მივიდა ბიძინა ივანიშვილი "სიყვარულის კუნძულზე"

რატომ განახლდა შემოვლითი რკინგზის მშენებლობა

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაუჩინარებული ბიძინა ივანიშვილის კვალს "კვირის პალიტრამ" სვანეთის უბანში მიაგნო. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრი "სიყვარულის კუნძულს" (ასე ეძახიან იმ ადგილს) ესტუმრა და ძველი მეზობლები მოინახულა. გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში სოფლიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ივანიშვილი ძმასთან ერთად საცხოვრებლად სწორედ ამ "კუნძულზე" შეჩერებულა... ამჯერადაც გაჰყოლია ძველ, ჩამონგრეულ და დაფხავებულ გზას, რომლის ირგვლივ გორაკის ფერდობები ნაგავსაყრელად უქცევია მოსახლეობას.

სვანეთისა და ოქროს უბნებს შორის კუნძულივით ამოსულ გორაკზე ოციოდე ოჯახი ცხოვრობს. თავი მოაქვთ, ჩვენსავით გვერდში დგომა არავინ იცის, ყველანი ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ, ჭირი და ლხინიც ერთი გვაქვს და არ გვავიწყდება ერთმანეთის პატივისცემა, ამიტომაც ეძახიან ჩვენს უბანს "სიყვარულის კუნძულსო". გორაკი რკინიგზას გადმოჰყურებს. სავარაუდოდ, ივანიშვილი ძველ სამეზობლოში სწორედ რკინიგზის შესაძლო გადატანის გამო მოსახლეობის აზრის გასარკვევად იყო მისული. ხალხი იხსენებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად (მათ შორის არავინ იყო მთავრობიდან) რკინიგზას ათვალიერებდა, ძველ მეზობლებს კი ეკითხებოდა, გაწუხებთ თუ ხელს არაფერში გიშლითო? "ვუთხარით, რომ გარდა ბიძგებისა და ხმაურისა, აუტანელია სუნი, რომელიც განსაკუთრებით ნედლი ნავთობის გადატანისას დგება", - ამბობენ "კუნძულელები". ძველი სახლებისა და ჩამოშლილი ფერდობების გამო, ალბათ, ხალხსაც მოუწევს აქაურობის დატოვება და გორაკსაც მშენებლობის ინიციატორი, ვინმე ინვესტორი დაეპატრონება. გორაკიდან ძველი თბილისის ულამაზესი ხედი იშლება და აქაურობას დიდი ფასიც დაედება.

"კვირის პალიტრამ" ივანიშვილის ძველი მეზობელი, თავის დროზე ძმებთან ყველაზე დაახლოებული გაგნიძეების ოჯახი მოინახულა. შინ მხოლოდ დიასახლისი, ქალბატონი მანანა დაგვხვდა, რომელსაც ამჯერად არ უნახავს ძველი მეზობელი, მაგრამ გაიხსენა, რომ ბიძინა აქ პირველად არ მისულა და უბანი 2010 წელსაც მოუნახულებია.

მანანა გაგნიძე: - როგორც ხედავთ, თბილისური ეზო გვაქვს, სადაც მხოლოდ ვიწრო ორღობით შემოდიხარ... ჩვენი მეზობელი ნარიმანიძეები ოთახს აქირავებდნენ. ერთ დღესაც საჩხერიდან ჩამოსული ძმები - ბიძინა და ალექსანდრე დადგნენ მდგმურად ამ ოჯახში. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, მგონი, 20 მანეთად ქირაობდნენ ბინას. ეს იმ დროს დიდი ფული იყო, ბიჭებს კი მწირი შემოსავალი ჰქონდათ. ბინის ქირა რომ გადაეხადათ და თავიც გაეტანათ, დღისით ორივე ქარხანაში მუშაობდა, საღამოს კი უმაღლესში სწავლობდნენ. დრო ისე გადიოდა, სოფლიდან ჩამოტანილი ლობიოს მოხარშვასაც კი ვერ ახერხებდნენ. ჩემი მამამთილი, სერგო გაგნიძე "ჩასაფრებული" იყო, - ბიჭებს მოფერება სჭირდებათო და თბილ ამინდში ეზოში  გვაშლევინებდა სუფრას ივანიშვილების მოლოდინში...

ძმები რომ წავიდნენ, მერე კარგა ხანს მათი ბიძაშვილი ცხოვრობდა იმ ბინაში. მისგან გვესმოდა ბიძინას ამბები, ყველაფერი ვიცოდით მის შესახებ, მაგრამ მერე დაგვეკარგა...

მილიარდერი რომ გახდა, არც გვიფიქრია, რომ ოდესმე გაახსენდებოდა აქაურობა. პირველად 2010 წელს გამოჩნდა. შინ ახალი შემოსული ვიყავი, უნდა მესადილა და უცებ დავინახე, ეზოში რამდენიმე კაცი შემოვიდა, მაშინ მაჟორიტარი დეპუტატის რიგგარეშე არჩევნები იყო და ვიფიქრე, ისევ აგიტატორები მოვიდნენ-მეთქი. მათგან გაბეზრებულმა ჩავილაპარაკე, ნეტავ რამდენ ხანს უნდა იყაყანონ, რატომ არ მიდიან-მეთქი და გარეთ გავედი... და რას ვხედავ, ბიძინა დგას და თანმხლებთ უამბობს, როგორ ცხოვრობდა ამ სახლში, რა ბედნიერი წლები აქვს გატარებული. შევკივლე, უი, ბიძინა, აქ რა ქარმა გადმოგაგდოთ-მეთქი? რას ამბობ, აქაურობას სიზმარში ვხედავო. ძალიან თბილად მომიკითხა, სახე არ შეგცვლია, თმა გაგჭაღარავებია მხოლოდო. გამიკვირდა, ჩვენი ოჯახის შესახებ ყველაფერი სცოდნია...

მაპატიე, რომ მეუღლისა და მაზლის გარდაცვალება ვერ მოგისამძიმრე. ბიჭები როგორ გყავსო? ალალად ვუთხარი, რა დღეშიც ვიყავით - უმუშევარი შვილები მყავდა. მალევე დაასაქმეს ჩემი უფროსი ვაჟი მამუკა. ის რეჟისორია, ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დააწყებინეს მუშაობა, მაგრამ როგორც კი ბიძინამ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, შვიდ თვეში დაატოვებინეს სამსახური. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიძინასთან კანცელარიაში შეხვედრა ვცადე, რომ მამუკას დასაქმება ისევ მეთხოვა. ესეც იმიტომ გავბედე, რომ როდესაც აქ იყო მოსული, მისაყვედურა, თურმე როგორ გიჭირდა და მე არ გამაგებინე, ჩემთან მოსვლა როგორ მოგერიდაო? მივედი კანცელარიაში, ვერ შეგახვედრებთ და ვერც წერილს გადავცემთ, კი დავიტოვებთ, მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ მის ხელში აღმოჩნდებაო. ყველა წყალი გადამიწურეს და მეც იმ იმედით წამოვედი, ქვეყანას რომ უშველის, ჩემს შვილსაც ეშველება-მეთქი. ახლა აქ რომ ამოსულა, არ ვიყავი შინ და გული მწყდება...

მიხეილ კაპანაძე, წმინდა დემეტრეს სახელობის ტაძრის სტიქაროსანი: - ბატონმა ბიძინამ მანანა მოიკითხა, როდესაც გაიგო, შინ არ იყო, სინანულით შეავლო თვალი კიბეს, ბილიკს, რომელსაც ყოველ დილა-საღამოს გადიოდა ოდესღაც და დანანებით ჩაილაპარაკა, როგორ ჩამონგრეულა ეს გზაო. თბილად მოიკითხა ძველი მეზობლები, გაიხსენა ის წლები, როცა "სიყვარულის კუნძულზე" ცხოვრობდა. დიდებული ადამიანის, სერგო გაგნიძის სახელი არასდროს დამავიწყდება, ეზოში ისე დგამდა მაგიდას, რომ მისი სუფრისთვის გვერდი ვერ აგევლოო.

გორაკის ამოსასვლელთან ადრე მაღაზია-სასადილო - "ანტონას დუქანი" ყოფილა. ბიძინამ ისიც გაიხსენა, იქ ლუდს სვამდნენ, სოსისს ხარშავდნენ, ძეხვი იყიდებოდა. ავუვლიდით და ჩავუვლიდით ფანჯარასთან გამოკიდებულ ძეხვებს და ნერწყვს ვყლაპავდით მე და ჩემი ძმა, აი, ასეთი დრო იყო, ხალხს უჭირდაო...

მანანა გაგნიძე: - ეგ გაჭირვება რომ აქვს გამოცდილი, იმიტომაც ცდილობს ხალხის დახმარებას. ღმერთი შეეწიოს და შეაძლებინოს, რომ ხალხი დაასაქმოს, ვინმეს სალაპარაკო რომ არ ჰქონდეს, ხელისუფლებაში მოვიდა და რა გააკეთაო?!

ვიცი, როგორი გულიანიც არის და მინდა, ასე გულიანად გამოუვიდეს ყველა სიკეთე, რომელიც ჩაფიქრებული აქვს. თავისი ცხოვრების წესით  ბიძინა სანიმუშო ადამიანია. ცხვირის აწევა არ სჩვევია, ახსოვს თავისი წარსული და ხალხი ამ წარსულიდან, საქართველოში სხვებსაც აქვთ ბევრი ფული, მაგრამ რომელი ნახეთ უკან მობრუნებული? მხოლოდ თავიანთ სასახლეებს კი არ უკეთებენ გალავნებს, პიროვნულადაც იზღუდებიან უხილავი გალავნებით, საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან და ახლოს არ მიგიშვებენ, არ მოგისმენენ, არ აწუხებთ, ქვეყანა რომ იქცევა. მთავარია, თავად იყვნენ კარგად. ბიძინა კი როგორი მშვიდი, მომთმენი და მოწესრიგებულიც არის, ისეთივე გზაზე დააყენა ხალხი, ისევე მშვიდად შეაძლებინა იმ მონსტრის გაშვება, რომელიც 9 წელი გვჭამდა.

ივანიშვილის იმიტომ მჯერა, რომ კარგად ვიცნობდი ადრეული პერიოდიდან, საოცრად მშრომელი ძმები იყვნენ. ბიძინას ძმა, ალექსანდრე, ყამირზე რომ გავაცილეთ, ჯერ სუფრა გავშალეთ და გზა დავულოცეთ, შემდეგ კი პირობა ჩამოგვართვა, მატარებლით აქ რომ გამოვივლი, გორაკზე დამხვდით, ხელი უნდა დაგიქნიოთო. დიდი სიყვარული გვაკავშირებდა ბიჭებთან...

ერთხელ დედა გაუხდათ ავად და აქ ჩამოიყვანეს. ახლაც მახსოვს, წელზე შალის დიდ შარფშემოხვეული ფუმფულა ქალი. ალექსანდრემ მე და ჩემს მულს გვთხოვა, იქნებ ბალნეოლოგიურ საავადმყოფოში გაჰყვეთო. ორი დღე დავყვებოდით, ბიჭები ძალიან მადლიერი იყვნენ, მერე დედა სოფელში დაბრუნდა და მას შემდეგ აღარ გვინახავს.

ბიძინამ გაიხსენა, მანანა, შენ რომ ეზოში თეთრეულს გაფენდი, ვნატრობდი, ნეტავ  მე ვიძინებდე Aამ თეთრეულში. ძველ გაზეთებში გადავახვევდი და ჩუმად მიმქონდა გასარეცხი თეთრეული მერკვილაძის ქუჩაზე სამრეცხაოში, საიდანაც ისეთი მომქონდა, რომ გაურეცხავს ჰგავდაო...

ამდენ ოჯახს ერთი ტუალეტი და წყალი გვქონდა და დილით დიდი ამბავი იყო, რიგი იდგა... ადრე უნდა ამდგარიყავი, რომ მოგესწრო და სამსახურში არ დაგგვიანებოდა. ისეთი მორიდებული ძმები იყვნენ, სხვებისთვის ხელი რომ არ შეეშალთ, ეზოშიც კი არ ელოდებოდნენ რიგს.

მიხეილ კაპანაძე: - ივანიშვილი რომ დავინახე, ვიფიქრე, მივალ და ჩემს გასაჭირს ვეტყვი-მეთქი, გამაოცა ხელის ჩამორთმევის მანერამ, უშუალობამ, სითბომ, რომელიც სახეზე, თვალებში ეწერა. ვუთხარი, ახალგაზრდა კაცი ვარ, შრომა არ მეთაკილება და მით უფრო, არ მეზარება, მაგრამ მეც და მეუღლეც ორივე უმუშევრები ვართ, ორი მცირეწლოვანი შვილი გვყავს და აღარ ვიცით, რა გზას ვეწიოთ, იქნებ დასაქმებაში დამეხმაროთ-მეთქი. სახელმწიფო არ გეხმარებაო? - მკითხა. ვუთხარი, რომ სოციალური დახმარების სააგენტოში ისეთი აგენტები ჰყავთ, რომლებიც ხელფასის ასაღებად მუშაობენ და მოვალეობას გულგრილად ასრულებენ, ადამიანებთან მიდგომის კულტურა არა აქვთ, საშინელი კითხვარებით, როგორც ჩეკისტები დაკითხვაზე, ისე ექცევიან ხალხს და მათი მდგომარეობა რეალურად არ აინტერესებთ-მეთქი. თავი გადააქნია...

მერე ჩააწერინა თანმხლებთ ჩემი ტელეფონი, ვინაობა და მართლაც ორიოდე დღის შემდეგ დამიკავშირდნენ, ჯანდაცვის სამინისტროში დამიბარეს, იქ ადამიანურად დამელაპარაკნენ... ვიმედოვნებ, მალე დაგვინიშნავენ დახმარებას, რაც ცხადია, ოჯახის სარჩენად არ კმარა, მაგრამ პურის ფულად მაინც გვეყოფა. წმინდა დემეტრეს სახელობის ეკლესია და ღვთის წყალობა რომ არ გვეხმარებოდეს, არ ვიცი, რა გვეშველებოდა. არ მინდა ფულადი დახმარება, მინდა ვიმუშაო, აი, ეს ვუთხარი ბატონ ბიძინასაც. რომ წავიდა, საკუთარ თავზე გავბრაზდი, ეგოისტურად გამომივიდა, მადლიერებაც კი არ გამომიხატავს იმის გამო, რა უბედურებისგანაც გვიხსნა. წარმოდგენაც არ მინდა, რა დაგვემართებოდა, სააკაშვილის რეჟიმი რომ გაგრძელებულიყო. მთავარია, სამუშაო ადგილები გაჩნდეს და მისი შრომისმოყვარეობა ბევრს ექნება ნიმუშად. ბიძინას ხალხის აზრი აინტერესებს და ჩვენი სატკივარი სტკივა. მოვიდა, რკინიგზის ამბავი გამოიკითხა და ორ დღეში საინფორმაციო საშუალებებმა გადმოსცეს, პროექტი აღდგებაო. ასე რომ დაინტერესდეს ყველა ხალხის აზრით, ხალხმა რომ იგრძნოს ხელისუფლების სიახლოვე, აუცილებლად წავალთ შენებისკენ.