დიდი ლომიანობა ზოოპარკში
16-12-2013
დიდი ლომიანობა ზოოპარკში
კლეოპატრას და სემუელს ოთხი ბოკვერი შეეძინათ, მაგრამ ყინვიანი ზამთრის გამო პატარები ინკუბატორში გაიზრდებიან

თბილისის ზოოპარკში თეთრი ლომების - კლეოპატრას და სემუელის ოჯახს ოთხი ულამაზესი ბოკვერი შეემატა. იმის გამო, რომ ბუნებაში თეთრი ლომები თითქმის აღარ არსებობენ და მათი გადარჩენისთვის მსოფლიოს 70-მდე ზოოპარკი იბრძვის, ნებისმიერ ოჯახში ბოკვრის დაბადება დიდი მოვლენაა. ამასთან, ერთბაშად ოთხი კი არა, ორი ბოკვერიც კი ძალიან იშვიათად იბადება.

თბილისის ზოოპარკში ლომი გასული საუკუნის 90-იან წლებშიც ბინადრობდა, მაგრამ მაშინ საქართველოში
მხეცებისთვის კი არა, ადამიანებისთვისაც ძლივს იშოვებოდა საკვები. დღესაც მახსოვს არასრულფასოვანი კვების გამო რაქიტული, განუვითარებელი ცხოველთა მეფე, რომელიც ძალიან იყო დაჩიავებული. 1992 წელს თბილისში მყოფ ერთ-ერთ უცხოელ ჟურნალისტს ასეთი გაუბედურებული მეფე-ლომი რომ უნახავს, სტატია დაუწერია და ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჰუმანიტარული დახმარებაც გამოუგზავნია ნადირთა მეფის გადასარჩენად,
მაგრამ ლომს ამის შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია...

კლეოპატრა 6 თვის იყო, როცა 2009 წლის აგვისტოში თბილისის ზოოპარკში ჩამოიყვანეს.  კლეოპატრას მისი მეწყვილე სემუელი მოჰყვა, მერე წითელი ლომები ნალა და სიმბა, რომელთაც ექვსი შვილი ჰყავთ. ზოოპარკში მოიყვანეს თეთრი ვეფხვებიც, რომელთაც ასევე იმრავლეს და უკვე ხუთი ბოკვერი ჰყავთ.

ზურაბ გურიელიძე, თბილისის ზოოპარკის დირექტორი:
- როდესაც ზოოპარკში ლომების ჩამოყვანას ვცდილობდით, გვირჩიეს, ზრდასრულს პატარები გერჩივნოთ, ახალ გარემოს უკეთ ეგუებიანო. უცებ გამოჩნდა კლეოპატრა. ეს არის უიშვიათესი ჯიში, რომელზეც ყველა ზოოპარკი ოცნებობს, რადგან ამ მოდგმის ლომები ბუნებაშიც ძალიან ცოტანი დარჩნენ.

თეთრი ლომი XX საუკუნის 60-70-იან წლებში აღმოაჩინეს. მანამდე მის შესახებ მხოლოდ ლეგენდები დადიოდა. ამბობდნენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ბინადრობდნენ თეთრი ლომები, მაგრამ ისინი თვალით არავის ენახა. ერთხელაც ბრაკონიერები ორ თეთრ ბოკვერს წააწყდნენ, რის შემდეგ ამ პოპულაციის ბედი ტრაგიკულად წარიმართა - კოლექციონერ მონადირეთა სურვილმა, შინ ჰქონოდათ მოკლული თეთრი ლომის თავი, ეს სახეობა გადაშენების პირას მიიყვანა. ახლა თეთრ ლომებს სპეციალურ საშენებსა და ზოოპარკებში თუ ნახავთ, სადაც ამრავლებენ და შემდეგ ბუნებაში აბრუნებენ.

ჩვენი კლეოპატრა დაიბადა სამხრეთ აფრიკაში,  ცხოველთა სანაშენე ცენტრში. შემდეგ მოხვდა ტანზანიაში, ჩვენს თანამემამულე დათო ჟორჟოლაძესთან, რომელსაც საკუთარი პატარა ზოოპარკი აქვს ბარესალამთან ახლოს და სხვადასხვა ზოოპარკს ცხოველებით ამარაგებს. კლეოპატრას ძმა სანტიაგოს ზოოპარკმა იყიდა. ტრანსპორტირების გარეშე თეთრი ლომის ფასი დაახლოებით 30 ათასი ევროა. ჩვენ გადავიხადეთ მხოლოდ ამ თანხის ნახევარი. ასე დაიწყო დიდი ლომიანობა ჩვენს ზოოპარკში. თუ პირობები არ აქვს, ლომი, მით უფრო - თეთრი, არ მრავლდება.  იმის გამო, რომ კლეოპატრას ბოკვერები ყინვიანი ზამთრის პირზე მოევლინენ ქვეყნიერებას და დედა გამოუცდელი აღმოჩნდა ასეთ პირობებში მათ მოსავლელად, ბოკვერები გამოვაცალეთ და ინკუბატორში გადავიყვანეთ, ისევე, როგორც ცოტა ხნის წინ დაბადებული თეთრი ვეფხვები. 

როდესაც გყავს გადაშენების პირას მყოფი ცხოველები, ანუ ეხმარები მათ გადარჩენაში და აკმაყოფილებ კიდევ ბევრ სხვა კრიტერიუმს, განსაკუთრებული, საერთაშორისო სტატუსი გენიჭება. ამის ნიშანი იყო კლეოპატრას ჩამოყვანამდე პორტოს ზოოპარკისგან გადმოცემული საჩუქარი, შავი, ულამაზესი იაგუარი, რომელიც გამრავლდა და ოჯახს უკვე ექვსი შვილი ჰყავს.  

P.S. პატარები ახლა სანდო დედობილის ხელში არიან. ზოოპარკის ვეტერინარებთან ერთად მათზე ზრუნავს მტაცებელთა (და არა მხოლოდ მათ) დედობილად ცნობილი ძიძა გულიკო კონცელიძე, რომელსაც ბოკვერების და მგლის ლეკვების მოვლაში მონდომებით ეხმარება პუდელისა და ბალონკას მეტისი დოდოლინა.
mariami
16 დეკემბერი 2013 19:10
მადლობა!!!!!!!!!!!!!!იქნებ ერთმანეტის მოფრტხილება და სიყვარული თქვენგან მთელ საქარტველოს მოეფინოს!!მრავალ წელს დაესწარით გამრავლებულები და გახარებულები!!!!!!!!!!!
mmm
16 დეკემბერი 2013 16:06
მადლობა ზურაბ გურიელიძეს და მთელს პერსონალს, იმისთვის, რომ ჩვენს უმცროს ძმებს უვლიან და უყვართ ისინი :) :) :)

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები