რატომ თქვა უარი დათო ტურაშვილმა 15 000 ლარზე - კვირის პალიტრა

რატომ თქვა უარი დათო ტურაშვილმა 15 000 ლარზე

"არ მჯერა, რომ არსებობს კოლექტიური ბედნიერება და კოლექტიურ დღესასწაულებსაც ვერიდები"

"ახლა წიგნების შეგროვების და მათი წაკითხვის დროა"

მხნე, ხმაურიანი, უბრალო, სამართლიანი, იუმორით სავსე კაცი, რომელსაც უნარი აქვს, აღფრთოვანდეს სხვისი ნიჭიერებით და ეს ყველას დაუნანებლად გაუზიაროს.  მწერალ დათო ტურაშვილზე მოგახსენებთ.  მას  წინასაახალწლოდ შევხვდით.

- მთავარი საახალწლო ხიბლი, უჩვეულო სიმშვიდეა, რომელიც პირველ იანვარს დგება თბილისის ქუჩებში, რადგან ღამენათევ ხალხს თითქმის შუადღემდე სძინავს. მანქანებიც ისე იშვიათად მოძრაობენ, რომ შეიძლება დაგავიწყდეს, რომ შავი ჯიპების ქალაქში ხარ...

უამრავი ადამიანი საახალწლო ფაციფუცისგან სიამოვნებას იღებს და ბევრიც დარწმუნებულია, რომ ახალ წელს ბედნიერება მოაქვს. ასეთი ადამიანების მშურს კიდეც, რადგან არ მჯერა, რომ არსებობს კოლექტიური ბედნიერება და კოლექტიურ დღესასწაულებსაც ვერიდები. ბავშვობიდან არ მიყვარდა ახალი წელი და ერთი უცნაური თვისებაც მახსოვს - ყველაზე სევდიანი მაშინ ვხდებოდი, როცა ხალხი კოლექტიურად დღესასწაულობდა რაღაცას. მგონი, მართალი იყო ბებიაჩემიც, რომ უკუღმართს მეძახდა. როცა წამოვიზარდე, შევიტყვე, რომ მართლა უკუღმა, ფეხებით ვარ დაბადებული და იმის მერე არაფერი მიკვირს, თუ რამე უცნაური მჭირს, ყველაფერს დედაჩემის არასტანდარტულ მშობიარობას ვაბრალებ.

- მაგრამ მაინც არსებობს ახალი წელიც და ტრადიციაც. შენ რა წესებს "აღასრულებ"?

- ახალი წლის ღამეს ჩემი ცოლი, მაკა, მიჯიკებს ხოლმე, რომ ბავშვებმა არ შემამჩნიონ მოწყენილობა. წამოვხტები და მათთან ერთად ვიწყებ ცეკვას ან იატაკზე ვგორაობ, ერთადერთი, რაც ახალ წელს მაინტერესებს, საცივია, რომელიც სინამდვილეში საჭმელი კი არა, შედევრია და სამწუხაროდ, დღემდე არ განვიხილავთ როგორც ნაციონალურ ბრენდს - საცივი საოცრებაა და არა საჭმელი, ამიტომაც როცა მივირთმევ, ცოტა მეტირება კიდეც.

- ახალი წლის ერთი ატრიბუტი დანამდვილებით გყვარებია. ბედობაზე რაღას გვეტყვი?

- ბედობას ყოველთვის ვცდილობ, ბევრი ვიკითხო და ბევრი ვწერო, რომ შრომა დამებედოს. შრომა არ მაკლია, მაგრამ მაინც ვცდილობ, 2 იანვარს სულ წიგნით ხელში ვიყო.

ახლა ყველაზე მეტად წიგნების შეგროვებისა და მათი წაკითხვის დროა, ოღონდ წაკითხვა აუცილებელია, თორემ წიგნებს საბჭოთა პერიოდშიც აგროვებდნენ თაროების შესავსებად. გასულ წელს ბევრი კარგი წიგნი გამოიცა და ძალიან მიხარია, რომ საგამომცემლო საქმე წინ მიიწევს, მაგრამ აუცილებელია სახელმწიფო პროგრამები არსებობდეს, რადგან ჩვენი წიგნის ბაზარი იმდენად მცირეა, რომ ძნელია მხოლოდ წერით ცხოვრება. ევროპულ ქვეყნებში არსებობს სპეციალური ფონდები და პროგრამები მწერლებისა და მთარგმნელების მხარდასაჭერად. იმედია, ჩვენც არ დაგვჭირდება ბორბლების თავიდან გამოგონება.

- თქვენ ცხენის წელში ხართ დაბადებული, რა საერთო გაქვთ ხასიათში?

- ამაზე არ მიფიქრია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რითი განვსხვავდები ცხენისგან - არ ვარ ცხენივით ლამაზი და არც ვჭიხვინებ (ეღიმება).

- გასული წლის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი.

- ყველაზე ამაღელვებელი ჩემთვის, ჩვენი მორაგბეების გამარჯვება იყო სამოასთან ისტორიულ მატჩში. შეიძლება სხვა ამაღელვებელი ამბებიც მოხდა, მაგრამ ეს სულ ახლახან იყო და ამიტომაც გამახსენდა...

- "ამაღელვებელ მომენტებზე" შენი 2013-ში დასტამბული "ტყეების მეფე" გამახსენდა, მეგონა, წავიკითხავდი წიგნს მეფეზე, სინამდვილეში კი სამშობლოს სიყვარულზეა. აი, კითხვაც: დათო, როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო?

- ილიას უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული "წლის საუკეთესო რომანის" ნომინაციაში ვერ გავიმარჯვებ - ვიცი, რომ პრემიას არ მომცემენ. მთავარი მიზეზი ჩემი სახელი და გვარია... ფსევდონიმით რომ დამეწერა, მექნებოდა შანსი. თუ სასწაული მოხდა, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს გიგი თევზაძეს იმ მცდარი აზრის გამო, რომელიც მის შესახებ მქონდა... ისე, მთავარი პრემია მაინც მკითხველის სიყვარულია. მართალია, ქართველი მწერლისთვის ფულადი პრემიაც მნიშვნელოვანია, მაგრამ წელს რუსთაველის პრემიაზეც მომიწია უარის თქმამ, მიუხედავად იმისა, რომ 15 000 ლარს შეადგენდა. რადგან ამ ამბავს ბევრი უპასუხო შეკითხვა მოჰყვა სოციალურ ქსელებში (არა ვარ "ფეისბუკის" მომხმარებელი), განვმარტავ, რომ სააკაშვილის ნაცვლად სხვა პრეზიდენტი რომ გვყოლოდა, მაინც უარს ვიტყოდი, რადგან სახელმწიფო პრემიასაც კი ჟიური უნდა გასცემდეს და არა ხელისუფლება.

ჩემს ცოლს ძალიან ეწყინა ამდენი ფულის დაკარგვა, მაგრამ იმედია, ახალი წლიდან აღარ ემახსოვრება.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, - სამშობლო ისე უნდა გიყვარდეს, როგორც ერთ ლიტერატურულ პერსონაჟს უყვარს - უბრალოდ. სამშობლო უბრალოდ სიყვარულია, ნამდვილი სიყვარული - როცა პროფესიონალი ხარ და არა მხოლოდ სამშობლოს მომხმარებელი. ჩვენთან

უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ვამტკიცებთ, რომ საქართველო განსაკუთრებით გვიყვარს, არსად დედამიწაზე თავისი ქვეყნის სადღეგრძელო არ დაულევიათ ამდენჯერ და ასეთი მონდომებით, მაგრამ არც თავის ქვეყანას მოქცევიან ასე ცუდად და გულგრილად, როგორც ჩვენ.

ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ არასაკმარისად გონიერი და სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვხვდებით, რომ სამშობლოს მოვლა თუ არ ვისწავლეთ, აუცილებლად დავკარგავთ.

დეა ცუცქირიძე